"ავერსმა" ინტეგრირებული თეატრის მსახიობებს ახალი წელი მიულოცა

9 იანვარს აკაკი ხორავას მსახიობთა სახლში ინტეგრირებული თეატრის "აზდაკის ბაღის" დასმა სპექტაკლი "საახალწლო აურზაური ზღაპარეთში" წარმოადგინა. მსახიობებს საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად ტკბილეული და მოვლის საშუალებები გადასცა. 

"აზდაკის ბაღი" 2016 წლის მარტში დაარსდა. დასში 8 პროფესიონალ მსახიობთან ერთად 16 სპეციალური საჭიროების მქონე პირია, მათ შორის სამი ბავშვი, რომლებიც მარტყოფის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლიდან არიან. ამჟამად "აზდაკის ბაღი" 4 სხვადასხვა სპექტაკლს წარმოადგენს. 

დასის სრული შემადგენლობით თეატრმა არაერთი პრემიერა ითამაშა თბილისის სხვადასხვა თეატრის სცენაზე, ასევე, რეგიონებში - ინტეგრირებულმა თეატრმა საკუთარი შემოქმედება გააცნო თელავის, გორის, სიღნაღის, გურჯაანის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, ბოლნისის, ბორჯომის და სხვა ქალაქების მაყურებელს.

თეატრს რეჟისორი, დრამატურგი ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი და ფსიქოლოგი - დრამათერაპევტი ქეთევან ქიმოსტელი ხელმძღვანელობენ. მათი ენთუზიაზმით თეატრი მესამე წელია წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას, მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოსავლის წყარო ძირითადად შემოწირულობა და მცირე გრანტებია.

თეატრის ხელმძღვანელმა ბაჩო გაბრუაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ "აზდაკის ბაღი" საქართველოში პირველი და ერთადერთი თეატრია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იღებენ არაფორმალურ განათლებას მსახიობის ოსტატობაში, მეტყველების კულტურაში, პანტომიმასა და ცეკვაში:

- შედეგად  იზრდება მათი პროფესიონალიზმი, დამოუკიდებლობის ხარისხი, თვითშეფასება, ხოლო საზოგადოება სპექტაკლების მეშვეობით ხედავს მათ განვითარებად და არა შეზღუდულ შესაძლებლობებს. იმისათვის, რომ ვიარსებოთ და თეატრით დაინტერესებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მოტივაცია არ დავუკარგოთ, საჭიროა დაფინანსება და საზოგადოების მხარდაჭერა. "ავერსი" ამმხრივ ყოველთვის გამორჩეულია. ახალი წელიც ტრადიციულად მოგვილოცა და საჩუქრებით გაახარა ჩვენი მსახიობები.

როგორც ბატონმა ბაჩომ აღნიშნა, "აზდაკის ბაღს" აკაკი ხორავას მსახიობთა სახლის ხელმძღვანელობა კვირაში სამჯერ უთმობს სცენას. გარდა ამისა, დასს დიდი გეგმები აქვს და უკვე დაგეგმილია გასტროლები კაზრეთში, გურჯაანში, სიღნაღში... მისივე თქმით, თეატრისთვის სტაბილური ფინანსური შემოსავალი გახლავთ გარანტი იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მსახიობები  საყვარელ საქმეს ემსახურებიან - ითამაშებენ სცენაზე და ამასთან, მიიღებენ ანაზღაურებასაც.

თეატრის ხელმძღვანელი ქეთევან ქიმოსტელი პროფესიით ფსიქოლოგი გახლავთ. სწორედ მან გაგვაცნო "აზდაკის ბაღის" შთამბეჭდავი მიღწევები:

- 2018 წლის სექტემბერში თეატრალურმა საზოგადოებამ "აზდაკის ბაღი" ოფიციალურ წევრად სცნო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დასში არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ისინი, როგორც მოყვარული მსახიობები პროფესიონალებს გაუტოლდნენ და გახდნენ თეატრალური საზოგადოების წევრები. მსგავსი პრეცედენტი საქართველოში არ დაშვებულა.

საქართველოში პირველი პრეცედენტი გახლდა ისიც, რომ  2018 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა ინტეგრირებულმა თეატრმა მიიღო. ამ ღონისძიებაში მსოფლიოს 48 ქვეყნიდან სხვადასხვა პროფესიული თეატრი წარმოადგენდა საკუთარ შემოქმედებას. ჩვენს დასს იღებენ და აფასებენ. ეს უდავო წარმატებაა.

ამჟამად, მივიღეთ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღების შემოთავაზება. არც ისე დიდი ხნის წინ მსგავსი წინადადება ესპანეთში გამართულ ღონისძიებაზეც გვქონდა, თუმცა ფინანსების უქონლობის გამო, დასი კონკურსზე ვერ წარსდგა. იმედი გვაქვს, ამჯერად მაინც მოვიძიებთ საჭირო თანხებს და გავემგზავრებით გერმანიაში, სადაც ჩვენს შემოქმედებას უცხოელ მაყურებელს გავაცნობთ.  ჩვენთვის მთავარია საზღვრებს გავცდეთ და ჩვენი შესაძლებლობები საერთაშორისო ასპარეზზე წარმოვადგინოთ. ამისათვის კი საზოგადოების მხარდაჭერა და თანადგომა გვჭირდება.

მადლიერება მინდა გამოვხატო საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მიმართ, რომელიც ჩვენი დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერია. "ავერსმა" შობა-ახალი წელი მოგვილოცა და ჩვენი მსახიობები დაასაჩუქრა. სასიამოვნოა, როდესაც ყურადღებას და თანადგომას გრძნობ. ეს იმას ნიშნავს, რომ  საზოგადოება დაინტერესებულია ჩვენი შემოქმედებით და გარკვეულ აღიარებასაც გამოხატავს.

დიდი მადლობა ფონდ "ავერსს" ყურადღებისთვის, მხარდაჭერისთვის, შესანიშნავი საჩუქრებისთვის და თბილი სიტყვებისთვის.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" გილოცავთ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას.

Share: