საახალწლო საჩუქარი 35 ოჯახს

საახალწლო საჩუქარი 35 ოჯახს

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" კიდევ ერთი საახალწლო აქციის მონაწილე გახდა, რომელიც ბიზნესის განვითარების საზოგადოების ორგანიზებით განხორციელდა.
პროექტი სახელწოდებით „აჩუქე ახალი წელი“, მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა 35 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის, მრავალშვილიანი დედებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.
როგორც ბიზნესის განვითარების საზოგადოების თავმჯდომარემ თათია ხაბეიშვილმა აღნიშნა, ღონისძიების მთავარი მიზანი ამ ოჯახების საჭირო პროდუქტებითა და ნივთებით უზრუნველყოფა გახლდათ:
- მათთვის მომზადდა სხვადასხვა ტიპის დახმარება, უმეტესწილად, სასურსათო და სასაჩუქრე კალათები. პროექტი ქართული კომპანიების, მათ შორის, საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“, ხელშეწყობით განხორციელდა.
უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბიზნესზე და ბიზნეს გარემოს განვითარებაზე ზრუნვა. მოგეხსენებათ, განვითარებულ ქვეყნებში სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის წარმოების განუყოფელ ნაწილს შეადგენს და კომპანიების ჩართულობა ამგვარ პროექტებში საკმაოდ მაღალია. საქართველოში კი ეს ყველაფერი ჩამოყალიბების და გაანალიზების პროცესშია. თუმცა, ბოლო პერიოდში ქართული კომპანიების ჩართულობა საქველმოქმედო ღონისძიებებში ნამდვილად შეინიშნება. ჩვენი ორგანიზაცია აპირებს ამ პროცესის ხელშეწყობას და ბიზნესის ჩართულობის წახალისებას ამ ტიპის აქტივობებში.
ვფიქრობთ, რომ ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს კერძო სექტორმა, რადგანაც მისი როლი ამ პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია - აღნიშნა ბიზნესის განვითარების საზოგადოების თავმჯდომარემ.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" უკვე წლებია ახორციელებს არა მხოლოდ მასშტაბურ და მუდმივმომქედ საქველმოქმედო აქციებს, არამედ ერთჯერად ჰუმანიტარულ პროექტებსაც, რომლის მიზანი სოციალურად დაუცველი ოჯახების, მრავალშვილიანებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების დახმარებას და შემწეობას გულისხმობს.
"ავერსი" გილოცავთ ახალ წელს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ!

Share: