წახალისება თუ ძალდატანება

გააზიარე:

 

შვილებისთვის ყველას საუკეთესო გვინდა, მაგრამ საუკეთესოს ჩვენეული გაგება ყოველთვის არ ემთხვევა მათსას. ასეთ დროს იქმნება საფრთხე, მშობლის ძლიერი სურვილი დაძალებაში გადაიზარდოს და დაიკარგოს ზღვარი წახალისებასა და ძალდატანებას შორის.

 

როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი

ზრდასრული ადამიანები ვხვდებით, რომ სიახლეები, სპორტულ წრეზე სიარული იქნება ეს თუ სასკოლო სპექტაკლში მონაწილეობა, ბავშვისთვის აუცილებელია – რეალური ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის ამზადებს მას, მაგრამ თუ ბავშვი ენთუზიაზმით არ არის განწყობილი სიახლეების მიმართ, ხოლო მშობელი, ბავშვისავე ინტერესებიდან გამომდინარე, ძალდატანებით ცდილობს ამა თუ იმ აქტივობაში მის ჩაბმას, დიდი ალბათობით, შედეგი არასასურველი იქნება, ბავშვს პროტესტის გრძნობა აიტანს, დაკომპლექსდება, შესაძლოა, შფოთვითი აშლილობაც კი დაემართოს და სიახლეების შიში გაუჩნდეს. ამიტომ უნდა ვაცნობიერებდეთ, როგორი სტიმული შეიძლება ჩაითვალოს ჯანსაღ წახალისებად და როდის ზღვარს ვცდებით და იძულებაზე გადავდივართ.

 

რატომ ვატანთ ძალას

ძალდატანებით მშობლები ხშირად შვილის კომფორტის ზონიდან გამოყვანას ვცდილობთ, რადგან ვიცით, რომ სირთულეების გადალახვის უნარი მას ძალიან დაეხმარება ზრდასრულ ცხოვრებაში. ჩვენც ნელ-ნელა ვწევთ ზღვარს და  უფრო და უფრო ვაფართოებთ კომფორტის ზონას.

რომელი აქტივობისკენ ვუბიძგებთ ბავშვს, იმაზეა დამოკიდებული, რა მიგვაჩნია მისთვის უმჯობესად. ეს შეიძლება იყოს მეცადინეობა სკოლაში წარმატებისთვის, სხვადასხვა წრეზე სიარული ყოველმხრივი განვითარებისთვის და ცხოვრებაში გამოსადეგი უნარ–ჩვევების შესაძენად.

წახალისება და მხარდაჭერა აუცილებელია, რადგან ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ რამე ახალს მოსინჯავს და არ გამოუვა, მშობელი გვერდით ედგება და ხელს შეაშველებს. ეს მას მოტივაციას შემატებს, არ დანებდეს, გამოწვევების არ შეეშინდეს. თუ მას ყოველგვარ დაბრკოლებას აარიდებთ, თავდაჯერებას საერთოდ ვერ შეიძენს და პრობლემასთან შეჯახებისას მუდამ სხვაზე იქნება დამოკიდებული.

 

კარგად გაიცანით საკუთარი შვილი

წახალისებასა და დაძალებას შორის ზღვრის დასაცავად მთავარი პირობაა, კარგად იცნობდეთ საკუთარ შვილს. ახალი აქტივობის არჩევა და წახალისება უნდა მოხდეს მისი ინტერესების, ხასიათის, ძლიერი მხარეების გათვალისწინებით.

მაგალითად, მიგაჩნიათ, რომ ბავშვი ბევრ დროს ატარებს კომპიუტერთან და გინდათ, მეტი დრო დაუთმოს ფიზიკურ აქტივობას? თუ ბავშვს საერთოდ არ აინტერესებს სპორტი და არც ფიზიკური მონაცემები უწყობს ხელს, ფეხბურთზე თუ სპორტის სხვა  სახეობაზე მის მიყვანას აზრი არ ექნება. უმჯობესია, ერთად მოძებნოთ ისეთი ალტერნატივა, რომ ბავშვი ფიზიკურადაც დაიტვირთოს და სიამოვნებაც მიიღოს. იარეთ ველოსიპედით, გორგოლაჭებით, გაუშვით ფრანი...

თუ ბავშვი წინააღმდეგობას გიწევთ, დაფიქრდით, ნამდვილად მის სასიკეთოდ ირჯებით თუ საკუთარი სურვილების ასრულებას, საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას ცდილობთ? ჩვენი ბავშვობისდროინდელი გამოცდილება ხშირად დიდ გავლენას ახდენს იმაზე, როგორი მშობლები ვართ. ჩვენც ყველანაირად ვცდილობთ, არ მივცეთ შვილებს იმ შეცდომების დაშვების უფლება, რომლებიც მათ ასაკში თავად დავუშვით, ამიტომ თუ თავის დროზე ფორტეპიანოდან გამოხვედით, ახლა კი დედას საყვედურობთ, რატომ არ დაგაძალათ და არ გატარათ ბოლომდე, დიდი შანსია, მსგავს ვითარებაში თქვენ თვითონ დაატანოთ ძალა შვილს, მას კი ეს სრულიადაც არ სჭირდებოდეს.

ანალოგიურად, თუ რომელიმე საქმიანობასთან ბავშვობის სასიამოვნო მოგონებები გვაკავშირებს, შეიძლება ბავშვს ვუბიძგოთ, უნდა თუ არა, მანაც მოჰკიდოს ხელი ამ საქმიანობას, მას კი ეს რაღაც შესაძლოა სრულიადაც არ ჰგვრიდეს სიამოვნებას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც ჩვენ გვძენს მოტივაციას, ჩვენი შვილებისთვის შესაძლოა სრულიადაც არ იყოს მოტივატორი.

 

როგორ დავეხმაროთ

ახალ აქტივობაში ბავშვის ჩართვა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. ნუ ჩააგდებთ აუზში და ნუ გექნებათ იმედი, რომ გაცურავს. თუ ბავშვის ამოძრავება გსურთ, ის კი სპორტულ აქტივობაში ჩაბმაზე ცივ უარს ამბობს, ნურც დააძალებთ და ნურც დასაწყისშივე ჩაუკლავთ ინიციატივას.

გაუღვიძეთ ინტერესი, გაუადვილეთ გადაწყვეტილების მიღება. ერთად უყურეთ ფილმს სპორტის იმ სახეობაზე, რომელშიც გსურთ მისი ჩართვა. ერთად მიდით სპორტულ სკოლაში, გაიცანით მწვრთნელი და ბავშვები, მიეცით შვილს საშუალება, გაესაუბროს გუნდის წევრებს. თუ თქვენმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და ბავშვი მაინც არავითარ ენთუზიაზმს არ ამჟღავნებს ამ აქტივობის მიმართ, თავი დაანებეთ. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ სცადეთ და თვითონვე მიხვდებით, ღირს თუ არა ცდა.

* შეგიძლიათ, დააწესოთ დროის ლიმიტი, მაგალითად, სთხოვოთ შვილს, ერთი კვირა მაინც იაროს თქვენ მიერ შერჩეულ აქტივობაზე. დაპირდით, რომ თუ მაინც არ მოეწონა და გაგრძელება აღარ მოუნდა, აუცილებლად გამოიყვანთ.

* დაიწყეთ მცირედით. ნუ გაგზავნით ბავშვს პირდაპირ ერთთვიან საზაფხულო ბანაკში. ჯერ ერთკვირიანში გაუშვით, მიეცით საშუალება, გაიცნოს ხალხი, შეაფასოს სიტუაცია და თავად გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ასეთივე, უფრო ხანგრძლივ აქტივობაში ჩართვა. საკუთარი პოზიტიური გამოცდილება ძალიან დაეხმარება, მომავალში უფრო გაბედულად გადადგას ნაბიჯები სიახლეებისკენ.

* დაჯილდოების სისტემა ამ შემთხვევაშიც კარგად მუშაობს. კომფორტის ზონიდან ბავშვის გამოსაყვანად, უპირველეს ყოვლისა, მოტივაციაა საჭირო. რაღაცამ უნდა უბიძგოს, რომ სცადოს. თუ თქვენი თხოვნა და დაჟინებული რჩევა საკმარისი არ აღმოჩნდა, მაშინ ჯილდოს მოფიქრება მოგიწევთ. ეს შეიძლება იყოს მის საყვარელ გასართობ ცენტრში გასეირნება. თუ მიზანი დიდია და ფიქრობთ, რომ ბავშვის მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, შეგიძლიათ, მატერიალური პრიზიც დააწესოთ, მაგალითად, ახალი სათამაშო ან ტკბილეული, რომლის ჭამის უფლებასაც არ აძლევდით.

* მიეცით მაგალითი. თავად იაქტიურეთ და შეეჭიდეთ ახალ გამოწვევებს, ეცადეთ, აჩვენოთ ბავშვს, რომ ყველაფერი მარტივი კარგი არ არის, სირთულეების გადალახვა თვითშეფასებასაც გვიმაღლებს და თავდაჯერებასაც გვმატებს. მოუყევით, რომ სამსახურში თქვენც გხვდებათ უსიამოვნებები ან დროდადრო ისეთი საქმისთვის გიწევთ ხელის მოკიდება, რომელიც თავიდან არ გიზიდავთ, გგონიათ, არ გამოგივათ, მაგრამ როდესაც სცდით, შედეგით ხშირად კმაყოფილი რჩებით, ამიტომ იცით, რომ აუცილებლად უნდა მოსინჯო – არ აქვს მნიშვნელობა, გამოგივა თუ არა. თუ არ გამოგივიდა, გამოცდილებას მიიღებ, თუ გამოგივიდა – კმაყოფილების განცდას. შესაძლოა, ახალი უნარებიც შეიძინო, რომლბიც ცხოვრებაში გამოგადგება.

* ზედმეტი არ მოგივიდეთ. თუ ატყობთ, რომ მას შემდეგ, რაც ახალ აქტივობაში ჩაერთო, ბავშვი გაღიზიანებულია, ცუდად ჭამს, ცუდად სძინავს, შფოთავს, სიამოვნებას აღარ ანიჭებს ის საქმიანობა, რომელიც აქამდე ძალიან უყვარდა, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ: შესაძლოა, ზედმეტი მოგდით. გაესაუბრეთ ბავშვს, ეცადეთ გაარკვიოთ, რა აწუხებს. შესაძლოა, სპექტაკლში მონაწილეობა ძალიანაც უნდოდეს, მაგრამ თეატრში რომელიმე თანატოლი ჩაგრავდეს, დასცინოდეს... ბავშვმა შესაძლოა ყველაფერი არ გითხრათ, მაგრამ მასთან დიალოგი მიმართულებას მაინც მოგცემთ, მიგანიშნებთ, როგორი უნდა იყოს თქვენი შემდეგი ნაბიჯი.

 

 ლიკა ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: