ავერსმა ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა

ავერსმა ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ბავშვებს შობა-ახალ წელს ორიგინალურად ულოცავს. წლეულსაც, "ავერსმა" მათ დასამახსოვრებელი, სიურპრიზებითა და საჩუქრებით სავსე დღესასწაული აჩუქა.

11 იანვარს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლი - "ურჩხული და ლამაზმანი" თეატრის მსახიობებმა სპეციალურად პატარა მაყურებლებისთვის წარადგინეს. დაპატიჟებულ სტუმრებს შორის მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები იყვნენ.

როგორც ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა, ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, ახალი წლის დღესასწაული ბავშვებისთვის ყოველთვის გამორჩეული და მრავალფეროვანი უნდა იყოს:

- უკვე ტრადიციად გვექცა, საახალწლოდ მრავალშვილიანი ოჯახების სპექტაკლზე დაპატიჟება. წლეულსაც, შევეცადეთ, მათთვის ეს დღესასწაული გაგველამაზებინა. პატარები შესანიშნავ სპექტაკლზე მოვიწვიეთ და საჩუქრად ტკბილეულიც გადავეცით. ჩვენი სურვილია, ახალი წელი ბავშვებისთვის მუდამ იმედებით სავსე, ჯადოსნური და დაუვიწყარი იყოს.

ვესაუბრეთ მოწვეულ სტუმრებსაც:

ირმა კანკიძე მრავალშვილიანი დედაა. მან გვითხრა, რომ პატარები სპექტაკლზე სიხარულით მოდიოდნენ, იცოდნენ, რომ აქ სასიამოვნო სიურპრიზი ელოდათ და მათი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა:

- შესანიშნავ სპექტაკლზე მოგვიწვიეს. ბავშვებს ხალისიანი განწყობა შეუქმნეს, შთაბეჭდილებებითა და საჩუქრებით სავსე დღესასწაული მოგვიწყეს. სამწუხაროდ, დღეს ბევრ ოჯახს არა აქვს შესაძლებლობა, რომ ახალი წელი ასე ლამაზად აღნიშნოს და შვილები საახალწლო სპექტაკლზე წაიყვანოს. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" კი მრავალშვილიან ოჯახებს ამ შესაძლებლობას ხშირად აძლევს. "ავერსი" ჩვენი დიდი ქომაგი და გულშემატკივარია. მუდამ მხარში გვიდგას და გვეხმარება.

მრავალშვილიანმა დედამ - მაკა ქიტესაშვილმა კი აღნიშნა, რომ ახალი წლის ორიგინალურად აღნიშვნა საქველმოქმედო ფონდ "ავერსისთვის" ტრადიციად იქცა:

-  ყურადღება და თანადგომა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. "ავერსმა" ამ დღესასწაულზეც ნამდვილი ზეიმი მოგვიწყო. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ცნობილია თავისი ეროვნული მნიშვნელობის პროექტებით. ისინი ეხმარებიან უდედმამო ბავშვებისა და მიუსაფარ მოხუცებს, გაჭირვებულებს და სოციალურად დაუცველებს. ყველა სფეროში თავისი წვლილი შეაქვთ და სიკეთით, იმედითა და სიხარულით ავსებენ გარშემომყოფებს.

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა და ჯანმრთელობა და ულევი სიხარული უსურვა მათ.

Share: