ფილტვების ინტერსტიციული დაავადება
გააზიარე:
ტერმინი ფილტვების ინტერსტიციული დაავადება აერთიანებს პათოლოგიათა დიდ ჯგუფს, რომელთა მთავარი სამიზნე ინტერსტიციუმია – ჰაერით სავსე უმცირესი ბუშტუკების, ალვეოლების, ირგვლივ არსებული ქსოვილი. თუ ინტერსტიციუმში ანთება განვითარდა ან დანაწიბურება დაიწყო, თანდათან დაირღვევა ფილტვების მთავარი ფუნქცია – სუნთქვა და სისხლში საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ გადავა.
დაავადების მიზეზის კვალობაზე, შესაძლოა დაზიანდეს თავად ალვეოლები, სისხლძარღვები, სასუნთქი გზები.
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება შესაძლოა გამოიწვიოს საშიშ ნაერთებთან, მაგალითად, აზბესტთან, ხანგრძლივმა კონტაქტმა, ზოგიერთი ტიპის ავტოიმუნურმა დაავადებამ (მაგალითად, რევმატოიდულმა ართრიტმა). ზოგჯერ დაავადების მიზეზი უცნობია.
ფიბროზი, ფილტვების დანაწიბურება, წესისამებრ, შეუქცევადია. მედიკამენტებმა შესაძლოა შეანელოს პროცესი, მაგრამ ფილტვის ფუნქციის სრული აღდგენა, სამწუხაროდ, ვეღარ ხერხდება. ასეთ დროს მკურნალობის არჩევის მეთოდია ფილტვის ტრანსპლანტაცია.
როგორ ვლინდება
სიმპტომებიც დაავადების მიზეზის შესაბამისად იცვლება, თუმცა საერთოა:
* ქოშინი, რომელიც მოსვენების დროსაც შეინიშნება, ხოლო ფიზიკური დატვირთვის დროს უფრო მძიმდება;
* მშრალი ხველა.
სიმპტომების გამოვლენის დროისთვის ფილტვების დაზიანება უკვე შეუქცევადია. მიუხედავად ამისა, ექიმთან მაინც უნდა მიბრძანდეთ და რაც უფრო ადრე გააკეთებთ ამას, მით უკეთესი.
მიზეზები
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც დამაზიანებელი ფაქტორის ზემოქმედების პასუხად ფილტვებში პათოლოგიური დანაწიბურების რეაქცია იწყება. ალვეოლების ირგვლივ არსებული ქსოვილი ნაწიბურდება, რაც სისხლში ჟანგბადის გადასვლას ართულებს.
დამაზიანებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ტოქსინი, რომელიც ჰაერის საშუალებით ვრცელდება სამუშაო გარემოში, მედიკამენტი, მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი. უმეტესად კი დაავადების მიზეზი უცნობია.
პროფესიული და ეკოლოგიური ფაქტორები
გასაკვირი არ არის, რომ ფილტვების დაზიანებას ტოქსინებსა და ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკებთან ხანგრძლივი კონტაქტი იწვევს. ეს ნაწილაკებია:
* კვარცის მტვერი;
* აზბესტის ბოჭკოები;
* მარცვლეულის მტვერი;
* ფრინველებისა და ცხოველების გამონაყოფი.
სამედიცინო მდგომარეობათაგან ფილტვების დაზიანებას უმეტესად ავტოიმუნური დაავადებები – რევმატოიდული ართრიტი, სკლეროდერმია, დერმატომიოზიტი, პოლიმიოზიტი, შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება, შეგრენის სინდრომი, სარკოიდოზი იწვევს.
ფილტვების დაზიანება ზოგიერთ მედიკამენტსაც შეუძლია, მათ შორის:
* ქიმიოთერაპიულ პრეპარატებს (მეტოტრექსატს, ციკლოფოსფამიდს) – სიმსივნურთან ერთად ისინი ზოგჯერ ფილტვების ჯანსაღ ქსოვილსაც აზიანებენ;
* არითმიის დროს გამოსაყენებელ ზოგიერთ მედიკამენტს (ამიოდარონს, პროპრანოლოლს);
* ზოგიერთ ანტიბიოტიკს (ნიტროფურანტოინს, ეთამბუტოლს);
* ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (ასპირინს, ინფლიქსიმაბს).
ფილტვის ან ძუძუს კიბოს გამო ჩატარებული რადიაციული თერაპიიდან თვეების, ზოგჯერ კი წლების შემდეგ ზოგიერთ პაციენტს ფილტვის დაზიანების სიმპტომები უვლინდება.
იმ ფაქტორების ჩამონათვალი, რომლებსაც ფილტვების ინტერსტიციული დაავადების გამოწვევა შეუძლია, საკმაოდ ვრცელია. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ მიზეზი უცნობი რჩება. ამ დროს ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებას იდიოპათიურს უწოდებენ. მისი ყველაზე გავრცელებული და მძიმე ფორმაა ფილტვების იდიოპათიური ფიბროზი.
არსებობს ისეთი ფაქტორებიც, რომლებიც ამაღლებს ადამიანის განწყობას ამ დაავადების მიმართ:
* ასაკი – დაავადება უმეტესად მოზრდილებს ემართებათ, თუმცა ბავშვებსა და ახალშობილებსაც შეიძლება განუვითარდეთ;
* პროფესიული და გარემო ფაქტორები – მრეწველობაში მომუშავეებს, ფერმერებს, მშენებლებს, ტოქსიკური ნაერთების გარემოში მყოფ ადამიანებს დაავადების მაღალი რისკი აქვთ;
* გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება – უკონტროლო მჟავური რეფლუქსი (კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასვლა) და მონელების დარღვევებიც ზრდის რისკს;
* აქტიური მწეველობა.
გართულებები
ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებას გართულებათა მთელი წყება ახასიათებს, რომელთაგან ზოგი სიცოცხლისთვის საშიშია:
* ფილტვის არტერიებში სისხლის მაღალი წნევა (პულმონური ჰიპერტენზია) – სისტემური არტერიული ჰიპერტენზიისგან გასხვავებით, ამ დროს ზიანდება მხოლოდ ფილტვის არტერიები. ნაწიბუროვანი ქსოვილი და ჟანგბადის დაბალი დონე იწვევს უწვრილეს სისხლძარღვებზე ზეწოლას და ზღუდავს ფილტვებში სისხლის მიწოდებას, რაც, თავის მხრივ, ზრდის წნევას ფილტვის არტერიებში. პულმონურ ჰიპერტენზიას პროგრესირებადი დამძიმება ახასიათებს;
* გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა (ფილტვისმიერ გული – ცორ პულმონალე) – როდესაც გულის მარჯვენა პარკუჭს, რომელიც მარცხენასთან შედარებით ნაკლებად კუნთოვანოა, ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევით უწევს ფილტვის დახშულ (ობსტრუქციულ) არტერიებში სისხლის გადატუმბვა, დროთა განმავლობაში ვეღარ უმკლავდება ჭარბ დატვირთვას და ვითარდება ფილტვისმიერი ჰიპერტენზია;
* სუნთქვის უკმარისობა – ფილტვების ინტერსტიციული დაავადების უკანასკნელ სტადიაზე ვითარდება სუნთქვის უკმარისობა; სისხლში ჟანგბადის უკიდურესად დაბალი დონე ფილტვის არტერიებისა და მარჯვენა პარკუჭის მზარდ წნევასთან ერთად იწვევს გულის უკმარისობას.
დიაგნოსტიკა
ფილტვების ინტერსტიციული დაავადების მიზეზის დადგენა ექიმებისთვის ერთგვარი გამოწვევაა, ვინაიდან არაერთ სხვა დაავადებასაც ახასიათებს მსგავსი სიმპტომები. ლაბორატორიული კვლევებიდან ტარდება სისხლის ანალიზი ცილების, ანტისხეულებისა და აუტოიმუნური დაავადებების თუ მავნე ნაწილაკების ზემოქმედებაზე ანთებითი პასუხის სხვა მარკერების განსაზღვრის მიზნით. გამოსახვით მეთოდთაგან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპიუტერულ ტომოგრაფიას. განსაკუთრებით ეფექტურია მაღალი რეზოლუციის მქონე კტ, რომელიც გვიჩვენებს, მაგალითად, ფიბროზის დეტალებს. ექოკარდიოგრაფიით აფასებენ გულის მარჯვენა ნაწილში არსებულ წნევას. სპირომეტრიით ფასდება ფილტვების სუნთქვითი მოცულობა. ოქსიმეტრიით იზომება სისხლის ჟანგბადით გაჯერების ხარისხი (სატურაცია).
ფილტვის ქსოვილის შესწავლა
ფილტვის ფიბროზის საბოლოო დიაგნოზის დასასმელად ხშირად საჭიროა მისი ქსოვილის ლაბორატორიული შესწავლა. ქსოვილის ასაღებად ბიოფსია ტარდება სხვადასხვა მეთოდით:
* ბრონქოსკოპიულად – მცირე ზომის დრეკადი მილის, ბრონქოსკოპის, საშუალებით პირის ან ცხვირის ღრუდან შედიან ფილტვში და ნემსის წვერით იღებენ ქსოვილის ნიმუშს. ბრონქოსკოპიის გვერდითი მოვლენებია დროებითი ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩა. ზოგჯერ ქსოვილის ნიმუში მეტისმეტად პატარაა ზუსტი დიაგნოზის დასასმელად;
* ბრონქოალვეოლური ლავაჟით – ექიმს ბრონქოსკოპის საშუალებით ფილტვის წილში შეჰყავს ერთი სუფრის კოვზი მარილიანი წყალი და შემდეგ სწრაფად ამოტუმბავს. ამოტუმბული ხსნარი შეიცავს ალვეოლების უჯრედებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრონქოალვეოლური ლავაჟის დროს ნიმუშები უფრო დიდია და ფილტვის უფრო დიდი ფართობიდანაა აღებული, ზოგჯერ ისინიც არ არის საკმარისად ინფორმაციული ფიბროზის დასადასტურებლად;
* ქირურგიული ბიოფსია – უფრო ინვაზიური პროცედურაა და გართულების ალბათობაც ახლავს, მაგრამ ზოგჯერ ეს ერთადერთი მეთოდია ქსოვილის საკმარისად დიდი ნიმუშის მისაღებად, რათა ზუსტი დიაგნოზი დაისვას. პროცედურა ტარდება ზოგადი ანესთეზიის ფონზე. ნეკნებს შორის გავლებულ 2-3 მცირე განაკვეთში თავსდება მცირე ზომის კამერა, რომელიც საშუალებას აძლევს ქირურგს, ეკრანზე ათვალიეროს ფილტვები ქსოვილის აღების დროს.
მკურნალობა
ფილტვების ინტერსტიციული დაავადების დროს დანაწიბურება შეუქცევადია, თუმცა ზოგიერთი ტიპის მკურნალობა დროებით აუმჯობესებს მდგომარეობას ან ანელებს დაავადების პროგრესს. ამჟამად სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი მედიკამენტები:
* კორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი), ზოგჯერ – იმუნიტეტის დამთრგუნველ პრეპარატებთან კომბინაციაში. დაავადების გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით, ეს კომბინაცია ანელებს ან ასტაბილურებს პროცესს;
* მედიკამენტები, რომლებიც ფილტვების იდიოპათიური ფიბროზის პროგრესირებას ანელებს – პირფენიდონი და ნინთედანიბი. მათი გამოწერისას ექიმი გულდასმით აფასებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს;
* მედიკამენტები, რომლებიც ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობას (ჰისტამინ 2-ის რეცეპტორების ანტაგონისტები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტოპრები, მაგალითად, ლანსოპრაზოლი, ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი) – გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ფილტვების იდიოპათიური ფიბროზის დროს ზრდის ფილტვების დაზიანების ხარისხს;
* ჟანგბადით თერაპია (ოქსიგენოთერაპია) – ფილტვების დაზიანებას არ ამცირებს, მაგრამ აადვილებს სუნთქვას, ფიზიკურ აქტიურობას, ამცირებს სისხლში ჟანგბადის დაბალი შემცველობით გამოწვეულ გართულებებს, წნევას გულის მარჯვენა ნაწილში, აუმჯობესებს ძილს. ჟანგბადი ინიშნება უმეტესად ძილის ან ვარჯიშის დროს.
ფილტვების რეაბილიტაციის მიზანი არა მარტო ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესება, არამედ, საზოგადოდ, ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის სიცოცხლის ხარისხის ამაღლებაა. რეაბილიტაცია გულისხმობს ფიზიკურ დატვირთვას, ვარჯიშს ამტანობის გასაუმჯობესებლად, სუნთქვის ისეთი ტექნიკის დაუფლებას, რომელიც ფილტვების ტევადობას ზრდის, ემოციურ მხარდაჭერას, კვების სპეციალისტის კონსულტაციას.
ქირურგიული ჩარევა, ფილტვების ტრანსპლანტაცია, დაავადების მძიმე ფორმის დროს არჩევის ერთადერთი მეთოდია.
ფილტვების ინტერსტიციული დაავადების დროს მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის მოწესრიგება – მოწევისთვის თავის დანებება, სწორი კვება ადეკვატური ოდენობის კალორიის მიღებით, დროული ვაქცინაცია, ვინაიდან სასუნთქი გზების ინფექცია დაავადების სიმპტომებს ამძიმებს.
მარიამ რამაზაშვილი