"ავერსი" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს დაეხმარა

9 აპრილს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებში ფონდმა "ავერსმა" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ჰიგიენური და მოვლის საშუალებები გადასცა.

- "საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ყოველთვის ეხმარება ორგანიზაციებს, კერძო პირებს, შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ვისაც ფონდის თანადგომა ნამდვილად სჭირდება. ამჯერადაც თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობას ავერსმა 17 000 ლარადე ღირებულების ჰიგიენური საშუალებები გადავეცით 333 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანისთვის. მათთვის გადაადგილება ისედაც რთულია, თუ გავითვალისწინებთ არაადაპტირებულ გარემოსა და ინფრასტრუქტურას. მით უფრო საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მათ დახმარება განსაკუთრებით სჭირდებათ" - აღნიშნა საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ. 

თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობის წარმომადგენლები "ავერსის" საჩუქარს ადრესატებს ეტაპობრივად გადასცემენ:

- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება საბჭოსა და თბილისის მერიის ერთობლივი ინიციატივა იყო, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევარჩიეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახები, რომლებსაც მძიმე სოციალური პირობები აქვთ - მარტოხელები, ხანდაზმულები... ადამიანები, ვისაც დღეს დახმარება ნამდვილად სჭირდებათ.  აქციის ფარგლებში "ავერსის" მოწოდებული პროდუქცია ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარია. 

დედაქალაქის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ აქციაში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

Share: