მშრალი თვალის სინდრომი

გააზიარე:

როგორ დავზოგოთ მხედველობა გლობალური კომპიუტერიზაციის ეპოქაში? ამის შესახებ  ექიმი 
ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ბელა სირბილაძე გვესაუბრება.

     
   მშრალი თვალის სინდრომის  განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ასაკზე, ჰორმონულ ფონზე, მედიკამენტებზე, თვალის გადატანილ ინფექციურ დაავადებებზე, ქუთუთოს კიდის ქრონიკულ ანთებაზე,  ეკოლოგიურ პრობლემებზე, ყოველდღიური ცხოვრების თანამედროვე ატრიბუტებზე – კომპიუტერებზე, მონიტორებზე, კონდენცირების სისტემებზე… ჩვენს პაციენტთა 30%-ს მშრალი თვალისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჯერ კიდევ 1980 წელს აწუხებდა, დღეისთვის კი ამ მაჩვენებელმა 45%-ს მიაღწია.
     თვალის გამოშრობის მიზეზთა შორის უმთავრესი კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობაა. მხედველობის დაძაბვა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, თვალის იშვიათი ხამხამი არღვევს ლორწოვანის ნორმალური დატენიანების პროცესს. ამას ერთვის ოფისების კონდიცირებული ჰაერი, რომელიც, თავის მხრივ,  ცრემლის აორთქლებას აჩქარებს. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორებია სიგარეტის კვამლი, უხარისხო კოსმეტიკური საშუალებები და, თუ არასწორად შევარჩიეთ და არაადეკვატურად გამოვიყენეთ, კონტაქტური ლინზებიც კი.
მშრალი თვალის სინდრომი
შესაძლოა განპირობებული იყოს ცრემლის აპკის ნებისმიერი კომპონენტის დეფიციტით, მათი სტაბილური დაქვეითებით ან ორივეთი ერთად.

     მშრალი თვალისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მრავალფეროვანია: თვალების წვა, სიწითლე, ტკივილი, ჩხვლეტის, სიმძიმის, ქავილის, სიმშრალის, უცხო სხეულის (ქვიშის) შეგრძნება, მცირედი წებოვანი გამონადენი, სინათლის შიში. დისკომფორტი კიდევ უფრო ძლი

ერდება ქარიან ამინდში, კონდენცირებულ ოთახსა და კვამლიან გარემოში. ვინაიდან თვალის გამოშრობას ცრემლის დეფიციტის ხარისხი განაპირობებს, კომპენსაციისთვის მისმა რაოდენობამ პერიოდულად შესაძლოა მოიმატოს კიდეც, ამიტომ პაციენტები ხშირად ცრემლდენას უჩივიან.
     მშრალი თვალის სინდრომის სამკურნალოდ უმეტესად ხელოვნური ცრემლის პრეპარატებს იყენებენ, რომლებსაც ბუნებრივი ცრემლის ზოგიერთი თვისება აქვს (მაგალითად, Tears Naturale, ოფთაგელი, V-თიერსი). ეს პრეპარატები სხვადასხვა სიბლანტისაა და თვალს რამდენიმე ხნის განმავლობაში უნარჩუნებს ტენიანობას. მათი გამოყენება ადამიანს ხანგრძლივად უხდება.
     თუ სიმშრალე მკვეთრია, თვალიდან ცრემლის გადინების შესამცირებლად საცრემლე გზებში ათავსებენ სპეციალურ საცობებს, რომელთაც სიმშრალის ხარისხის მიხედვით არჩევენ. საცობების ჩასმა სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა და სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ისინი შეუმჩნეველია და, რაც მთავარია, არ იწვევს დისკომფორტს.

გააზიარე: