მზეს მინდა მივწვდე

მზეს მინდა მივწვდე

16 ნოემბერს გიგა ლორთქიფანიძის  სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით ”ხელოვნება და ტექნოლოგია - იმედის გზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის“.

ღონისძიებაზე გაიმართა პოეტ ია ნანეიშვილის ლექსების კრებულის -  „მზეს მინდა მივწვდე“ პრეზენტაცია, რომლის გამოცემა საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" უზრუნველყო.

- "ეს იყო ულამაზესი, უთბილესი, დადებითი ემოციებით დატვირთული დაუვიწყარი საღამო - გვითხრა ქალბატონმა იამ - უსაზღვრო მადლობა სიკეთისთვის, დაფასებისთვის და იმ ბედნიერი წუთებისთვის, რომელიც მაჩუქეთ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი "ავერსის" დამფუძნებელს, უდიდეს ქველმოქმედს, შესანიშნავ პიროვნებას, საამაყო, მისაბაძ ქართველს, ბატონ პაატა კურტანიძეს.

რომ არა ბატონი პაატას უსაზღვრო სიკეთე, ჩემი ლექსების კრებულის გამოცემა არ იქნებოდა შესაძლებელი. საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა"  ბედნიერება მაჩუქა და შესაძლებლობა მომცა ჩემი ლექსები, კრებულის სახით მიმეწოდებინა მრავალრიცხოვანი მკითხველისათვის, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდნენ მის გამოცემას...

ბედნიერებაა, რომ ამქვეყნად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სხვებისთვის სიხარულის მინიჭება... ეს არ არის ჩემთვის მხოლოდ კრებული, ეს იმედია, რწმენაა, რომელიც მეხმარება გავუმკლავდე ყველა ტკივილს და უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლო სიცოცხლისათვის!

მინდა მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელს, ქალბატონ ქეთი ნემსაძეს, იმ სითბოსთვის, ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩინა.

"ავერსი" ბედნიერების ფონდია, რომელიც უშურველად, დაუნანებლად გასცემს სიკეთეს. მადლობა უფალს, რომ თქვენთან შემახვედრა...

წარმატება და სიკეთე მინდა გისურვებთ. ღმერთმა მოგცეთ შესაძლებლობა,  კიდევ მრავალი ადამიანი გაახაროთ და გააბედნიეროთ".

ქალბატონმა იამ ასევე აღნიშნა, რომ მისი კრებული ეძღვნება იმ ადამიანებს, ვისაც ცხოვრებისეული განსაცდელი მოუვლინა ღმერთმა, ვისაც იმედი და რწმენა დაეკარგა, ვინც ფარ-ხმალი დაყარა... მისივე თქმით, "ავერსის" თანადგომით გამოცემული კრებული მაგალითია იმ ადამიანის ცხოვრებისა, ვინც ამგვარ მდგომარეობაში ბრძოლა არჩია და გამარჯვება მოიპოვა.

გამოფენაზე, რომლიც ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, რუსთავის დღის ცენტრის ბენეფიციარებმა წარმოადგინეს ხელნაკეთი ნამუშევრები თექაზე, თიხასა და ბისერზე, რითაც კიდევ ერთხელ შეახსნეს საზოგადოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და რომ ყოველი ადამიანი ინდივიდუალური ნიჭითა და უნარებით არის დაჯილდოებული.

ამავე ღონისძიების ფარგლებში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებმა თეატრალური წარმოდგენა გამართეს. პატარა, ნიჭიერმა შემსრულებლებმა სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვიეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ასევე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები - პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე.

სტუმრებს, ბავშვებსა და მშობლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პარლამენტის წევრებმა:

„ჩვენი ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობების ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  თითოეული ბავშვი გახდეს ჩვენი საზოგადოების დამოუკიდებელი წევრი და მაქსიმალურად იყოს ჩართული ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში“ _  განაცხადა მარიამ ჯაშმა.

აქციის ყოველი მონაწილე "ავერსმა" მედიკამენტების, ჰიგიენური და მოვლის საშუალებების ნაკრებით დაასაჩუქრა.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მუდმივად ეხმარება სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდებსა და მათ ოჯახებს. განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მათ სოციალურ ინტეგრაციასა და ადაპტირებული გარემოს შექმნაშიც.

"ავერსი" გისურვებთ სიკეთეს, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს!

Share: