ფონდმა

ფონდმა "ავერსმა" ბავშვებს საშობაო საჩუქრები გადასცა

საშობაოდ ფონდმა "ავერსმა" ორგანიზაცია "მშობლების თანადგომას" ტკბილეული და ჰიგიენური საშუალებები გადასცა, რითაც კავშირის აღსაზრდელები და მათი მშობლები ძალიან გაახარა. საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" ამ ორგანიზაციასთან უკვე დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და ფონდი მას მუდმივად უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტებითა და მოვლის საშუალებებით.
საშობაო აქციის შესახებ ორგანიზაცია "მშობლების თანადგომის" დამფუძნებელს ქალბატონ ნათია კიკვაძეს ვესაუბრეთ:
– საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ჩვენი ორგანიზაციის მხარდამჭერი და დიდი გულშემატკივარია. მუდმივად გვიწევს დახმარებას და ჩვენს პატარებს ყურადღებით, სითბოთი და სიყვარულით ანებივრებს...
ჩვენი კავშირი "მშობლების თანადგომა" არაკომერციული, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც 2006 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლებმა დავაარსეთ.
ორგანიზაცია "მშობლების თანადგომა" უკვე მესამე წელია ახალ ფართში განთავსდა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გადმოგვცა. თუმცა, დღემდე ფართის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს ველოდებით, რის გამოც მრავალი პრობლემა გვექმნება – ვერ ვახერხებთ გარემონტება-ადაპტირებას, კომუნალური გადასახადების გადახდას, შენობაში შემოსაყვანია ბუნებრივი აირი, არ გვაქვს გათბობა...
იმედია, უახლოეს ხანში გადაწყდება ეს პრობლემა და ჩვენი ბენეფიციარებიც უწყვეტ რეჟიმში მიიღებენ მათთვის ესოდენ საჭირო მომსახურებას, რომელსაც 8 წლის განმავლობაში წარმატებულად ვაწვდიდით.
იმის გამო, რომ ფართის ფლობის დოკუმენტი არ გაგვაჩნია, ვერც სახელმწიფო პროგრამას ვახორციელებთ და ორგანიზაცია "მშობელთა თანადგომა", ძირითადად, ქველმოქმედებისა და ფონდების დახმარებით ფუნქციონირებს. ჩვენი აღსაზრდელებიც მხოლოდ ამ კეთილი ადამიანების იმედად არიან. მათი მხარდაჭერის გარეშე, ალბათ, ჩვენც და ბევრი სხვა ჩვენი მსგავსი ორგანიზაცია არსებობას შეწყვეტდა...
– რა გამოსავალს ხედავთ?
– მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ კერძო სექტორი წაახალისოს და ქველმოქმედების შესახებ კანონიც მიიღოს, რომ ბიზნეს-სექტორს ჩვენი დახმარების, კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობა მიეცეს.
ამასთან, საჭიროა მეტი ყურადღება და თანადგომა, როგორც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის, ასევე საზოგადოების მხრიდანაც.
– თქვენი ორგანიზაციის აღსაზრდელების სამსახიობო წარმატებების შესახებ გახდა ცნობილი, ამ პროექტის შესახებ მოგვიყევით.
– სულ რაღაც ნახევარი წელია, საქართველოში შეიქმნა ინკლუზიური თეატრი "აზდაკის ბაღი", სადაც ჩვენი ბენეფიციარები აქტიურად არიან ჩართულნი. ეს ის ადგილია, სადაც მათ ყოველთვის მიუხარიათ და თავიანთ შესაძლებლობებს აქტიურად ავლენენ, რასაც, ალბათ, ის მაყურებლებიც დაადასტურებენ, ვინც უკვე ნახეს მათი სპექტაკლი "საახალწლო აურზაური ზღაპარეთში".
თეატრს დიდი მომავალი აქვს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ერთ-ერთ რეალურ შესაძლებლობას.
ეს მართლაც მნიშვნელოვანი პროექტია, თუმცა, პრობლემები აქაც მრავლადაა – თეატრს ძალიან სჭირდება დახმარება და თანადგომა, როგორც სახელმწიფოს, ასევე, კერძო სექტორის მხრიდან. აქ ვერ ჩამოვთვლი იმ გაუსაძლის პირობებს, რომელშიც მათ უწევთ მუშაობა. მიუხედავად ამისა თეატრი წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას: სპექტაკლი უკვე დაიდგა თბილისის 174-ე საჯარო სკოლაში, საერო გიმნაზია "შავნაბადაში", 29 დეკემბერს გასტროლებზე გახლდნენ რუსთავში, სადაც, სპექტაკლის ჩვენება თეატრის დიდ დარბაზში შედგა. 5 იანვარს გურჯაანში გახლდით, სადაც, პატარა მსახიობებს, ასევე, დიდი წარმატება ხვდათ წილად. 6 იანვარს თბილისში "თავისუფალ თეატრში" პრემიერა გაიმართა...
უნდა ითქვას, რომ ყველგან, სადაც ეს სპექტაკლი დაიდგა, მაყურებელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა და პატარა მსახიობებს სცენიდან ოვაციებით აცილებდა.
– ჩვენთან ინტერვიუში ერთხელ აღნიშნეთ, რომ შეზღუდულია შესაძლებლობები, იმდენად, რამდენადაც გარემოა შეზღუდული, რომ ყოველი ადამიანი ინდივიდუალური და მრავალმხრივი შესაძლებლობების მქონეა, რა პროექტებს ახორციელებს თქვენი ორგანიზაცია ბავშვების საზოგადოებრივი ინტეგრაციისა და აქტივობის კუთხით?
– მიუხედავად იმისა, რომ შენობასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, ჩვენ მაინც თავდაუზოგავად ვმუშაობთ ჩვენი აღსაზრდელების განვითარებისა და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობისათვის. უცხოური ფონდის დახმარებით პროექტი განვახორციელეთ, რომლის ფარგლებში მათ წინაპროფესიულ სწავლებას შევუწყვეთ ხელი, ასევე ორ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით...
ჩვენს ორგანიზაციას საკმაოდ კარგი ინტელექტუალური ბაზა აქვს და ის, კერძო სექტორისა და სახელმწიფოსაგან მეტ ხელშეწყობასა და დახმარებას საჭიროებს, რათა ერთად ვიზრუნოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი, ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობისთვის. ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ სოციალურ პასუხისმგებლობას იზიარებს და მუდმივად ზრუნავს მათ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე.

Share: