ფონდმა “ავერსმა” პენსიონერებს მაისის დღესასწაულები მიულოცა

ფონდმა “ავერსმა” პენსიონერებს მაისის დღესასწაულები მიულოცა

25 მაისს საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” არასამთავრობო ორგანიზაციას – პენსიონერთა კავშირს ესტუმრა, უფლის ბრწყინვალე ამაღლების დღესასწაული და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
საქველმოქმედო ფონდისა და პენსიონერთა კავშირის თანამშრომლობა რამდენიმე წელს ითვლის. ფონდი “ავერსი” რეგულარულად ეხმარება პენსიონერებს – ყოველთვიურად ასეულობით ლარის მედიკამენტს უფასოდ გადასცემს.
პენსიონერთა კავშირი 2000 წელს დაფუძნდა. მას დღემდე უხუცესი ადამიანი, საზოგადო მოღვაწე ადერკინ კოპლატაძე ხელმძღვანელობს. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ “ავერსის” დახმარება თითოეული პენსიონერისთვის ძალზე ძვირად ფასობს.
კავშირის წევრებს მაისის დღესასწაულები თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა სერგო ხერგიანმაც მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ დადგება დღე, როცა ამ დღესასწაულებს გაერთიანებულ საქართველოში ვიზეიმებთ, დასასარულ კი მადლიერებით მოიხსენია ფონდი “ავერსი” ყურადღებისა და გულისხმიერებისთვის.
თავჯდომარის მეორე მოადგილემ ამირან გაფრინდაშვილმაც აღნიშნა, რომ საქველმოქმედო ფონდის მესვეურთაგან სითბო, პატივისცემა და თანადგომა არ აკლიათ:
– ყველამ ვიცით, რომ საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” უდიდეს დახმარებას გვიწევს. მადლიერების მეტი რა გვეთქმის. იმედი მაქვს, ერთად კიდევ ბევრი ისეთი ადამიანის დახმარებას შევძლებთ, ვისაც ჩვენი მხარში დგომა სჭირდება.
შეკრებილ პენსიონერებს დღესასწაულები საქველმოქმედო ფონდ “ავერსის” ხელმძღვანელმა ქეთი ნემსაძემ მიულოცა:
– შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავთ. გვინდა, სწორედ ამ დღეს კიდევ ერთხელ მოგეფეროთ, ჩაგეხუტოთ... უფლის ზეცად ამაღლებას გილოცავთ, სულიერ ამაღლებას და ჯანმრთელობას გისურვებთ.
“ავერსის” საქველმოქმედო აქციების შესახებ კომენტარი ჩუღურეთის რაიონის პენსიონერთა კავშირის თავმჯდომარეს ტასო ოთინაშვილს ვთხოვეთ:
– ყველამ იცის, რომ “ავერსი”, დღიდან დაარსებისა, საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. ბატონი პაატა კურტანიძე უდიდესი ქველმოქმედი და მეცენატია, ხალხის მოყვარული და შემწე, ადამიანი, რომელმაც სიკეთისა და სათნოების გზა აირჩია.
ვაკე-საბურთალოს რაიონის პენსიონერთა კავშირის თავმჯდომარემ თამარ მიროტაძემ კი გვითხრა, რომ მედიკამენტების დარიგების დღეს ყოველთვე ყველა პენსიონერი სიხარულით ელის. ეს დახმარება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიაო, დასძინა მან.
საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” რეგულარულად ეხმარება პენსიონერებს, ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – ყველას, ვისაც მისი დახმარება სჭირდება.

Share: