ფსიქიკური პრობლემები

გააზიარე:

ნევროზი და დეპრესია ლამის ისევე გახშირდა, როგორც გრიპი. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ჩვენი საზოგადოება. ბევრი იბრალებს კიდეც, რომ  განწყობის უცნაური ცვალებადობა მასაც დასჩემდა... მძიმე ფსიქიკური აშლილობის მიმართ კი განსხვავებული დამოკიდებულებაა, უფრო – შიში. სულით ავადმყოფი საზოგადოების “უღირს” წევრად ინათლება...
ფსიქიკური დაავადებების უშუალო მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია, მაგრამ მკურნალობა ეფექტიანია და სულით ავადმყოფს “ღირსეულად” ცხოვრების საშუალებას აძლევს.


ფსიქიატრიის სფეროში არსებულ პრობლემებზე, ასევე ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე პრინციპებზე გვესაუბრება მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი, ფსიქიატრი ხათუნა კობახიძე.

  • . ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისა და, საზოგადოდ, ამ ტიპის პათოლოგიების მიმართ ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით მკაცრი დამოკიდებულება აქვს. რა მდგომარეობაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში?

– ვიდრე ამ კითხვაზე გიპასუხებდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, განურჩევლად მისი განვითარებისა, ეკონომიკური წყობისა და მოსახლეობის კეთილდღეობისა, ამ დაავადებებისა და მდგომარეობების წილი დაახლოებით ერთნაირია. მაგრამ არსებობს ცნება “სტიგმა” – “დამღა”, რომლის საშუალებითაც საზოგადოება ცდილობს, დამალოს საკუთარი უსუსურობა ამგვარი პრობლემების მოგვარებაში. რაც უფრო განვითარებული და განათლებულია  საზოგადოება, მით უფრო ნაკლებია “სტიგმის” ხარისხი. საზღვარგარეთ მიღებულია, ყოველ შეძლებულ ადამიანს ჰყავდეს თავისი იურისტი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი. ფსიქიატრს განათლება და დიპლომი აძლევს საშუალებას, გამოიყენოს ფსიქოლოგიური და ფსიქოანალიტიკური მეთოდები პიროვნების დასახმარებლად.

  • . როგორც ცნობილია, თქვენს სტაციონარში პაციენტები ნებაყოფლობით იშვიათად ხვდებიან. რამდენად დაცულია მათი უფლებები?

– ჩვენი კლინიკა მუდმივად მონიტორინგის  ქვეშ იმყოფება. ზედამხედველობას გვიწევენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ჩვენივე ადმინისტრაცია... იშვიათი არ არის შემთხვევა, როდესაც პაციენტი სტაციონარში თვითონვე მოდის ან სასწრაფო დახმარების სამსახურს მოჰყავს. ექიმთან საუბრის შემდეგ მას აქვს უფლება, დათანხმდეს ან უარი თქვას შემდგომ მკურნალობაზე. უარის შემთხვევაში, თუ ექიმი ჩათვლის, რომ მკურნალობა საჭიროა, მაგრამ პაციენტი ვერ აცნობიერებს საკუთარ მდგომარეობას, ვიძახებთ მოსამართლეს, ადვოკატს პაციენტისთვის და ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ მკურნალობა აუცილებელია. მაგრამ ასეთი შემთხვევები სულ უფრო იშვიათია. სხვათა შორის, მოსამართლეებს, რომლებიც ჩვენ გვემსახურებიან, ამ დარგშიც საკმაო განათლება აქვთ.
ფსიქიატრიული დაავადებები უმეტესად ქრონიკულია, მაგრამ დღეს მედიცინა, უფრო სწორად, ფარმაკოლოგია ისე სწრაფად ვითარდება, რომ მწვავე მდგომარეობის კუპირება ძალიან მალე ხდება. იოლად ვაღწევთ მედიკამენტურ რემისიას – სტაბილურ მდგომარეობას ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე. რემისიის დროს ადამიანი ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებს.

  • . ყოფილა შემთხვევა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ვინმე არ დაგეწვინოთ?

– ყოფილა, თანაც საკმაოდ ბევრი, მაგრამ მე აქ პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარია, დაცული იყოს პაციენტის ჯანმრთელობა და უფლება, თუნდაც ოჯახის წევრების მიერ.

  • . ფსიქიკის რა სახის აშლილობის დროს ათავსებენ სტაციონარში ავადმყოფს?

– ყველაზე ხშირად მოგვმართავენ მწვავე მდგომარეობაში ანუ მაშინ, როდესაც პაციენტი არაადეკვატურია, აქვს სმენითი, მხედველობითი ან სხვა ტიპის ჰალუცინაციები, აღგზნებულია და აგრესიას ამჟღავნებს საკუთარი თავის ან ირგვლივ მყოფების მიმართ. მინდა, აქვე აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ავადმყოფთა 38% მედიკამენტებს შინ იღებს და პათოლოგია ფაქტობრივად აღარ უმწვავდება, 62% კი უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზე. სწორედ ისინი ხვდებიან სტაციონარში ხშირად.
გარდა უშუალოდ ფსიქიკური პროფილის პაციენტებისა, ჩვენთან ხვდებიან ისეთებიც, ვინც შემდგომ ნარკოლოგიურ კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. ისინი ჩვენთან მოჰყავთ ფსიქოზის გამო. მაგალითად, “ვინტი”, “ჯეფი” და სხვა ჰალუცინოგენები იწვევს ძალიან მძიმე, ხშირად დამანგრეველ და შეუქცევად პროცესს.

  • . უმთავრესად რა ასაკში იჩენს თავს ფსიქიკური დაავადება, მაგალითად, შიზოფრენია?

– ეს პათოლოგია ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამომჟღავნდეს, თუმცა უპირატესად 20-დან 40 წლამდე იჩენს თავს, ყველაზე ხშირად – 25 წლისთვის. შესაძლოა, გარდატეხის ასაკში, 14-15 წლისთვისაც გამოვლინდეს, მაგრამ ასეთი რამ იშვიათია, თანაც მსგავსი შემთხვევები საკმაოდ მძიმედ და ავთვისებიანად მიმდინარეობს. ამ დროს მკურნალობა რთულია, რემისიას იშვიათად ვაღწევთ... 

  • . აქვს თუ არა ფსიქიკურ აშლილობას გენეტიკური ბუნება?

– ალბათ დამეთანხმებით, რომ გარკვეული გენეტიკური განწყობა თითქმის ყველა დაავადების მიმართ არსებობს. ხასიათიც კი გენებით გადადის. ასევეა ფსიქიკური დაავადებებიც. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი პაციენტის შვილსაც აუცილებლად გამოაჩნდება ფსიქიკური პათოლოგია. არსებობს მრავალი შემთხვევა, როდესაც ორივე მშობელი სულით ავადმყოფია, ხოლო შვილი ფსიქიკურად სავსებით ჯანმრთელია.

  • . მიაჩნიათ, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს უცნაური, განსხვავებული აზროვნება აქვს...

– შიზოფრენია აზროვნების დეფექტს იწვევს. ამ სენით შეპყრობილნი ხშირად მართლაც უცნაურად აზროვნებენ, ფილოსოფიური ჩართვები ახასიათებთ. როგორც წესი, განსწავლულები და ნიჭიერები არიან, პროფესიულ სფეროში წარმატებებს აღწევენ. ხშირად ძალზე რთულად ასათვისებელ პროფესიებსაც კი ირჩევენ და საკმაოდ მკაცრი რეჟიმის უნივერსიტეტებში სწავლობენ. მაგრამ ასეა მაშინ, თუ პრობლემამ თავი იჩინა არა სიყმაწვილის ასაკში, არამედ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ადამიანი პროფესიას აირჩევს და მის დაუფლებას დაიწყებს ან უკვე დაეუფლება.

  • . უმთავრესად რომელი სქესის წარმომადგენლებს შორის იჩენს თავს შიზოფრენია, საზოგადოდ, ფსიქიკური აშლილობის მძიმე ფორმები?

– ასეთი პრობლემები ორივე სქესის წარმომადგენლებს შორის გვხვდება, თუმცა მამაკაცებში ოდნავ უფრო ხშირია.
უნდა ითქვას, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე მამაკაცებთან ურთიერთობა გაცილებით იოლია, ვიდრე ქალებთან, ისინი უფრო მორჩილები არიან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ფსიქიკურად დაავადებულის ბოდვაში არ არის ჩართული ანუ სულით ავადმყოფს არ ჰგონია, რომ ექიმი მას ერჩის და ავნებს.

  • . არსებობს თუ არა რაიმე ნიშანი, თუნდაც უცნაური ქცევა, რომელიც ბავშვობაშივე მიანიშნებს, რომ ამ ადამიანს მომავალში შესაძლოა ფსიქიკური დაავადება ჩამოუყალიბდეს?

– ხშირად ყოფილა, რომ მშობლებს ცელქი, გაუგონარი, ზარმაცი ბავშვი ფსიქიკური პრობლემის მქონე ჰგონებია. გარწმუნებთ, ბავშვის ასეთი ქცევა სავსებით ნორმალურია. თუმცა არსებობს სხვა ტიპის ქცევაც, რომელიც მართლა საჭიროებს ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაციას. დევიაციური ანუ ნორმალური ქცევიდან გადახრის მქონე ბავშვები სადისტურ თვისებებს ამჟღავნებენ.

  • . ბოლო ხანს საზოგადოებაში მეტად “პოპულარულია” ნევროზი და დეპრესია. მართლა ასე გახშირდა ისინი?

– ეგრეთ წოდებული “ნევროზი” და “დეპრესია” დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გახშირდება, ვინაიდან მათი მაჩვენებელი ქვეყნის განვითარების მაჩვენებელთან ერთად იზრდება. საუბედუროდ, ეს საზღაურია ცხოვრების ტემპისა, ახალი ტექნოლოგიებისა და განვითარებისა.
ნევროზი უმთავრესად ცივილიზაციის დაავადებად არის მიჩნეული. ის გაცილებით ხშირია განვითარებულ ქვეყნებში: შვედეთში, აშშ-ში... საქართველოში არსებული შემთხვევები უფრო სხვა მიზეზით არის განპირობებული: ჩვენთან გახშირდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რაც ომსა და მასთან დაკავშირებული მძიმე შედეგებით არის განპირობებული.
რაც შეეხება დეპრესიას, ის შესაძლოა რომელიმე ფსიქიკური პრობლემის, მაგალითად შიზოფრენიის ერთ-ერთი ნიშანი იყოს ან სულაც დამოუკიდებლად ჩამოყალიბდეს. დეპრესია მონოპოლარული დაავადებაა. არსებობს ბიპოლარული აშლილობაც. ამ დროს ადამიანს ხასიათის მკვეთრი ცვლილება ახასიათებს – ხან მეტისმეტად ამაღლებულ განწყობაზეა, ხან კი დეპრესიაში ვარდება. სუიციდის შემთხვევები ყველაზე ხშირად სწორედ დეპრესიის ფონზე აღირიცხება.

  • . ნევროზსა და დეპრესიას პაციენტები ხშირად თვითნებურად მკურნალობენ. რამდენად გამართლებულია ამგვარი ქმედება?

– სრულიად გაუმართლებელია. თუკი ფორიაქი, ხასიათის ცვლილება, ძილის დარღვევა (ძილიანობა ან უძილობა) მკვეთრად არის გამოხატული, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა სულ უფრო ჭირს, ამ შემთხვევაში აუცილებლად სპეციალისტს უნდა მივმართოთ.

  • . მაინც, რომელს? ფსიქიატრს თუ ნევროპათოლოგს?

– ყველა ექიმს, განურჩევლად პროფილისა, გავლილი აქვს ფსიქიატრია, მაგრამ მკურნალობის ლიცენზია არ გააჩნია. ის მხოლოდ ურჩევს კონსულტაციას, მაგრამ სწორი დანიშნულების მიცემა და პაციენტის მდგომარეობის ადეკვატური მართვა ფსიქიატრის კომპეტენციაში შედის. ასე რომ, ნევროზისა და დეპრესიის ნიშნების შემჩნევისას ადამიანმა უნდა მიმართოს ნებისმიერი პროფილის ექიმს, ეს ექიმი კი შემდგომ ფსიქიატრის კონსულტაციას ურჩევს.

ფსონები დადებულია, ბატონებო!
 ამ სენით ორი მილიონი ამერიკელია დაავადებული, უფრო კი, ალბათ, შეპყრობილი, მაგრამ მაინც – აშშ-ში არავინ მალავს, რომ ასეთი ადამიანები სამკურნალონი არიან. მათ დასახმარებლად სპეციალური კლინიკები არსებობს, მკურნალობის მეთოდებიც დახვეწილია...
რაღა ბევრი გავაგრძელოთ, საუბარს მეტისმეტად აზარტულ ადამიანებზე ვაპირებთ. სხვაგვარად – აზარტული თამაშების მოყვარულებზე, გნებავთ, თამაშის ჟინით შეპყრობილებზე. რაც არ უნდა ვუწოდოთ, ფაქტი ერთია – განვითარებულ ქვეყნებში ამგვარი აზარტი პათოლოგიად მიაჩნიათ.

სად იბადება აზარტი
პათოლოგიური გემბლერი რიგითისგან ყოველთვის განსხვავდება: ის ფულის მოხვეჭაზე მეტად მოგების ჟინით არის შეპყრობილი, ბოლომდე თამაშობს, დიდ ფსონებს დებს ანუ მეტად რისკავს და წაგებული ფულის უკან დაბრუნების სურვილით საზრდოობს. წაგების შემდეგ თავის თავს არ ჰგავს, ფულს სესხულობს და უკანასკნელ გროშამდე ისევ და ისევ კაზინოში ხარჯავს... და ასე გრძელდება, ვიდრე გროში მაინც აბადია. პათოლოგიური მოთამაშის გაკონტროლება შეუძლებელია, ის საკუთარ თავს არ ეკუთვნის.
გაუგებარია, რა აიძულებთ ავადმყოფურად აზარტულ ადამიანებს, თამაში ნარკოტიკად აქციონ. ამერიკელებმა ივარაუდეს, პრობლემის თავიდათავი გენებია, მაგრამ მათ გასააქტიურებლად სათანადო გარემოა საჭიროო. თურმე არასწორად აწყობილი გენების ბრალი ყოფილა, თავის ტვინში ნეიროტრანსმიტერები (ნერვული იმპულსის გადაცემაზე პასუხისმგებელი ნივთიერებები) არაადეკვატურად რომ იქცევიან. გემბლერებს ისინი მცირე ან მოჭარბებული ოდენობით გამოუმუშავდებათ.
ხელშემწყობი ფაქტორი, უახლოესი კაზინოსკენ ან სლოტ-კლუბისკენ ლტოლვას რომ აძლიერებს, შესაძლოა იყოს:
ფსიქიკის აშლილობა, თუნდაც ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერების მიღებით განპირობებული. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მოთამაშეთა სამ მეოთხედს დეპრესია ტანჯავს.
ასაკი. რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყებს ადამიანი თამაშს, მით უფრო მალე გაუმიჯნურდება მას.
სქესი. მამრები თურმე უფრო მალე ებმებიან აზარტული თამაშის მახეში. ხასიათი: როგორც შრომამანები და საქმისთვის თავგადადებულები, ასევე სრულიად უპასუხისმგებლო და ზომაზე მეტად ზარმაცი ადამიანები იოლად ეჩვევიან აზარტულ თამაშებს.

No more bets 
რაკი ვაღიარეთ, რომ ძლიერი აზარტი პათოლოგიაა, მის გართულებებზეც უნდა ვისაუბროთ.
პირველი და ყველაზე ხშირი, ფაქტობრივად, გარდაუვალი გართულება ფინანსური კრიზისი და გაკოტრებაა. ამას შესაძლოა დაერთოს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ურთიერთობის გართულება, სამსახურის დაკარგვა, ალკოჰოლით ან ნარკოტიკებით გატაცება (წაგების სევდის ჩასახშობად), პრობლემები სამართალდამცველებთან (თუკი ფულის უქონლობისას მოთამაშე ქურდობას განიზრახავს ან წაგებისას დებოშს ატეხავს) და ასე შემდეგ. ყველაზე მძიმე გართულება კი სუიციდია. ამერიკელებმა დაითვალეს კიდეც – აღმოჩნდა, რომ თავს ყველაზე ხშირად იმ ქალაქებში იკლავენ, სადაც კაზინოებია განთავსებული, მათ შორის – ლას ვეგასსა და ატლანტიკ სითიში.
პათოლოგიურ გემბლერებს აშშ-ში ფსიქოთერაპიითა და მედიკამენტებით მკურნალობენ.


უღირსი დასასრულის ქრონიკები
 “ფრენსის და კორტნი, მე თავი თქვენს საკურთხეველზე მიმაქვს. გეხვეწები, გაუძელი, კორტნი, ფრენსისისთვის, რომლის ცხოვრებაც უჩემოდ გაცილებით ბედნიერი იქნება. ძალიან, ძალიან მიყვარხართ”.
კურტ კობეინი

თავის მოკვლის ყოველი 25 მსურველიდან მხოლოდ 12 აღწევს მიზანს. ასეა ამერიკაში. შესაძლოა, სხვა ქვეყნებში სტატისტიკა ოდნავ განსხვავებული იყოს, მაგრამ ფაქტი ერთი და საყოველთაოა: დედამიწის ყოველ კუთხე-კუნჭულში არიან ადამიანები, ვისთვისაც სიცოცხლემ ფასი დაკარგა.
ფატალური არჩევანი
როდესაც მამაკაცის გარდაცვალების მიზეზთა ნუსხას ადგენდნენ, სუიციდმა პირველ ათეულში “ფრიად ღირსეული” მეშვიდე პოზიცია დაიკავა, ქალების სიკვდილიანობის ნუსხაში კი მხოლოდ მეთექვსმეტე ადგილი ერგო – ეს აშშ-ის სტატისტიკის დეპარტამენტის 2006 წლის მონაცემებია. რიცხვები წლიდან წლამდე უმნიშვნელოდ იცვლება, მამაკაცებისთვის სუიციდი ცხოვრებასთან ანგარიშის გასწორების ერთ-ერთ მძლავრ იარაღად რჩება.
ამბობენ, ქალებსაც არანაკლებ ხშირად უჩნდებათ თვითმკვლელობის სურვილი, მაგრამ მამაკაცებს საქმე ბოლომდე უფრო ხშირად მიჰყავთო. სუიციდის გენდერულ დისბალანსს იმასაც აბრალებენ, რომ მამაკაცებს უფრო ხშირად უვარდებათ ხელში იარაღი – ისინი ხომ სიცოცხლეს უმეტესად საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით ესალმებიან. მეორე ადგილზეა თოკი (ან ნებისმიერი საგანი, რომლითაც თავის ჩამოხრჩობა შეიძლება), მესამეზე – საწამლავი. უმთავრესად სწორედ ამ უკანასკნელს ირჩევენ ქალები თვითმკვლელობისთვის.
დიაგნოზი თუ შედეგი
სუიციდი პათოლოგიური მდგომარეობის ერთ-ერთი შედეგია და, წესისამებრ, იმ პათოლოგიური მდგომარეობისა, რომლის დიაგნოზსაც უმეტესად პოსტ ფაქტუმ სვამენ. თუმცა არსებობს შედეგის შედარებით მსუბუქი ვარიანტიც: თვითმკვლელობის მცდელობა. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, არ იწერება, თუმცა იგულისხმება: “განმეორების პერსპექტივით”...
თვითმკვლელობის სურვილის ამოცნობა ძნელია, დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რას აპირებს სხვა, მაგრამ რამდენიმე უცნაურობის შემჩნევა შესაძლებელია. მაგალითად, სუიციდის პერსპექტივა აშკარაა, როდესაც ვინმე:
. ხშირად საუბრობს თვითმკვლელობაზე და იყენებს ასეთ ფრაზებს: “თავს მოვიკლავ”, “მირჩევნია, მოვკვდე”, “ნეტავ სულ არ დავბადებულიყავი...”
. საუბრისას, ვითომდა შემთხვევით, სიტყვას მოაყოლებს: “ნეტავ თვითმკვლელობის რომელი მეთოდია ყველაზე ეფექტური?”
. უფრო და უფრო ხშირად ამჯობინებს განმარტოებას;
. განწყობა მკვეთრად ეცვლება: ერთ დღეს თუ ამაღლებულ განწყობაზეა, მეორე დღეს დეპრესია ტანჯავს;
. სრულიად სასოწარკვეთილი და ფარხმალდაყრილია;
. უფრო და უფრო ეტანება სასმელსა და ნარკოტიკს;
. კალაპოტიდან სრულიად ამოვარდნილია: უდროო დროს ჭამს და უდროო დროს სძინავს;
. უზომოდ რისკიანი ხდება, მაგალითად, ავტომობილს მეტისმეტად სწრაფად ატარებს;
. მეგობრებს ისე ემშვიდობება, თითქოს უკანასკნელად ხედავსო;
. ეცვლება ხასიათი: თუ აქამდე მორცხვი იყო, შესაძლოა, მეტისმეტად კომუნიკაბელური გახდეს და პირიქით.
აშშ-ში ყოველწლიურად 32 000 ადამიანი იკლავს თავს, დღეში დაახლოებით 89!

რაღა დარჩა...
ალბათ მიხვდით, რომ ამ ნიშნებით თვითმკვლელის ამოცნობა რთულია. არც სუიციდი ყოფილა მარტივი აღსაქმელი: ის კომპლექსური ქმედებების ერთობლიობაა, თვითმკვლელობის იდეით დაწყებული, სუიციდის აქტის “წარმატებულ” დასასრულამდე. მისი გამოვლინება შეიძლება იყოს:
. თვითმკვლელობის აკვიატებული იდეა, რომლის დროსაც ადამიანი გამუდმებით თავის მოკვლაზე ფიქრობს;
. ქმედებები, როდესაც ადამიანი ცდილობს, საკუთარ თავს რაიმე დაუშაოს. ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიღოს. ამგვარი განზრახვით ხელმძღვანელობენ, როდესაც იღებენ მედიკამენტების ჭარბ დოზას, მეტისმეტად სწრაფად დაჰყავთ ავტომობილი ან ჭარბად ეტანებიან ალკოჰოლს; 
. თვითმკვლელობის მცდელობა – ეს არის ქმედება, რომელიც საკუთარი თავის ფიზიკური განადგურებისკენ არის მიმართული;
. პარასუიციდი ცრუ თვითმკვლელობაა, როდესაც ადამიანი ცდილობს, თვითდაშავებით დაარწმუნოს სხვები, რომ თავის მოკვლას ლამობდა. სუიციდის ეს ფორმა თვითგანადგურებას არ ისახავს მიზნად, თუმცა შესაძლოა, ადამიანმა ვერ მოზომოს და ცრუ მცდელობა ფატალური შედეგით დასრულდეს. პარასუიციდის გამოვლინება, წესისამებრ, მაჯაზე ვენების გადაჭრაა.
. დასრულებული სუიციდი, რომლის დროსაც შედეგი მიღწეულია.

მარტოსული ვარ...
 “...უსახლკარო, ნათესავებისა და მეგობრებისგან მიტოვებული, ფულიც დიდი ხნის წინ შემომელია, ერთადერთი, რაც გამაჩნია, ღვთისგან ბოძებული სიცოცხლეა. ჰოდა, ღირს კი მისი შენარჩუნება?”
ასეთ მდგომარეობაში შესაძლოა ბევრი იყოს, მაგრამ თავის მოკვლის სურვილი ყველას როდი უჩნდება. ამავე დროს, მათ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც გონებაში სუიციდური აზრები ხშირად უტრიალებთ და სულაც არ დაეძებენ, ვის დარჩება მათი ბიზნესი თუ მილიონებად შეფასებული უძრავ-მოძრავი ქონება ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის შემდეგ...
ასე რომ, სრულიად გაუგებარია, ვისგან უნდა ველოდეთ სუიციდს, თუმცა მეცნიერებმა ყოველი შემთხვევისთვის მაინც გაარკვიეს, რა უბიძგებს ადამიანს თვითმკვლელობისკენ.
ამრიგად, მიზეზი შეიძლება იყოს:
. ფსიქიკური პრობლემები: დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობა, შიზოფრენია;
. სიმთვრალე, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;
. სისხლით ნათესავებს შორის სუიციდის ფაქტი;
. ძლიერი ფსიქიკური ტრავმა, მათ შორის – წარსულში განცდილი ძალადობა;
. მარტოობის, უიმედობის განცდა;
. სახლში ცეცხლსასროლი იარაღის ქონა;
. მძიმე ქრონიკული დაავადებით, მაგალითად, ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ტანჯვა.
მკვლევარებმა ისიც კი დაადგინეს, რომ სუიციდის მსხვერპლნი უპირატესად მარტოხელები ყოფილან. 
სუიციდური აზრებისგან გათავისუფლება, როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, შესაძლებელია. მედიკამენტების (მაგალითად, ანტიდეპრესანტების) მიღება, ცხოვრების ნირის შეცვლა (სპორტით გატაცება), ფსიქოთერაპია უმეტესად პოზიტიურ შედეგს იძლევა. თუ ადამიანმა მკურნალობაზე უარი თქვა, ამ შემთხვევაში ახლობლებს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ – ეგებ მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალონ...
***
თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე (თუმცა შთამომავლებისთვის ამით არ დაუმახსოვრებიათ თავი) სერგეი ესენინმა (თავი ჩამოიხრჩო), ზიგმუნდ ფროიდმა (ნარკოტიკის ზედმეტი დოზა მიიღო), ერნესტ ჰემინგუეიმ და ვინსენტ ვან გოგმა (ცეცხლსასროლი იარაღით მოისწრაფეს სიცოცხლე), მერილინ მონრომ (მიიღო მედიკამენტების ჭარბი დოზა), ადოლფ ჰიტლერმა და მისმა მეორე ნახევარმა ევა ბრაუნმა (საწამლავი დალიეს).... 

ბრწყინვალე გონება
რომ არ ვიცოდეთ, რა შეუძლია არაორდინარულ აზროვნებას, უცნაურობის ნიღაბს ამოფარებულ ნიჭს, ვიფიქრებდით, რომ სამყარო შეშლილებით არის  სავსე. მართლაც, ხშირად ადამიანის ქმედების ახსნა ძნელია, მისი ნააზრევის ლოგიკურ ჩარჩოში მოქცევა კი საერთოდ შეუძლებელი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც უცნაურ ქცევას არაფრად აგდებ. ეს მაშინ, როდესაც ყურადღებას სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი რამ იპყრობს: დიადი აღმოჩენები, დაუვიწყარი როლები, სულისშემძვრელი ქმნილებები...
ამბობენ, ხის ჩრდილში მონებივრე ნიუტონს ვაშლი რომ არ დასცემოდა თავზე, მიზიდულობის კანონს ვერ აღმოაჩენდაო. კადნიერება იქნებოდა, დიადი მეცნიერის უცნაური ხასიათი ამ უეცარი ტრავმისთვის დაგვებრალებინა, თუმცა დიდი ხანია, მეცნიერები ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად თავის ტრავმულ დაზიანებას მიიჩნევენ...
ისააკ ნიუტონისა ყველას როდი ესმოდა, მასთან კამათი კი საერთოდ შეუძლებელი ყოფილა: თურმე საპირისპირო არგუმენტის გაგონებისთანავე დიდ მეცნიერს ბრაზი ერეოდა და ყვირილს იწყებდა. ამგვარი ნერვული შეტევები ისე ხშირად მეორდებოდა, რომ გარშემო მყოფნი ერთხმად აღიარებდნენ: ეს კაცი უცნაური კი არა, უბრალოდ შეშლილიაო.
ასეა თუ ისე, ისააკ ნიუტონი პირველი მეცნიერი გახლდათ, რომელიც თავისი აღმოჩენების გამო დედოფალმა ანამ რაინდად შერაცხა.
ამავე სენით იტანჯებოდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, თუმცა მისი თანამედროვენი ღრმად არიან დარწმუნებულნი: რომ არა ფსიქოზის შეტევები, შედევრები არ შეიქმნებოდა. სწორედ ფსიქიკური აშლილობით გამოწვეული ტანჯვის დროს ქმნიდა განმარტოებული კომპოზიტორი უკვდავ სონატებსა და ეტიუდებს.
ფსიქიკურ პრობლემას არც აშშ-ის მე-16 პრეზიდენტისთვის აუვლია გვერდი. აბრაამ ლინკოლნს იმდენად ღრმა მელანქოლია ტანჯავდა, ჩვენს ეპოქაში რომ ეცხოვრა, კლინიკაში რამდენიმეთვიანი მკურნალობა არ ასცდებოდა. ამბობენ, სუიციდური დეპრესია სჭირდაო, თუმცა სიცოცხლესთან ანგარიშის გასწორება ერთხელაც არ უცდია. საკუთარი სატანჯველის შესახებ მეგობარსაც მისწერა: “ნეტავი ჩემს ფსიქიკას ვინმე ჯეროვნად გამოიკვლევდეს. დარწმუნებული ვარ, ბედმა მიმუხთლა, თუმცა ჯერ არაფერი წამიგია...”
ვინსენტ ვან გოგი – კიდევ ერთი ლეგენდარული ადამიანი და კიდევ ერთი სევდიანი, აბსენთნარევი ისტორია... მხატვარს გულყრები აწამებდა, რასაც რატომღაც აბსენთით მეტისმეტ გატაცებას აბრალებდნენ. ამ ნევროლოგიური პრობლემასთან ერთად ვან გოგს დეპრესიულ-მანიაკური სინდრომი ჰქონდა: ხანმოკლე უგუნებობის შემდეგ უეცრად აენთებოდა, უსაზღვრო ენერგიით დამუხტული ტილოს ტილოზე ქმნიდა... ლეგენდარულმა ფერმწერმა 37 წლისამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
“დიდი სამეულიდან” უცნაურობით თურმე უინსტონ ჩერჩილი გამოირჩეოდა (ყოველ შემთხვევაში, ბევრს ასე მიაჩნია). უმძიმესი დეპრესიით შეპყრობილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ საუბარს ყოველთვის გაურბოდა, თუმცა ჩანაწერებში არ მალავდა, რომ თვითმკურნალობას ეწეოდა: დეპრესიის უებარ წამლად ალკოჰოლს მიიჩნევდა.
ვირჯინია ვულფი, ცნობილი ინგლისელი მწერალი, ფსიქიკის გაორებით იყო ავად. ის ბევრს წერდა, რომ როგორმე მორეოდა სულში დატრიალებულ ქაოსს – მხოლოდ ასე აკონტროლებდა არეულ ფსიქიკას. მისი ოჯახის წევრები (ის შეძლებული, განათლებული ოჯახიდან გახლდათ) გაგებით ეკიდებოდნენ ვირჯინიას მდგომარეობას, მზრუნველობასა და ყურადღებას არ აკლებდნენ ნიჭიერ ქალბატონს. მიუხედავად ამისა, ერთ მშვენიერ დღეს ვირჯინიამ ჯიბეები ქვებით აივსო და მდინარეში შევიდა... მისმა მკურნალმა ექიმმა ამგვარი დასკვნა გამოიტანა: “ეს იყო სუიციდი – შედეგი იმისა, რომ მისი გონებრივი წონასწორობა სრულიად დაირღვა”.
…მერე რა, რომ შიზოფრენია სჭირდა – მისთვის ნობელის პრემიის მინიჭება არ გასჭირვებიათ. ჯო ნეშის კანონში არანორმალური არაფერი იყო. პირიქით, იმდენად ღრმად ასახავდა პრობლემის არსს, რომ მეცნიერებს ეჭვიც კი ეპარებოდათ, ნამდვილად იყო თუ არა ნეში შიზოფრენიით ავად. როგორც თავად ირწმუნებოდა, თან დაჰყვებოდა აჩრდილი, რომელიც დროდადრო სამეცადინო ოთახში, დაფაზე უტოვებდა შეტყობინებებს, უმთავრესად – მათემატიკური გამოსახულებების, ფორმულების სახით. სწორედ ამ “მესიჯების” წყალობით შეიქმნა ნეშის კანონი.
ვივიენ ლი “ქარწაღებულების” ეკრანზე გამოსვლის შემდეგ ყველაზე მომხიბლავ და სასურველ ქალად იქცა, თუმცა ბევრმა არ იცოდა, რომ ვარსკვლავს, გარდა იმისა, რომ საოცრად სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ტუბერკულოზის დიაგნოზი სრულიად ახალგაზრდას დაუსვეს, მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომი ტანჯავდა. ამბობენ, რომ ფსიქიკურმა აშლილობამ მას შემდეგ იჩინა თავი, რაც მსახიობს მუცელი მოსწყდა. ამ ამბის შემდეგ ლი მალევე დაშორდა მეუღლეს, არანაკლებ ცნობილ მსახიობს ლოურენს ოლივიეს, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ. ვივიენი ფსიქოთერაპიას შინ იტარებდა, იღებდა მედიკამენტებს, უკეთ იგრძნობდა თუ არა თავს, სცენასა და ეკრანს უბრუნდებოდა. მშვენიერი ქალბატონი 53 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა.
ბრუკ შილდსი აღიარებს, რომ მშობიარობის შემდეგ ფსიქიკა ისე ჰქონდა ამღვრეული, თავის მოკვლამდე აღარაფერი აკლდა. წიგნიც კი დაწერა: “ჩემი მოგზაურობა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ლაბირინთებში”. “დღენიადაგ იმაზე ვფიქრობდი, რა დამეშავებინა საკუთარი თავისთვის, ბოლოს თვითმკვლელობის იარაღის არჩევასაც შევუდექი”, – წერს ბრუკ შილდსი და იქვე დასძენს, რომ არა ადეკვატური მედიკამენტური მკურნალობა და ფსიქოთერაპიის კურსი, შესაძლოა დღეს ცოცხალი აღარც კი ვყოფილიყავიო.

ფსიქიკური აშლილობის ამა თუ იმ ფორმით იტანჯებოდნენ: ერნესტ ჰემინგუეი, ლევ ტოლსტოი, მიქელანჯელო, პიოტრ ჩაიკოვსკი, რობერტ შუმანი, ნაპოლეონ ბონაპარტი, ბაირონი, პერსი ბიში შელი, ჩარლზ დიკენსი, რობერტ დაუნი-უმცროსი, ლარი ფლინტი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ჰერმან ჰესე, ედგარ ალან პო, მარლონ ბრანდო, ფრენკ სინატრა, ჯიმი ჰენდრიქსი, ნინა სიმონე, ჯენეტ ჯექსონი, ბრიტნი სპირსი, სტინგი, შინეიდ ო’კონორი, ოზი ოსბორნი, ჟან-კლოდ ვან დამი, რობინ უილიამსი.

გააზიარე: