რას გვაძლევს ფსიქოთერაპია?

გააზიარე:

თერაპევტის გამოცდილება

ფსიქოთერაპია მაშინ დავიწყე, როდესაც ეს ჩემმა საგანმანათლებლო პროგრამამ (თბილისის გეშტალტ ინსტიტუტის გეშტალტთერაპევტის კურსმა) მოითხოვა. არაფერი დამიგეგმავს – როცა საჭირო გახდა, მივედი ჯგუფურ თერაპიაზე; რამდენიმე შეხვედრის შემდეგ იქ წამოჭრილ საკითხებს ვეღარ გავუმკლავდი და ჯგუფურმა თერაპევტმა შეგვახსენა, რომ ინდივიდუალური თერაპიის დაწყების დრო იყო.

თერაპიის პროცესში თანდათან ამოხეთქა იმ ყველაფერმა, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაშინ მოხდა, როდესაც დავინახე, როგორ ახდენს გავლენას წარსული გამოცდილება აწმყოზე და ყურადღება აქ და ამჟამად მიმდინარე პროცესებისკენ მივმართე.

სამწლიანი თერაპიის განმავლობაში ბევრი რამ გავაცნობიერე, ზოგი – კონკრეტული სიტუაციის შესაბამისი, ზოგი კი ისეთი, რაც მთელი ცხოვრება გამომადგება. მაგალითად, ვისწავლე ემოციების აღიარება და თავისუფლად ტირილი. ამან დიდი შვება მომიტანა, რადგან ახლა შემიძლია, ვიყო გულწრფელი და არ მრცხვენოდეს იმისა, რასაც განვიცდი. ვისწავლე პროცესით ტკბობა და რამდენადაც შემეძლო, თავი დავანებე მხოლოდ მიზნის მისაღწევად ენერგიის ხარჯვას. ვისწავლე საკუთარი საზღვრების დაცვა და საკუთარ თავზე ზრუნვა. ვისწავლე იმ ყველაფრის მიღება, რაც ცხოვრებას მოაქვს – გაქცევისა და უარყოფის გარეშე.

 

თერაპიული სკოლები

ფსიქოთერაპიის უამრავი მიმდინარეობა არსებობს, თუმცა გამოყოფენ სამ ძირითადს: ფსიქოდინამიკურს, კოგნიტიურ-ბიჰევიორულს და ჰუმანისტურ–ეგზისტენციურს.

ფსიქოდინამიკური თერაპია ფროიდის სახელს უკავშირდება, თუმცა თანამედროვე ფსიქოდინამიკური სესიები ძალიან განსხვავდება ვენაში ტახტზე წამოწოლილი პაციენტების მდუმარე მოსმენისგან. ფსიქოდინამიკური თერაპიის მთავარი მიზანია კლიენტის ფსიქიკაში მიმდინარე არაცნობიერი პროცესების გამოვლენა შინაგანი კონფლიქტების ამოსახსნელად.

კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია ხანმოკლე, მიზანზე ორიენტირებული თერაპიაა, რომელიც პრაქტიკული მეთოდებით ეხმარება ადამიანებს, შეცვალონ მათთვის პრობლემური ფიქრი ან ქცევა.

ჰუმანისტურ–ეგზისტენციური თერაპიის მიზანია, დაეხმაროს ადამიანს საკუთარი პიროვნების უკეთ გაცნობიერებაში, ემოციების გათავისებაში, სიცოცხლის საზრისის ჩამოყალიბებაში.

მე გეშტალტთერაპევტი გახლავართ. გეშტალტთერაპია ფსიქოდინამიკურ ფესვებზე აღმოცენდა და ჰუმანისტურ–ეგზისტენციური მიმდინარეობის ნაწილი გახდა. ეს პროცესზე ორიენტირებული თერაპიაა: მნიშვნელობა ენიჭება იმას, რაც ხდება აქ და ამჟამად, რას განვიცდით, რას ვფიქრობთ, რას ვგრძნობთ სხეულებრივად; ფოკუსირება ხდება ადამიანის მიერ ფსიქიკური პროცესების გაცნობიერებაზე, ხოლო ცვლილება და, შესაბამისად, შედეგიც ამ გაცნობიერებას მოჰყვება.

სტატია საკუთარი გამოცდილების გაზიარებით დავიწყე, რაც გეშტალტთერაპიის ფარგლებში დასაშვებია, რათა კლიენტს არ ეგონოს, რომ მარტოა, რომ მხოლოდ მას უჭირს ან მხოლოდ მას სჭირდება ფსიქოთერაპევტის მომსახურება. სინამდვილეში ეს სერვისი სჭირდება ყველას, ვინც გამოწვევების წინაშე დგება, ვისაც სტრესი ამძიმებს ან რაღაცის ეშინია, ვინც გლოვობს, ვისაც უჭირს ურთიერთობის დამყარება, ემოციების აღიარება, ან უბრალოდ აფასებს თვითგანვითარებას და უნდა, მეტი იცოდეს საკუთარი თავის შესახებ.

ერთი სიტყვით, თუ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში რამე უშლის ხელს, ეს თერაპიის საგანი ხდება. მეორე მხრივ, თერაპია ღიაა მათთვისაც, ვისაც უბრალოდ თვითგანვითარება სურს და ახალი აღმოჩენების ძიებაშია.

გეშტალტთერაპიისთვის ამოსავალი წერტილი კლიენტისა და თერაპევტის ურთიერთობაა. ეს არის ნაკლებად ფორმალური, გულახდილი და ორმხრივი კონტაქტი, სადაც თერაპევტი კლიენტზე მაღლა არ დგას: არ უკითხავს ნოტაციებს, უზიარებს საკუთარ ემოციებს, ცდილობს, მაქსიმალურად ჩაერთოს თერაპიის პროცესში, კლიენტს მხარი დაუჭიროს და კლიენტის ინტერესებით იხელმძღვანელოს. ამას თერაპიული დიალოგისა და ექსპერიმენტების მეშვეობით აღწევს. საბოლოო მიზანი ის კი არ არის, კლიენტს ჩვენ ვუთხრათ ან დავანახოთ რამე, არამედ ის, რომ მან თავად გააკეთოს აღმოჩენები და მოახდინოს ამ აღმოჩენათა საკუთარ ცხოვრებაში ინტეგრირება.

თერაპიას სხვადასხვანაირად განმარტავენ, განსაკუთრებით – სხვადასხვა თერაპიული სკოლის მიხედვით. ჩემთვის ეს არის გზა ადამიანთან მუშაობისა, რის შედეგადაც კლიენტი აცნობიერებს საკუთარ ფსიქიკაში მიდინარე პროცესებს და ეს პროცესები მას აღარ მართავს. გაცნობიერების შემდეგ ადამიანს აქვს არჩევანი: მიიღოს ის, რაც თავის თავზე გააცნობიერა თუ აქტიურად ჩაერიოს და შეცვალოს. ორივე გადაწყვეტილება პატივსაცემია, რადგან მხოლოდ კლიენტმა იცის, რა არის უმჯობესი მისთვის.

 

მცდარი წარმოდგენები

პირველ თერაპიულ შეხვედრაზე ბევრი თავის მართლებას იწყებს: “არ მეგონა, თუ ოდესმე თერაპევტი დამჭირდებოდა”, “მეგობრებმა მითხრეს, ფსიქოთერაპია გჭირდებაო და მოვედი”, “ექიმმა მითხრა, არაფერი გჭირს, მიდი ფსიქოთერაპევტთან, იქნებ მან გიშველოსო”. მათ ეშინიათ. მიაჩნიათ, რომ რაკი ფსიქოლოგთან მივიდნენ, ე.ი. ძალიან ცუდად არიან. ეშინიათ სტიგმის, თავი სუსტი ჰგონიათ და ხანდახან ფსიქოთერაპევტთან მუშაობის ფაქტს გარშემო მყოფებს უმალავენ კიდეც.

ისინი გარკვეულწილად მართლები არიან. დიახ, საქართველოში, სანამ ადამიანი ძალიან ცუდად არ გახდება, ფსიქოსომატური სიმპტომები არ აღმოაჩნდება, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელი არ შეეშლება და ექიმი ან ახლობელი არ ურჩევს, როგორც წესი, თერაპევტთან არ მიდის. ამ დროს სიღრმისეული თერაპიის დაწყების ნაცვლად სასწრაფოდ გვიწევს ხელის შემშლელი სიმპტომების მართვაზე (თუნდაც დროებით) მუშაობა.

საბჭოთა პერიოდში ფსიქოთერაპია იკრძალებოდა და ეს შედარებით ახალი სერვისი ახლა ხან ფროიდზე არქაულ წარმოდგენებს, ხანაც 70-იანების აშშ-ს მენტალური ინსტიტუციების ასოციაციას იწვევს.

სინამდვილეში ფსიქოთერაპია საერთოდ არ უკავშირდება ადამიანის სისუსტეს თუ ძალას, სიჯანსაღეს თუ მოწყვლადობას. ხომ არავინ ამბობს, მეგონა, ფასტფუდზე გავძლებდი, მაგრამ სუსტი აღმოვჩნდი და ბოსტნეულის ჭამაც მომიწია, ან ხალხს გიჟი ვეგონები, რადგან ენერგია მაკლია და ტონუსისთვის ცურვაზე სიარული უნდა დავიწყოო?

“ფსიქოთერაპია” სიტყვასიტყვით ფსიქიკაზე ზრუნვას ნიშნავს. ზრუნვას და არა მკურნალობას ან დახმარებას, ამოყვანას, შველას. ამ ზრუნვის ფარგლებში ადამიანი მიმართავს პროფესიონალს, რათა კონკრეტული სერვისი მიიღოს.

ეს სერვისი არ არის ქველმოქმედება – მასში თერაპევტები ფულს ვიღებთ. ეს სერვისი არ არის ჭორაობა – მას გარკვეული წესები არეგულირებს. ეს არ არის ახლობლის მხარდაჭერა – ჩვენ დაქირავებული მუშაკები ვართ. მეორე მხრივ, ეს არც გულგრილი, პასიური მოსმენაა – ჩვენი მოვალეობაა, ემპათიით მოგისმინოთ. არც მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაა – გადაწყვეტილებებს თქვენ იღებთ, ჩვენ კი გვერდით მოგყვებით.

 

რას გვაძლევს ფსიქოთერაპია

* ფსიქიკაზე ზრუნვისთვის წესდება კონკრეტული დრო, ამიტომ კლიენტი ვეღარ მოიმიზეზებს, რომ არ სცალია და პრობლემებთან გამკლავებას ვეღარ გადადებს. მან წინასწარ იცის და მზად არის იმისთვის, რომ, მაგალითად, კვირაში ერთი საათი თავის ფსიქიკურ ჯანმრთელობას დაუთმოს.

* ფსიქიკაზე ზრუნვა ქაოსურად კი არა, განსაზღვრული წესების თანახმად ხდება, რაც კლიენტს მაქსიმალურად უწყობს ხელს, თავისთვის მნიშვნელოვან საკითხზე მოახდინოს კონცენტრაცია.

* ფსიქიკაზე ზრუნვა მიმდინარეობს დაცულ, უსაფრთხო გარემოში.

* ფსიქიკაზე ზრუნვა გაზიარებულად ხდება; კლიენტმა იცის, რომ მარტო არ არის, რაც თავისთავად თერაპიულია.

* ფსიქიკაზე ზრუნვა უზრუნველყოფს თერაპიის დროს მიღებული გამოცდილების განზოგადებას და მომავალი პრობლემების პრევენციას.

* ფსიქიკაზე ზრუნვა ნიშნავს, რომ ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრასაც კლიენტი მარტო დიდ ხანს მოანდომებდა, უფრო მოკლე დროში გაუმკლავდება. ამ მხრივ თერაპია შესაძლოა დროისა და ენერგიის დაზოგვის გზაც იყოს.

 

ფსიქოთერაპია არ არის აბი, რომელიც ადამიანს ერთი გადაყლაპვით გააბედნიერებს. ცხოვრებას ბევრი რამ მოაქვს, ზოგი – სასიხარულო, ზოგიც – სევდიანი. თერაპია გვეხმარება, კი არ ვებრძოლოთ ამ ყველაფერს, არამედ ცნობიერად ჩავერთოთ, გავაკეთოთ რთული არჩევანი, მივიღოთ ჩვენი ემოციები, ღია ვიყოთ ახალი გამოცდილებისთვის და, რაც მთავარია, ჩვენს თავზე ზრუნვა ვისწავლოთ.

 

დაბოლოს

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის რეკომენდაციით, ნებისმიერმა ფსიქოთერაპევტმა თავადვე უნდა გაიაროს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური თერაპია. ეს ორი რამისთვისაა საჭირო: უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ თერაპევტმა კლიენტის მოსმენისას საკუთარ განცდებზე არ იფიქროს და მეორე – იცოდეს, რას ნიშნავს კლიენტის სკამზე ჯდომა. ამიტომ არის, რომ თერაპიის მხოლოდ თეორიულად კი არ მჯერა, არამედ საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და დანამდვილებით ვიცი – თერაპიაზე სუსტი კი არა, ძალიან ძლიერი ადამიანები დადიან. ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ ტკივილის განცდის და ტრავმების აღიარების. ადამიანები, რომლებიც გაცნობიერებულად ცხოვრებას სწავლობენ.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: