ჯანსაღი აღზრდის ანაბანა

გააზიარე:

ჩვილ ასაკში ძალზე აქტუალურია კვებისა თუ ძილის სწორი რეჟიმი, ბავშვის მოვლა. ბავშვები იზრდებიან, მაგრამ დღის რეჟიმი კვლავ მნიშვნელოვან საკითხად რჩება. გვაინტერესებს, სწორად ვკვებავთ თუ არა ბავშვს, როგორი ძილი ითვლება ნორმალურად, სპორტის რომელი სახეობა ჯობს – ყველას გვსურს, ჯანსაღი და განვითარებული შვილი გვყავდეს. ამ საკითხების შესახებ აზრის გაზიარება ვთხოვეთ გამოცდილ პედიატრს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრულ პროფესორს ყარამან ფაღავას:
– ბავშვთა და მოზარდთა თვითრეალიზაციისთვის საჭიროა მათი დაცვა ემოციური, ფიზიკური, სექსუალური ძალადობისგან, გარემოს მავნე ფაქტორებისგან, უგულებელყოფა-უყურადღებობისგან, განვითარების ხელშეწყობა და, ცხადია, დაავადებების თავიდან აცილება, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში – სრულყოფილი მკურნალობა.
საჟურნალო ინტერვიუს ფორმატში ყოველივე ამას ვრცლად ვერ განვიხილავთ, მაგრამ ზოგიერთი რამის ხაზგასმა აუცილებლად მიმაჩნია. უპირველესად, ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომლის საფუძველია სწორი კვება. ჩვილ ასაკში ეს დედის რძით კვებას გულისხმობს. თუ დედა ძუძუს ვერ აწოვებს შვილს, მას დედის რძესთან ზედმიწევნით მიახლოებული ნარევი უნდა შევურჩიოთ. ერთი ნიუანსი აქაც არის: თუ ძუძუ შეიძლება თავისუფალი წესით, ესე იგი მოთხოვნისამებრ ვაძლიოთ ბავშვს, ხელოვნური კვების დროს განრიგის დაცვაა სასურველი.


უფროს თაობას ეხსომება რუსი მწერალი ვიქტორ ასტაფიევი, საოცრად შხამიანი მოთხრობა “ციმორის ჭერა საქართველოში” რომ დაწერა ჩვენზე ოცდაათიოდე წლის წინ. გავიდა დრო და ზოგიერთ რამეში, დიდი გულისტკივილით, უნდა დავეთანხმოთ. ერთი პასაჟია აღსანიშნავი, ბავშვების სიმსუქნეს რომ ეხება: მოსკოვის სასტუმროებში გაზულუქებული გოგიები დაჰყავთო. ხომ ყველამ იცის, რომ ზედმეტი წონა მავნეა, ათეროსკლეროზის, დიაბეტის განვითარებას უწყობს ხელს, იერს აფუჭებს, სტრესს იწვევს, _ მაინც ვცდილობთ, ბავშვები მაძღრისად ვკვებოთ, თანაც არა სასარგებლო საკვებით – ხორცით, თევზეულით, რძის ნაწარმით, ფაფებით, ხილით, ბოსტნეულით, არამედ მსუყე და ტკბილი ნუგბარით. მშობლები თავს იმართლებენ – უყვარს ტკბილეული და რა ვქნათო, არადა, თვითონვე აჩვევენ და მერე აღარ იციან, რა მოუხერხონ ამ მავნე ჩვევას.

  • – კვების როგორი რეჟიმი ითვლება ბავშვისთვის ნორმალურად?

– ოპტიმალურია ხუთჯერადი კვება: სამი ძირითადი იჯრა და ორი წახემსება _ ვაშლი, ორცხობილა, ხაჭაპურის ნაჭერი, ჩირი. სასურველია, ბავშვმა დღეში ერთხელ მაინც მიირთვას წვნიანი, მაგრამ არა ხორცისა, არამედ ბოსტნეულისა. ვინაიდან მოზრდილმა მამაკაცმა დღეში, სულ ცოტა, ორი ლიტრი სითხე უნდა მიიღოს, ხოლო ქალმა – ლიტრ-ნახევარი მაინც, ბავშვი იმთავითვე უნდა მივაჩვიოთ სითხეს – ის შხამებისგან წმენდს ორგანიზმს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. თუმცა არ ვარგა კერძისთვის ბევრი წყლის ერთბაშად დაყოლება – ეს კუჭის წვენის ფერმენტების განზავებას გამოიწვევს. უმჯობესია, სითხის მიღება მთელ დღეზე თანაბრად განაწილდეს.

  • – რას ურჩევთ ალერგიული ბავშვების მშობლებს?

– არსებობს ეგრეთ წოდებული ობლიგატური ალერგენები. ეს ის ალერგენებია, რომელთა მიმართ რეაქცია ალერგიული ადამიანების უმრავლესობას აღენიშნება. საქართველოს მოსახლეობისთვის ასეთია ნიგოზი, თაფლი, კვერცხი, რძე, თევზი, ციტრუსები, მარწყვი, შოკოლადი, ხშირად – კანფეტიც, მანანის ფაფა, სოია, შაშხი, იშვიათად – ფერადი ბოსტნეული. იმის დასადგენად, რაზე აქვს ბავშვს ალერგია, კარგი მეთოდია დღიურის წარმოება, რომელშიც ყოველდღიურად უნდა აღირიცხოს, რა საკვები მიიღო ბავშვმა და როდის გამოეხატა კანისმხრივი რეაქცია – გამონაყარი, შეშუპება, ქავილი. ასეთი დღიური კვირებისა და თვეების განმავლობაში უნდა ვაწარმოოთ. მისი წყალობით მალე აღმოვაჩენთ, რომელი საკვების მიმართ არის ბავშვი ალერგიული. ისიც აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ საკვების მიმართ ორგანიზმის რეაქცია დროთა განმავლობაში იცვლება, ამიტომ ალერგიულ ბავშვს გამუდმებით უნდა დავაკვირდეთ – შესაძლოა, ზოგიერთ საკვებზე, რომელსაც შარშან ვერ იტანდა, წელს აღარ აღმოაჩნდეს ალერგია, ანდა, პირიქით, რაზეც არ ჰქონდა, იმაზე დაეწყოს.

  • – რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის სპორტს?

– ფიზიკური აქტივობა ბავშვის აღზრდის აუცილებელი კომპონენტია. სპორტი ავარჯიშებს სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს, აძლიერებს კუნთებს, აუმჯობესებს ტანადობას. გოგონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შორისისა და მუცლის გვერდითი კუნთების გავარჯიშება, რაც სამომავლოდ, ორსულობისას და მშობიარობისას წაადგებათ. ძალიან კარგია ცეკვა. ჩემს პაციენტებს ვეუბნები: ძველად ამბობდნენ – “vivere non est necesse,navigare necesse est” (“სიცოცხლე არ არის აუცილებელი, ნაოსნობა კი აუცილებელია”), გოგონებმა კი იცოდეთ – ცეკვა სწავლაზე მნიშვნელოვანია-მეთქი. უნდა ნახოთ, როგორ გაუბრწყინდებათ ხოლმე თვალები ამის გამგონე პატარა ქალბატონებს... რასაკვირველია, ვხუმრობ, მაგრამ, მოგეხსენებათ, ხუმრობაში ყოველთვის არის სიმართლის მარცვალი. მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოში არსებობდა ჩეხების მიერ დაფუძნებული “შევარდენის საზოგადოება”. ჭაბუკები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და თავს იწონებდნენ, ვინ რამდენჯერ აიწეოდა ღერძსა თუ რგოლებზე. ფიზიკური ვარჯიშის ყოველდღიური მოთხოვნილების ტრადიცია აუცილებლად უნდა აღდგეს.


ორივე სქესის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ხერხემლის კუნთების გავარჯიშება, რადგან ვერტიკალურად დგომის გამო ხერხემალს დიდი დატვირთვა ადგება. ახალგაზრდობაში ამას ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ასაკთან ერთად პრობლემები იჩენს თავს. ამისთვის ძალიან კარგია ცურვა.საქართველოში საკმაოდ პოპულარულია რაგბი. მოზარდებს ხშირად ვთავაზობ, სპორტის ამ ვაჟკაცურ სახეობას ეზიარონ. სპორტი ორგვარია _ ინდივიდუალური და კოლექტიური. ინდივიდუალური სპორტის წარმატებები თუ მხოლოდ ბავშვზეა დამოკიდებული, კოლექტიური სპორტის ხიბლი სოციალური კონტაქტების დამყარება და გუნდური მოქმედების უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მხოლოდ თამაშში კი არა, ცხოვრებაშიც გამოსადეგია.
სპორტი დეპრესიული თუ აგრესიული ქცევის საუკეთესო წამალია; იგი ხელს უწყობს ენერგიის ხარჯვას, როდესაც მოზარდს სქესობრივი ლტოლვა უმძაფრდება.
სპორტი აქტიური ჯობია, თუმცა პასიურსაც აქვს დადებითი მხარე – ჭარბი ემოციისგან დაცლა, გამარჯვების შემთხვევაში კი სიამოვნების განცდა, რაც ადამიანისთვის აუცილებელია. წარმატების დროს ორგანიზმში იმატებს ენდორფინებისა და ენკეფალინების – სიამოვნებაზე პასუხისმგებელი ნივთიერებების – დონე.

  • – რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის ძილზე?

– უპირველესად, ეცადეთ, საწოლ ოთახში სიგრილე იყოს. ძილი ჩაბნელებულ ოთახში ჯობია; თუ ბავშვს ეშინია სიბნელის, შეიძლება, სადმე მბჟუტავი სინათლე დავტოვოთ. საწოლი მაგარი უნდა იყოს. ძილის ხანგრძლივობა კი ინდივიდუალურია. მაგალითად, ერთ წლამდე ასაკის ბავშვისთვის 12 საათიც ნორმაა და 20 საათიც. თუ ბავშვი დილით დასვენებული დგება, ესე იგი ძილი ჰყოფნის.
ბავშვმა, ისევე როგორც უფროსმა, არ უნდა დაიძინოს დაღლილმა. ყველაზე მეტად კი ტელევიზორი და მისი ხმაური ღლის. სასურველია ძილის წინ გასეირნება, თუ საამისოდ სცალიათ მშობლებს, განსაკუთრებით – მამას. ათ-თხუთმეტწუთიანი სეირნობა და საუბარი ორმაგად სასარგებლოა: ერთი მხრივ, ჯანსაღი ძილის წინა პირობაა, მეორე მხრივ კი ამით საძირკველი ეყრება მშობელთან შვილის მეგობრობას.

  • – რა ვიღონოთ, როცა ბავშვი ხშირად ავადმყოფობს?

– არსებობს ასეთი დიაგნოზი: ხშირად მოავადე ბავშვი. ამ დიაგნოზს მაშინ ვსვამთ, როდესაც სკოლამდელი ასაკის ბავშვი წელიწადში 6-7-ჯერ და მეტად ხდება ავად. წესისამებრ, ამას საფუძვლად იმუნიტეტის დაქვეითება უდევს. ახლახან ამ დიაგნოზით თერთმეტი წლის ვაჟი მომიყვანეს. ვკითხე, ხელ-პირს ცივი წყლით აბანინებდნენ თუ თბილით. დედამ მიპასუხა: თბილით ვაბანინებთ, პატარაა და გვეცოდებაო. ჰოდა, რაღა გასაკვირია, ქალბატონო, გამუდმებით ავადმყოფობდეს-მეთქი. თუ გინდათ, ბავშვი კაჟივით იყოს, ხელ-პირი ცივი წყლით უნდა იბანოს, ფეხებზე დილა-საღამოს ცივი წყალი გადაივლოს, სველი პირსახოცით ტანი დაიზილოს, ცივი შხაპი მიიღოს... მეც კი, ამ ხნის კაცი, ყოველდღე ვიღებ ცივ შხაპს.


ყველაზე ხშირად ბავშვებს სასუნთქი სისტემის დაავადებები ემართებათ. გაციებას კი, როგორც აღვნიშნე, გაცივებით ანუ გაკაჟებით უნდა ვუპასუხოთ. ალერგიულ ობსტრუქციულ ბრონქიტს, რომელიც ბრონქული ასთმის წინამორბედია, ალერგენებთან კონტაქტის შეზღუდვა თუ უშველის. თუმცა მიიჩნევა, რომ ზედმეტი სტერილურობა ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების გახშირებას და, შესაბამისად, ბრონქული ასთმის განვითარებასაც. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიბინძურეში ვიცხოვროთ, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ვარგა. სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები. ბანალური ფაღარათი თავიდან ადვილი ასაცილებელია – მხოლოდ ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვაა საჭირო, კერძოდ, ჭამის წინ ხელების ბანა. გახანგრძლივებული და ხშირი ფაღარათი კი უფრო ნატიფ გამოკვლევებს მოითხოვს – ნაწლავებში შეწოვა არ იყოს დარღვეული. ცელიაკია, რომლის გავრცელებაც ევროპაში და, სავარაუდოდ, ჩვენთანაც დაახლოებით 0.5-2%-ია, ხშირად სხვადასხვა ნაირად ინიღბება. გახშირდა ჰელიკობაქტერ პილორით ინფიცირებაც. ცნობილია, რომ ეს ბაქტერია კუჭის წყლულს, გასტრიტს და კუჭის სიმსივნესაც იწვევს. სასურველი შედეგის მისაღებად ზოგჯერ მკურნალობის რამდენიმე კურსია საჭირო. დასავლეთში იმატებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დაავადებების სიხშირე. ჩვენთანაც იგივე ტენდენცია იჩენს თავს.


არსებობს დაავადებათა მთელი კლასი, – შვიდი ათასამდე პათოლოგია, _ რომლებსაც იშვიათ დაავადებებს უწოდებენ (იშვიათად ითვლება დაავადება, რომლის სიხშირე ორი ათასიდან ერთს არ აღემატება). გამოთვლილია, რომ მოსახლეობის დაახლოებით ათ პროცენტს (!!!) ესა თუ ის იშვიათი დაავადება აქვს. მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძნელია. შეუძლებელია, ექიმი ყველა მათგანს კარგად იცნობდეს, ამიტომაც ვურჩევ კოლეგებსაც და მშობლებსაც, რომ თუ დაავადება ატიპურად მიმდიანრეობს, იფიქრონ იშვიათ პათოლოგიებზე. მკურნალობის მრავალი საშუალება არსებობს, მაგრამ მთავარი მაინც წამალია. აქაც ოქროს შუაგულს უნდა მივაგნოთ – არც გადავაჭარბოთ და არც დავაკლოთ, რომ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებასაც მივაღწიოთ და გართულებებიც ავიცილოთ თავიდან.
– კიდევ რას ურჩევდით მშ
ობლებს?
– ზემოთაც აღვნიშნე და ახლაც ხაზგასმით გავიმეორებ: არ შეიძლება ბავშვის შეურაცხყოფა, აუცილებელია, მოზარდს საკუთარი თავის პატივისცემა ჰქონდეს, ეს მისი პიროვნული ღირსების ქვაკუთხედია.
პიროვნების სრულყოფილი
 ჩამოყალიბებისთვის სულიერი განვითარებაცაა საჭირო, რადგან “არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი”. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმპრინტინგს – ქვეცნობიერ დონეზე ინფორმაციული კვალის დატოვებას – სიცოცხლის პირველ დღეებში, თვეებში, წლებში. ბავშვს გონებაში უნდა ჩავუბეჭდოთ იდეალები, ზნეობრივი მაქსიმები, ეროვნული ტრადიციები, გავუღვივოთ ესთეტიკური გემოვნება. მოასმენინეთ ქართული ჰანგები, მიეალერსეთ ქართული საალერსო სიტყვებით, დაატკბეთ ჩვენი ქვეყნის სილამაზით – ყოველივე ეს სამშობლოს სიყვარულის ბიოლოგიური საფუძველია. თუ მოახერხებთ, ზაფხულში გარემოც შეუცვალეთ, სოფლიდან ქალაქში ჩაიყვანეთ, ქალაქიდან _ პირიქით, სოფელში. გააცანით საქართველოს სხვადასხვა კუთხე. აგარაკი კარგია, სოფელი – კიდევ უკეთესი. სწორედ სოფელია ეროვნულობის ბურჯი. ბერძნულ მითოსის გმირი ანტეოსი გავიხსენოთ, ქალღმერთ გეას, დედამიწის, შვილი – სანამ მიწაზე ედგა ფეხი, მისი მომრევი არავინ იყო.
ის ეპიზოდიც გეხსომებათ შესანიშნავი ქართული ფილმიდან "ღვინის ქურდები”, გივი ბერიკაშვილის პერონაჟი ხელისგულზე წიწილას რომ დაისვამს და იტყვის, ამქვეყნად მთავარი ის არის, ამ წიწილისგან არწივი გავზარდოთო. მართლაც ასეა. საქართველოს მომავალს მისი მომავალი თაობის სიჯანსაღე და სრულყოფილი განვითარება განაპირობებს, რისთვისაც მშობლებმა და მათთან ერთად მთელმა საზოგადოებამ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ.

გააზიარე: