როგორ შევარჩიოთ უვნებელი სათამაშო?

გააზიარე:

არც ისე დიდი ხნის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგნიტური ჟელე, ე.წ. ტყლარწი, ჯანმრთელობისთვის საშიშია – მასში დარიშხანის შემცველობა ნებადართულზე 20-ჯერ მეტია. ეს ოდენობა მწვავე ინტოქსიკაციას იწვევს, ქრონიკული დაავადებების ფონზე გამოწვეული გართულებების შემთხვევაში კი შესაძლოა ბავშვის სიცოცხლესაც შეუქმნას საფრთხე. ამ განცხადებების შემდეგ მაგნიტური ჟელე დროებით გაქრა დახლებიდან, თუმცა ბოლო დროს რამდენიმე მაღაზიაში ის ისევ შევნიშნე.

დარიშხანს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია კანცეროგენულ ნივთერებათა ჩამონათვალში. რატომ უნდა იყოს ეს ნივთიერება, თუნდაც “ნებადართული ოდენობით”, იმ პროდუქციის შემადგენლობაში, რომელსაც ბავშვებთან აქტიური შეხება აქვს? ამ საკითხის გარკვევის მცდელობისას აღმოვაჩინეთ, რომ დარიშხანი ერთადერთი საფრთხე არ არის, რასაც ჩვენს შვილებს სათამაშოები უქადის. მძიმე ლითონები, პლასტმასის დამარბილებლები, უხარისხო საღებავები – ეს ყველაფერი მათ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

 

ხარისხის მონიტორინგი

საქართველოში სათამაშოების უვნებლობაზე პასუხისმგებელი ზედამხედველობის მექანიზმი პრაქტიკულად არ არსებობს და უხარისხო ნაწარმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს შვილებს, ქვეყანაში უკონტროლოდ აღწევს. საქართველოში მოქმედი ნაწარმის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის თანახმად, მწარმოებელმა არ უნდა გაავრცელოს ისეთი პროდუქცია, რომელიც, მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და ცოდნის საფუძველზე, არ შეესაბამება უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნებს, თუმცა კოდექსში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რა მექანიზმები არსებობს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების მიერ გავრცელებული ნაწარმის მონიტორინგისა და ხარისხის განსაზღვრისთვის.

კიდევ უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ არც თავად მომხმარებელს აქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც სათამაშოების ავკარგიანობას განსაზღვრავს: ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ნაწარმის ეტიკეტებზე უმეტესად არც მწარმოებელია მითითებული და არც შემადგენლობა. ხშირად ეტიკეტიც გაყალბებულია. შესაძლოა, აღნიშნული იყოს მწარმოებელი ქვეყანა, თუმცა ხარისხის ინდიკატორად ვერც ეს გამოდგება. საქმე ის გახლავთ, რომ ჩინეთსა და ინდოეთში მრავალ ბრენდირებულ ევროპულ კომპანიას აქვს საწარმო. ასე რომ, სათამაშოს აზიური წარმომავლობა ერთმნიშვნელოვნად მის უხარისხობაზე არ მეტყველებს.

 

როგორ შევარჩიოთ უვნებელი სათამაშო

რბილი სათამაშოები შემადგენლობის თვალსაზრისით ნაკლებსახიფათოა. მათი მთავარი ნაკლი ის არის, რომ საუკეთესო ნიადაგს უქმნის მტვრის ნაწილაკებსა და ალერგენებს. ამასთან, რბილი სათამაშოთი ბიჭუნების დაინტერესება ძნელია. ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობა ნებადართულზე დიდი დოზით უმეტესად პლასტმასის, რეზინისა და ლითონის სათამაშოებში გვხვდება. მათ რიცხვში შედის იარაღი, თოჯინები, მინიატურული სახლის მოწყობილობები, ჯარისკაცები, კუბები... ასევე სახიფათოა უხარისხო საღებავით დამუშავებული ნაწარმი – ცხოველებისა და სუპერგმირების ფიგურები, კონსტრუქტორები, ფაზლები...

საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა ლაბორატორიაში გაგზავნილი პროდუქციის კვლევამ აჩვენა, რომ ბრენდირებულ მაღაზიებში ნაყიდი სათამაშოების უმეტესობის (10-დან 9-ის) შემადგენლობაშიც კი დი-2 ეთილჰექსილფტალატის (DEHP) ოდენობა საგრძნობლად აჭარბებდა ნებადართულს.

DEHP ერთგვარი დამარბილებელია, რომელიც პლატსმასას ელასტიკურობასა და დრეკადობას სძენს. სათამაშოების წარმოებაში მისი გამოყენება, ევროკავშირის კანონმდებლობით (რეგულაცია 1907`2006), აკრძალულია. უფრო ზუსტად, ნებადართული დოზა 1მგ`გ-ს არ აღემატება. კოლუმბიის უნივერსიტეტის სპეციალისტთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფტალატები ბავშვებში ბრონქული ასთმის პროვოცირებას უწყობს ხელს და უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზეც. ამავე მკვლევართა დასკვნით, ფტალატები, რომლებიც უხარისხო პარფიუმერიასა და კოსმეტიკურ ნაწარმშიც უხვად გვხვდება, ორსულებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს – ზრდის ნაყოფის ფილტვების დაზიანებისა და ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკს. ასე რომ, თუ ეტიკეტზე აღმოაჩენთ წარწერას “DEHP”, გირჩევთ, ნივთის შეძენისგან თავი შეიკავოთ.

ფტალატების ჯგუფისაა დი-იზონონილფტალატიც (DINP), თუმცა ეს ნივთიერება საშიშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო ბავშვმა პირში ჩაიდო, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რეზინისა და პლასტმასის სათამაშოებს, რომლებიც განკუთვნილია თვეების ბავშვებისთვის, აბაზანის რბილ საჭყიპინოებს...

ხარისხის მაკონტროლებელმა ბრიტანულმა ორგანიზაციამ პატარა რეზინის რგოლების – “ლუმ ბანდსების” შემადგენლობაში, რომელსაც მოზარდი გოგონები სამაჯურების ან მძივების ასაწყობად იყენებენ, ფტალატების მაღალი შემცველობა დაადასტურა და მოსახლეობის დაცვის მიზნით ჯერ კიდევ შარშან აკრძალა მათი იმპორტი. ამასთან, დასკვაში აღნიშნულია, რომ ჭარბი ოდენობით ფტალატი შესაძლოა ბავშვებისთვის განკუთვნილ საკანცელარიო და სასკოლო ნივთებშიც იყოს და მკაცრი რეგულაცია დააწესა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში წარმოებული ამგვარი პროდუქციის შემოტანასა და რეალიზაციზე.

 

მძიმე მეტალები

კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც უხარისხო სათამაშოებში იმალება, მძიმე მეტალებია, რომელთა ნაერთები მავნე გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, გროვდება უჯრედებში და არაერთ დაავადებათას იწვევს. ტოქსიკურობით გამოირჩევა ტყვია, ვერცხლისწყალი, სტრონციუმი და კადმიუმი.

სამიოდე წლის წინ სათამაშოებში ტყვიის მაღალი შემცველობის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიზღუდა ჩინეთში წარმოებული პროდუქციის იმპორტი, თუმცა ჩინელმა მწარმოებლებმა გამოსავალს მალევე მიაგნეს – ტყვია კადმიუმით ჩაანაცვლეს. არადა კადმიუმი ტყვიაზე არანაკლებ საშიში შხამია, თანაც კუმულაციის – ორგანიზმში დაგროვების – შესანიშნავი უნარი აქვს. გერმანელი პედიატრების დასკვნით, ეს ნივთიერება იწვევს მწვავე მოწამვლას, ღებინებას, თავის ტკივილს, კრუნჩხვას და, გართულებულ შემთხვევაში, ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიებს. არ არის აუცილებელი, კადმიუმის მაღალი შემცველობის მქონე სათამაშო ბავშვმა პირში ჩაიდოს – ხელში დაჭერა და სუნის შესუნთქვაც კი სახიფათოა. გერმანიის პედიატრიული ცენტრის კვლევამ დაადასტურა, რომ სათამაშოების შემადგენლობაში ჭარბად შემავალი ეს ნივთიერება ღვიძლსა და თირკმელებსაც ვნებს.

კადმიუმი და მისი რამდენიმე ნაერთი ცნობილი კანცეროგენებია.

კადმიუმით მოწამვლა იწვევს ძვლების დაზიანებას, სახსრებისა და ზურგის ძლიერ ტკივილს.

 

საღებავები

საღებავების მავნებლობაც მძიმე მეტალებს უკავშირდება. კადმიუმს იყენებენ ალისფერი, ოქროსფერი და ნარინჯისფერი საღებავის წარმოებაში. საღებავებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა (5-დან 40%-მდე) ტყვიაც. ამ ქიმიური ელემენტით მოწამვლის ძირითადი წყაროა ტყვიის თეთრა და ტყვიის სურინჯი. ამ საღებავებით ღებავენ ცივი ფერის სათამაშოებს.

ტყვიით მოწამვლის ადრეული სიმპტომებია თავის ტკივილი, უძილობა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, მხედველობის დარღვევა. ამ ელემენტს კუმულაცია ახასიათებს – შეუძლია დაგროვდეს ორგანიზმში, უმთავრესად – ძვლებში, და მათ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ტყვიის შემცველი საღებავები მძაფრი სუნით გამოირჩევა, რომელსაც პაკეტის გახსნისთანავე იგრძნობთ.

ტყვიის შემცველი საღებავებით სათამაშოების წარმოებას განვითარებად ქვეყნებში დღემდე მასიური ხასიათი აქვს. ევროპაში მათი გამოყენება 40 წელზე მეტია აკრძალეს.

ამერიკასა და კანადაში სათამაშოების წარმოებაში ტყვიის გამოყენება აკრძალულია, დეკორატიული საღებავების წარმოებაში – ჯერ კიდევ ნებადართულია, თუმცა შეზღუდული ოდენობით: მისი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 90 პრომილეს (მთელის მეათასედ ნაწილს).

ევროპის ქვეყნებში სათამაშოების უსაფრთხოების ნორმები მკაცრად არის დაცული. სათამაშოს უნდა ჰქონდეს EC ნიშანი, რაც დასტურია იმისა, რომ პროდუქცია ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

თამარ ციბალაშვილი

 

გააზიარე: