ოლიმპიურ კომიტეტსა და

ოლიმპიურ კომიტეტსა და "ავერსს" შორის დადებული მემორანდუმი გრძელდება

"ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენების დიდი ქომაგი და გულშემატკივარია. მისი ინიციატივით, საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" აიღო ვალდებულება, იზრუნოს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებისა და ვეტერანი სპორტსმენების ჯანმრთელობაზე, უზრუნველყოს ისინი მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებით. ამ პირობით "ავერსსა" და ოლიმპიურ კომიტეტს შორის მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა.

შეთანხმებას, რომელიც ყოველწლიურად ახლდება, 2018 წლის 2 თებერვალსაც მოეწერა ხელი. "ავერსის კლინიკაში" მის ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და "ავერსის" წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, მათ შორის – ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი დავით მარსაგიშვილი და მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა პროექტის ფარგლებში დღემდე 925 128.5 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით ისარგებლეს და მიიღეს 439 481.44 ლარის ღირებულების მედიკამენტები. ჯამური თანხა 1 364 609.94 ლარს შეადგენს.

როგორც "ავერსის" დამფუძნებელმა აღნიშნა, სპორტული წარმატებები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მსოფლიო ასპარეზზე თავის დასამკვიდრებლად:

- ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენების მიღწევებით და მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია, მათ წარმატებაში წვლილი შევიტანოთ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენებისთვის პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

– მათ ჯანმრთელობაზე "ავერსი" უკვე მრავალი წელია ზრუნავს და ეს, ქველმოქმედებასთან ერთად, ეროვნული მნიშვნელობის საქმეა. ჩვენის მხრივ, უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ სპორტში, რომ უფრო ჯანმრთელი მომავალი თაობები გვყავდეს.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბატონ პაატას საჩუქრად გადასცა სპორტის ზამთრის სახეობისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა და ოლიმპიური ფორმა.

"ავერსის კლინიკის" დირექტორის დიმიტრი ჯორბენაძის თქმით, თანამედროვე სპორტი მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია და სიხარული გამოთქვა, რომ ქართველი სპორტსმენების წარმატებაში წვლილი "ავერსის კლინიკასაც" შეაქვს.

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემაც აღნიშნა, რომ "ავერსისთვის" უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და საქართველოს სახელით მოასპარეზეებს ჯანმრთელობა და გამარჯვება უსურვა.

სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა შოთა ხაბარელმა მადლობა გადაუხადა "ავერსის" დამფუძნებელს ამ ინიციატივისთვის და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

- ყველა, ვინც ქველმოქმედებას ეწევა და, ამასთან, ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სფეროს ბატონ პაატასავით უდგას მხარში, უდიდეს მადლიერებას იმსახურებს. სპორტი და სპორტში ჩართულობა საქართველოსთვის მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ ყოველი ნაბიჯი, რომლიც მის მხარდასაჭერად იდგმება, ჭეშმარიტად მამულიშვილური საქმეა.

საქართველოს თავისუფალი სტილით 
მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ზურაბ იაკობიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ სპორტის ნებისმიერ სახეობაში ტრავმის მიღების ალბათობა ძალიან დიდია, შესაბამისად, რეაბილიტაციასა და კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე სპორტსმენის მომავალია დამოკიდებული:

- "ავერსი" ძალისხმევას არ იშურებს სპორტსმენების ჯანმრთელობისთვის და ეს ნამდვილად დასაფასებელი საქმეა.

ახალგაზრდებს შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა, სამი ოლიმპიადის ფინალისტმა ოლგა გოლოვინამ კი აღნიშნა, რომ პროექტი მართლაც ეროვნულ საქმეს ემსახურება. სპორტსმენებს სტიმული და თანადგომა ნამდვილად სჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში სპორტსმენთა რეაბილიტაციისთვის საგანგებო ცენტრი არ არსებობს და უკვე წლებია, მათ ჯანმრთელობაზე მხოლოდ "ავერსი" ზრუნავს.

"ავერსი" საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს წარმატებას, გამარჯვებას, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს უსურვებს.

Share: