ფილტვები კოვიდის შემდეგ

გააზიარე:

კოვიდინფექციის გართულებები პანდემიის სერიოზულ გამოწვევად იქცა. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება ფილტვები.

პოსტკოვიდური პნევმონიისა და ფილტვების რეაბილიტაციის შესახებ მედიცინიის დოქტორი, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ გიგაური გვესაუბრა:

– კორონავირუსული ინფექცია აზიანებს სისხლძარღვების ენდოთელიუმს, ამიტომ დაავადება შეიძლება ნებისმიერ ორგანოსა და ორგანოთა სისტემას შეეხოს და შეუქცევადი ზიანი მიაყენოს. ვინაიდან შAღშ-ჩოV-2 რესპირატორული ვირუსია, უპირველესად, ცხადია, სასუნთქი სისტემა ზიანდება. ინფექცია ხშირად რთულდება ატიპური პნევმონიით და მწვავე რესპირაციული დისტრესსინდრომით. უკანასკნელ შემთხვევაში ალვეოლების კაპილარების განვლადობა იმატებს, რის შედეგადაც ფილტვები შუპდება და სუნთქვის უკმარისობა ვითარდება.

რას ველით

– პნევმონიის განვითარების დრო დაავადების სიმძიმესა და გამომწვევის შტამზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე ვითარდება ანთება დელტა შტამით ინფიცირების დროს.

კოვიდით გამოწვეული ანთებისას ალვეოლების მიმდებარე ქსოვილი შუპდება. შეშუპებული ქსოვილის ზეწოლის შედეგად ალვეოლები იჭმუხნება. ფილტვებში მცირდება სისხლის მიმოქცევა და ჟანგბადის მიმოცვლა. რენტგენოლოგიურად  ეს მდგომარეობა ვლინდება არამკაფიო დაჩრდილვით მკვეთრი საზღვრების გარეშე, ხოლო კომპიუტერული ტომოგრაფიით ჩანს დაბურული მინის სინდრომი.

კოვიდპნევმონია, ტიპური პნევმონიისგან განსხვავებით, თანდათანობით იწყება მშრალი ხველით, უმეტესად ორმხრივია, დიდ ფართობს მოიცავს და სწრაფად მძიმდება. იწყება ჰაერის უკმარისობა, სპაზმი მკერდის არეში, სატურაციის ვარდნა, ქოშინი, ფილტვები შუპდება. შესაძლოა, განვითარდეს მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომი ფართო ანთებითი პროცესით, რომელიც იძლევა გართულებებს გულზე და ხშირად სიმპტომების დაწყებიდან 2-8 კვირაში ლეტალური შედეგით სრულდება. მოსალოდნელია აგრეთვე სეფსისის, სეპტიკური შოკის, მეტაბოლური აციდოზის, მულტიორგანული უკმარისობის განვითარება.

სისხლის შედედების დარღვევა თრომბოემბოლიურ გართულებებს იწვევს. ხშირია ფილტვის თრომბოემბოლია, რომლის დროსაც ერთი ან რამდენიმე ფილტვის არტერია თრომბული მასით იხშობა.

ფილტვის თრომბოემბოლიის სიმპტომებია სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, ხველა, რომელიც შესაძლოა სისხლიანი იყოს, ქვედა კიდურების ტკივილი, შეშუპება, სხეულის ციანოზი (სილურჯე), ტემპერატურის მატება, ძლიერი ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, თავბრუხვევა, ძლიერი საერთო სისუსტე.

დაავადების მძიმე გართულებაა ე.წ. ციტოკინური შტორმი – ორგანიზმის მიერ ანთებადი მოლეკულების დიდი რაოდენობით გამოთავისუფლება, რაც შესაძლოა პოლიორგანული უკმარისობისა და სიკვდილის მიზეზად იქცეს. ნორმის ფარგლებში ეს რეაქცია ორგანიზმის იმუნური პასუხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

მწვავე კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ ვითარდება ფილტვების ფიბროზი – მასშტაბური სისხლძარღვოვანი დაზიანების შედეგად წარმოიქმნება შემაერთებელი ქსოვილი და ალვეოლები ელასტიკურობას კარგავს. კლინიკურად ფიბროზი ვლინდება ადვილად დაღლით, საერთო სისუსტით, ქოშინით, ზოგჯერ – ტემპერატურის მატებით, ტაქიკარდიით, სუნთქვის უკმარისობით.

– შესაძლოა თუ არა, ფილტვების დაზიანებამ თავი იჩინოს არა მწვავე, არამედ პოსტკოვიდურ პერიოდში, მწვავე პროცესის მშვიდობიანად ჩამთავრების შემდეგ?

– ასეთი რამ არ არის გამორიცხული. პოსტკოვიდური გართულებით შესაძლოა მწვავე პროცესის დროს გადარჩენილი ნებისმიერი ორგანო დაზიანდეს, თუნდაც ფილტვები. კოვიდინფექციის გადატანა, მსუბუქად იქნება თუ მძიმედ, ვირუსთან საბოლოო გამოთხოვებას არ ნიშნავს – თითქოსდა გამოჯანმრთელებულ პაციენტთა 20%-ზე მეტს შესაძლოა კვლავ დაუბრუნდეს კოვიდის სიმპტომები. მკვლევართა უმრავლესობა ამის მიზეზად მიიჩნევს ვირუსის პერსისტენციას – ის სხეულში რჩება და ხელსაყრელ მომენტამდე CD4 უჯრედებში ანუ თ ლიმფოციტებში იმალება.

რამდენ ხანში

– დიდი ბრიტანეთის ნაციონალურმა ინსტიტუტმა (NICE) პოსტკოვიდური მდგომარეობის შემდგომი კლასიფიკაცია გამოაქვეყნა:

1. მწვავე კოვიდ-19 – სიმპტომები გრძელდება ოთხ კვირამდე;

2. ლონგ კოვიდი, კოვიდ-19 გახანგრძლივებული სიმპტომოკომპლექსით – სიმპტომები გრძელდება 4-დან 12 კვირამდე;

3. პოსტკოვიდური სინდრომი – სიმპტომები 12 კვირაზე მეტხანს გრძელდება და ალტერნატიული დიაგნოზით ვერ აიხსნება.

ამერიკელმა მეცნიერებმა პოსტკოვიდურ პერიოდში სხვადასხვა ორგანოს დაზიანების 62 სინდრომი აღწერეს. ყველზე ხშირია ქოშინი, ძილის დარღვევა, შფოთვა და დეპრესია, გულისცემის შეგრძნება, გულმკერდის შებოჭილობა ან ტკივილი, სახსრების ან კუნთების ტკივილი, აზროვნების გაძნელება`დაბინდვა, ყნოსვის ან გემოს ცვლილება, მუდმივი ხველა. პოსტკოვიდური პერიოდის უფრო მძიმე გართულებებიდან ხშირია თრომბოემბოლია და სეფსისური ენდოკარდიტი, სეფსისის უმძიმესი ფორმა – გულის სარქველზე ანთებადი თრომბის ჩამოყალიბება. როგორც ბავშვებთან, ისე მოზრდილებთანაც აღირიცხება მულტისისტემური დაზიანებები, საშარდე გზების ინფექციები, გამონაყარი, ვასკულიტი (სისხლჩაქცევები მთელ სხეულზე), დაურეგულირებელი, ცენტრალური წარმოშობის ძალიან მაღალი ცხელება. ზოგჯერ იცვლება ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები და ხასიათიც, თუმცა ეს ცვლილებები მალევე ქრება.

პოსტკოვიდური დაზიანება ახალგაზრდებთან უფრო მეტად ვლინდება, ხშირად – ინფექციის მსუბუქად გადატანის შემდეგ, და უმეტესად – ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებით, მაგალითად, დეპრესიით.

– რა აჩენს ეჭვს თრომბომბოლიურ თუ სხვა გართულებებზე?

– გართულების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

* დეტალური ანამნეზის შეკრება და ყველა ჩივილის გათვალისწინება;

* სისხლში D დიმერის განსაზღვრა, რომელიც ორგანიზმში თრომბის არსებობაზე მიუთითებს;

* ელექტროკარდიოგრამის, ექოკარდიოგრაფიისა და რომელიმე ან რამდენიმე გამოსახვითი კვლევის (გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა, გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით, გულმკერდის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა) შედეგების შეფასება.

– შესაძლებელია თუ არა პოსტკოვიდური დაზიანების რისკის წინასწარი შეფასება?

– რისკის წინასწარი შეფასება მხოლოდ ერთეულ შემთხვევებშია შესაძლებელი. გახანგრძლივებულ კოვიდზე მიუთითებს დაავადების გადატანის შემდეგ კლინიკურ და ლაბორატორიულ მაჩვენებლებში შენარჩუნებული ცვლილებები. საჭიროა ხანგრძლივი, დაახლოებით ერთწლიანი მონიტორინგი კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლით, რასაც ოჯახის ექიმი ახორციელებს.

რეაბილიტაცია  

– კოვიდ 19-ის შემდეგ ორგანიზმის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არც პოსტკოვიდური სინდრომის მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი არსებობს და არც მედიკამენტები, რომლებიც სწრაფად მოაგვარებს პრობლემას. პოსტკოვიდური სინდრომის მკურნალობა, კლინიკური მიმდინარეობის მრავალფეროვნების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალური და სიმპტომურია. გამოიყენება ანთების საწინაღმდეგო პრეპარატები (ჰორმონები), ანტიკოაგულანტები, ჟანგბადოთერაპია და ვიტამინოთერაპია. რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ბაქტერიული ფლორის გააქტიურების შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები. მძიმე პნევმონიის დროს მკურნალობის პარალელურადაც და მისი დასრულების შემდეგაც კომპლექსური რეაბილიტაციაა საჭირო. ჩვენს კლინიკაში ამაზე ამბულატორიული სამსახური ზრუნავს.

საჭიროა ცილებით, ვიტამინებით, მინერალებით მდიდარი საკვების მიღება, ფიზიკური აქტიურობა, სუნთქვითი ვარჯიშები.

დაზიანებული ფილტვი ჟანგბადზე სხეულის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ჟანგბადის ნაკლებობა ორგანიზმს ენერგიის გამომუშავებაშიც უშლის ხელს. ეს ყველაფერი იწვევს დაღლილობას, სუნთქვის გაძნელებას, გაღიზიანებადობას, ზოგჯერ – პანიკას. უწყვეტი მუშაობის შემდეგ უფრო მეტი დროა საჭირო ენერგიის აღსადგენად, ამიტომ ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას სასურველია ხშირი და რეგულარული დასვენება.

კოვიდ 19-ისგან გამოჯანმრთელების პროცესში წამყვანია სუნთქვითი ფუნქციის აღდგენა. ფილტვის რეაბილიტაციის ძირითადი მეთოდია სუნთქვითი ვარჯიშები, რომლებიც უნდა ჩატარდეს კარგად განიავებულ ოთახში ან სუფთა ჰაერზე, უზმოზე ან ჭამიდან სამი საათის შემდეგ. ამ ვარჯიშების შედეგად სუნთქვის სიხშირე და ქოშინი იკლებს, ხოლო სუნთქვითი მოცულობა იზრდება.

ვარჯიშები ასეთია:

1. მოკუმული ტუჩებით სუნთქვა – პაციენტი ჩაისუნთქავს ცხვირით და ოთხი-ექვსი წამის განმავლობაში მოკუმული ტუჩებით ამოისუნთქავს (ტუჩები სტვენით პოზიციაშია).

2. დიაფრაგმის ვარჯიში – მუცლით სუნთქვა. კონტროლისთვის სასურველია ხელების მუცელზე დაწყობა. პაციენტი ჩაისუნთქავს პირით და ძალიან ნელა ამოისუნთქავს ცხვირით. თავიდან ვარჯიში სრულდება წოლით მდგომარეობაში, შემდეგ – ვერტიკალურში.

3. პაციენტი ახანგრძლივებს ჩასუნთქვას. ჩაისუნთქავს პირით და ამოისუნთქავს ცხვირით.

– ყველა პაციენტისთვის შეიძლება სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება თუ არსებობს რამე შეზღუდვა?

– ნებისმიერი სარეაბილიტაციო ღონისძიების ჩატარებამდე აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შეფასება:

* სხეულის ტემპერატურა უნდა იყოს 37,5 0ჩ-ზე დაბალი;

* სატურაცია (სისხლის ჟანგბადით გაჯერება) – 94% ან მეტი;

* სუნთქვის სიხშირე – წუთში 25-ზე ნაკლები;

* პულსი – წუთში 100-ზე ნაკლები;

* არტერიული წნევა – 90 მმ ვწყ სვ-ზე მაღალი და 140 მმ ვწყ სვ-ზე დაბალი;

* არ უნდა შეინიშნებოდეს ქოშინი ან მოხრჩობის შეტევები;

* ნორმალური უნდა იყოს ცნობიერება.

– რამდენი ხანი სჭირდება რეაბილიტაციას?

– სასურველი შედეგის მისაღებად რვა კვირაზე ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსია საჭირო. რომელიც გულისხმობს დღეში ორ-სამ 15-20-წუთიან ვარჯიშს. რაც უფრო ხანგრძლივია რეაბილიტაცია, მით უკეთესია შედეგი.

რას ველით

– პროგნოზი იმედის მომცემია. დაზიანებული ფილტვის ფუნქცია შესაძლოა მთლიანად აღდგეს, თუმცა ამას ბევრი დრო სჭირდება და ზოგჯერ კვალიც რჩება ფიბროზის სახით.

– გვიცავს თუ არა ვაქცინაცია პოსტკოვიდური გართულებებისგან?

– ნამდვილად გვიცავს. აცრილებს იშვიათად ემართებათ პოსტკოვიდური გართულებები, ხოლო თუ განუვითარდათ, გაცილებით მსუბუქად გადააქვთ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: