ლუდომანია – ავადმყოფობა თუ მავნე ჩვევა?

გააზიარე:

როდის გაჩნდა აზარტული თამაშები, უცნობია. ითვლება, რომ ისინი სხვადასხვა ფორმით ისტორიის ყველა ეტაპზე არსებობდა. ამ თითქოსდა უწყინარი გასართობის უკან დგას პრობლემა – ლუდომანია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, რომელიც მოიცავს მოთამაშის დაკარგულ წლებს, მევალეების, ბანკებისა და ლომბარდების გრძელ სიას, შინიდან მოპარულ და მალულად გაყიდულ ნივთებს, დანგრეულ ურთიერთობებს და ჭიდილს, დაუსრულებელ ჭიდილს საკუთარ თავთან.

ლუდომანიასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვესაუბრება ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ “კამარას” ფსიქოლოგი ნინო კომახიძე.

 

დაავადება თუ მავნე ჩვევა

– ლუდომანია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ისევე როგორც წამალდამოკიდებულება, ალკოჰოლიზმი და სხვა ადიქციები, ქცევითი დარღვევაა, რომელსაც დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით (IჩD) მინიჭებული აქვს კოდი F63, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება დაავადებაა და არა უბრალოდ მავნე ჩვევა. ადიქციების მთავარი პრობლემა, საზოგადოდ, ფსიქოლოგიურ ფაქტორს უკავშირდება, თუმცა მათ, როგორც წესი, ფიზიკური აბსტინენციაც, ე.წ. ლომკაც ახლავთ თან, აზარტული თამაშების შემთხვევაში კი დამოკიდებულება მხოლოდ ფსიქოლოგიურია, რადგან აქ არ არსებობს არავითარი ქიმიური ნივთიერება, რომელზეც შეიძლება ფიზიკური დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს. სწორედ ეს განასხვავებს აზარტომანიას სხვა ადიქციებისგან და განაპირობებს მკურნალობის სირთულეს, რაც, უპირველეს ყოვლისა, პრობლემის აღიარების პროცესის გაჭიანურების ბრალია.

 

როგორ ყალიბდება

– მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახის დამოკიდებულება დაავადებათა ერთ ჯგუფში ერთიანდება, მათ შორის არსებობს განსვავებათა წყება. როგორც აღვნიშნეთ, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არ უკავშირდება არავითარ ქიმიური ნივთიერებას, თუმცა თავის ტვინში ისეთივე ცვლილებები მიმდინარეობს როგორიც ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულების დროს. წამყვან როლს აქ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ასრულებს.

ზუსტი მიზეზი, რის გამოც ვითარდება ამა თუ იმ სახის ადიქცია, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ არც ერთი ქცევითი დარღვევა არ ჩნდება ჰაერზე, წესისამებრ, ის მეორეულია და შესაძლოა, თან ახლდეს ამა თუ იმ ფსიქიკურ პრობლემას – ფსიქოტრავმას, დაბალ თვითშეფასებას, ან გამოყენებულ იქნეს სხვა პრობლემის, მაგალითად, დეპრესიის გადასაფარავად, სხვა ადიქციის ჩასანაცვლებლად და ა.შ.

აზარტულ თამაშს გასართობად იწყებენ, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ის მიჯაჭვულობაში, თამაშის მანიურ მოთხოვნილებაში გადაიზრდება. ეს პროცესი რამდენიმე სტადიას მოიცავს. პირველია მოხიბვლა, როდესაც აღმოაჩენ, რომ მარტივად ''შოულობ'' ფულს, თითქოს ციდან ცვივა. ეს ეტაპი, ჩვეულებრივ, უფრო მძაფრად მიმდინარეობს მოზარდებსა და ახალგაზრდებთან. შემდეგ იწყება რაღაცების დამალვა არა მხოლოდ სოციუმისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც, არ ტყდები, რომ უფრო და უფრო ხშირად გინდება თამაში, ეს პრობლემად არ მიგაჩნია და გჯერა, რომ მარტივად დაანებებ თავს. გარკვეული ხნის შემდეგ დგება სტადია, როდესაც პრობლემას გაიაზრებ და აღიარებ, რასაც მალევე მოჰყვება თვითდადანაშაულების სტადია.

უნდა ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად ყოველგვარი სახის ადიქციას ახასიათებს თვითგვემა, მაგრამ ლუდომანიაში ის განსაკუთრებით მძაფრად მჟღავნდება. ამ დროს აზარტომანი იდანაშაულებს, ებრძვის თავს, ცდილობს, მოერიოს ცდუნებას, მაგრამ თუ პრობლემა მკაფიოდ არ არის გააზრებული და პაციენტს სწორი მიმართულება არ აქვს მიცემული, ეს პროცესი მანკიერ წრეს ემსგავსება და ხშირად ყველაფერი თავიდან იწყება.

 

როგორ ამოვიცნოთ

– ლუდომანია არცთუ ისე ძნელი ამოსაცნობია, განსაკუთრებით – ოჯახის წევრებისთვის. მთავარია, თვალი არ დავხუჭოთ თითქოსდა პატარ-პატარა პრობლემებზე, რომლებსაც საბოლოოდ დიდ პრობლემასთან მივყავართ. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებლი ადამიანები, როგორც წესი, იკეტებიან, წყვეტენ სოციუმთან კონტაქტს, აგრესიულები ხდებიან, ღიზიანდებიან იმაზე, რაც წინათ არ აბრაზებდათ. ვინაიდან გემბლინგი (აზარტული თამაში) პირდაპირ კავშირშია ფულთან, ლუდომანებს უგროვდებათ ვალები, მიუხედავად მუდმივი შემოსავლისა, ფული არასდროს ჰყოფნით და დამატებით თანხებს ითხოვენ ოჯახის წევრებისგან, ხშირად მიმართავენ ლომბარდს.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანები ეჯახებიან ჯანმრთელობის პრობლემებსაც – მძიმე დეპრესიდან სუიციდურ აზრებამდე, ენგრევათ ფსიქიკა, კარგავენ არსებულ სოციალურ როლს. მათ თავის ტვინში, როგორც აღვნიშნეთ, ისეთივე ცვლილებები მიმდინარეობს, როგორიც ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებთან; ზიანდება თავის ტვინის ქერქი და ლიმბური ცენტრი, რომელიც ჩართულია დასწავლის, მეხსიერების, მოტივაციისა და ემოციურ პროცესებში.

 

ოჯახის როლი

– ამ პრობლემის მქონე პირთა ცხოვრებაში ოჯახის როლი, რა თქმა უნდა, დიდია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ როდესაც ოჯახის ერთ-ერთი წევრი რამეზეა დამოკიდებული, დანარჩენი წევრები თანადამოკიდებულ პირებად ითვლებინ. მათაც აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები, მუდმივად აწუხებთ ეჭვი, დაძაბულობა, ცხოვრობენ სტრესულ პირობებში. აქვე დავძენ, რომ დახმარება არ უნდა აგვერიოს დათვურ სამსახურში – ხელი არ დავაფაროთ თამაშზე დამოკიდებული პირის დესტრუქციულ ქცევას, არ მოვუგვაროთ პრობლემები, თუნდაც ფინასური, თუმცა არც გამუდმებით ვამუნათოთ დამოკიდებულების გამო, სცენები არ მოვუწყოთ – ეს ყველაფერი არათუ ვერ დაეხმარება, არამედ გააღრმავებს კიდეც პრობლემას. უკეთესი იქნება, ოჯახის წევრებმა მოიძიონ ინფორმაცია და კარგად გაერკვიონ, რასთან აქვთ საქმე, გაითვალისწინონ თამაშზე დამოკიდებული პირის პიროვნული თვისებები, ეცადონ, მიიყვანონ პრობლემის აღიარებამდე (თუ არ აღიარებს) და ამის შემდეგ იზრუნონ მკურნალობაზე.

 

მკურნალობა

– მკურნალობაში წამყვანი ადგილი უკავია ფსიქოთერაპიას, როგორც ინდივიდუალურს, ასევე ჯგუფურს. ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად საჭიროა მედიკამენტური ჩარევაც წინა პლანზე წამოწეული დეპრესიის, უძილობის, შფოთვის, აგრესიულ-დესტრუქციული ქცევის გამო.

 

არსებობს თუ არა ყოფილი მოთამაშე?

– ის, რომ ყოფილი ნარკომანი ან ყოფილი ლუდომანი არ არსებობს, სტიგმაა, ყოველგვარი სტიგმა კი ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია. ლუდომანია ქრონიკული დაავადება, მისგან ასი პროცენტით განკურნება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია რემისიის მიღწევა, რომელიც შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდეს. მთავარია პაციენტის მონდომება, მისი უნარი, დასვას წერტილი, რაც მედიცინის ენაზე რემისიაა, ხოლო პაციენტის რეალობაში განკურნებას ნიშნავს.

 

მდგომარეობა საქართველოში

– ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა" უკვე ათი წელია ფუნქციონირებს და ეხმარება სხვადასხვა ადიქციის მქონე პირებს, თუმცა ბოლო ორი წელია, საგრძნობლად იმატა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა მომართვიანობამ. ერთი მხრივ, ამის მიზეზი საზოგადოებაში ცნობიერების დონის ამაღლებაა – თამაშზე დამოკიდებულებას უბრალოდ მავნე ჩვევად აღარ მიიჩნევენ, მეორე მხრივ კი უამრავი მიზეზი უწყობს ხელს ლუდომანიის გავრცელებას: რეგულაციების არარსებობა (ნებისმიერ მცოდნეს, განურჩევლად ასაკისა, შეუძლია შევიდეს და დარეგისტრირდეს ონლაინ კაზინოში), სამკურნალო სერვისების დეფიციტი და ა.შ. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ კომპლექსური მიდგომის გარეშე ვერ მოგვარდება. იმედს ვიტოვებ, უახლოეს მომავალში ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.

 

როგორ დავიცვათ მომავალი თაობა

– გემბლინგისთვის განსაკუთრებით მოწყვლადია გარდატეხის ასაკი, როდესაც ჩვეულებრივი რამაა ექსპერიმენტები, ამბოხება, აკრძალული ხილისკენ სწრაფვა... ამიტომ სასურველია, მოზარდმა იმთავითვე იცოდეს, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამ თითქოსდა უწყინარმა გართობამ. ამაზე საუბრის დაწყება 8-9 წლიდანვე შეიძლება. თუმცა კარგი იქნება, წინასწარ სპეციალისტთან გავიაროთ კონსულტაცია, რათა პრევენციის ნაცვლად წახალისება არ გამოგვივიდეს და ბავშვს აზარტული თამაშებისადმი ინტერესი არ აღვუძრათ.

 

დაბოლოს

– აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ორი ტიპი არსებობს. ერთნი არ აღიარებენ პრობლემას. ასეთ ადამიანებს ვუსურვებ, რაც შეიძლება მალე გამოუტყდნენ საკუთარ თავს, რომ დახმარება სჭირდებათ, რადგან რაც უფრო ადრე დავიწყებთ ბრძოლას, მით უფრო ადვილად დავამარცხებთ ავადმყოფობას.

თამაშზე დამოკიდებულთა მეორე ნაწილს, რომლებსაც ჰქონიათ, რომ გამოსავალი არ არსებობს და აპათიაში არიან, მინდა ვუთხრა, რომ გამოსავალი არსებობს! ბევრმა დაამარცხა ეს სენი და ახალი ცხოვრება დაიწყო. მეტად მოინდომეთ, იმუშავეთ საკუთარ თავზე და მერწმუნეთ, შედეგიც არ დააყოვნებს.

თამთა კაპანაძე

გააზიარე: