პირველი ივნისი

პირველი ივნისი "ავერსმა" ტრადიციული ღონისძიებით აღნიშნა

ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" წლეულსაც ტრადიციულად აღნიშნა - მრავალშვილიან ოჯახებს მთაწმინდის პარკის ბარათები დაურიგა.

- ფონდი "ავერსი"  ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მრავალშვილიან ოჯახებს ყოველთვის საჩუქრებს უმზადებს. პატარებს სიურპრიზები განსაკუთრებით უყვართ.   ვცდილობთ, ეს დრე დღესასწაულად ვუქციოთ, გავახალისოთ, ბედნიერი წუთები ვაჩუქოთ... ეს დღე ჩვენც გამორჩეულად გვიყვარს, რადგან ბავშვების გულწრფელი სიხარული გადამდებია და მათი გახარება  საოცარი პოზიტივით გვავსებს - გვითხრა ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ.

აქციის მონაწილეებს ვესაუბრეთ. მამა გურამ ჯავახიშვილს ექვსი შვილი ჰყავს. ბომბორას ატრაქციონების აბონიმენტებმა ბავშვები ძალიან გაახარა:

- "ავერსს" და მთელს გუნდს დიდ მადლობას მოგახსენებთ. ბავშვებს ბომბორას პარკში ნამდვილი დღესასწაული ელით. ჩემთვის, პირადად, ასეთი ყურადღება ძალიან ბევს ნიშნავს. ადამიანი ადამიანის გვერდში დგომისთვის, დახმარებისთვის არის შექმნილი და მრავალშვილიან ოჯახებს "ავერსი" მართლაც უდიდეს დახმარებას უწევს, სტიმულს აძლევს, აძლიერებს" - გვითხრა მამა გურამმა.

შალვა ტაბატაძეც აქციის მონაწილე და მრავალშვილიანი მამაა. მისი თქმით, "ავერსი" უდიდეს სიკეთეს ემსახურება და მრავალშვილიანთა დახმარების პროექტები არა მხოლოდ ქველმოქმედებას, არამედ უფრო დიდ მიზნებს ემსახურება, რასაც ქვეყნის ინტერესების დაცვა, მის დემოგრაფიაზე ზრუნვა და ეროვნული საქმის კეთება ჰქვია:

- როდესაც ხედავ, რომ სრულიად უცხო ადამიანები ზრუნავენ მრავალშვილიან ოჯახებზე, მათ კეთილდღეობაზე, ხვდები, რომ სიკეთე თავის გზას ყოველთვის პოულობს.

თამარ ძამაშვილი 7 შვილის დედაა. უკვე შვილიშვილიც შეეძინათ. "ავერსის" აქციას სიხარულით გამოეხმაურა:

- "ავერსის" აქციები ყოველთვის გამოირჩევა, რადგან გრძნობ, რომ ყოველ ნაბიჯს უდიდესი სიყვარულით, მზრუნველობით გეგმავენ. დღეს მთაწმინდის პარკის აბონიმენტები გადმოგვცეს. აქციიდან შინ რომ ვბრუნდებოდით, "ავერსის" ნაჩუქარი ბუშტები გზადაგზა ყველას დავურიგეთ, რომ ჩვენი სიხარული სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. მართლაც, დროული იყო ეს აქცია - პანდემიის გამო შინ ჩაკეტილი ბავშვებისთვის ბომბორას პარკში სტუმრობა დიდი სიხარულია. მინდა თქვენს გუნდს დიდი წარმატება ვუსურვო, რომ კიდევ მეტი ადამიანის გახარება და თანადგომა შეძლოთ.

პატარები ემოციებს მართლაც ვერ მალავდნენ. "ავერსმა" ბავშვებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო.

"ავერსი" გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ყველა პატარას ბედნიერ,  უდარდელ ბავშვობას უსურვებს.

Share: