ფონდმა

ფონდმა "ავერსმა" ორგანიზაცია "მშობელთა თანადგომას" 8 მარტი მიულოცა

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირ "მშობლების თანადგომას" მარტის დღესასწაულები მიულოცა - ფონდის წარმომადგენლებმა ცენტრის აღსაზრდელებს ჰიგიენური საშუალებები და ტკბილეული დაურიგეს; მასპინძლებმა კი სტუმრებისა და დედიკოებისთვის დღესასწაულის მოწყობა გადაწყვიტეს. ზეიმზე პატარებმა საკუთარი შემოქმედება - ნახატები და თექის ნიმუშები წარმოადგინეს; იმღერეს, იცეკვეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და რომ თითოეული ადამიანი უნიკალური, ნიჭიერი და ინდივიდუალურია.
კავშირ "მშობლების თანადგომის" დამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარე ნათია კიკვაძე "ავერსის" საქველმოქმედო აქციას ასე ეხმიანება:
- ჩვენმა აღსაზრდელებმა ზეიმის მოწყობა გადაწყვიტეს და "ავერსმა", როგორც ყოველთვის, საკუთარი წვლილი შეიტანა ამ ღონისძიებაში. ფონდმა შესანიშნავი საჩუქრებით ძალიან გაახარა ბავშვები. უმეტესობა სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის. დიდ მადლობა გვინდა გადავუხადოთ "ავერსის" ფონდის დამფუძნებელს ბატონ პაატა კურტანიძეს ჩვენი ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის, რაც ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ საჭიროა კერძო სექტორის დახმარება ამ კატეგორიის ადამიანებისათვის.
დიდი მადლობა "ავერსის" მთელ კოლექტივს გულისხმიერებისა და თანადგომისთვი. მინდა ვუსურვო წარმატებები, ყოველთვის ჰქონდეთ სურვილი და საშუალება აკეთონ სასიკეთო საქმეები. იმედია, ჩენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება და ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ზრუნვის ქვეშ მყოფი ადამიანებისათვის.
სახელმწიფოსაც მინდა მივმართო: მიიღოს ქველმოქმედების შესახებ კანონი, რაც ხელს გაუხსნის კერძო სექტორს და გაათავისუფლებს დაბეგვრის აუცილებლობისგან. ჩვენი კავშირის მგავსი ორგანიზაციები ხომ მხოლოდ ასეთი ქველმოქმედი ადამიანების იმედად ვართ დარჩენილნი.
ღონისძიების შემდეგ შთაბეჭდილებები ცენტრის აღსაზრდელების მშობლებმაც გაგვიზიარეს.
ტატა გელოვანი: "მშობელთა თანადგომა" 2008 წლიდან 2014 წლამდე უწყვეტად ფუნქციონირებდა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მათთვის ესოდენ საჭირო "დღის ცენტრის" სერვისს აწვდიდა. ოჯახები 8 წლის განმავლობაში ვიღებდით ამ სერვისს და კმაყოფილები გახლდით. საქველმოქმედო ფონდ "ავერსთან" ჩვენი მეგობრობაც უკვე მრავალ წელიწადს ითვლის და უნდა აღვნიშნო, რომ მისი თანადგომა და დახმარება ჩვენს პატარებს ძალიან ახარებთ და ახალისებთ. მათ ყველაზე მეტად ხომ სიყვარული, ურთიერთობა, თანადგომა და ხელსაყრელი გარემოს შექმნა სჭირდებათ. სამწუხაროდ, დღეს არც ისე ხშირია ასეთი უანგარო სიკეთე. "ავერსი" ამმხრივ მართლაც გამორჩეულია.
მზია ჯალიაშვილი: ცენტრი "მშობელთა თანადგომა" უკანასკნელი ორი წელიწადია სრული დატვირთვით ვეღარ მუშაობს, რადგან ფართი, რომელშიც ორგანიზაციაა განთავსებული მის საკუთრებაში დღემდე ვერ გადავიდა. გული გვწყდება, რადგან აქ ბავშვები ვითარდებიან, ქმნიან მართლაც შესანიშნავ ნემუშევრებს, ნახატებს, თექის კომპოზიციებს... ცენტრის დამსახურებაა, რომ ჩვენი პატარები ასე დაუმეგობრდნენ "ავერსს". ფონდმა ქალთა საერთაშორისო დღე, ტრადიციულად, სიურპრიზებით გაგვილამაზა.'დიდი მადლობა მინდა გამოვთქვა ფონდ "ავერსის" მიმართ შესანიშნავი საჩუქრებისთვის.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მუდმივად ზრუნავს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

Share: