დავძლიოთ მავნე ჩვევები საწოვარა

გააზიარე:

 სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვს უწყვეტი მზრუნველობა სჭირდება. ეს სასიამოვნო საზრუნავი ახალგაზრდა დედას ისე ქანცავს, რომ ხუთწუთიანი შესვენებაც კი წარმოუდგენელ ფუფუნებად ეჩვენება. ასეთ დროს მატყუარა მაშველი რგოლის როლს ასრულებს, მაგრამ გადის დრო და დედას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, რომ პატარა საწოვარას გადააჩვიოს.
რა საჭიროა საწოვარა
ახალშობილს წოვის თანდაყოლილი რეფლექსი აქვს. სიცოცხლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში წოვის მოთხოვნილება განსაკუთრებით ძლიერია. წოვა ბავშვს ამშვიდებს და ჩაძინებაში ეხმარება.
ხელოვნურ კვებაზე მყოფი პატარებისთვის მატყუარა საწოვარა წოვის მოთხოვნილების დაკმაყოფილების ერთადერთი საშუალებაა და პირველ თვეებში მასზე უარის თქმამ შესაძლოა ბავშვის ფსიქიკას ტრავმაც კი მიაყენოს.
რით არის მავნე
საწოვარას მავნებლობის თაობაზე ფსიქოლოგებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ საწოვარა გარე სამყაროს სწყვეტს პატარას, ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ ამ მოსაზრებას საკმარისი საბუთი არ გააჩნია. იყოფა ლოგოპედთა აზრიც: ზოგი მიიჩნევს, რომ საწოვარას დიდხანს წოვა პირის აპარატის არასწორ ფორმირებას უწყობს ხელს, ზოგის აზრით კი წოვა პროცესი მეტყველებაში მონაწილე კუნთებს ასტიმულირებს.
საწოვარას მავნებლობის შესახებ ყველაზე უტყუარი და მტკიცებულებებით გამყარებული მოსაზრება აქვთ სტომატოლოგებს – ისინი ამტკიცებენ, რომ საწოვარა არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ყბები არათანაბრად ვითარდება, ზედა ტუჩი მოკლდება, ზედა კბილები წინ წამოიწევს, ხოლო ქვედა, პირიქით, შიგნითაა შევარდნილი.
როდის და როგორ
როდის და როგორ მივატოვებინოთ ბავშვს საწოვარა?
პედიატრებისა და ფსიქოლოგების აზრით, სხვადასხვა ასაკში საამისოდ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებაა მიზანშეწონილი, თუმცა საწოვარას ერთბაშად გადაგდება არც ერთ ასაკში არ ვარგა.
საუკეთესო შემთხვევაში, მატყუარას ბავშვი 7-8 თვის ასაკში უნდა გადავაჩვიოთ. ამ დროს ის ჯერ კიდევ არ არის მიჯაჭვული საწოვარას, წოვის მოთხოვნილება კი სიცოცხლის პირველ თვეებთან შედარებით შესუსტებული აქვს.
წელს მიახლოებული ასაკის ბავშვს საჭმელი და სასმელი მიეცით მხოლოდ კოვზით. თუ პატარა საწოვარას გარეშე ვერ იძინებს, დაე, წოვოს, მაგრამ როგორც კი შეატყობთ, რომ ჩაეძინა, დაუყოვნებლივ ააცალეთ. ასე ბავშვი ნელ-ნელა საწოვარას გარეშე დაძინებასაც მიეჩვევა. თუ ბავშვმა წელიწადს უკვე გადააბიჯა, სხვანაირი მიდგომაა საჭირო: როცა ის საწოვარას მოგთხოვთ, თქვენ რაიმე სათამაშო მიეცით, გადაატანინეთ ყურადღება თამაშით, მოფერებით, წაიყვანეთ სასეირნოდ. თუ საწოვარას გარეშე დაძინება უჭირს, ეცადეთ, სეირნობისას დააძინოთ – სუფთა ჰაერზე უსაწოვაროდაც ადვილად ჩაეძინება. თავდაპირველად შესაძლოა გაწვალდეთ – საწოვარა ხომ თქვენი შვილის ერთგული მეგობარია, მეგობარზე უარის თქმა კი არც ისე ადვილია, მაგრამ დროთა განმავლობაში ბავშვი აუცილებლად მიეჩვევა საწოვარას გარეშე ცხოვრებას. უფრო მოზრდილ ბავშვებთან საწოვარას გადაგდების უფრო მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება შეიძლება. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა მშობლებმა სეირნობის დროს პატარას სთხოვეს, პირველივე შემხვედრი ბავშვისთვის ეჩუქებინა თავისი საწოვარა. ბავშვი სიამოვნებით დათანხმდა და საწოვარა გააჩუქა. მოგვიანებით, ცხადია, მოისაკლისა თავისი ნივთი, მაგრამ მშობლებმა გაახსენეს: “შენ ხომ ბაიას აჩუქე”. ბავშვი შეეგუა მომხდარს და საწოვარა მალე სულ მთლად გადაავიწყდა. ისიც შეიძლება, ბავშვი სადმე ტყეში ან სკვერში წაიყვანოთ და საწოვარა მასთან ერთად “დათესოთ”, ხოლო როცა მოიკითხავს, უთხრათ: “მალე შენი საწოვარას ადგილას ხე ამოვა, გაიზრდება, ბევრ საწოვარას გამოისხამს და მერე წამოვიღებთ”.
იდეალური დამხმარე
თანამედროვე საფენები ძალზე მოხერხებულიცაა და სასარგებლოც. ის მარტო პატარებს კი არა, უპირველესად მათ დედებს უქმნის კომფორტს, რომლებსაც აღარ უწევთ ნახევარ საათში ერთხელ დოლბანდის საფენების ცვლა და მთელი დღის განმავლობაში მათი რეცხვა-უთოობა. პატარაც მშრალად არის, უკეთ სძინავს და ნაკლებად შფოთავს. თუმცა დგება დრო, როდესაც ამ კომფორტულ დამხმარეზე უარი უნდა ვთქვათ და პატარები ღამის ქოთანს მივაჩვიოთ.
რა ასაკში გამოვუცხადოთ ბრძოლა საფენებს? პედიატრებსა და ბავშვთა ფსიქოლოგებს ამის თაობაზე საერთო აზრი არ გააჩნიათ, უფრო სწორად, მიაჩნიათ, რომ საფენებისთვის თავის დანებების ასაკი ინდივიდუალურია, თუმცა თითქმის არავინ დავობს, რომ უსაფენოდ ცხოვრება პატარებს დაახლოებით წლინახევრიდან სამ წლამდე უნდა ვასწავლოთ.

ყურადღება, ყურადღება და კიდევ ერთხელ ყურადღება
როდესაც გადაწყვეტთ, რომ უკვე დროა, პატარა საფენებს გადააჩვიოთ, ფსიქოლოგიურად მოემზადეთ – ეს ადვილი არ იქნება. კიდევ დიდხანს მოგიწევთ პატარა გუბეების წმენდა თქვენი გაკრიალებული იატაკიდან, საცვლების ყოველდღიური რეცხვა და ბავშვის ისტერიკების მოთმენა ღამის ქოთანზე მისი დასმის მცდელობისას. სპეციალისტები გვირჩევენ, საფენების გადაჩვევისთვის ზრუნვა თბილ სეზონზე დაიწყოთ – არც ბავშვი გაგიცივდებათ და სარეცხიც ნაკლები დაგიგროვდებათ. 

თუ გსურთ, ბავშვი საფენებს იოლად გადააჩვიოთ, ყური მიუგდეთ მის ბიოლოგიურ საათს. თუ პატარა დილაობით მოსაქმებას არის მიჩვეული, შეეცადეთ, ღამის ქოთანზე სწორედ ამ დროს დასვათ; თუ შარდის ბუშტს დაახლოებით საათში ერთხელ ცლის, გადააყენეთ ან დასვით ქოთანზე საათში ერთხელ. არ გაგიკვირდეთ, თუ ბავშვი პირველ ხანებში სიამოვნებით ჯდებოდა ღამის ქოთანზე, რამდენიმე კვირის შემდეგ კი მასზე კატეგორიული უარი თქვა. ეს დროებითი მოვლენაა და თითქმის ყველა პატარას ახასიათებს. შესაძლოა, ჭირვეულობა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. არ ეჩხუბოთ ბავშვს, შესთავაზეთ ალტერნატიული საშუალება (გადაყენება, უნიტაზზე დაჯდომა), მაგრამ არამც და არამც არ დაუბრუნდეთ საფენებს. 
საფენებთან ბრძოლის წესები
. ნუ გაუბრაზდებით ბავშვს, თუ ღამის ქოთანზე არ დაჯდა და ჩაისველა.
. შეაქეთ პატარა ყოველგვარი ძალისხმევისთვის, მაშინაც კი, თუ მან ღამის ქოთანთან მხოლოდ მისვლა მოახერხა, მასზე დაჯდომა კი ვერ შეძლო.
. ესაუბრეთ ბავშვს. ხშირად გაუმეორეთ, რომ ის უკვე დიდია და საფენებით სიარული არ შეჰფერის.
. სასეირნოდ ან სტუმრად წასვლისას ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს, აუცილებლად ჩააცვით პატარას პამპერსი –  ბავშვი, რომელიც ხვდება, რომ ჩასველება უკადრისი საქციელია, მაგრამ ბუნებრივ მოთხოვნილებას ჯერ ვერ იმორჩილებს, აუცილებლად ინერვიულებს ამის გამო, მით უმეტეს – ქუჩაში ან უცხო საზოგადოებაში. ნუ ჩააგდებთ მას უხერხულ მდგომარეობაში.
. ბავშვის თანდასწრებით ჩაცალეთ ღამის ქოთანი უნიტაზში და ჩაუშვით ავზიდან წყალი. ასეთი “თამაში” პატარებს ძალიან მოსწონთ და დიდი შანსია, იმავეს გამეორება მომავალშიც მოუნდეთ. 
მთელი ღამე მშრალად
როდესაც დარწმუნდებით, რომ დღისით თქვენს შვილს საფენი აღარ სჭირდება, მერეღა სცადეთ უსაფენოდ დაძინება. თავდაპირველად დააკვირდით, რამდენად ხშირად ისველებს ბავშვი ღამით. ამის განსაზღვრაში თავად საფენი დაგეხმარებათ – თუ ის დილაობით საკმაოდ მძიმეა, გადაჩვევაზე ფიქრი ჯერ ადრეა, ხოლო თუ ღამის საფენი დილით მშრალი ან თითქმის მშრალი გხვდებათ, დროა, სცადოთ და ბავშვი უსაფენოდ დააძინოთ.

გააზიარე: