კარიესი

გააზიარე:

 

კბილის ტკივილი დიდსა და პატარას ერთნაირად აშინებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი კარიესია.

კარიესი პათოლოგიური პროცესია, რომელიც კბილის მაგარ ქსოვილებში წარმოქმნის მცირე ზომის ხვრელებს. ის ვითარდება, როდესაც თანხვდება რამდენიმე ფაქტორი: პირის ღრუს ბაქტერიები, ხშირი წახემსება, ტკბილი სასმელების ხშირი სმა, კბილების არასათანადო მოვლა.

კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ნებაზე მიშვებულმა პროცესმა შესაძლოა კბილის ღრმა შრეებში ჩააღწიოს, გამოიწვიოს კბილის ძლიერი ტკივილი, ინფიცირება და დაკარგვაც კი.

კბილის დაზიანებისგან თავის დასაცავად საუკეთესო გზა სტომატოლოგთან რეგულარული სიარული და პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაა.

 

სიმპტომები

კარიესის სიმპტომები დაზიანებული უბნების ზომასა და მდებარეობაზეა დამოკიდებული. თუ კბილის დაზიანება ეს-ესაა დაიწყო, შესაძლოა, შეუიარაღებელი თვალით ვერც კი შეამჩნიოთ. რაც უფრო შორს მიდის პროცესი, მით უფრო აშკარაა მისი ნიშნები:

* კბილის მგრძნობელობის მომატება;

* კბილის უეცარი, თითქოსდა უმიზეზო ტკივილი;

* კბილის ტკივილი ტკბილი, ცხელი ან ცივი საკვების მიღებისას;

* ყავისფერი, შავი ან თეთრი ლაქები კბილის ზედაპირზე;

* ღრუები კბილის ზედაპირზე;

* ტკივილი ღეჭვისას.

ამ დროს კბილის გვირგვინი უკვე საფუძვლიანადაა დაზიანებული, ამიტომ პირის ღრუს რეგულარული შემოწმება მაშინაც კი საჭიროა, როცა დაზიანება ჯერ კიდევ შეუმჩნეველია. კბილის ტკივილის შემთხვევაში კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართოთ ექიმს.

 

 

მიზეზები

კბილის კარიესი ხანგრძლივი პროცესია. გამოყოფენ მისი განვითარების რამდენიმე ეტაპს:

1. ნადების წარმოქმნა. გამჭვირვალე წებოვანი ფენა ფარავს კბილების ზედაპირს. მის წარმოქმნას განაპირობებს დიდი რაოდენობით შაქრისა და სახამებლის მოხმარება და კბილების არასათანადო წმენდა. როდესაც შაქარი და სახამებელი არ არის მოცილებული კბილებიდან, ბაქტერიები მათით იკვებებიან და წარმოქმნიან კბილის ნადებს. კბილებზე დარჩენილი ნადები მკვრივდება და წარმოქმნის კბილის ქვას, რომელიც ერთგვარი დამცავია ბაქტერიებისთვის.

2. ნადების გაჩენა. ნადების მჟავები გამოლექავს მინერალებს კბილის გარეთა, მაგარი შრიდან – მინანქრიდან. ეროზია მინანქარზე წარმოქმნის მცირე ზომის ღიობებს ან ხვრელებს, რაც კარიესის პირველი საფეხურია. როდესაც მინანქრის ნაწილი გაცვდება, ბაქტერიები და მჟავები აღწევენ კბილის მომდევნო შრემდე – დენტინამდე. ეს ფენა უფრო რბილია, ვიდრე მინანქარი და ნაკლებად მჟავაგამძლე. დენტინს აქვს მცირე ზომის მილები, რომლებითაც პირდაპირ უკავშირდება კბილის ნერვს, რაც განაპირობებს კბილების მგრძნობელობას.

3. დესტრუქციის გავრცელება. კბილის კარიესის ფორმირების კვალდაკვალ ბაქტერიები და მჟავები იჭრებიან კბილის შიგნითა ნივთიერებაში – პულპაში. ვითარდება პულპის ანთება, ხოლო როდესაც ანთების გავრცელებისთვის ღრუში სივრცე აღარ რჩება, ნერვზე ზეწოლის გამო იწყება ტკივილი. ეს პროცესი შესაძლოა კბილის ფესვის გარეთაც – ძვლის მიმართულებით – გავრცელდეს.

 

კარიესის რისკფაქტორებია:

* კბილის მდებარეობა. კარიესი უმეტესად უკანა კბილებიდან (მცირე და დიდი საღეჭი კბილებიდან – პრემოლარებიდან და მოლარებიდან) იწყება. ამ კბილებს აქვს ბევრი ღარი, ხვრელი, რამდენიმე ფესვი, რაც აადვილებს საკვების ნაწილაკების დაგროვებას, ამიტომ მათი სისუფთავის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე წინა კბილებისა, რომლებიც უფრო გლუვი და ადვილად მისადგომია.

* ზოგიერთი საჭმელი და სასმელი. საკვები, რომლის ნაწილაკებიც დიდი ხნით ეწებება კბილს (მაგალითად, რძე, ნაყინი, თაფლი, შაქარი, თხილი, ნამცხვარი, კარტოფილი) უფრო ადვილად იწვევს კარიესს, ვიდრე საკვები, რომელსაც სწრაფად აცილებს ნერწყვი (მაგალითად, ვაშლი, კივი, ნიორი, პირშუშხა).

* ხშირი წახემსება – ამ დროს ბაქტერიებისთვის პირის ღრუში მეტი საკვებია, შესაბამისად, ისინი წარმოქმნიან მეტ მჟავას, რომელიც აზიანებს და ცვეთს კბილს; გაზიანი და ტკბილი სასმელების ხშირი მიღება – ამის შედეგად პირის ღრუში მუდმივად მჟავა გარემოა; ბავშვის საწოვარათი კვება ძილის წინ – საკვების ნაწილაკები საათობით რჩება კბილებში, კვებავს ბაქტერიებს და იწვევს კარიესს (ამ პათოლოგიას სპეციალური სახელიც კი აქვს – ბოთლის კარიესი).

* არასათანადო წმენდა – თუ კბილები საჭმლის ან სასმლის მიღების შემდეგ მალევე არ გაიწმინდა, სწრაფად გაჩნდება ნადები და დადგება კარიესის პირველი ეტაპი.

* ფთორის ნაკლებობა – ფთორი ბუნებრივი მინერალია, იცავს კბილს კარიესისგან და დაზიანების ადრეული სტადიის უკუქცევაც კი შეუძლია. ფთორს ამატებენ სასმელ წყალში, კბილის პასტებში, პირის ღრუს სავლებებში. ბოთლებში ჩამოსხმული წყალი, როგორც წესი, არ შეიცავს ფთორის დანამატს.

* ასაკი – აშშ-ში კბილის კარიესი ბავშვთა და მოზარდთა გავრცელებული პრობლემაა. ასაკის კვალდაკვალ, კბილების ცვეთასა და ღრძილების დაზიანებასთან ერთად, იმატებს კარიესის განვითარების რისკიც. ამასთანავე, მოზრდილები შეიძლება იღებდნენ მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებს ნერწყვის გამოყოფას და ზრდის კარიესის განვითარებს საფრთხეს.

* პირის სიმშრალე – გამოწვეულია ნერწყვის ნაკლებობით. ნერწყვი აცილებს საკვების ნარჩენებსა და ნადებს  და, ამრიგად, ახდენს კბილების დაზიანების პრევენციას. ნერწყვში შემავალი ნივთიერებები ურთიერთქმედებს ბაქტერიების მიერ წარმოქმნილ მჟავასთან. ზოგიერთი მედიკამენტი, დაავადება, თავისა და კისრის დასხივება, ქიმიოთერაპია ამცირებს ნერწყვის რაოდენობას და ზრდის კარიესის რისკს.

* გაცვეთილი ბჟენები და კბილის მოწყობილობები (მაგალითად, ხიდი, ბრეკეტები) – ბჟენები წლების განმავლობაში სუსტდება, ტყდება ან კიდეები უუხეშდება, რაც ხელს უწყობს ნადების დაგროვებას, მის მოცილებას კი ართულებს. კბილის მოწყობილობებმა არასწორი პოზიციის მიღებით ასევე შესაძლოა კარიესის განვითარებას შეუწყოს ხელი.

* კუჭ-საყლაპავის (გასტროეზოფაგური) რეფლუქსი – ამ დროს კუჭის მჟავა შიგთავსი პირის ღრუში ამოდის, იწვევს კბილის მინანქრის ცვეთას და კბილების მნიშვნელოვან დაზიანებას. დენტინის დიდი ნაწილი ზიანდება ბაქტერიებით და ყალიბდება კარიესი.

* კვებითი პათოლოგიები – ანორექსიას და ბულიმიას შეუძლია, გამოიწვიოს კბილის ეროზია და კარიესი. განმეორებითი ღებინებისას კუჭის მჟავა შიგთავსი ხვდება პირის ღრუში და შლის კბილის მინანქარს. კვებითი პათოლოგიები გავლენას ახდენს ნერწყვის გამომუშავებაზეც.

 

გართულებები

კბილის კარიესი იმდენად ხშირია, რომ მრავალი ჩვენგანი მიეჩვია და ყურადღებას აღარც კი აქცევს. ზოგიერთს ჰგონია, რომ თუ ბავშვს მუდმივი კბილები ჯერ არ ამოსვლია, კარიესი არც ისე საგანგაშოა. სინამდვილეში სარძევე კბილების კარიესის შედეგია თანკბილვის დარღვევა, ღეჭვის და, შესაბამისად, კვების დარღვევა, კბილების დაკარგვა, რაც თვითშეფასებაზე აისახება. კბილის აბსცესმა (ჩირქოვანმა ჯიბემ) კი შესაძლოა მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო პროცესებსაც დაუდოს სათავე.

 

პრევენცია

პირის ღრუს სწორი ჰიგიენა კარიესის პრევენციის პირველი რგოლია. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც კარიესის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ:

* საჭმლის ან სასმლის მიღების შემდეგ გაიხეხეთ კბილები ფთორიანი პასტით. კბილების გახეხვა აუცილებებლია დღეში, სულ მცირე, ორჯერ, იდეალურ შემთხვევაში – ყოველი კვების შემდეგ.

* აუცილებლად გამოიყენეთ კბილის ძაფი კბილებს შორის ჩარჩენილი საკვების ნარჩენების მოსაშორებლად.

* გამოიყენეთ პირის ღრუს სავლები (უმჯობესია, ფთორით გამდიდრებული);

* რეგულარულად ეწვიეთ დანტისტს კბილების პროფესიონალური წმენდისთვის და პირის ღრუს დასათვალიერებლად, რათა პრობლემა ადრეულ ეტაპზევე აღმოიფხვრას. ვიზიტების განრიგს დანტისტი თავად შეგიდგენთ.

* ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყველა ბავშვს ურჩევს, გამოიყენონ სპეციალური მასალისგან დამზადებული კბილის დამცავები – ეს მოწყობილობები ფარავს უკანა კბილების საღეჭ ზედაპირს და ავსებს კბილებზე არსებულ ღარებს, სადაც საკვების ნაწილაკები გროვდება; ამგვარად, იცავს მინანქარს მჟავებისა და ნადებისგან.

* სვით ონკანის წყალი – საზოგადოებრივი წყალმომარაგების ქსელების უმრავლესობა გამდიდრებულია ფთორით, ჩამოსხმული წყალი კი ამ ელემენტს არ შეიცავს.

* ერიდეთ ხშირად ჭამას, თუ ჭამისთანავე კბილებს  ვერ გაიხეხავთ.

* მიირთვით კბილებისთვის სასარგებლო საკვები და ერიდეთ ისეთს, რომელიც გროვდება კბილის ჩაღრმავებებში ან კბილთაშორის სივრცეებში, ანდა ჭამის შემდეგ მალევე გაიხეხეთ კბილები. ისეთი საკვები, როგორიცაა ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, აძლიერებს ნერწყვის გამოყოფას და ხელს უწყობს საკვების ნარჩენების მოცილებას.

* იმკურნალეთ ფთორით – დანტისტმა შესაძლოა გირჩიოთ პერიოდულად ფთორით მკურნალობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას საკმარისად ვერ იღებთ წყლიდან თუ სხვა წყაროებიდან.

* თუ კბილის კარიესის მიმართ მიდრეკილება გაქვთ, მაგალითად, რომელიმე დაავადების გამო, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ სპეციალური ანტიბაქტერიული  სავლების გამოყენება მავნე ბაქტერიების რაოდენობის შესამცირებლად.

* ჩაიტარეთ კომბინირებული მკურნალობა – ქსილიტის შემცველი საღეჭი რეზინის კომბინირება ფთორსა და ანტიბაქტერიული  სავლებთან ასევე ამცირებს კარიესის რისკს.

 

დიაგნოსტიკა

ექიმი კარიესის არსებობას ადგენს პირის ღრუს დათვალიერებით, კბილების ზონდირებით რბილი ქსოვილების შესამოწმებლად, კბილების რენტგენოგრაფიით, რომელიც ავლენს მაგარი ქსოვილების (მათ შორის – ყბის ძვლის) დაზიანების ხარისხს.

 

მკურნალობა

კარიესის მკურნალობა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია მის სიმძიმეზე, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასა და თანმხლებ პრობლემებზე.

თუ მკურნალობა მანამდე დაიწყო, სანამ საქმე ტკივილამდე მივა, ინტენსიური ჩარვა, როგორც წესი, არ ხდება საჭირო.

ნაცადი მეთოდებია:

* ფთორით მკურნალობა – თუ კარიესი ახალი დაწყებულია, ფთორით მკურნალობამ შესაძლოა აღადგინოს კბილის მინანქარი და კარიესის უკუგანვითარებაც კი გამოიწვიოს. ფთორით მკურნალობისას ამ ელემენტის მიღება უფრო ინტენსიურად ხდება, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში წყლის, კბილის პასტის ან სავლების საშუალებით. ის გამოდის თხევადი, გელის ან ქაფის სახით, რომელიც შეიზილება კბილში ან თავსდება კბილზე.

* კარიესის ადრეულ სტადიაზე მიმართავენ რესტავრაციას სხვადასხვა ნივთიერებით, მაგალითად, კომპოზიტური გელით, ფაიფურით, კბილის ამალგამით.

* შორს წასული კარიესის დროს პაციენტს სათავაზობენ ხელოვნურ საფარს, რომელიც მთლიანად ცვლის კბილის ბუნებრივ გვირგვინს. გვირგვინი შეიძლება იყოს გამძლე ფაიფურისა, მეტალთან შერეული ფაიფურისა ან სხვა ნივთიერებისა.

* არხების დაბჟენა. როდესაც კარიესი აღწევს პულპას, აუცილებელია ფესვის არხების დამუშავება.  ამ გზით ინარჩუნებენ ძლიერ დაზიანებულ ან ინფიცირებულ კბილს. აცილებენ დაავადებულ პულპას, ინფექციის არსებობის შემთხვევაში არხში ათავსებენ მედიკამენტს, მერე კი პულპას სპეციალური შიგთავსით ცვლიან.

* კბილის ამოღება. ზოგიერთი კბილი ისეა დაზიანებული, რომ ვეღარ აღდგება. ასეთი კბილის ამოღებაა საჭირო. ამოღებისას კი ჩნდება თავისუფალი სივრცე, რომელიც მეზობელ კბილს გადაადგილების საშუალებას აძლევს. ამ სივრცეს ხიდით ან კბილის იმპლანტით ავსებენ.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: