„ავერსის“ თანადგომით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებმა  დაუვიწყარი ზაფხული გაატარეს

„ავერსის“ თანადგომით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებმა დაუვიწყარი ზაფხული გაატარეს

საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“ თანადგომით კიდევ ერთი შესანიშნავი პროექტი განხორციელდა -  ინტეგრირებული თეატრის - „აზდაკის ბაღის“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მსახიობებისთვის ქობულეთში საზაფხულო ბანაკი მოეწყო, რომელმაც 5-დან 16 აგვისტომდე 26 სტუმარს უმასპინძლა.  ვესაუბრეთ  საზაფხულო კემპთაუნის იდეის ავტორს - ორგანიზაცია „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის“ გამგეობის თავმჯდომარეს ივანე გაბრუაშვილს:

- ინტეგრირებულ თეატრ „აზდაკის ბაღის“ დასში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მსახიობებიც არიან. მათთვის გასულ წელს საპილოტე პროექტი განვახორციელეთ, რომლის ფარგლებში, ფშავში, სოფელ მაღაროსკარში საზაფხულო ბანაკი მოვაწყეთ.

ალბათ, ბავშვობაში ბევრ ჩვენგანს უსარგებლია ბანაკის „სიკეთეებით“. მინდოდა, რომ ეს სიხარული, ეს დაუვიწყარი დღეები ჩვენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეგობრებსაც განეცადათ. სწორედ ამიტომ, არ გვინდოდა სასტუმროს მომსახურებით სარგებლობა - ჩვენი სურვილი   ბანაკის მოწყობა იყო.  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკები ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია, თუმცა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იქ სტუმრებს მშობლებთან ერთად იღებენ, ჩვენ კი მოზარდებს მათ გარეშე ვუმასპინძლეთ.  საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ იმთავითვე იდეის მხარდამჭერი გახლდათ. სწორედ მისი თანადგომით შევძელით ასეთი შესანიშნავი პროექტის განხორციელება.  შედეგებით ძალიან კმაყოფილი გახლდით, ბავშვებიც  ბედნიერები იყვნენ. ბუნებრივია, წელსაც ბევრი მსურველი გამოჩნდა, თუმცა პანდემიამ ხელი ძალიან შეგვიშალა. როგორც კი სახელმწიფო რეგულაციებით ტურიზმი დაიშვა, მივმართეთ მეგობარ ორგანიზაციებს, რომელთა თანადგომით ჩვენი პროექტის განხორციელება კვლავ გახდა შესაძლებელი. საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“ ამჯერადაც ყველა საჭირო მედიკამენტით უზრუნველგვყო და წლეულს ქობულეთში, კემპთაუნში 26 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს ვუმასპინძლეთ.  გამოთხოვებისას იყო უამრავი დადებითი ემოციის გაცვლა-გამოცვლა, ცრემლები...  შთაბეჭდილებების გაზიარება და სიტყვებით გადმოცემა ძალიან გამიჭირდება, რადგან ასეთი საოცარი წუთები, პირადად მე, არ მქონია. ეს საუკეთესო საქმეა, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია _ გვითხრა ორგანიზაცია „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ივანე გაბრუაშვილმა და დასძინა, რომ ასეთ პროექტებში საზოგადოების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის ჩართულობა ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან შიშველი ხელებით, მხოლოდ ენთუზიაზმით მსგავსი მასშტაბური იდეების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

Share: