რატომ ვკარგავთ გონებას?

გააზიარე:

სიტყვა “სინკოპეს”  თუ არა, ამ მდგომარეობის გამომხატველ შეგრძნებას მაინც თითქმის ყველა იცნობს. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც არ დაუკარგავს გონება. თუ გულის წასვლის შემთხვევას შესწრებიხართ, ნახავდით, როგორ ეხმარებიან გულწასულს გარშემო მყოფები: ცდილობენ, პირი გაუღონ, ენა დაუჭირონ, ფეხები ააწევინონ, სუფთა ჰაერი ასუნთქონ. იქნებ, არათუ გინახავთ, არამედ თავადაც მოქცეულხართ ასე.

 

რა არის სინკოპე

სინკოპე სამედიცინო ტერმინია. უბრალო ენით, ეს არის გონების ხანმოკლე დაკარგვა, რომელსაც იწვევს თავის ტვინის სისხლმომარაგების შემცირება, განპირობებული წნევის ან გულისცემის სიხშირის უეცარი დაქვეითებით. მისთვის დამახასიათებელია სპონტანური განვითარება და ასევე სპონტანური უკუქცევა – ცნობიერების სწრაფი, სრული აღდგენა. სინკოპეს ცნება გამორიცხავს კრუნჩხვას, კომას, შოკს და სხვა მდგომარეობებს, რომლებიც ცნობიერების შეცვლით ვლინდება.

მიუხედავად იმისა, რომ სინკოპეს მიზეზი უმეტესად კეთილთვისებიანია, ადამიანთა მცირე ნაწილისთვის ის შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის მანიშნებელი იყოს.

 

რატომ ვკარგავთ გონებას

სინკოპე საკმაოდ ხშირია, რადგან მისი გამოწვევა მრავალ ფაქტორს შეუძლია. ზოგჯერ სპეციფიკური მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

გამომწვევი ფაქტორების მიხედვით განასხვავებენ სინკოპეს რამდენიმე ტიპს. ზოგი ამ ფაქტორთაგანი უწყინარია, ზოგი კი სიცოცხლისთვის სახიფათოა. სხვადასხვა გამღიზიანებელზე ყველა სხვადასხვანაირად რეაგირებს. ზოგიერთს, მაგალითად, სისხლის დანახვა ძლიერ ემოციურ სტრესს ჰგვრის. შედეგად გულისცემის სიხშირე და არტერიული წნევა სწრაფად ეცემა, რაც ტვინში სისხლის მიდენას ამცირებს და გონების კარგვას იწვევს (ვაზოვაგალური სინკოპე).

ვაზოვაგალური სინკოპე ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებთან გვხვდება. ხანდაზმულებს ის უმეტესად მაშინ ემართებათ, როცა კუნთების ტონუსი შესუსტებულია და არტერიული წნევის რეგულაციის უნარი – დაქვეითებული. თუ მჯდომარე ან მწოლიარე სწრაფად წამოდგებით, მაშინაც შეიძლება დაკარგოთ გონება, რადგან სიმძიმის ძალის ზემოქმედებით სისხლი ერთბაშად გადაინაცვლებს სხეულის ქვედა ნახევარში და წნევა მკვეთრად დაეცემა. შედეგად შემცირდება თავის ტვინში სისხლის მიდენაც (პოსტურალური სინკოპე).

სინკოპეს ამ ორი შემთხვევიდან არც ერთი არ მოითხოვს მკურნალობას, წნევა და გულისცემა თავისთავად დაუბრუნდება ნორმას. ეპიზოდი საშუალოდ 2.5 წუთს გაგრძელდება.

გულის წასვლა შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაციამ (სითხის დეფიციტმა), ძლიერმა ემოციურმა სტრესმა, აგზნებამ, შიშმა, ძლიერმა ტკივილმა, შიმშილმა.

ზოგჯერ ალკოჰოლი და წამლებიც (დამამშვიდებლები, ანტიდეპრესანტები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები) იწვევს სინკოპეს.

გონების დაკარგვას ჰიპერვენტილაციაც (ღრმა და ხშირი სუნთქვა) განაპირობებს სისხლში ჟანგბადის ჭარბი დაგროვების გამო.

სინკოპეს შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ძლიერმა ხველამ, თავის მობრუნებამ, ყელზე მჭიდროდ მომდგარმა საყელომ, წვერის პარსვამ (საძილე არტერიის ზემგრძნობელობა), შარდვამ (უმთავრესად – ხანდაზმულ მამაკაცებთან ღამით).

გონების დაკარგვამდე მივყავართ სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას (ჰიპოგლიკემია), ანემიას (სისხლში ერითროციტების ან ჰემოგლობინის დონის დაქვეითება).

ნაკლებად გავრცელებული, მაგრამ უფრო საშიში მიზეზებია გულისა და ნევროლოგიური დაავადებები.

 

როგორ ამოვიცნოთ სინკოპე

სიმპტომები მიზეზზეა დამოკიდებული, თუმცა ყველაზე ხშირად გამოხატულია თვალების დაბნელება, თავბრუ, სისუსტე, ოფლიანობა, მხედველობის დაბინდვა, მხედველობის არეში შავი წერტილების გაჩენა ან მხედველობის ველის დავიწროება (გვირაბისებური მხედველობა), თავის ტკივილი, ყურების შუილი, გულისრევა და ღებინება, სიფითრე, დაბუჟება ან მგრძნობელობის დაკარგვა თითის წვერებში და ტუჩების გარშემო, ციანოზური (მოლურჯო) კანი, სუნთქვის გაძნელება. არ არის გამორიცხული უნებლიე შარდვა ან დეფეკაცია.

 

გემუქრებათ თუ არა

საერთაშორისო სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო დახმარებაზე დაკვირვების (NHAMCS) მონაცემების მიხედვით, სინკოპე ყველა ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად მოზარდებთან აღირიცხება. არაკარდიული მიზეზებით გამოწვეული გონების დაკარგვა უმეტესად ახალგაზრდებისთვის არის დამახასიათებელი, ხოლო კარდიული სინკოპეს განვითარების რისკი ასაკის პირდაპირპროპორციულად იზრდება. პირველი სინკოპე საშუალოდ 15 წლის ასაკში ვითარდება. ქალებს ალბათობა მამაკაცებზე ორჯერ მეტი აქვთ. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა მესამედს ერთხელ მაინც ჰქონია სინკოპეს ეპიზოდი. ამას მოწმობს 2013 წელს გამოქვეყნებული შედეგები კვლევისა, რომელშიც პოლონეთის ხუთი სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე-მეექვსეკურსელები მონაწილეობდნენ. კვლევის მიზანი იმის გარკვევა იყო, რამდენად ახდენდა გავლენას მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა პროფესიულ არჩევანზე სწავლის პროცესში განვითარებული სინკოპეს ეპიზოდები. დაკვირვებამ ცხადყო, რომ ქირურგიულ ოპერაციებსა და ინტერვენციულ პროცედურებზე დასწრება სტუდენტთა ნაწილთან, უმეტესად გოგონებთან, იწვევს გონების კარგვას (სინკოპე) ან შეგრძნებას, რომ გონებას კარგავს (პრესინკოპე). შესაბამისად, ეს მართლაც ახდენს გავლენას სტუდენტთა უმეტესობაზე პროფესიის არჩევისას.

 

გონი რომ არ დავკარგოთ

თუ ხშირად კარგავთ გონებას და იცით, რომ ამას კონკრეტული მიზეზი აქვს, ეცადეთ, თავი არიდოთ მაპროვოცირებელ ფაქტორებს. მაგალითად, თუ გული შიმშილის დროს მიგდით, რეგულარულად მიირთვით საკვები. თუ დაღლილობა მოქმედებს – ნუ გადაიღლებით, თუ მაღალი ტემპერატურა – ნუ გაჩერდებით სიცხეში, თუ ალკოჰოლური თრობა – ნუ დალევთ სპირტიან სასმელებს. მღელვარებისა და შიშის დროს აკონტროლეთ სუნთქვა, ნუ ისუნთქებთ მეტისმეტად სწრაფად, რადგან ჰიპერვენტილაციის ფონზე შესაძლოა სინკოპე განვითარდეს. თუ დილით, ადგომისას კარგავთ გონებას, ერთბაშად ნუ წამოდგებით, ადექით ნელ-ნელა. ყოველი შემთხვევისთვის საწოლის გარშემო რბილი ხალიჩა დააგეთ და მოაშორეთ ახლომახლო ისეთი საგნები, რომლებზე დაცემის შემთხვევაშიც შესაძლოა მძიმედ დაშავდეთ. თუ გრძნობთ, რომ სადაცაა, გონებას დაკარგავთ, სწრაფად დაწექით ან დაჯექით და თავი მუხლებს შორის ჩაკიდეთ – ეს ტვინის სისხლმომარაგებას გააუმჯობესებს. არ ადგეთ, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ, მერე კი ძალიან ნელა წამოდექით.

 

როდის მივმართოთ სპეციალისტს

სინკოპე იშვიათად წარმოადგენს სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობას, ასე რომ, თუ ჯანმრთელობას არ უჩივით და მხოლოდ ერთხელ დაკარგეთ გონება, ექიმთან მისვლა აუცილებელი არ არის, მაგრამ თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაქვთ, განსაკუთრებით – გულის დაავადება, მაღალი წნევა ან დიაბეტი, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. ექიმთან ვიზიტი აუცილებელია მაშინაც, თუ გონების კარგვას თან ახლავს არარიტმული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, მხედველობის დაბინდვა, სწრაფი დასაწყისი გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე, მეტყველების გაძნელება. ყურადღებაა საჭირო, თუ სინკოპე განუვითარდა ორსულს, გაგრძელდა რამდენიმე წუთზე მეტხანს და თვის განმავლობაში დაფიქსირდა ერთზე მეტი ეპიზოდი.

 

ვიცოდეთ, როგორ დავეხმაროთ

სინკოპე საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა. მისგან არავინ არის დაზღვეული, ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, როგორ გაუწიოს გულწასულს პირველი დახმარება.

უპირველეს ყოვლისა, მოათავსეთ უსაფრთხო მდგომარეობაში. დააწვინეთ ზურგზე, აუწიეთ ფეხები მკერდის სიმაღლეზე, რათა ტვინის სისხლმომარაგება აღდგეს. შეუხსენით მოჭერილი ტანისამოსი. შემდეგ ეცადეთ, გონზე მოიყვანოთ: ღონივრად შეანჯღრიეთ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხერხემლის დაზიანებას ეჭვობთ), ხმამაღლა ელაპარაკეთ. თუ არ გპასუხობთ, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. თუ გულწასული არ სუნთქავს და პულსი არ ესინჯება, შეუმოწმეთ სასუნთქი გზების გამავლობა და დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია.

 

რამ შეიძლება შეუწყოს ხელი

არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს სინკოპეს განვითარებას:

* ასაკი – ასაკთან ერთად რისკიც იმატებს;

* სქესი – ქალები მეტად არიან მიდრეკილნი სინკოპესკენ;

* მცირე სხეულის მასის ინდექსი ანუ ზედმეტი სიგამხდრე;

* სიცხეში, მზის გულზე დიდხანს დგომა ან სიარული;

* სიცივე;

* სრულფასოვანი ძილის ნაკლებობა. გაითვალისწინეთ: ძილის ნორმა ინდივიდუალურია, თუმცა ასაკზეც არის დამოკიდებული. ზრდასრულ ადამიანს 6-8 საათი მაინც უნდა ეძინოს, ხოლო ბავშვებსა და მოზარდებს სრულფასოვანი ძილისთვის – 10 საათი მაინც სჭირდებათ. თუ ეს რეჟიმი მკვეთრად დაირღვა, ფიზიკურ და ფსიქიკურ დარღვევებთან ერთად შესაძლოა სინკოპეც განვითარდეს.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: