შხამი, რომელიც კურნავს

გააზიარე:

“რასაც სიკვდილის გამოწვევა შეუძლია, მას განკურნების ძალაც შესწევს", – ამბობდა მე-16 საუკუნის მეცნიერი პარაცელსი. მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, კლინიკური ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე განმარტავს, რომ შხამს წამლისგან მხოლოდ დოზა განასხვავებს. ამიტომაც არის ერთმანეთთან ასე მჭიდროდ გადაჯაჭვული ტოქსიკოლოგია და ფარმაკოლოგია – როგორც ასკლეპიოსის კვერთხი და მასზე შემოხვეული გველი.

– შხამებს და მათ მომაკვდინებელ თვისებებს კაცობრიობა თავისი განვითარების დასაწყისშივე გაეცნო. შხამის გამოყენების შესახებ უძველესი ცნობები რომის იმპერიის ეპოქიდან მოგვეპოვება. რომაულ წყაროებში საუბარია დარიშხანზე, რომელსაც "მეფეების შხამს და შხამების მეფეს" უწოდებდნენ. ის სხვადასხვა ცილასთან ქიმიური კავშირების წარმოქმნით ორგანიზმში მოლეკულურ ქაოსს იწვევს.  ვინაიდან ამ შხამს არ გააჩნია ფერი, სუნი და გემო, მას აქტიურად იყენებდნენ ბორჯიები – საგვარეულო, რომელმაც ინტრიგებით და დანაშაულებით XVI საუკუნის იტალიაში უდიდესი ქონება და გავლენა მოიპოვა. XVII საუკუნეში იტალიელი ჰიერონიმა სპარა თავისივე დაარსებული საიდუმლო საზოგადოების წევრ ქალებს ასწავლიდა, როგორ მოეწამლათ დარიშხანით ქმრები, რომ ქონება მათ დარჩენოდათ.

საქართველოში უძველესი დროიდან ფლობდნენ წამლებისა და საწამლავების დამზადების ხელოვნებას, რასაც არგონავტების მითიც მოწმობს: სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეებიდან მედეა გამოყოფდა აქტიურ ნივთიერებებს და ამზადებდა წამლის შესაქმნელ კომპონენტებს – საწამლავებს.

– რას გვეტყვით შხამების სამკურნალო თვისებებზე?

– შხამების სამკურნალოდ გამოყენებასაც დიდი ხნის ისტორია აქვს. მართალია, დარიშხანი სახელგანთქმული შხამია, მაგრამ მას საუკუნეების განმავლობაში ხმარობდნენ წამლად. ქრისტეს შობამდე მეხუთე საუკუნეში ჰიპოკრატე დარიშხანით მკურნალობდა წყლულებს. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში კარგად ცნობილი Pი-შჰუანგ-ი სხვა არაფერი იყო, თუ არა დარიშხანის ტრიოქსიდი. იგივე შხამი გახლდათ მთავარი ინგრედიენტი 1786 წელს შექმნილი ფაულერის ხსნარისა, რომელსაც 150 წელზე მეტ ხანს, ასთმით დაწყებული, სიმსივნით დამთავრებული, ყოველგვარი დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. 1910 წელს დარიშხანის ნაერთი სიფილისის პირველი ეფექტური წამალი გახდა (მოგვიანებით ის პენიცილინმა შეცვალა). ამ ნივთიერების შემცველი კიდევ ერთი პრეპარატით, დონოვანის ხსნარით, ართრიტსა და დიაბეტს მკურნალობდნენ. ვიქტორიანული ეპოქის ქალბატონები დარიშხანს კოსმეტიკურ საშუალებად ხმარობდნენ. დღეს დარიშხანი და მისი ნაერთები ტრიპანოსომოზის, იმავე საღათას ძილის სამკურნალოდ გამოიყენება. 1890 წელს თანამედროვე მედიცინის მამად წოდებულმა კანადელმა ექიმმა უილიამ ოსლერმა დარიშხანი ლეიკემიის საუკეთესო წამლად დაასახელა. ის დღემდე რჩება ეფექტურ ქიმიოთერაპიულ საშუალებად დაავადების მწვავე ფორმების დროს.

ესპანეთში, საბერძენთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკასა და ეგვიპტეში აღმოჩენილი ყაყაჩოს პლანტაციის ნაშთები მოწმობს, რომ ოპიუმი ფართოდ იყო გავრცელებული და ფართოდაც იყენებდნენ ტკივილგამაყუჩებელ, ხველის შემამსუბუქებელ, დიარეის საწინააღმდეგო, სედაციურ, ეიფორიის გამომწვევ საშუალებად. ჯანმოს თანახმად, ოპიოიდური საშუალებები ყველაზე ეფექტურია კიბოთი და სხვა ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადებებით განპირობებული საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილის სამართავად, ტაბლეტირებული მორფინი კი მკურნალობის ოქროს სტანდარტია. თუმცა არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა ოპიოიდებზე დამოკიდებულება გამოიწვიოს, ამიტომ ეს ნივთიერებები საერთაშორისო კონტროლს ექვემდებარება და მათი გამოყენება მხოლოდ ექიმის ზედამხედველობით არის ნებადართული.

ისტორიული წყაროების თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ფართოდ წარმოებულ, გაყიდვად და მოხმარებად ნარკოტიკს, კანაფს, ჯერ კიდევ ძველ ინდოეთში დამზადებული წამლები შეიცავდა. თურქმენეთში, ძვ. წ. II ათასწლეულის სალოცავში, მისი შესანახი აუზია აღმოჩენილი. კანაფი არაერთ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით საინტერესოა დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი, რომელსაც ნარკოტიკული ზემოქმედება ახასიათებს და არანარკოტიკული კანაბიდიოლი –ახალაღმოჩენილი ნივთიერება, რომელმაც შედარებით მცირე ხნის წინ მიიპყრო მეცნიერთა ყურადღება და რომელზეც მედიცინა დიდ იმედებს ამყარებს.

ტეტრაჰიდროკანაბინოლი ეიფორიას იწვევს, განწყობას ამაღლებს. მას ეფექტურად იყენებენ ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენების, განსაკუთრებით – გულისრევისა და ღებინების, შესამსუბუქებლად. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ტეტრაჰიდროკანაბინოლი და სხვა კანაბინოიდები მადას ასტიმულირებს. ამიტომაც არის რეკომენდებული მათი გამოყენება შიდსის თანმხლები ანორექსიის სამკურნალოდ. დადასტურებულია ამ ნივთიერებათა დადებითი ეფექტი დეპრესიისა და აპათიის დროს. კანაფის კომპონენტების სამკურნალო მიზნით გამოყენება შედეგიანი აღმოჩნდა გლაუკომის ზოგიერთი ფორმის, მრავლობითი სკლეროზისა და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების დროსაც. ვარაუდობენ, რომ მომავალში მას სხვა ნარკოტიკულ\ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების სამკურნალოდაც გამოიყენებენ. კანაბიდიოლი პერსპექტიულად მიიჩნევა ბავშვთა ეპილეფსიის, დეპრესიის, ნევროზული რეესტრის დარღვევათა მკურნალობის კუთხით. აქტიურად მუშაობენ კანაფის ე.წ. სამედიცინო ჯიშების სელექციაზე, რომლებშიც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ნარკოტიკული ინგრედიენტის – ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა, ხოლო არანარკოტიკული კანაბიდიოლისა – გაზრდილი. ამასთან, სამედიცინო მარიხუანის მოხმარების არსი ის არის, რომ პაციენტმა ის დოზირებულად, ექიმის კონტროლით მიიღოს და მისი მავნე თანამოვლენები მაქსიმალურად აიცილოს თავიდან.

აქვე დავძენ, რომ, არსებული მონაცემების თანახმად, ჩვეულებრივი კანაფის სამკურნალო ეფექტი ჯერჯერობით ვერ გადაწონის მისი მოხმარებით გამოწვეულ ზიანს, ამიტომ მარიხუანის (და არა მისი კომპონენტების) გამოყენებას არ გვირჩევენ ისეთი კომპეტენტური სამედიცინო ორგანიზაციები, როგორებიც არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია.

– შეიძლება, წამალი საწამლავად იქცეს?

– ნებისმიერი ნივთიერების ჭარბ დოზას შეუძლია, გამოიწვიოს მოწამვლა, ორგანიზმის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევა, და ლეტალურ შედეგამდე მიგვიყვანოს. ეს ეხება არა მხოლოდ დარიშხანს, არამედ ერთი შეხედვით უწყინარ საკვებ დანამატებსაც. მაგალითად, A ვიტამინის სიჭარბე ღვიძლის დაზიანებას იწვევს, D ვიტამინისა – თირკმელებისას, წყლის გადაჭარბებულმა სმამ შეიძლება ჰიპონატრიემიამდე და თავის ტვინის, გულისა და კუნთების მუშაობის დარღვევამდე მიგვიყვანოს.

ორ-ნახევარი საუკუნის განმავლობაში გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოიყენებოდა საგულე გლიკოზიდები, მათ შორის – სათითურას კარდენოლიდები, რომელთა ძალიან მცირე დოზით მიღებისას იზრდება გულის შეკუმშვის ძალა, მცირდება გულის კუნთში იმპულსის გატარების სიჩქარე. დღეს საგულე გლიკოზიდებს უფრო იშვიათად, მხოლოდ განსაზღვრული ჩვენებით და დაავადების შორს წასულ შემთხვევებში იყენებენ, რადგან კარდენოლოდები ორგანიზმში გროვდება და შეუძლია, ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. საგულე გლიკოზიდებით მკურნალობა მხოლოდ ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით არის დასაშვები.

ქიმიური ფარმაკოლოგიური პრეპარატების გართულებებითა და თანმხლები მოვლენებით შეშინებული პაციენტები ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში ყოველთვის მცენარეულ წამლებს ამჯობინებენ. მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ ასეთი წამლები უვნებელია, ვინაიდან ბუნებრივი წარმოშობისაა. სინამდვილეში მცენარეული პრეპარატებით მკურნალობის თანმხლები მოვლენები და ამ პრეპარატებით მოწამვლის შემთხვევები აღრიცხული აქვს მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ტოქსიკოლოგიურ ცენტრს. მრავალი პრეპარატი შხამიანი მცენარეების გადამუშავების შედეგად მიიღება. მცირე დოზით ამ მცენარეთა შხამები ეფექტური სამკურნალო საშუალებებია (მორფინი, სტიგმინი, ატროპინი, ფიზოსტიგმინი და სხვა), მაგრამ მათი ზედოზირების შემთხვევაში ისევე შეიძლება მოვიწამლოთ, როგორიც ნედლი მცენარის ფოთლების, ნაყოფისა თუ ფესვების შეჭმისას.

წამალი თუ საწამლავი?

– როგორც უკვე ვთქვი, შხამი და წამალი პირობითი ცნებებია – ზიანს მოგვაყენებს ნივთიერება თუ სარგებლობას მოგვიტანს, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია რომ ქვეწარმავლის დაგესვლის შედეგად ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრილი გველის შხამი შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს, ხოლო თუ იმავე შხამის რომელიმე კომპონენტს სამკურნალო დოზით ორალურად ან ადგილობრივად (ტაბლეტებისა და საცხების სახით) გამოვიყენებთ, ზიანის ნაცვლად სარგებელს მივიღებთ.

გველის შხამი ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა მრავალკომპონენტიანი ნაერთია. სპეციფიკური თვისებების მქონე ცილებთან ერთად მის შემადგენლობაში შედის ფერმენტები, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ეფექტის გამოწვევა შეუძლია. მაგალითად, კობრის შხამი შეიცავს ნერვული იმპულსების გადაცემის დამბლოკავ ნივთიერებებს, რის გამოც შესაძლებელია მისი გამოყენება სხვადასხვა სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ. კაპტოპრილი, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო ცნობილი მედიკამენტი, გველის შხამის შემადგენელი ერთ-ერთი ცილის სინთეზური ანალოგია, რომლის ბაზაზეც მოგვიანებით შეიქმნა ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (AჩE) ინჰიბიტორი. ამ მედიკამენტის შექმნას ბიძგი მისცა კვლევებმა, რომლებმაც აჩვენა, რომ ზოგიერთი სახეობის გველის შხამს ჰიპოტენზიური მოქმედება აქვს – მსხვერპლი გონს კარგავს და ქვეწარმავალი მას ადვილად ყლაპავს. 1981 წელს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კაპტოპრილი სამკურნალო საშუალებად დაამტკიცა, რითაც შხამების კვლევას და ფარმაკოლოგიაში მათ გამოყენებას შეუწყო ხელი.

კარდიოლოგიაში გამოიყენება გველის შხამისგან დამზადებული კიდევ ორი მედიკამენტი, რომელთა ეფექტი შხამის ჰემოტოქსიკურ თვისებას ეფუძნება. სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტების სიაში ეს წამლები საპატიო ადგილს იკავებს.

ლაბორატორიული კვლევების თანახმად, მორიელის შხამს ანტინოციცეპტური (ტკივილგამაყუჩებელი) თვისება აქვს. ნეიროტოქსიკურობის გამო ის კრუნჩხვების, სპაზმებისა და ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ მორიელის შხამი ერითროციტების დაუზიანებლად ანადგურებს სისხლის წითელ უჯრედებში არსებულ მალარიის პათოგენებს, გარდა ამისა, ზოგიერთი სახეობა ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოების საწინააღმდეგო ანტიმიკრობულ ცილებსაც შეიცავს, რითაც იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს.

მარი მარღანია

გააზიარე: