"ავერსმა" ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეები დაასაჩუქრა

16 ოქტომბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა და ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციები როგორც თბილისიდან, ასევე გორის, თერჯოლის, საჩხერის, ჭიათურისა და ზესტაფონის რაიონებიდან.

ღონისძიების მონაწილეებს საქველმოქმედო ფონდმა  "ავერსმა" საჩუქრები _ მოვლის საშუალებები და ტკბილეული გადასცა. ფესტივალის მხარდამჭერი გახლდათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო.

როგორც საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, მოზარდების კულტურულ ღონისძიებებში ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას გავაცნოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესაძლებლობები და მათი შემოქმედებითი უნარები.

ღონისძიების ერთ-ერთი სტუმარი გახლდათ სმენისა და მეტყველების დარღვევების მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის ხელმძღვანელი მაია ასაკაშვილი. დაფუძნების დღიდან ამ ორგანიზაციამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა სპეციალური საჭიროების მქონე პირების განათლებისა და სოციალური ინტეგრაციის მიმართულებით.

- ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს თუმცა, უხეში გათვლებით, დღეს საქართველოში დაახლოებით 150 ათასი სპეციალური საჭიროების მქონე პირია. ჩვენი ორგანიზაცია რთულ კონტინგენტთან _ ინტელექტუალური შეზღუდვის, მრავლობით დარღვევის და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებთან მუშაობს, ეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება. ვმუშაობთ მათი სოციალური ჩართულობის მიმართულებით _ ორგანიზაციას აქვს ხის სოციალური საწარმო "სხივი", სადაც ახალგაზრდები ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებსა და სუვენირებსა ამზადებენ. წლის სოციალური საწარმოს ტიტულიც მოვიპოვეთ. გვაქვს გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოც, ვქმნით თექის, ბისერის აქსესუარებს. ვაწყობთ ხელნაკეთი ნივთების გამოფენებს, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რამდენად მრავალფეროვანი შესაძლებლობების მქონე არიან ეს ახალგაზრდები _ აღნიშნა ქალბატონმა მაიამ.

ორგანიზაცია "ორიონის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჟანა ფერაძე ფესტივალს ზესტაფონიდან ეწვია.  ეს ორგანიზაცია 18 წლამდე ასაკის 40 ბენეფიციარს აერთიანებს. ღონისძიებაზე წარადგინეს სპექტაკლი "შემოდგომა".

- ზესტაფონი ეკოლოგიურად რთულ რეგიონად ითვლება და აქ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. ჩვენი ორგანიზაცია მათ მხარდაჭერას და საზოგადოებრივ ინტეგრაციას ემსახურება. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ბენეფიციარებით დაკომპლექტებული დასი წლეულს პოლონეთის სპეციალური საჭიროების მქონე პირთა თეატრალურ ფესტივალში იღებდა მონაწილეობას, სადაც 15 ქვეყნის 28 ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი და ჩვენ სპექტაკლით "ევოლუცია" მეორე საპრიზო ადგილის მფლობელები გავხდით. ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა საქველმოქმედო ფონდ "ავერსზე". რამდენიმე წლის წინ მქონდა მათთან თანამშრომლობის ბედნიერება. ჩვენი ბენეფიციარების საჭიროებიდან გამომდინარე, პამპერსები უსასყიდლოდ გადმოგვცეს. ბედნიერებაა, რომ ასეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ორგანიზაცია სიკეთეს უანგაროდ ემსახურება.

ვესაუბრეთ ფესტივალის მონაწილეს, 20 წლის მარიამ კლდიაშვილს, რომელიც ღონისძიებაზე დასასწრებად თერჯოლიდან ჩამოვიდა. მან საზოგადოებას თავისი ნახატები და ნაქარგები წარუდგინა. მარიამმა გვითხრა, რომ კულტურულ ღონისძიებებს სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ისეთი ორგანიზაციები კი, როგორც საქველმოქმედო ფონდი "ავერსია", მუდმივად მხარს უჭერენ მსგავსი ღონისძიებების ორგანიზატორებს და ახალგაზრდა ხელოვანებს ყურადღებითა და საჩუქრებით ანებივრებენ.

Share: