საშარდე სისტემა – ორგანიზმის დასუფთავების სამსახური

გააზიარე:

საშარდე სისტემა – ორგანიზმის დასუფთავების სამსახური

ინფექცია საშარდე გზებში

შარდის ბუშტის პრობლემები

უკანასკნელი რგოლის გასაჭირი

ქვები საშარდე გზებში

 

საშარდე სისტემა – ორგანიზმის დასუფთავების სამსახური

 

რომელი ორგანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის უმთავრესი? ყველაზე მეტად რომელი სისტემის გამართული მუშაობა გვჭირდება? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს და ალბათ შეუძლებელიცაა არსებობდეს. ადამიანის ორგანიზმი ხომ ერთიანი სისტემაა, რომლის ყოველ ელემენტს თავისი განუმეორებელი ფუნქცია აქვს. მათ შორის მთავრის გამოყოფა ძნელია. ორგანიზმის ჯანმრთელობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სრულყოფილად და შეთანხმებულად ასრულებენ მისი ნაწილები თავიანთ როლს.

ასეთ მძლავრ სისტემას მუშაობის პროცესში, ბუნებრივია, ბევრი უსარგებლო ნივთიერებაც დარჩება. უხეშად რომ ვთქვათ, ნაგავი, რომლისგანაც ორგანიზმი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. “დამსუფთავებლის” როლი საშარდე სისტემას აკისრია.

 

***

ორგანიზმის მეეზოვეები

საშარდე სისტემა ერთგვარი დრენაჟია, რომელსაც ორგანიზმიდან ნარჩენები და ზედმეტი სითხე გამოაქვს. ის მოიცავს ორ თირკმელს, ორ შარდსაწვეთს, შარდის ბუშტსა და შარდსადენ მილს, იმავე ურეთრას. შარდი სისხლის ფილტრაციის შედეგად თირკმელებში წარმოიქმნება და შარდსაწვეთების გავლით ჩაედინება შარდის ბუშტში. შარდის ბუშტი საჭიროებისამებრ იკუმშება და შარდს ურეთრაში უშვებს, საიდანაც ის საბოლოოდ გამოიდევნება გარეთ.

როგორ მუშაობს საშარდე სისტემა? ისევე, როგორც ნებისმიერი დასუფთავების სამსახური: ჯერ თირკმელების მეშვეობით მთელ “სახლში” (სხეულში) კრებს ნარჩენებს, მერე მათ “სანაგვეში” (შარდის ბუშტში) ათავსებს, ხოლო როცა “სანაგვე” აივსება, ნაგავი შარსადენის მეშვეობით დიდ ნაგავსაყრელზე მიაქვს (ვფიქრობ, თავადაც ხვდებით, რა ასრულებს ამ შემთხვევაში დიდი ნაგავსაყრელის როლს). წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ეს სისტემა მოიშალა და მთელი ნაგავი სხეულშივე დარჩა ან მისი შემგროვებელი და გადამტანი სტრუქტურის მთლიანობა დაირღვა და ნარჩენები “სუფთა სახლში” მიმოიბნა.

ვფიქრობ, ნათელია, რატომ ენიჭება ესოდენ დიდი მნიშვნელობა საშარდე სისტემის გამართულ მუშაობას და რატომ სვამენ კრიტიკულ სიტუაციებში კითხვას: “შარდავს?”

მოდი, უფრო მეტი შევიტყოთ საშარდე სისტემის დაავადებების, მათი პრევენციისა და მკურნალობის შესახებ.

 

ინფექცია საშარდე გზებში

საშარდე გზების ინფექციები ყველაზე გავრცელებულ ინფექციათა ჩამონათვალში მეორე ადგილს იკავებს. აშშ-ის მონაცემებით, ზოგად საექიმო პრაქტიკაში ყოველწლიურად 8 მილიონამდე ვიზიტი და ჰოსპიტალიზაციის 100 000 შემთხვევა მათ წილად მოდის.

საშარდე გზების ინფექცია (სგი) ეწოდება საშარდე სისტემის ნებისმიერ ადგილას განვითარებულ ინფექციას. ის უმეტესად ქვედა საშარდე გზებში – შარდის ბუშტსა და შარდსადენში – ლოკალიზდება. თუ ინფექცია მხოლოდ ამ ორგანოებით შემოიფარგლა, სიმპტომები შემაწუხებელი იქნება, მაგრამ პროგნოზი – უმეტესად კეთილსაიმედო. თუ მიკრობული შეტევა თირკმელსაც მისწვდა, შესაძლოა, საქმე სავალალოდ დასრულდეს.

 

რისკფაქტორები

სგი ყველა ასაკში გვხვდება. ახალშობილებს შორის ვაჟებთან უფრო ხშირია. სკოლამდელ ასაკში თანაფარდობა იცვლება და გოგონები “წინაურდებიან” (4.5% გოგონებთან, 0,5% ვაჟებთან). ისიც უნდა ითქვას, რომ სკოლამდელი ასაკის გოგონებთან დაავადების შემთხვევათა მესამედი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. გენდერული უთანასწორობა მთელი სიცოცხლე გრძელდება. საერთო ჯამში, ქალებს შორის ინფექცია ოთხჯერ მეტად არის გავრცელებული, ვიდრე მამაკაცებს შორის.

ინფექციის გავრცელების ორი გზა არსებობს – აღმავალი და ჰემატოგენური (სისხლისმიერი). ინფექციის ჰემატოგენური გავრცელება იშვიათია. შემთხვევათა უმეტესობა მისი აღმავალი გზით გავრცელების შედეგია.

 

რატომ იჩაგრებიან ქალები

როგორც ითქვა, ინფექცია უმთავრესად ქალებს ერჩის. გენდერული დისბალანსის მიზეზი მათი ანატომიური თავისებურებებია. ქალს მამაკაცზე მოკლე შარდსადენი აქვს და ბაქტერიას შარდის ბუშტში მოსახვედრად უფრო მცირე მანძილის გავლა უწევს; ერთმანეთისგან მცირე მანძილი აშორებს უკანა გასავალსა და შარდსადენ მილს, რაც ქალებთან ინფექციის პრევალენტობის კიდევ ერთი მიზეზია – პერიურეთრულ (შარდსადენის ირგვლივ არსებულ) მიდამოში კოლონიზებული ნაწლავის ფლორა აღამავალი გზით ვრცელდება და შარდის ბუშტის ანთებას იწვევს. საშარდე სისტემა, წესით, იოლად უნდა გაუმკლავდეს მიკროსკოპულ თავდამსხმელებს, მაგრამ მისი დამცავი მექანიზმი ყოველთვის სათანადოდ ვერ ფუნქციობს და შედეგად მიკრობები საშარდე გზებს იპყრობენ.

ქალებთან სგი-ს განვითარების რისკს ზრდის სქესობრივი აქტიურობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალი პარტნიორს ხშირად იცვლის. სგი ემუქრებათ იმ ქალებსაც, რომლებიც კონტრაცეფციისათვის ნონოქსილონ 9-ის შემცველ სპერმიციდებს იყენებენ. ინფიცირების რისკი იმატებს მენოპაუზის შემდეგ, ვინაიდან მოცირკულირე ესტროგენების კონცენტრაციის დაქვეითება საშარდე გზებს ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადს ხდის. საშარდე გზების გლუვკუნთოვან ორგანოთა დისფუნქციის გამო ინფიცირების ალბათობა ორსულობის პერიოდშიც იმატებს.

 

მხოლოდ სქესი?

სგი-სგან არც მამაკაცები არიან დაზღვეულნი. ინფექციის არასქესისმიერი რისკფაქტორებია:

* საშარდე გზების ანომალია;

* საშარდე გზების დახშობა (კენჭებით, გადიდებული პროსტატით ან ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული შევიწროების გამო);

* იმუნიტეტის დაქვეითება (როცა მიკრობების მიმართ ორგანიზმის მდგრადობა იკლებს, მიკრობებს მეტი გასაქანი ეძლევათ. ამის კვალობაზე, განსაკუთრებით ხშირია სგი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებთან);

* კათეტერის გამოყენება (სგი-ს რისკჯგუფს მიეკუთვნებიან ისინიც, ვისაც არ შეუძლია ან რაიმე მიზეზით ეკრძალება დამოუკიდებლად მოშარდვა და ამიტომ კათეტერის გამოყენება უწევს. რისკი იმატებს მაშინაც, თუ ახლო წარსულში საშარდე გზების გამოკვლევა ან ოპერაცია გაქვთ ჩატარებული).

 

როგორ ამოვიცნოთ

საშარდე გზების ინფექციაზე მიუთითებს:

* ტკივილი ან წვა შარდვის დროს;

* ხშირი შარდვა;

* მყრალი შარდი;

* მოშარდვის ძლიერი სურვილი;

* მცირე ულუფებით შარდვა;

* მღვრიე შარდი;

* სისხლი შარდში;

* მომატებული ტემპერატურა, დაღლილობა, ოფლიანობა;

* წელის ტკივილი ან ზურგის ტკივილი ნეკნების ქვეშ;

* დაჭიმულობის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში.

ესენი საერთო ნიშნებია, თუმცა სხვადასხვა ორგანოს დაზიანებისას რომელიმე მათგანი შესაძლოა უფრო მკაფიოდ გამოიხატოს, დანარჩენები კი შედარებით სუსტად. ისიც უნდა ითქვას, რომ ინფექცია ზოგჯერ უსიმპტომოდაც მიმდინარეობს, რაც მის დროულ გამოვლენას ერთიორად ართულებს.

 

შარდის ანალიზი

პირველი, რასაც ექიმი რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენისას დაგინიშნავთ, შარდის საერთო ანალიზია. ტესტი შარდში სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების, ცილისა და ბაქტერიების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. ანალიზით ირკვევა, ჩართულია თუ არა პროცესში საშარდე სისტემა, მაგრამ ამ მონაცემების საფუძველზე ძნელი სათქმელია, სახელდობრ რომელი ორგანოა დაზიანებული და რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, ასე რომ, არ არის გამორიცხული, სხვა გამოკვლევების ჩატარებაც მოგიხდეთ. სანამ დიაგნოსტიკის სხვა მეთოდებზე გადავიდოდეთ, შეგახსნებეთ: შარდის ანალიზის ცრუ შედეგი თავიდან რომ აიცილოთ, შარდი აუცილებლად სტერილურ კონტეინერში უნდა აიღოთ (ასეთი კონტეინერი ნებისმიერ აფთიაქში იყიდება) და შარდის აღებამდე აუცილებლად ჩაიტაროთ ჰიგიენური პროცედურა (დაიბანოთ თბილი, საპნიანი წყლით). ანალიზისთვის უნდა შეაგროვოთ შარდის შუა ულუფა.

შარდზე შეიძლება ბაქტრიოლოგიური ანალიზის ჩატარებაც, რაც ინფექციის გამომწვევის სახეობის დადგენაში გვეხმარება. ამ ანალიზის პასუხს ეყრდნობა შემდგომ მკურნალობის გეგმა.

გამოკვლევის პერიოდში პაციენტი არ უნდა იღებდეს ანტიბიოტიკებს – ამ დროს ორგანიზმის ქიმიური შემადგენლობა განსხვავებულია და შედეგი შესაძლოა არაზუსტი აღმოჩნდეს. თუ ანტიბიოტიკოთერაპიას იტარებთ და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა დაგჭირდათ, ანალიზისთვის მასალის აღებამდე 2-3 დღით ადრე წამლისთვის თავის დანებება მოგიწევთ.

მწვავე გაურთულებელი ინფექციისა და ამბულატორიული მკურნალობის დროს ამ გამოკველვის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

საშარდე გზების გამოკვლევის კიდევ ერთი ინფორმაციული მეთოდია ცისტოსკოპია. ამ დროს ექიმს ცისტოსკოპი – კამერითა და ნათურით აღჭურვილი წვრილი მილი – შარდსადენი მილის გავლით შარდის ბუშტში შეჰყავს. ეს მას საშუალებას აძლევს, საკუთარი თვალით დაინახოს შარდის ბუშტის ლორწოვანის მდგომარეობა. ცისტოსკოპის მეშვეობით შეიძლება ლაბორატორიული ანალიზისთვის მასალის, ბიოპტატსი, აღებაც. ზოგიერთი მძიმე დაავადებისგან სგი-ს დიფერენცირებაში ბიოფსია ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევს.

აქტუალობას არ კარგავს კვლევის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა ექოსკოპია, რენტგენი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და სხვა.

 

როცა მიზეზი შარდის ბუშტშია

როგორც აღვნიშნეთ, ინფექციამ საშარდე სისტემის ნებისმიერ ორგანოში შეიძლება დაიდოს ბინა. თუ მიკრობებმა შარდის ბუშტს შეუტიეს, ვითარდება ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება (აქვე უნდა ითქვას, რომ გვხვდება, თუმცაღა იშვიათად, მედიკამენტით, სხივური თერაპიით ან გამაღიზიანებელი ჰიგიენური საშუალებით გამოწვეული ცისტიტიც; არსებობს მისი მეორეული, სხვა დაავადების ფონზე აღმოცენებული ფორმებიც).

ინფექციურ ცისტიტს ათიდან რვა შემთხვევაში ნაწლავის ჩხირი იწვევს. ეს ბაქტერია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ბინადრობს და ქალის სხეულის ანატომიური თავისებურებების გამო ადვილად ხვდება საშარდე სისტემაში. შედარებით იშვიათად შარდის ბუშტის ანთება კლებსიელათი, პროტეუსით, სტრეპტოკოკით ან სტაფილოკოკით ინფიცირების შედეგია. ბავშვებთან გვხვდება ადენოვირუსით გამოწვეული ინფექციაც. იშვიათია სოკოთი გამოწვეული ცისტიტი, რომელიც საშარდე სისტემის ანატომიურ დეფექტზე ან კათეტერიზაციის შედეგად განვითარებულ ინფექციაზე მიუთითებს.

ცისტიტის დროს წამყვანი სიმპტომებია დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში, ხშირი მტკივნეული შარდვა, ჰემატურია (სისხლიშარდში). უმეტესად მიკროჰემატურია დასტურდება – მდგომარეობა, როდესაც სისხლის უჯრედები შარდში მხოლოდ მიკროსკოპით ჩანს. მაკროჰემატურია, სისხლის მინარევი, რომელსაც შეუიარაღებელი თვალითაც შევამჩნევთ, უმეტესად ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის შედეგად განვითარებულ ცისტიტს ახასიათებს. ბავშვებთან დაავადებაზე მიუთითებს დღის განმავლობაში გამოვლენილი შარდვის შეუკავებლობა. მხოლოდ ღამის ენურეზი, წესისამებრ, ცისტიტს არ უკავშირდება.

 

საჭირო გამოკვლევები

შარდის საერთო ანალიზისა და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის გარდა ცისტიტის დიაგნოსტიკისთვის ექიმს შესაძლოა ცისტოსკოპიის ჩატარებაც დასჭირდეს. ერთჯერადი ცისტიტის დროს ცისტოსკოპია არ ტარდება – ის მაშინ არის რეკომენდებული, როცა სგი-ს მორეციდივე ხასიათი აქვს. დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის ტარდება რენტგენოლოგიური ან ულტრაბგერითი გამოკვლევაც, რომელიც ანთების სხვა მიზეზებს, მაგალითად, სიმსივნეს ან სტრუქტურულ ანომალიას, გამოავლენს.

ზოგჯერ ცისტიტი ნოზოკომიურია (ნოზოკომიური ან ჰოსპიტალური ეწოდება ინფექციას, რომელიც საავადმყოფოში წოლისას, უშუალოდ იქაურ გარემოში არსებული ფაქტორებით არის გამოწვეული). ასეთი ცისტიტი განსაკუთრებით ძნელი სამკურნალოა, რადგან ჰოსპიტალური შტამები ხშირად რეზისტენტულნი არიან არაჰოსპიტალური ინფექციისთვის მოწოდებული ანტიბიოტიკების მიმართ. ამ დროს მკურნალობის სქემა რამდენადმე იცვლება.

 

ნებაზე მიშვებული საშარდე გზების ინფექცია თირკმელებზე ვრცელდება და პიელონეფრიტს იწვევს, ამ უკანასკნელმა კი შესაძლოა თირკმლის შეუქცევად დაზიანებამდე მიგვიყვანოს. პიელონეფრიტის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს ბავშვებსა და ხანდაზმულებთან, რადგან ამ კონტინგენტთან გამოვლენილ სიმპტომებს ხშირად სხვა დაავადებას მიაწერენ ხოლმე.

 

პიელონეფრიტი

პიელონეფრიტი თირკმლის მენჯ-ფიალათა სისტემის ანთებაა. მისი განვითარების რისკი იმატებს სგი-ს და შარდგამომყოფი გზების სტრუქტურული ან ანატომიური პრობლემების დროს. შარდი, წესით, მხოლოდ ერთი მიმართულებით უნდა მოძრაობდეს – თირკმელებიდან შარდის ბუშტისკენ, მაგრამ როცა საშარდე გზები შევიწროებული ან დახშულია, შარდის ნაკადი იბლოკება. შესაძლოა, განვითარდეს რეფლუქსიც – შარდმა დინების საწინააღმდეგოდ იწყოს სვლა. ეს ყველაფერი პიელონეფრიტის განვითარებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის. დაავადება უმეტესად თავს იჩენს ბავშვებთან, ორსულებთან, ასევე – დიაბეტის ან იმუნიტეტის დაქვეითებით მიმდინარე სხვა დაავადებების ფონზე.

მწვავე პიელონეფრიტის წამყვანი სიმპტომებია წელის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, გულისრევა, ღებინება, შეშუპება. ორ წლამდე პიელონეფრიტი შესაძლოა მხოლოდ მაღალი ტემპერატურის ფონზე, საშარდე სისტემასთან დაკავშირებული სიმპტომების გარეშე წარიმართოს, მათ მაგივრად კი ცნობიერების დარღვევამ, უწესრიგო საუბარმა ან ჰალუცინაციებმა იჩინოს თავი.

შორს წასული ფორმების დროს და არასათანადო მკურნალობის ფონზე საქმე შესაძლოა თირკმელების ქრონიკულ დაავადებამდე, მაღალ არტერიულ წნევამდე და თირკმლის უკმარისობამდე მივიდეს. იშვიათი, მაგრამ ძალზე მძიმე გართულებაა სეფსისი, რომელიც ვითარდება მაშინ, როცა ინფექცია სისხლში იჭრება.

 

ურეთრიტი

თუ ბაქტერიები უკანა გასავლიდან ურეთრაში გადავიდნენ და იქ გამრავლდნენ, ვითარდება ურეთრიტი – შარდსადენის ანთება. ვინაიდან ქალის შარდსადენი საშოსთან ახლოსაა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: ჰერპესი, გონორეა, ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, – ასევე შეიძლება ურეთრიტის მიზეზად იქცეს. ინფიცირებულ პარტნიორთან სქესობრივი კონტაქტის დროს გამომწვევები ადვილად აღწევენ შარდსადენ მილში.

ურეთრიტის მთავარი სიმპტომი მოშარდვის თანმხლები დისკომფორტია. ტკივილი და შარდვის გახშირება უფრო იშვიათად ვლინდება. ურეთრიტის მსგავსი ნიშნები ვაგინალურ ინფექციასაც ახასიათებს. ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მეტყველებს გამონადენის არსებობა. თუ გამონადენი არ შეინიშნება, სასქესო ორგანოების ინფექცია ნაკლებსავარაუდოა. მამაკაცებთან გამონადენს იწვევს გონორეა და ქლამიდიოზი. გონოკოკური ინფექციის დროს გამონადენი მომწვანო-მოყვითალოა, არაგონოკოკური წარმოშობის ინფექციის შემთხვევაში კი გამჭვირვალე.

შარდსადენის ნებაზე მიშვებული ინფექცია შესაძლოა გართულდეს სტრიქტურით – შარდსადენის შევიწროებით (მის შესახებ დაწვრილებით ქვემოთ გესაუბრებით), ეს კი, თავის მხრივ, ზრდის რისკს, ინფექცია შარდის ბუშტსა და თირკმელებზეც გავრცელდეს. გონორეული ინფექციის დროს ურეთრის ირგვლივ ზოგჯერ ჩირქი გროვდება – წარმოიქმნება აბსცესი, რომელმაც შესაძლოა დივერტიკული, ურეთრის კედლის გამოდრეკა, გამოიწვიოს. თუ აბსცესმა კანი, საშო ან სწორი ნაწლავი გახვრიტა, შარდი ახალი, აბნორმალური გზით იწყებს გამოყოფას.

 

რას ველოდეთ?

საშარდე გზების ინფექციის დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში გართულებები იშვიათია, ნებაზე მიშვებული ინფექციის შესახებ კი იმავეს ვერ ვიტყვით. თუ საშარდე სისტემის ჩივილებს ყურადღება არ მივაქციეთ ან მკურნალობა ბოლომდე არ მივიყვანეთ, მოსალოდნელია:

* მორეციდივე ინფექციის ჩამოყალიბება (ალბათობა განსაკუთრებით დიდია ქალებთან, რომლებსაც სგი-ს სამი ან მეტი ეპიზოდი აქვთ გადატანილი);

* თირკმელების თანდათანობითი დაზიანება;

* ორსულებთან – მცირე წონის ან დღენაკლული ახალშობილის დაბადება;

* ურეთრის სტრიქტურა;

* სეფსისი, განსაკუთრებით – თუ ინფექცია შარდის ბუშტის ზემოთ გავრცელდა.

 

მკურნალობა

ვინაიდან გამომწვევი უმეტესად ბაქტერიაა, საშარდე გზების ინფექციას, წესისამებრ, ანტიბიოტიკებით  მკურნალობენ (ცხადია, მას შემდეგ, რაც ინფექციის ბაქტერიული ბუნება დადასტურდება), ანტიბიოტიკის სახეობა და დოზა კი დაავადების სიმპტომების, სირთულისა და გამომწვევის ტიპის შესაბამისად ირჩევა.

გამოსავალი სგი-ის მიმიდინარეობასა და ჯერადობაზეა დამოკიდებული. მსუბუქი ინფექციის დროს ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე სიმპტომები, წესისამებრ, რამდენიმე დღეში გაივლის, მიუხედავად ამისა, მედიკამენტის მიღება უნდა განაგრძოთ – სიმპტომების გაქრობა გამოჯანმრთელებას არ ნიშნავს. თუ მკურნალობის კურსს შეწყვეტთ, დაავადებისგან ბოლომდე ვერ განიკურნებით. ანტიბიოტიკებთან ერთად შესაძლოა დაგჭირდეთ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიღებაც.

 

თუ საშარდე გზების ინფექცია ხშირად გახსენებთ თავს, მკურნალობის კურსი რამდენადმე სხვაგვარი იქნება. ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ხანგრძლივი (რამდენიმეთვიანი) ანტიბიოტიკოთერაპია წამლის მცირე დოზებით.

ინფექციის მძიმე ფორმის დროს ხშირად საჭირო ხდება ანტიბიოტიკების ინტრავენური შეყვანა, რაც სტაციონარში კეთდება.

 

როგორ მოვიქცეთ?

არსებობს რეკომენდაციები, რომელთა დაცვა დაავადების მიმდინარეობას შეამსუბუქებს და თავს უკეთ გაგრძნობინებთ.

მკურნალობის პროცესში:

* სვით ბევრი წყალი – ის შარდს აზავებს და ბაქტერიების გამორეცხვას უწყობს ხელს;

* ერიდეთ სითხეებს, რომლებიც შარდის ბუშტს აღიზიანებს – ყავას, სხვა კოფეინიან სასმელებს, ალკოჰოლიან სასმელებს, ციტრუსის წვენს;

* გამოიყენეთ თბილი სათბური.

 

სანამ განვითარდება

დაავადების პრევენცია უმთავრესად დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით – წყლის, მიღებას გულისხმობს. რაც მეტ წყალს დალევთ, მით ხშირად მოშარდავთ და შესაძლოა, ბაქტერიები მანამდე გამოდევნოთ ორგანიზმიდან, სანამ მტკიცედ მოიკიდებენ ფეხს. გარდა ამისა, დაიცავით შემდეგი წესები:

* ინტიმური ადგილები ჩაიბანეთ წინიდან უკუმიმართულებით – ეს ანალურ მიდამოში მობინადრე ბაქტერიების საშოსა და შარდგამომყოფ არხში მოხვედრას შეუშლის ხელს;

* სქესობრივი აქტის შემდეგ დაიცალეთ შარდის ბუშტი;

* ინტიმური ადგილები ყოველდღე დაიბანეთ, მაგრამ ერიდეთ უხეშ მოძრაობებს;

* ერიდეთ პოტენციურად გამაღიზიანებელი ჰიგიენური თუ კოსმეტიკური საშუალებების ინტიმური ადგილებისთვის გამოყენებას;

* აბაზანის ნაცვლად მიიღეთ შხაპი;

* ნუ შეიკავებთ შარდს, მოშარდეთ, როგორც კი სურვილი გაგიჩნდებათ. შარდის ბუშტის რეგულარული და სრული დაცლა ინფექციის რისკს ამცირებს.

 

ავადმყოფობა მკურნალობის შედეგად

რა სამწუხაროც უნდა იყოს, საშარდე გზების ინფექციის მიზეზთა შორის არცთუ უმნიშვნელო ადგილი უკავია სამედიცინო მანიპულაციებს. უპირველეს ყოვლისა, შარდის ბუშტის კათეტერიზაციას. ვინაიდან ამ პროცედურას უმიზეზოდ არავინ იტარებს, შესაძლოა, ისე გამოვიდეს, რომ ერთი პრობლემის მოსაგვარებლად ჩატარებულმა მანიპულაციამ სხვა პრობლემით დაგასაჩუქროთ.

შარდის კათეტერი დრენაჟული მილია, რომელიც შარდის ბუშტში იდგმება და სხეულის გარეთ შემგროვებელ სისტემას უერთდება. ამ სისტემაში გროვდება შარდი. კათეტერიზაცია საავადმყოფოს პირობებში სგი-ს ხელშემწყობ ყველაზე სახიფათო ფაქტორად მიიჩნევა – როცა კათეტერიზაცია 10 დღეზე მეტხანს გრძელდება, ინფექციის ალბათობა 70-80%-მდე იმატებს.

კათეტერდამოკიდებული საშარდე გზების ინფექცია მაშინ ვითარდება, როდესაც კათეტერთან ერთად საშარდე სისტემაში მიკრობებიც აღწევენ, ამიტომ კათეტერი მხოლოდ აუცილებლობისას და რაც შეიძლება მცირე ხნით უნდა იქნეს გამოყენებული, პროცედურის დროს მედპერსონალმა ზედმიწევნით დაიცვას ასეპტიკის წესები და, რაღა თქმა უნდა, სტერილური კათეტერი გამოიყენოს.

განსაზღვრული წესების დაცვა მოეთხოვებათ პაციენტებსაც, მაგალითად:

* თუ ხანგრძლივი გამოყენების კათეტერით სარგებლობთ, დაიბანეთ ხელები მის ყოველ შეხებამდე და შეხების შემდეგ;

* არ მოქაჩოთ, არ გაჭიმოთ, არ დაგრიხოთ მილი;

* რეგულარულად ამოწმეთ შარდის ტომრის მდებარეობა – ის ყოველთვის შარდის ბუშტის დონეზე ქვემოთ უნდა იყოს.

 

შარდის ბუშტის პრობლემები

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რატომ ეწოდა შარდის ბუშტს ეს სახელი. ყველა პრობლემა სწორედ მაშინ იწყება, როცა ეს ორგანო ბუშტის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

შარდის ბუშტის ყველაზე გავრცელებული პრობლემებია:

* ცისტიტი – მის შესახებ უკვე ვისაუბრეთ საშარდე გზების ინფექციების განხილვისას და ვახსენეთ ისიც, რომ შარდის ბუშტის ანთება შესაძლოა არაინფექციური წარმოშობისა იყოს;

* შარდის შეუკავებლობა – შარდის ბუშტზე კონტროლის დაკარგვა;

* ინტერსტიციული ცისტიტი – შარდის ბუშტის ქრონიკული ანთება;

* შარდის ბუშტის კიბო.

 

უსიამოვნო დაბრუნება ბავშვობაში

შარდის ბუშტის დაავადებებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ შარდის შეუკავებლობა – მდგომარეობა, როდესაც ბუშტი შემკავებელ ფუნქციას ვეღარ ასრულებს და შარდს უკონტროლოდ მოძრაობის საშუალებას აძლევს. საინტერესოა, რომ ამაში ყოველთვის შარდის ბუშტის პათოლოგიას არ მიუღძვის ბრალი.

შარდის შეუკავებლობა თავისთავად არ არის დაავადება – ეს მდგომარეობაა, რომლის მიღმა “ნამდვილი” პრობლემა იმალება, ამიტომ ამ სიმპტომის აღმოცენებისას მთავარი საზრუნავი დამალული დაავადების პოვნაა. უცნაური მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს შესაძლოა სულაც არ იყოს საშარდე გზების დაავადება და “დამალობანას თამაში” მთელ ორგანიზმში მოგვიხდეს.

შარდის შეუკავებლობა არცთუ უმნიშვნელო პრობლემაა. თავად განსაჯეთ – თუ წარმოიდგენთ, რომ სიცილის, ცემინების, ხველების დროს შესაძლოა საცვალი დაგისველდეთ, იოლად მიხვდებით, რა უხერხულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეთ ნებაზე მიშვებული ავადმყოფობის გამო.

აუცილებლად მიდით ექიმთან. თქვენი გასაჭირის შესახებ საუბრისა ნუ მოგერიდებათ. უროლოგები ამ სიმპტომს კარგად იცნობენ და გამონაკლისად ნამდვილად არ ჩაგთვლიან. ცხოვრების წესის შეცვლა და მედიკამენტური მკურნალობა ხშირად საერთოდ აღმოფხვრის, უკიდურეს შემთხვევაში კი საგრძნობლად ამსუბუქებს პრობლემას.

შარდის უნებლიე გამოყოფა ზოგჯერ იშვიათი და უმნიშვნელოა, ზოგი კი პამპერსის შეძენაზე ფიქრობს... განასხვავებენ შარდის შეუკავებლობის შემდეგ ტიპებს:

* სტრესულს. შარდი გამოიყოფა, როდესაც შარდის ბუშტს დიდი წნევა აწვება, მაშასადამე, მაღალი წნევა იქმნება მუცლის ღრუში. ასეთი რამ ხდება ცემინების, ხველების, სიცილის, ფიზიკური დატვირთვის, მძიმე საგნის აწევის დროს.

* ურგენტულს. ავადმყოფს აღენიშნება მოშარდვის უეცარი, ძლიერი, იმპერატიული სურვილი, რასაც შარდის უნებლიე გამოყოფა მოსდევს. სურვილი იმდენად მძლავრია, რომ უმეტესობა ვერც კი ასწრებს ტუალეტამდე მისვლას. ეს სიმპტომი შესაძლოა შედარებით მარტივ პრობლემას – საშარდე გზების ინფექციასაც ახლდეს თან, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, მიზეზი უფრო სერიოზული იყოს, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან ნევროლოგიური დარღვევა.

* გადავსებითს. ამ დროს ავადმყოფი გრძნობს შარდის ხშირ ან მუდმივ გამოყოფას. ბუშტი ბოლომდე არ იცლება.

* ფუნქციურს, თუ ტუალეტამდე დროულად მისვლაში ხელს ჯანმრთელობის მდგომარეობა ან ასაკი გიშლით.

* შერეულს, როცა შეუკავებლობა ერთზე მეტი სახისაა.

გახსოვდეთ, შარდმდენი ეფექტი აქვს ზოგიერთ სასმელს, საკვებსა და მედიკამენტს. ალკოჰოლი, ყავა, გაზიანი სასმელები, ხელოვნური დამატკბობლები, შაქრითა და მჟავათი მდიდარი პროდუქტები, სედაციური, გულის კუნთის შეკუმშვასა და წნევაზე მოქმედი მედიკამენტები, ბ და ც ჯგუფის ვიტამინების დიდი დოზები, მიორელაქსანტები – ეს ყველაფერი ერთად და თითოეული ცალ-ცალკე შესაძლოა შარდის შეუკავებლობის მიზეზად იქცეს.

შარდის შეუკავებლობა, როგორც აღვნიშნეთ, ყოველთვის საშარდე გზების დაავადებაზე არ მიუთითებს. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს შეკრულობით, ორსულობით, მენოპაუზით, ჰისტერექტომიით, პროსტატის გადიდებით, ახალწარმონაქმნით, რომელიც შარდის ბუშტს აწვება, გაფანტული სკლეროზით, პარკისონის დაავადებით, ინსულტით, თავის ტვინის სიმსივნით და სხვა.

შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდ იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებს შარდის ბუშტის აქტიურობას, ზრდის ტევადობას და ერთ ჯერზე მოშარდული შარდის რაოდენობას. შედეგიანია შარდის ბუშტის ვარჯიშიც, რომლის წესებსაც უროლოგი გაგაცნობთ. ამ მეთოდების უეფექტობის შემთხვევაში შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც დაგჭირდეთ.

 

ინტერსტიციული ცისტიტი

ინტერსტიციული ცისტიტი შარდის ბუშტის ქრონიკული ანთებაა. ამ დროს შარდის ბუშტის კედელი წითელი და მტკივნეულია. ანთებამ შესაძლოა ბუშტის დანაწიბურება ან რიგიდულობა – გაფართოებს უნარის შემცირება – გამოიწვიოს. ზოგჯერ შარდის ბუშტის კედლებიდან სისხლიც დის.

ინტერსტიციულ ცისტიტზე მიუთითებს:

* მოშარდვის უეცარი დაუოკებელი მოთხოვნილება როგორც დღისით, ასევე ღამით;

* ზეწოლის, ტკივილის შეგრძნება შარდის ბუშტის საპროექციო მიდამოსა და შორისში (შარდის ბუშტის ავსებასთან ერთად ტკივილი ძლიერდება);

* შარდის ბუშტის ტევადობის შემცრება;

* ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;

* დისკომფორტი ან ტკივილი სასქესო ასოს მიდამოში.

ქალებს სიმპტომები უმწვავდებათ მენსტრუაციამდელ პერიოდში. სიმპტომებს ამძიმებს სტრესიც, თუმცა მათ მიზეზს არ წარმოადგენს.

 

ვის ემუქრება?

დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შარდის ბუშტის ლორწოვანის დეფექტი, ვინაიდან სწორედ ეს გარსი იცავს ბუშტის კედლებს შარდის ტოქსიკური ზემოქმედებისგან. სხვა ხელშემწყობი ფაქტორებია აუტოიმუნური პროცესები და შარდის ბუშტის კედელში ჰისტამინწარმომქმნელი უჯრედების რაოდენობის ზრდა.

დიაგნოსტიკა უმეტესად ცისტოსკოპიურ გამოკვლევას ეფუძნება. ინტერსტიციული ცისტიტის ეტიოტროპული (გამომწვევ მიზეზზე მოქმედი) მკურნალობა არ არსებობს, მდგომარეობის შემსუბუქებასა და აღკვეთაში კი ქვემოთ ჩამოთვლილთა კომბინაცია დაგეხმარებათ:

* დიეტა – ალკოჰოლისგან, მჟავე პროდუქტებისგან თავის შეკავება;

* მოწევისთვის თავის დანებება;

* შარდის ბუშტის გაგანიერება (ნარკოზის ფონზე შარდის ბუშტს აირით ან სითხით ავსებენ, რაც კედლების გაჭიმვას იწვევს. მანიპულაციის შემდეგ შარდის ბუშტს მეტი შარდის დატევა შეუძლია. შესაძლოა, გაქრეს ტკივილიც);

* მედიკამენტები – იყენებენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, რომლებიც შარდის ბუშტის კედელში ჰისტამინის რაოდენობას ამცირებს. შესაძლოა, მოგიხდეთ ამიტრიპტილინი – ის ტკივილსა და სპაზმებს ბლოკავს, ხოლო ისეთი მედიკამენტი, როგორიცაა პენტოზან-პოლისულფატი, ბუშტის კედელს შარდის ტოქსიკური ზემოქმედებისგან იცავს;

* შარდის ბუშტის ინსტილაცია – შარდის ბუშტს კათეტერის საშუალებით თხევადი მედიკამენტით ავსებენ. წამალს 15 წუთით აჩერებენ შარდის ბუშტში, მერე კი ის შარდთან ერთად გამოიყოფა. პროცედურა 6-8 თვის განმავლობაში ორ კვირაში ერთხელ ტარდება. საჭიროების შემთხვევაში კურსი შესაძლოა გამეორდეს.

 

შარდის ბუშტის კიბო

სტატისტიკური მონაცემებით, შარდის ბუშტის კიბო უმთავრესად 40 წელს გადაცილებული მამაკაცების ხვედრია. ავთვისებიანი დაავადების განვითარებას ხელს უწყობს თამბაქოს წევა, შარდის ბუშტის ქრონიკული ინფექცია, შისტოსომოზი (ჭია შისტოსომათი ინვაზია), ზოგიერთი მედიკამენტი და ქიმიური ნივთიერება.

კიბოს ყველაზე ტიპობრივი სიმპტომი ჰემატურიაა. მას ხშირად ინტერვალური ხასიათი აქვს – პერიოდულად იჩენს თავს. შარდიდან სისხლიანი მინარევის გაქრობა პაციენტს გამოჯანმრთელების ნიშანი ჰგონია, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ სიმპტომი ქრება, სიმსივნე კი ზრდას განაგრძობს. პროცესის პროგრესირების კვალდაკვალ ირღვევა შარდის ბუშტის ფუნქცია – წარმოიშობა დიზურიული მოვლენები, დისკომფორტი, ტკივილი შარდვის დროს. ზოგჯერ ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაშიც შეინიშნება. შესაძლოა, სწორ ნაწლავსა და სათესლეებზეც გავრცელდეს.

შემთხვევათა უმეტესობაში შარდის ბუშტის კიბო ვითარდება ყველაზე ღრმა ფენიდან, რომელიც გარდამავალი ეპითელიუმით არის ამოფენილი. ამ უჯრედებიდან დაწყებულ კიბოს უროთელიური კარცინომა, იგივე გარდამავალუჯრედოვანი კიბო ეწოდება. ასეთივე უჯრედები არის თირკმელებში, შარდსაწვეთსა და ურეთრაშიც, ამიტომ შარდის ბუშტის კიბოს ზოგჯერ ამ ორგანოების ავთვისებიანი დაავადებაც ახლავს თან.

არსებობს ბრტყელუჯრედოვანი კიბოც. აშშ-ში შარდის ბუშტის კიბოს შემთხვევათა მხოლოდ 1-2%-ია ამ ტიპისა. მიკროსკოპით დათვალიერებისას ასეთი უჯრედები კანის ზედაპირზე არსებულ უჯრედებს მოგვაგონებს. ფაქტობრივად, ყველა ბრტყელუჯრედოვანი კიბო ინვაზიურია, მაშასადამე, ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ჩაზრდის უნარი ახასიათებს.

შემთხვევათა 1% ადენოკარცინომის წილად მოდის. ასეთ უჯრედებს ბევრი საერთო აქვთ სწორი ნაწლავის უჯრედებთან. ადენოკარცინომაც თითქმის ყოველთვის ინვაზიურია.

მცირე კარცინომა 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში აღირიცხება. სიმსივნური პროცესი სათავეს ნერვული, ე.წ. ნეიროენდოკრინული უჯრედებიდან იღებს. სიმსივნეს სწრაფი ზრდა ახასიათებს.

სარკომა შარდის ბუშტის კუნთოვანი უჯრედებიდან იწყება. კიბოს ეს ფორმა საკმაოდ იშვიათია.

არაინვაზიური ეწოდება კიბოს, რომელიც მხოლოდ ლორწოვან და ლორწოსქვეშა გარსებს მოიცავს და ღრმა ქსოვილებში არ არის ჩაზრდილი. ასეთი ფორმები კარგად ექვემდებარება მკურნალობას. სიმსივნის მოცილება ენდოსკოპიური მეთოდითაც შესაძლებელია. ინვაზიური კიბოს შემთხვევაში ავთვისებიანი პროცესი კუნთოვან გარსზეც ვრცელდება. ეს ფორმა უფრო რთული სამკურნალოა და ხშირად რადიკალური მეთოდების გამოყენებას მოითხოვს.

პროცესის პროგრესირებასთან ერთად სიმსივნე შარდის ბუშტის საზღვრებს სცდება და სხვა ქსოვილებში იდებს ბინას. პირველი "თავშესაფარი" ლიმფური ჯირკვლებია. რაც უფრო მეტად შეეჩვევა სტუმარი ახალ სახლს, მით უფრო გულღიად ეპატიჟებიან მას სხვა ორგანოებიც. ყველაზე მეტი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან ძვლები, ფილტვები და ღვიძლი.

დაავადების დიაგნოსტიკის მთავარი მეთოდი ცისტოსკოპიაა. ცისტოსკოპით ექიმი უშუალოდ ათვალიერებს ბუშტს, შეისწავლის სიმსივნის ფორმას, ზომას... აუცილებლად ტარდება ბიოფსიაც სიმსივნის ტიპისა და სტადიის დასადგენად. მკურნალობა ავთვისებიანი პროცესის ხარისხზეა დამოკიდებული. თუ ადრეულ ეტაპზე ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციის ჩატარებაა მიზანშეწონილი, გვიან სტადიებზე ორგანოს შენარჩუნება ფაქტობრივად შეუძლებელია. საჭიროებისამებრ ინიშნება ქიმიური და სხივური თერაპია.

 

 

 

უკანასკნელი რგოლის გასაჭირი

საშარდე სისტემის უკანასკნელი რგოლი შარდსადენია. მამაკაცებს ურეთრა უფრო გრძელი აქვთ. ის სასქესო ასოს გაივლის და შარდთან ერთად სპერმის ტრანსპორტირებასაც ახდენს. ქალის შარდსადენი მოკლეა და საშოს ოდნავ ზემოთ იხსნება. ურეთრის პრობლემები სიბერის, დაავადების ან ტრავმის შედეგია. მათ ჩამონათვალში შედის:

* ტრავმული დაზიანება;

* სტრიქტურა – შარდსადენი მილის შევიწროება;

* ურეთრიტი – შარდსადენი მილის ანთება;

* კიბო.

 

ურეთრის ტრავმა

ურეთრის ტრავმა უმეტესად მამაკაცებთან გვხვდება. მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზი მენჯის მოტეხილობაა. ურეთრა შესაძლოა დაზიანდეს იატროგენული გზითაც – საშარდე გზებზე ქირურგიული ჩარევის ან კათეტერიზაციისა თუ ცისტოსკოპიის დროს. ძალზე იშვიათად ადამიანმა შესაძლოა თავის თავს თვითონვე მიაყენოს ტრავმა, თუ გაუგებარი მიზეზით შარდსადენში რაიმე სხეულის მოთავსება გადაწყვიტა.

ტრავმა ზოგჯერ ჰემატომით შემოიფარგლება, ზოგჯერ კი ირღვევა ლორწოვანი გარსის მთლიანობა, რაც ირგვლივ მდებარე ქსოვილებში შარდის ჩაღვრას და ინფექციის განვითარებას უწყობს ხელს.

 

სიმპტომები და დიაგნოსტიკა

შარდსადენი მილის ტრავმის ტიპობრივი ნიშანია სისხლის არსებობა ასოს თავზე (მამაკაცებთან) ან საშარდე ხვრელის მიდამოში (ქალებთან). სისხლი შეინიშნება შარდშიც. შარდვა ძნელდება და მტკივნეული ხდება. სხვა სიმპტომების გაჩენა გართულებაზე მეტყველებს. ერთ-ერთი გართულება გარემომცველ ქსოვილებში შარდის ჩაღვრა და ამით გამოწვეული ინფექციაა. ზოგჯერ შარდსადენის დაზიანების ადგილი ვიწროვდება ან საერთოდ იხშობა, სასქესო ასოს ნერვებისა და სისხლძარღვების დაზიანების გამო კი ერექციული დისფუნქცია იჩენს თავს. ტრავმის გართულებაა შარდის შეუკავებლობაც.

დიაგნოზს კვლევის სპეციფიკური მეთოდის – რეტროგრადული უროგრაფიის საშუალებით სვამენ. კონტრასტული ნივთიერება საშარდე გზებში შეჰყავთ და შემდეგ რენტგენის სურათს იღებენ. შესაძლოა, საჭირო გახდეს ცისტოსკოპიაც.

 

რით ვუშველოთ?

თუ ტრავმა შარდვის გაჟონვას არ იწვევს, ექიმი ურეთრაში რამდენიმე დღით კათეტერს ჩადგამს, სანამ საშარდე გზა შეხორცდება და აღდგება. ურეთრის გახევის შემთხვევაში კი შარდმა შარდსადენში არ უნდა შეაღწიოს, ამიტომ ისეთ კათეტერს იყენებენ, რომელიც შარდის ბუშტიდან უშუალოდ კანზე, მუცლის ქვედა ნაწილში იხსნება. ანთებისა და ყველა დაზიანების მკურნალობის შემდეგ ტარდება ქირურგიული ოპერაცია. იშვიათად გახეული ურეთრა ქირურგიული ჩარევის გარეშეც ხორცდება. ოპერაციის სახეობა დაავადების სიმძიმის მიხედვით შეირჩევა.

 

შევიწროებული მილები

სტრიქტურა შარდსადენი მილის შევიწროებაა. ის დაბრკოლებას უქმნის შარდის ნაკადს და, როგორც უკვე ითქვა, შესაძლოა, ინფექციისა და ანთების მიზეზად იქცეს.

სტრიქტურა შესაძლოა გამოიწვიოს უროლოგიურმა პროცედურამ, კათეტერის პერიოდულმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ, საშარდე გზების ან მენჯის ტრავმამ, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანმა ჰიპერპლაზიამ ან ამ ორგანოზე ჩატარებულმა ოპერაციამ, პროსტატის ან შარდსადენის სიმსივნემ, სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებამ.

ურეთრის სტრიქტურა უმეტესად მამაკაცებთან გვხვდება. მასზე მიუთითებს:

* შარდის ნაკადის უეცარი ან თანდათანობითი შესუსტება;

* შარდის გამოჟონვა;

* შხეფებად შარდვა;

* ტკივილი შარდვისას;

* ხშირი შარდვა;

* სისხლიანი ან სხვაგვარი გამონადენი სასქესო ასოდან;

* მენჯის ან მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი.

დაავადების მკურნალობა სხვადასხვა მანიპულაციის საშუალებით სტრიქტურის გაგანიერებასა და შარდსადენი მილის გამავლობის აღდგენას გულისხმობს. ჩარევის სახეობა ინდივიდუალურად შეირჩევა პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

 

შარდსადენის კიბო

შარდსადენის კიბო ავთვისებიანი სიმსივნის იშვიათი ფორმაა. ის უმეტესად მამაკაცებთან გვხვდება. დაავადება საშარდე გზების ამომფენი უჯრედებისგან ვითარდება. იმის მიხედვით, რომელი უჯრედებია ჩართული პათოლოგიურ პროცესში, განასხვავებენ კიბოს რამდენიმე ტიპს. ყველაზე ხშირად აღირიცხება გარადამავალუჯრედოვანი კიბო. მას მოსდევს ბრტყელუჯრედოვანი კიბო და ადენოკარცინომა.

სიმსივნე სწრაფად მეტასტაზირებს ურეთრის გარემომცველ ქსოვილებში და იმ დროისთვის, როცა მისი დიაგნოზი ისმება, ხშირად უკვე ადგილობრივ ლიმფურ კვანძებზეა გავრცელებული.

 

რისკფაქტორები

დაავადების წარმოშობაზე გავლენას ახდენს შარდის ბუშტის კიბოს ისტორია. სხვა რისკფაქტორებს მიეკუთვნება საშარდე გზების ხშირი ინფექცია და სქესობრივი გზით გადამდები (განსაკუთრებით – პაპილომავირუსით გამოწვეული) დაავადებები.

 

ვეძებთ კიბოს

ადრეულ სტადიაზე დაავადება ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, გამოვლენის შემდეგ კი მისი ძირითადი სიმპტომები სისხლდენა და შარდვის დარღვევაა. ეს სიმპტომები შესაძლოა სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული, ამიტომ, ცხადია, კვლევის ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული მეთოდების გარეშე დაავადების დიანოზს არ სვამენ.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ უჩივით:

* შარდვის გაძნელებას;

* შარდვას სუსტი ან წყვეტილი ნაკადით;

* ხშირ შარდვას, განსაკუთრებით – ღამღამობით;

* შარდის შეუკავებლობას;

* გამონადენს;

* სისხლდენას ან სისხლიან შარდს;

* შორისის ან ასოს შეშუპებას ან შესივებას;

* ამოზნექილობას ან სიმსივნეს.

კიბოს ოპერაციით მკურნალობენ. ქირურგიული ჩარევის საკითხი იმის მიხედვით წყდება, რამდენად ღრმადაა გავრცელებული სიმსივნე და რამდენადაა მოდებული საშარდე გზების ირგვლივ მდებარე ქსოვილებს. ზოგჯერ შესაძლებელია მხოლოდ სიმსივნური ქსოვილების მოცილება, ზოგჯერ კი, სამწუხაროდ, ამა თუ იმ ორგანოს ამოკვეთა გარდაუვალია.

 

ქვები საშარდე გზებში

 

შარდკენჭოვანი დაავადება საშარდე სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ის შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მცირეწლოვან ბავშვსაც კი. შარდკენჭოვანი დაავადება იწვევს მტკივნეულ შეტევებს და ძალზე აქვეითებს შრომის უნარს, რის შედეგადაც ავადმყოფი სოციალურ პრობლემებსაც ეჯახება.

შარდკენჭოვანი დაავადების შორს წასულმა ფორმებმა შესაძლოა ძლიერი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას – გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და ლეტალური შედეგიც კი.

 

ასე დაგვიხასიათა შარდკენჭოვანი დაავადება „ემ-ემ-ტე ჰოსპიტლის“ ექიმმა უროლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გურამ ქარაზნაშვილმა.

 

– შარდკენჭოვანი დაავადება, ისევე როგორც მისი მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ დაავადებად მიჩნევა, რადგან მის სამკურნალოდ თუ სადიაგნოსტიკოდ მრავალ თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებენ. თავად დაავადების შემთხვევებიც იმატებს, რის მიზეზადაც ასახელებენ ჭარბ წონას, შაქრიან დიაბეტს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და სხვა.

 

მიზეზები

– რა იწვევს საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნას?

– კალციუმი, ოქსალატები, ფოსფატები და ნივთიერებათა ცვლის სხვა პროდუქტები შარდთან ერთად გამოიყოფა. მათი კრისტალიზაციის შედეგად თირკმელში წარმოიქმნება კონკრემენტები. მცირე ზომის კრისტალები შარდთან ერთად უმტკივნეულოდ გამოიდევნება, დიდი კი საშარდე გზებში რჩება. ისინი სხვადასხვა შემადგენლობისაა, უმეტესად – კალციუმის შემცველი, უფრო ხშირად – კალციუმის ოქსალატის, შედარებით იშვიათად – კალციუმის ფოსფატის სახით. გარდა ამისა, არსებობს შარდმჟავა, ინფიცირებული ანუ ფოსფატური, ცისტინური კენჭები და სხვ.

ქვების წარმოშობას არაერთი მიზეზი აქვს. კალციუმის შემცველი ქვები შესაძლოა წარმოიქმნას პარათირეოიდული ჯირკვლის ადენომის არსებობისას. ადენომა პარათჰორმონის ჭარბ გამოყოფას, ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას და, ამის კვალობაზე, ქვების ჩამოყალიბებას იწვევს. ასევე გავრცელებული მიზეზებია კალციუმის ჭარბი შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კვებითი ფაქტორები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, თირკმლის მიერ კალციუმის გაძლიერებული კარგვა... ზოგჯერ კენჭები სიმსივნური დაავადების გამოვლენაა. სხვა მიზეზთაგან აღსანიშნავია შარდმჟავას ცვლის დარღვევა, ინფექცია (ზოგიერთი ბაქტერია საშარდე სისტემაში ქვების ჩამოყალიბებას განაპირობებს), ოჯახური ისტორია და სხვა.

ქვების წარმოშობას ხელს უწყობს სისხლძარღვოვანი და მენჯ-ფიალათა სისტემის ანომალიებიც, რომელთა გამოც კრისტალები დროულად ვერ ტოვებენ საშარდე გზებს.

 

თირკმლის ჭვალი

– თირკმლის ჭვალი, ტკივილი წელის ან შარდსაწვეთის მიდამოში, შარდკენჭოვანი დაავადების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. მას ძლიერი შეტევითი ხასიათი აქვს, შესაძლოა, შარდსაწვეთის მიდამოშიც გადაეცემოდეს. ტკივილი მაშინ წარმოიშობა, როდესაც კენჭი ახშობს თირკმლიდან გამოსასვლელ გზებს და შარდი გუბდება. ძლიერი შეტევითი ტკივილის მიზეზი კენჭის შარდსაწვეთში გაჭედვაა. აქვე აღვნიშნავ, რომ დიდი ზომის მარჯნისებური კენჭი მწვავე ტკივილს არ იწვევს. მისთვის წელის არეში ყრუ, ზომიერი ტკივილია დამახასიათებელი.

შეტევას შესაძლოა თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება და ღებინება, წვა, საშარდე გზების ინფექცია, რომელიც მაღალი ტემპერატურითა და შემცივნებით ვლინდება. ზოგჯერ კენჭი შარდში სისხლის შერევას იწვევს. სისხლიანი მინარევი ზოგჯერ შესამჩნევია (მაკროჰემატურია), ზოგჯერ კი მიკროსკოპის გარეშე შეუმჩნეველი (მიკროჰემატურია).

 

როგორ ადგენენ

– უმეტესად როდის იგებენ პაციენტები კენჭების არსებობის შესახებ – შემთხვევითი გამოკვლევისას თუ შეტევის დროს?

– ზოგჯერ რუტინული კვლევის დროსაც აღმოაჩენენ მცირე ზომის კენჭებს, რომლებიც თირკმელების ფიალებშია ფიქსირებული, არ მოძრაობენ და, შესაბამისად, არც ტკივილს იწვევს, მაგრამ დაავადების დიაგნოსტიკა, წესისამებრ, მაშინ ხდება, როდესაც პაციენტი ჭვალის გამო მიმართავს ექიმს.

დიაგნოსტიკის ყველაზე მარტივი საშუალება ექოსკოპიაა, თუმცა ხშირად გვჭირდება რენგენოლოგიური კვლევა, მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, ექსკრეტორული უროგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) კონტრასტირებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შარდის საერთო ანალიზიც.

– შესაძლოა თუ არა, ექიმს რენტგენნეგატიური კენჭების არსებობა გამოეპაროს?

– დიაგნოსტიკის თანამედროვე საშუალებების წყალობით კენჭების აღმოჩენა ნამდვილად არ არის ძნელი. რენტგენნეგატიური (რენტგენით გაშუქებისას უხილავი) კენჭები უმეტესად ურატებია. მათ წილად კენჭების 5% მოდის. ურატების აღმოსაჩენად გამოიყენება ექოსკოპია და ექსკრეტორული უროგრაფია – სურათის გადაღება საკონტრასტო ნივთიერების ფონზე. რენტგენოგრამაზე ავსების დეფექტი კენჭის არსებობაზე მიუთითებს. ამავე მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ კტ კონტრასტირებით.

 

ექიმთან მისვლამდე

– როგორ მოვიქცეთ ექიმთან მისვლამდე, თუ მოულოდნელად ჭვალმა შემოგვიტია?

– თუ ავადმყოფმა იცის, რა პრობლემაც აქვს, შეუძლია მიიღოს რომელიმე ტკივლგამაყუჩებელი, სპაზმის მომხსნელი ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი, მაგრამ თუ ტკივილსა და შეტევას თან ახლავს მაღალი სიცხე, შემთხვევა ურგენტულად მიიჩნევა და პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს სპეციალიზებულ სტაციონარს.

 

ყველაზე დამზოგველი

– თუ ჭვალს იწვევს შარდსაწვეთში ჩაჭედილი 5 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის კენჭი, ენდოსკოპიური ან ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის. ამ შემთხვევაში მკურნალობა კონსერვატიულად, მედიკამენტებით ტარდება. ამ ზომის კენჭი შარდის პასაჟს ისე ძლიერ არ შეაფერხებს, რომ თირკმელი დაზიანდეს. ამიტომ შეგვიძლია, კენჭის გამოსვლას დაველოდოთ, საჭიროების შემთხვევაში – ერთ თვემდეც კი.

ასევე მედიკამენტურად ვმკურნალობთ ურატულ, რენტგენუხილავ ქვებს. მათი დაშლა, ქემოლითოლიზი, სპეციფიკური მედიკამენტებით არის შესაძლებელი.

 

ლითოტრიფსია

– მკურნალობის დანარჩენი მეთოდებიდან ყველაზე ნაკლებინვაზიურია დარტყმით-ტალღოვანი დისტანციური ლითოტრიფსია. ის სპეციალური აპარატით ტარდება, რომელიც მექანიკურ ტალღებს გამოსცემს. ტალღები სხეულში ფართო ზედაპირიდან შედის და ტკივილსა და შესამჩნევ დისკომფორტს არ იწვევს, სხეულში კი მცირე ფოკუსში კონცენტრირდება და დამანგრეველ ძალას იძენს. სწორედ ამ ფოკუსში უნდა მოვაქციოთ კენჭი. ამ მეთოდის წყალობით კონკრემენტები ყოველგვარი გაკვეთის გარეშე, გარედან მიმართული ტალღებით იშლება. პროცედურისთვის საკმარისია ვენური ანესთეზია.

– ლითოტრიფსიის გამოყენება ყოველთვის შესაძლებელია?

– ლითოტრიფსიას აქვს როგორც ჩვენებები, ისე წინააღმდეგჩვენებებიც. კონკრემენტების პრობლემა მისი მეშვეობით ყოველთვის ვერ მოგვარდება. წინააღდეგჩვენებაა კენჭის ძალიან დიდი ზომა – ასეთი კონკრემენტის დაშლისას შესაძლოა ბევრი ნატეხი წარმოიქმნას და გართულებები გამოიწვიოს, ასევე – მრავლობითი კენჭი, ანატომიური ანომალია – საშარდე გზების გაუვალობა, ინფექცია, ზოგიერთი სახის არითმია, ჰიპოკოაგულაცია (სისხლის შედედების უნარის დაქვეითება) და სხვა. როდესაც დისტანციური ლითოტრიფსიის ჩატარება არ არის სასურველი, მკურნალობის სხვა მეთოდს ვიყენებთ.

 

სხვა მეთოდები

– მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდია ურეთერორენოსკოპია. ეს ენდოსკოპიური მეთოდია – შარდის ბუშტში, შარდსწვეთსა და თირკმელში გაკვეთის გარეშე, საშარდე მილის გავლით, შევდივართ, გზად კი თვალისმიერი კონტროლით ვშლით კენჭებს ელექტროკინეტიკური, ულტრაბგერითი, ლაზერული მეთოდთით ან მათი კომბინაციით.

თირკმლის შედარებით ძნელად დასაშლელი, დიდი ზომის კენჭებისთვის ვიყენებთ პერკუტანეულ ნეფროლითოტრიფსიას (PNL). ეს, არსობრივად, ქირურგიული ჩარევაა, ოღონდ ამ დროს თირკმელში შესასვლელად ერთსანტიმეტრიანი განაკვეთია საკმარისი. რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი კონტროლით ვაღწევთ ამ ორგანოში, ვქმნით ერთგვარ არხს, კანიდან ამ არხის გავლით თირკმელში შეგვაქვს ენდოსკოპი, ვპოულობთ ქვას, შესაბამისი მეთოდით ვშლით და მისი ფრაგმენტების ევაკუაციას ვახდენთ, ანუ სხეულიდან გამოგვაქვს.

იშვიათად, მაგალითად, მენჯ-შარდსწვეთის სეგმენტის შევიწროებისას, საჭირო ხდება კენჭების ლაპაროსკოპიული ლიკვიდაცია. ამ შემთხვევაში შარდსაწვეთის გამავლობას ლაპაროსკოპიული მეთოდით აღვადგენთ და კონკრემენტსაც გამოვიტანთ. ლაპაროსკოპიის გამოყენება შესაძლებელია დიდი ხნის, შარდსაწვეთში ჩაჭედილი კენჭის ამოსაღებადაც.

კიდევ უფრო იშვიათად, მეტისმეტად რთულ და შორს წასულ შემთხვევებში, ტარდება ღია ოპერაცია. უმეტესად – დიდი, 8-10-სანტიმეტრიანი (ან უფრო დიდი) მარჯნისებური კენჭის არსებობისას, რომელსაც მთლიანად უკავია თირკმლის მენჯ-ფიალათა სისტემა. ეს რთული ოპერაცია სპეციალური ტექნიკის ცოდნას მოითხოვს. სისხლძარღვების გადაკეტვის შემდეგ თირკმელი ლობიოს მარცვალივით გადაიხსნება; კონკრემენტს ამოვიღებთ, თირკმელს გავკერავთ და სისხლის მიმოქცევას აღვადგენთ.

ურეთრორენოსკოპია სპინალური ანესთეზიით ტარდება. დანარჩენი მეთოდების დროს ზოგადი ანესთეზიაა საჭირო.

 

პლუსები და მინუსები

– მკურნალობის მეთოდის არჩევისას მრავალ ფაქტორს ვითვალისწინებთ და პაციენტთან დისკუსიის გზით ვწყვეტთ, მისთვის რომელი მეთოდია უმჯობესი. ზოგჯერ ერთ პაციენტთან რამდენიმე მეთოდის გამოყენებაც გვიხდება, მაგალითად, დისტანციური ლითორტრიფსიისაც, ურეთრორენოსკოპიისაც და PNL-ისაც.

ყველა მეთოდს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ზოგი უფრო სწრაფი და ეფექტურია, ზოგი – ნაკლებინვაზიური და აგრესიული.

მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური ლითოტრიფსია თირკმლის შერყევის გამო ზოგჯერ სხვადასხვა ზომის სისხლჩაქცევებს იწვევს, ის მაინც ყველაზე არაინვაზიურ მეთოდად მიიჩნევა, მაგრამ თუ პროცედურა შესაბამისი სიმძლავრის აპარატით არ ჩატარდა, კენჭის დასაშლელად შესაძლოა რამდენიმე სეანსი გახდეს საჭირო.

გარდა ამისა, ამ მეთოდს, სამწუხაროდ, ვერ ვიყენებთ მსუქან აპციენტებთან, რადგან ტალღები 15 სმ-ზე ღრმად არ ვრცელდება.

ურეთერორენოსკოპიის დროს თირკმლის პარენქიმა არ ირყევა, სისხლჩაქცევა არ ვითარდება, მაგრამ პროცედურა უფრო ინვაზიურია, ზოგად ანესთეზიას მოითხოვს. მექანიკური ხახუნისა და თერმული გაღიზიანების გამო ის ადგილები, სადაც ხელსაწყო გაივლის, მომავალში შესაძლოა შევიწროვდეს, ამიტომ ამ ორ მეთოდს შორის არჩევანის დროს, თუ შესაძლებელია, უპირატესობას მაინც დისტანციურ ლითოტრიფსიას ვანიჭებთ, ხოლო როდესაც პნლ-სა და ღია ოპერაციას შორის გვიხდება არჩევანის გაკეთება, ვცდილობთ, მკურნალობა არ იყოს მეტისმეტად ძვირი – ჩვენს ქვეყანაში ხომ ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება. ძალიან დიდი ზომის კენჭების დაშლა პნლ-ის ერთი პროცედურით ზოგჯერ ვერ ხერხდება – საჭიროა განმეორებითი პროცედურა ან ლითოტრიფსიასთან მისი კომბინაცია.

ყოველივე ამის გამო მეთოდის არჩევის დროს პაციენტის აზრსაც ვითვალისწინებთ.

 

პრევენცია

– როგორ შეიძლება რეციდივის თავიდან აცილება და, საზოგადოდ, კენჭების წარმოქმნის პრევენცია?

– შარდკენჭოვან დაავადებას რეციდივი ახასიათებს, თუმცა რისკი ინდივიდუალურია, როდის განმეორდება, არ ვიცით. თუ დაავადების მიზეზს მივაგენით და პრობლემა მოგვარდა, – მაგალითად, მიზეზი აღმოჩნდა ინფექცია, შეკრულობა, შარდმჟავა დიათეზი (რომლის დროსაც ალოპურინოლს უნიშნავენ), – კენჭი აღარ წარმოიქმნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პროფილაქტიკის ეფექტიანობა კენჭის წარმოქმნის მიზეზზეა დამოკიდებული.

მთავარი რეკომენდაცია კი ყველასათვის ერთია: სითხის უხვი მიღება – დღე-ღამეში 2.5-3 ლიტრისა მაინც, თუ ამაში ჯანმრთელობის სხვა პრობლემა (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა) არ გვიშლის ხელს. მოცილებული კენჭების გამოსადევნად ასევე მეტად ეფექტურია წელიწადში ერთხელ მაინც საირმეში სანატორიული მკურნალობა.

 

მარი აშუღაშვილი

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: