"ავერსმა" სპეციალური საჭიროების მქონე პირებს საახალწლო სურვილები აუხდინა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახალი წლის ზეიმს ყოველწლიურად მართავს და მეგობარი ორგანიზაციების დახმარებით, საკუთარ ბენეფიციარებს დღესასწაულს  სიურპრიზებითა და საჩუქრებით ულოცავს. საახალწლო აქციას წლეულს საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" შეუერთდა და აქციის მონაწილეებს  თავის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები გადასცა.  

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთათვის დღის  ცენტრის მომსახურებას საქართველოს ოთხ ქალაქში - ქუთაისში, სამტრედიაში, თერჯოლასა და საგურამოში  უზრუნველყოფს.  ცენტრში ამჟამად 75 სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანი ირიცხება. ზეიმისთვის ყოველი მათგანი განსაკუთრებულად ემზადებოდა - საახალწლო სურვილები უმრავლესობამ სანტას თავად მისწერა, ზოგმა კი - პედაგოგების დახმარებით. წერილები საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" მიიღო და დღესასწაულის მონაწილე სანტას როლიც მოირგო. 

აქციის შესახებ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამის კოორდინატორს სოფიო კუპატაძეს ვესაუბრეთ:

- განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების  ინდივიდუალური განვითარება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.

უკვე მრავალი წელია, დღის ცენტრების ბენეფიცირებისთვის, რომლებიც ძირითადად სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახებიდან არიან,  იმართება საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი, რაც ერთგვარად, წლის შემაჯამებელი ღონისძიებაც გახლავთ, სადაც დონორ და მეგობარ ორგანიზაციებს გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს ვაბარებთ. ამასთან, ჩვენს აღსაზრდელებს ნამდვილ დღესასწაულს ვჩუქნით.  ამჯერად, ზეიმი პანდემიის გამო ჩაიშალა, თუმცა, საახალწლო სიურპრიზი მაინც შედგა. საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" და კიდევ არაერთი მეგობარი კომპანიის დახმარებით მათი საახალწლო სურვილები რეალობად იქცა - ყოველ მათგანს შინ ვესტუმრეთ და, პანდემიის შესაბამისი რეგულაციების დაცვით, "თოვლის პაპის" გამოგზავნილი საჩუქრები მივუტანეთ - გვითხრა ქალბატონმა სოფიომ და დასძინა, რომ ასეთი ღონისძიებების მოწყობა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" შობა- ახალ წელს ყოველთვის განსაკუთრებული სიურპრიზებით და საჩუქრებით ხვდება. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებსა და მათზე მზრუნველ ორგანიზაციებს გამორჩეულად ანებივრებს. პანდემიის მიუხედავად არც წლევანდელი დღესასწაული ყოფილა გამონაკლისი.

"ავერსი" გილოცავთ შობა-ახალ წელს და  გისურვებთ ჯანმრთელობას!

Share: