უსიამოვნო წანაზარდები

გააზიარე:

კვლევების თანახმად, ადამიანთა მესამედს ერთხელ მაინც ჰქონია მეჭეჭი, უმთავრესად – ბავშვობის ან მოზარდ ასაკში. ძველად მიაჩნდათ (და ზოგს დღესაც ასე ჰგონია), რომ მეჭეჭს ბაყაყის შეხება აჩენდა, მის მოსაცილებლად კი უცნაურ ხერხებს მიმართავდნენ, რომლებსაც მაგიის ელფერი დაჰკრავდა. მაგალითად, ლობიოს მარცვლის ან კარტოფილის ნაჭრის მიწაში ჩაფვლას, ზოგი ვერსიით – შუაღამისას, გზაჯვარედინზე.

დღეს უკვე ვიცით, რომ მეჭეჭი ვირუსული წარმოშობისაა და შეხებით ვრცელდება, ამიტომ მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პრინციპს: “სანამ არ დაივიწყებ, არ გაქრება”, – უფრო მოეძებნება ლოგიკური ახსნა: თუ მეჭეჭს არ შეეხე, სხვა ადგილებზე მისი მოთესვის შანსიც ნაკლები იქნება.

მეჭეჭები ლორწოვან გარსებზეც ჩნდება. განსაკუთრებით საყურადღებოა გენიტალური (სასქესო) მეჭეჭი. მის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.

მაგრამ ჯობს, სპეციალისტს მოვუსმინოთ. რუბრიკის სტუმარია “ავერსის კლინიკის” ექიმი დერმატოლოგი ნინო ლომსაძე.

 

– მეჭეჭი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, კანის ზედა შრის პროლიფერატი (ინტენსიურად გამრავლებული უჯრედები), რომელსაც ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) იწვევს. ეს არის ორსპირალიანი დნმ-ს მქონე რთული აღნაგობის ვირუსი, რომელიც უმთავრესად კანსა და ლორწოვანს აზიანებს. მეჭეჭი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება გაჩნდეს, თუმცა ყველაზე ადვილად კიდურებზე ჩნდება მცირე ჭრილობებისა და ნაკაწრების არსებობისას. ცნობილია ადამიანის პაპილომავირუსის 150-მდე ტიპი. დნმ-ს ჰიბრიდიზაციის გამო განსხვავებული ქვეტიპები ხშირად წარმოიქმნება. სხვადასხვა ტიპის პაპილომავირუსი სხვადასხვა სახისა და ლოკალიზაციის მეჭეჭებს იწვევს. მაგალითად, მარტივი მეჭეჭები მე-2, მე-4 და მე-7 ტიპის პაპილომავირუსითაა გამოწვეული; პლანტარული კი 1-ელ, მე-4 და მე-6 ტიპებთან ასოცირდება. გენიტალურ მეჭეჭებს ვირუსის ყველაზე მეტი ტიპი იწვევს: 1-ელი, მე-2, მე-6, მე-10, მე-11, მე-16, მე-18, 31-ე. მათ შორის ყველაზე ონკოგენური ქვეტიპებია მე-16, მე-18 და 31-ე, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ მათ ვაქცევთ.

 

როგორ გამოიყურება

– მეჭეჭი კანიდან ამოწეული წარმონაქმნია, 0.1 მმ-დან რამდენიმე სანტიმეტრამდე დიამეტრისა. ხშირად დაფარულია მკვრივი ქერქით. ქერცლისგან, მკვრივი პაპულისგან (კვანძისგან), კოჟიჟისგან განსხვავებით, ვირუსული მეჭეჭის ზედაპირი დახორკლილი ან ხავერდოვანია. კანის ბუნებრივი სურათი წაშლილია. დიდი ზომის მეჭეჭი ხშირად შავი წერტილებითაა დაფარული – ესენი დათრომბილი, დაზიანებული კაპილარებია. მეჭეჭს შეიძლება ჰქონდეს მკვრივი, მსხვილი ფესვი, რომლითაც ღრმადაა ჩამაგრებული კანში. ფესვი შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, მაგრამ დერმატოსკოპის დახმარებით ადვილი დასანახია.

მეჭეჭებს ფერიც სხვადასხვა აქვს – ბაცი ნაცრისფერიდან მუქ ყავისფრამდე. გვხვდება მოშავო წარმონაქმნებიც.

 

ნარი-ნაირი

  • – როგორი მეჭეჭები არსებობს?

– ყველაზე მეტად ვულგარული ანუ ჩვეულებრივი მეჭეჭია გავრცელებული, განსაკუთრებით – ბავშვებთან. ის, წესისამებრ, ჩნდება თითებზე, იდაყვებსა და მუხლებზე. შესაძლოა, გაიზარდოს ფრჩხილის გარშემოც. ხშირად აქვს არაერთგვაროვანი, ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი ზედაპირი, მონაცრისფრო-მოყავისფროა და შავი წერტილები ეტყობა.

ბრტყელი მეჭეჭები გლუვი და ბრტყელი ქინძისთავისოდენა კვანძებია – მოვარდისფრო, ბაცი ყავისფერი ან მოყვითალო. უმეტესად ბავშვებს ამოსდით სახეზე, თუმცა შესაძლოა, გაჩნდეს აგრეთვე მკლავებზე, მტევნებზე, მუხლებზე. ზოგჯერ დაჯგუფებულადაც ვლინდება.

პლანტარული მარტივი მეჭეჭები მხოლოდ ხელისგულებსა და ფეხისგულებზე ჩნდება. ფეხებზე ისინი ძალიან შემაწუხებელია – ისეთ შეგრძნებას იწვევს. თითქოს გამუდმებით კენჭს აბიჯებ.

ძაფისებრი მეჭეჭები, რომლებსაც თითის ფორმა აქვს, უმეტესად კანისფერია. ამოდის სახეზე – შუბლზე, ლოყებზე – და ძალიან სწრაფად ვრცელდება. წყლის პროცედურების ან პარსვის შედეგად შესაძლოა ერთბაშად მოედოს მთელ სახეს.

პიგმენტური პაპილომები და მახვილწვერა კონდილომები უმეტესად კისერსა და მკერდზე ჩნდება. არის კანისფერი ან მოყავისფრო, აქვს ფეხიანი, დიდი ძირი. აქტიურდება სუსტი იმუნიტეტისა და ჰორმონული ცვლილებების ფონზე, ამიტომ ძალიან სწრაფად მრავლდება მენოპაუზის, ორსულობის, იმუნოსუპრესიული მკურნალობის დროს.

გენიტალურს ვუწოდებთ მეჭეჭებს, რომლებიც სასქესო ორგანოების მიდამოში ვრცელდება. შესაძლოა იყოს ყავისფერი, კანისფერი, მრგვალი, წვეტიანი, ფეხზე მჯდარი ან კანზე გართხმული.

ანალური (უკანა ტანის არეში არსებული) კონდილომა შესაძლოა სწორ ნაწლავში იყოს ჩაზრდილი და ქირურგიული ჩარევა მოითხოვოს.

ანოგენიტალური კონდილომები აგრესიულობით გამოირჩევა. შემთხვევათა 75%-ში საშვილოსნოს ყელის კიბო სწორედ ამ ვირუსთან არის ასოცირებული.

 

როგორ გადაეცემა

– პაპილომავირუსი კანთან კონტაქტით გადედება, უფრო ადვილად – კანის ნაპობი დაზიანების: ნაკაწრის, ჭრილობის, სისხლჩაქცევის, – შემთხვევაში. ამავე მექანიზმით შესაძლებელია ვირუსის საკუთარ სხეულზე მოითესვაც. ამიტომ მეჭეჭების გაჩენის მეტი ალბათობა აქვთ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებსც თითების კვნეტა სჩვევიათ.

რისკი მაღალი აქვთ იმუნიტეტდაქვეითებულ ადამიანებსაც: აივინფიცირებულებს, ჩ ჰეპატიტით დაავადებულებს, ამა თუ იმ სისტემური დაავადების მქონეებს, ადამიანებს, რომლებიც იმუნოსუპრესიულ თერაპიას იტარებენ. ასეთ პაციენტებთან მეჭეჭებს გენერალიზება და შეუპოვარი მიმდინარეობა ახასიათებს, ისევე როგორც მათთან, ვინც დიდი ხანია იყენებს კონტრაცეპტივებსა და კორტიკოსტროიდულ პრეპარატებს.

პაპილომავირუსის გადადება შესაძლებელია სხვისი პირადი ჰიგიენის ნივთების: პირსახოცის, მაკრატლის, საპარსის მეშვეობით, აგრეთვე – ინსტრუმენტების არასათანადოდ დეზინფიცირებული თავაკებით ესთეტიკური მანიპულაციის დროს.

გენიტალური პაპილომავირუსი გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით, მათ შორის – ორალური, ანალური სექსით.

მეჭეჭები განსაკუთრებით ხშირად ჩნდება 12-დან 16 წლამდე. საინკუბაციო პერიოდი – დრო ვირუსის შეჭრიდან გამოვლენამდე – 1-6 თვეა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ადამიანს მეჭეჭი არ ჰქონდეს, მაგრამ ვირუსის მატარებელი იყოს.

 

დიაგნოსტიკა

  • – როგორ ადგენთ, რომ მეჭეჭთან გაქვთ საქმე და არა სხვა წარმონაქმნთან?

– მეჭეჭებს უმეტესად დერმატოსკოპის საშუალებით ვიკვლევთ, მაგრამ თუ იცვლის ფორმას ან ფერს, მტკივნეულია, სწრაფად იზრდება – შესაძლოა, ბიოფსია და მორფოლოგიური გამოკვლევაც დაგვჭირდეს.

მეჭეჭის ტიპის დადგენა აუცილებელია ონკოგენური წარმონაქმნების გამოსარიცხად, ამიტომ გენიტალურ მეჭეჭებს, მახვილწვერა კონდილომებს მორფოლოგიურადაც ვიკვლევთ და ვატარებთ ტიპირებასაც. პერიოდულად ყველა ქალმა უნდა ჩაიტაროს პაპ ტესტი და დარწმუნდეს, რომ პაპილომავირუსის მატარებელი არ არის.

 

მკურნალობა

  • – საჭიროა თუ არა მეჭეჭის მოცილება?

– ბავშვებს უმეტესად ვულგარული მეჭეჭები უჩნდებათ და მკურნალობა, წესისამებრ, არ სჭირდებათ – დროთა განმავლობაში წარმონაქმნები თავისთავად ქრება. უბრალოდ, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ სხეულის სხვა უბნებზე არ გავრცელდეს. არსებობს კვლევები, რომლებიც მოწმობს, რომ ბავშვების ნახევარს მეჭეჭები ერთ წელიწადში უქრება, ხოლო ორი წლის შემდეგ ისინი მხოლოდ 30%-ს რჩება. მკურნალობას მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, თუ ორ წელიწადში მეჭეჭი კი არ გაქრა, არამედ გაიზარდა ან გავრცელდა, თუმცა იმთავითვე რადიკალური ზომების მიღება არც ამ შემთხვევაშია საჭირო. თვითმოქმედებას, შინაურ წამლებს და მეთოდებს ერიდეთ – შესაძლოა, დაუდევრობით მეჭეჭის მოთესვას ან ზრდას  შეუწყოთ ხელი.

მოზრდილებს მეჭეჭები თავისთავად არ უქრებათ. არსებობს მკურნალობის რამდენიმე მეთოდი:

•              მეჭეჭის მოცილება სპეციალური ნივთიერების – პოდოფილოტოქსინის – პრეპარატით. გამოიყენება ნებისმიერი ტიპის მეჭეჭების სამკურნალოდ, თუმცა უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა, თანაც რამდენიმეჯერ უნდა გამეორდეს.

•              კრიოთერაპია – თხიერი აზოტით მოყინვა. ეს მეთოდიც ნებისმიერი ტიპის ვირუსის შემთხვევაშია გამოსადეგი, მაგრამ ზოგჯერ ლაქებს ტოვებს. ეს პროცედურაც მტკივნეულია და რამდენჯერმე გამეორება სჭირდება.

•              მეჭეჭის მოცილება 40%-იანი სალიცილის მალამოთი, მაგრამ შედეგისთვის რამდენიმე თვეა საჭირო. მალამოს წასმა სხვადასხვა სქემით ხდება.

•              მეჭეჭის მოცილება იმიკვომიდის შემცველი მალამოთი. ასეთი მალამოები უშუალოდ ვირუსზე მოქმედებს და ძალიან კარგი იმუნოსუპრესიული უნარი აქვს. მისი ნაკლი სიძვირეა, რადგან ხშირად და ხანგრძლივად გამოყენებას მოითხოვს, თუმცა ძალიან კარგი შედეგი აქვს.

•              კვლავ ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა ელექტროკოაგულაცია – მეჭეჭის მოწვა ელექტროდენის დახმარებით. “ავერსის კლინიკაში” გვაქვს აპარატი, რომელიც განსაზღვრავს დაზიანებული ქსოვილების შეღწევადობას და ახალწარმონაქმნს, მათ შორის – მეჭეჭსაც, ბოლომდე იღებს.

•              ბოლო დროს გამოიყენება კომბინირებული თერაპია: განსაზღვრული ხნის განმავლობაში სალიცილის მალამოს ხმარება, შემდეგ – ელექტროკოაგულაცია, ბოლოს – იმიკვომიდის მალამოს ზომიერი ხმარება.

ცალკე თემაა გენიტალური კონდილომები. ისინი გაჩენისთანავე უნდა მოვაცილოთ, რადგან ძალიან სწრაფი ზრდა-განვითარება ახასიათებთ. ეს მეჭეჭები გადადის ლორწოვანზე, ადვილად ვრცელდება გენიტალიებისა და ანუსის მიდამოში და მაღალი კონტაგიოზურობითაც გამოირჩევა.

  • _ შესაძლებელია თუ არა მეჭეჭების ხელახლა გაჩენა?

_ შესაძლებელია, მაგრამ თუ ვირუსმა მრავალჯერ განიცადა რეციდივი, ეს სერიოზულ იმუნოსუპრესიაზე მიგვითითებს. მდგომარეობა საყურადღებოა. შესაძლოა, მისი მიზეზი გამოუვლენელი ონკოლოგიური ან სისტემური დაავადება იყოს.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან

  • – როგორ დავიცვათ თავი მეჭეჭებისგან?

– ამისთვის ელემენტარული ჰიგიენის დაცვაა საჭირო: არ გაიმშრალოთ სხვისი პირსახოცით, არ ჩაიცვათ სხვისი ფეხსაცმელი, არ შეეხოთ საკუთარ თუ სხვის მეჭეჭს.

თუ ბავშვს სახეზე ძაფისებური მეჭეჭი გაუჩნდა, დროულად მიმართეთ დერმატოლოგს, რადგან რაც უფრო პატარაა წარმონაქმნი, მით უფრო სწრაფი და ეფექტური იქნება ელექტროკოაგულაციური პროცედურა და არც ნაკვალევი დარჩება.

გენიტალური მეჭეჭის აღმოჩენისას ადამიანმა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს პარტნიორი. ზნეობრივ მოვალეობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ასეთი დაავადების დამალვა კანონითაც ისჯება. ეს განსაკუთრებით ეხება ქალებს, რომლებსაც გენიტალური პაპილომავირუსული ინფექციის ლატენტური ფორმა აქვთ. დაავადებულმა უნდა გამოიყენოს კონდომი, რომელიც საკმაოდ ეფექტურად იცავს.

რამდენიმე წელია, საქართველოშიც უტარდებათ გოგონებს პაპილომავირუსის ყველაზე ონკოგენური ტიპების საწინააღმდეგო აცრა პრეპარატ გარდასილით. თავდაპირველად 12 წლიდან ცრიდნენ, დღეს ვაქცინაცია უკვე 9 წლიდან ტარდება. ამჟამად სახელმწიფო პროგრამით მიმდინარეობს 2008 წელს დაბადებულ გოგონათა აცრა.

მარი აშუღაშვილი

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: