მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე "ავერსის" თანადგომით აღინიშნა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წელს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად  11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ორგანიზაცია "საქართველოს ქალთა საბჭოს" ინიციატივით, წლეულს ეს თარიღი საქართველოშიც აღინიშნა. საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მხარდაჭერით გამართულ  ღონისძიებას მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ უმასპინძლა.

მოწვეულ სტუმრებს შორის გახლდნენ ქართველი ღვაწლმოსილი მეცნიერი ქალბატონები სხვადასხვა რეგიონებიდან. დღეს საქართველოში ხუთი აკადემიკოსი ქალბატონია და ისინი საქართველოს ქალთა საბჭოს  წევრები არიან.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა სპეციალური სერტიფიკატები მეცნიერ ქალებსა და ახალგაზრდებს გადასცა. ისინი "საქართველოს ქალთა საბჭოს" სიგელებსაც უახლოეს დღეებში მიიღებენ.

11 თებრვლის აღსანიშნავად "საქართველოს ქალთა საბჭოს"  დამაარსებლის, აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემია დაწესდა, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერ გოგონებს დარგში შეტანილი წვლილისთვის ყოველწლიურად გადაეცემათ.

- მეცნიერ ქალბატონებს, რომლებიც მოკრძალებულად ემსახურებიან საზოგადოებას და ახალგაზრდა თაობის აღზრდას, "ავერსის" სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ. საქველმოქმედო ფონდ "ავერსის"  დამფუძნებელი პაატა კურტანიძე უდიდესი ქველმოქმედი და მეცენატია, რომელიც წლებია ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და სწორედ მისი თანადგომით უამრავ მნიშვნელოვან პროექტს და ღონისძიებას ვახორციელებთ - აღნიშნა "საქართველოს ქალთა საბჭოს" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ქეთევან გაბრუაშვილმა და დასძინა, რომ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, რომელიც უკვე 103 წელს ითვლის, მრავალი ათასი წევრი ჰყავს არა თუ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც - ემიგრანტების სახით.  თითოეული მათგანის სახელით მადლიერება გამოხატა პაატა კურტანიძის და საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მიმართ უდიდესი თანადგომისთვის.

 

Share: