მადლიერების დღე - სიკეთე გადამდებია

მადლიერების დღე - სიკეთე გადამდებია

21 აპრილს კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით "მადლიერების დღე". მოწვეულ სტუმრებს შორის გახლდნენ:  საქველმოქმედო ფონდი "ავერსი", გამოჩენილი და დამსახურებული მოღვაწეები, ასევე, ორგანიზაციები  რომლებიც ქველმოქმედებას ეწევიან  და უამრავ სასიკეთო საქმეს ემსახურებიან.

ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის და გაჭირვებულთა თანადგომისთვის საპატიო სიგელი გადაეცა ფონდ "ავერსის" დამფუძნებელს, მეცენატსა და ქველმოქმედს პაატა კურტანიძეს. ასევე, საპატიო სიგელით დაჯილდოვდა საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელი ქეთევან ნემსაძე.

- მადლიერების დღე შესანიშნავი კონცერტით აღინიშნა. ამ ღონისძიებით გვსურს კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ სიკეთე გადამდებია და რომ ქველმოქმედების ეგიდით გაერთიანებული ადამიანები დიდ ძალას წარმოვადგენთ. დღევანდელ საღამოს ესწრებიან იმ ორგანიზაციებისა და ფონდების წარმომადგენლები, ვისი ღვაწლიც დიდია ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე, ვისთანაც საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" უკვე წლებია თანამშრომლობს და ერთად მომავალშიც უამრავ სასიკეთო საქმეს ჩავუყრით საფუძველს...

ჩვენის მხრივ ვაჯილდოებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქველმოქმედებას ეწევიან. ვასაჩუქრებთ მოვლის საშუალებებით და  კოსმეტიკით. ვფიქრობთ, ეს ყურადღება და მადლიერება მოტივაცია იქნება მათთვის და წავახალისებთ კიდევ უფრო დიდი მასშტაბის ქველმოქმედებას - აღნიშნა ფონდ "ავერსი" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ და დასძინა, რომ საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მილიონობით ლარით აფინანსებს სხვადასხვა პროგრამასა და პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის შეჭირვებული მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას ემსახურება..

"მადლიერების დღის" მნიშვნელობასა და გზავნილებზე ვესაუბრეთ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას:

- დღევანდელ ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან - ის დამსახურებული ადამიანები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომლებიც ბევრი კეთილი საქმის ინიციატორები, წამომწყებნი და სულისჩამდგმელნი არიან და ვის მიმართაც უდიდესი პატივისცემით არის გამსჭვალული ჩვენი საზოგადოება. მადლობა მინდა ვუთხრა ამ შესანიშნავ ქველმოქმედებსა და საზოგადო მოღვაწეებს თბილისის მერიის სახელით და მომავალშიც წარმატებები ვუსურვო მათ.

საღამოს უძღვებოდა მუსიკოსი ირმა სოხაძე. მისი თქმით, დარბაზში მსხდომი ადამიანები იმ უდიდესი ტრადიციის გამგრძელებლები არიან, რომელიც ქართველებს ოდითგან მოგვდგამს:

- ქველმოქმედება, სიკეთის ქმნა ჩვენი გენია. დარბაზში შეკრებილი ადამიანები სწორედ ამ სიკეთის მატარებლები არიან. ისინი გვერდში უდგანან ადამიანებს, ვისაც იმედი აქვთ დაკარგული. 

ვფიქრობ, ქველმოქმედება მეტად უნდა იყოს წახალისებული. მათი საქმეები საზოგადოებისთვის უნდა იყოს ცნობილი, არა იმიტომ, რომ სიკეთის კეთებისთვის ტაში დავიმსახუროთ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთე გადამდებია და მათი საქმიანობა ბევრისთვის მაგალითად შეიძლება იქცეს... მხოლოდ დარბაზში, ერთმანეთისთვის მადლობის თქმა არ არის საკმარისი, თუმცა, მე მაინც მინდა მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც ქველმოქმედება ცხოვრების წესად იქცა. დიდი მადლობა ბატონ პაატა კურტანიძეს და კიდევ ბევრ სიკეთით სავსე ადამიანს, ვისაც სხვების ცხოვრების გალამაზების, შემსუბუქების და გაფერადების უნარი შესწევს.

ექიმი რევაზ სულავა ცნობილი ქართველი მოღვაწის - ეველინა თავაძის შვილი და ამ ოჯახის ტრადიციის გამგრძელებელია. ჩოხოსანი გახლავთ და ქველმოქმედება მისთვის მართლაც ცხოვრების წესად არის ქცეული. მისი თქმით, მომრავლდნენ საქველმოქმედო ორგანიზაციები და ფონდები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, ქართულ ოჯახებს მხარში უდგანან და სიკეთეს თესავენ:

-   საბედნიეროდ, სიკეთის ქმნა ჩვენი ერისთვის სიახლე ნამდვილად არ არის. პატივსაცემი და დასაფასებელია ის ფონდები და ორგანიზაციები, ვინც მრავალშვილიანებს მხარში უდგანან, ნიჭიერ ახალგაზრდებს აფინანსებენ, უმწეოებს მედიკამენტებით უზრუნველყოფენ... სწორედ ასეთ საქმეს ემსახურება საქველმოქმედო ფონდი "ავერსი". მისი დამფუძნებელი უამრავ სასიკეთო საქმეს აკეთებს. სამწუხაროდ, საქართველო დიდი გაჭირვების წინაშე დგას, წელში გამართული ქვეყანა არ  ვართ, მითუფრო, რომ შინ და გარეთ ამდენი მტერი გვყავს... იმედი მაქვს, რომ ქველმოქმედება თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ერთიანი ძალით გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მრავალ ეროვნულ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

"ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.

Share: