თოვლიანი ჰორიზონტები: გზამკვლევი სამთო კურორტების სამყაროში
Share:
დამწყები მოთხილამურე ხართ თუ ექსტრემალური სრიალის მოყვარული პროფესიონალი, თოვლიან სეზონზე ჯანსაღი დასვენების დაგეგმვა არა მხოლოდ სწორი ლოკაციისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შერჩევას, არამედ იმ განსაკუთრებული ატმოსფეროს მოძიებასაც გულისხმობს, რომელიც ამ რამდენიმე დღეს დაუვიწყარ შთაბეჭდილებად აქცევს.
ზამთრის კურორტზე დასვენება არ გახლავთ იაფი სიამოვნება. მოთხილამურეებს, სნოუბორდისტებს და, საზოგადოდ, თოვლიანი სეზონის სპორტული აქტივობების მოყვარულებს, კურორტისა და საცხოვრებელი ადგილის შერჩევასთან ერთად, სათხილამურო აბონემენტსა და შესაბამის აღჭურვილობაზეც უწევთ ზრუნვა, რაც სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული.
აღჭურვილობის სია ინდივიდუალურია და, უპირველეს ყოვლისა, იმაზეა დამოკიდებული, ოჯახითურთ მიემგზავრებით თუ მარტო. ასევე გასათვალისწინებელია სქესი, სრიალის სტილი, დასვენების პერიოდის ხანგრძლივობა, ადგილმდებარეობა და ტრანსპორტის ტიპი (საკუთარი ავტომობილით მგზავრობისას სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება).
თუმცა არსებობს სტანდარტი, რომლის დაცვაც აუცილებელია.
დაგჭირდებათ
- ძირითადი აღჭურვილობა (თხილამურები/სნოუბორდი, ჩექმები, სამაგრები, ჯოხები),
- დამცავი აღჭურვილობა (ჩაფხუტი, ქუდი, ნიღაბი, სათვალე, კორპუსის, მუხლებისა და იდაყვების დამცავები)
- და სპეციალური ტანსაცმელი (ქურთუკი, შარვალი, ხელთათმანები, თერმული საცვალი, წინდები).
ასევე – ზურგჩანთა, რომელშიც ჩაიწყობთ წყალს, ხემსს, პირველი დახმარების ნივთებს და სათადარიგო ტანსაცმელს, ბაფს (მრავალფუნქციური მილისებრი შარფი), ბალაკლავას (ორმაგი ნიღაბი), მზისგან დამცავ კრემს და ჰიგიენურ ტუჩსაცხს.
აქვე ერთ პატარა რჩევას მოგცემთ: ყველაფრის ერთბაშად ყიდვა აუცილებელი არ არის, მთავარი სითბოსა და სიმშრალის შენარჩუნებაა, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ტანსაცმელზე იზრუნეთ, აღჭურვილობის დაქირავება კი ყველგან შეიძლება.
ზამთრისკურორტებზე მიმავალ ტურისტებს ავიაკომპანიების უმეტესობა უფასოდ სთავაზობს სათხილამურო აღჭურვილობის გადაზიდვას, მაგრამ უმჯობესია, ინფორმაცია წინასწარ გადაამოწმოთ.
სასრიალო აბონემენტი, ე.წ. სკი-პასი (სკი-პასს), მრავალჯერადი (საათი/დღე/სეზონი) ელექტრონული ბილეთია, რომელიც საბაგიროებით სარგებლობისა და სასრიალო ტრასებიდან დაშვების უფლებას იძლევა. მისი შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ადგილზეც.
სასრიალო ტრასები ერთმანეთისგან სირთულით განსხვავდება: “ლურჯი” – მარტივი; “მწვანე” – მინიმალური სირთულის, დამწყებთათვის განკუთვნილი (დახრილობა არ აღემატება 6-10 გრადუსს); “წითელი” – საშუალო სირთულის; “შავი” – ციცაბო და რთული, მხოლოდ პროფესიონალებისთვის.
თოვლით დაფარული მთის კალთიდან დაშვებისას სხეულში მოზღვავებული ადრენალინი ბუნებასთან ერთიანობის დაუვიწყარ შეგრძნებას და შიშის დაძლევის განუმეორებელ განცდას ბადებს.
ელიტური სამთო-სათხილამურო კურორტები – სენტ-მორიცი, ცერმატი, ვერბიე (შვეიცარია), იშგლი (ავსტრია), კურშეველი (საფრანგეთი), ასპენი (აშშ) და სხვები – ფუფუნების, ექსკლუზიურობის, კონფიდენციალურობისა და მომსახურების უმაღლესი დონის სინონიმებია. თუ თქვენთვის ფასი მეორეხარისხოვანია და გსურთ, მაქსიმალური კომფორტით დაისვენოთ და ისრიალოთ, მიაშურეთ ამ ადგილებს, ხოლო მათ, ვინც თავს ამის უფლებას არ ან ვერ მისცემს, ზამთრის კურორტებზე აქტიური დასვენების რამდენიმე ბიუჯეტურ ვარიანტს შევთავაზებთ.
დავიწყოთ საქართველოთი.
გუდაური, თეთნულდი
გუდაური და თეთნულდი ზღვის დონიდან 2000-3000 მეტრამდე სიმაღლეზე მდებარეობს და იმის გამო, რომ ხელოვნური თოვლის საფარის გამოყენება იქ იშვიათად ხდება საჭირო, ევროპის ზამთრის კურორტების ეკოლოგიურად სუფთა ზონების სიაში შედის.
გუდაური საქართველოს უდიდესი სათხილამურო კურორტია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი საათის სავალზეა და სტაბილურად ინარჩუნებს რეგიონში ყველაზე კონკურენტუნარიანი კურორტის სტატუსს.
გუდაურში მდებარე სათხილამურო სკოლის “ვაგაბონდ ადვენჩერსის” გუნდის ხელმძღვანელის პეტრ მაჯერის სიტყვები რომ მოვიხმოთ, საქართველო “თავგადასავლების ისეთ ატმოსფეროს გვთავაზობს, რომელსაც ალპების გაპრიალებულ კურორტებსა და ზღაპრულ სოფლებში ვერ ნახავთ”. მისივე თქმით, აქაური ინფრასტრუქტურა ოდნავ ჩამორჩება მაღალ ევროპულ სტანდარტებს, თუმცა ამას ავთენტურობა და ქარიზმა აკომპენსირებს.
სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდის მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო. მისი სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელია (9,5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნა აქვს.
სკი-პასის ღირებულება გუდაურში დღეში დაახლოებით 24 ევროა, თეთნულდის სასრიალოებზე კი 17 ევრო. საუკეთესო ვარიანტია 200-ევროიანი სეზონური აბონემენტი, რომელიც საქართველოს ყველა სათხილამურო კურორტზე შეუზღუდავ წვდომას უზრუნველყოფს. სრული აღჭურვილობის დაქირავება დღეში საშუალოდ 22 ევრო ღირს (ფასები ცვალებადია).
ლუოსტო, ფინეთი
ლაპლანდიის (ჩრდილოეთი ფინეთი) გულში მდებარე ულამაზესი ლუოსტო კარგად მოვლილი სათხილამურო კურორტია. ის ტურისტებს ხელუხლებელი ბუნებით, ხელმისაწვდომი ფასებითა და ხელსაყრელი სათხილამურო პირობებით იზიდავს. მთის ფერდობები იდეალურია როგორც დამწყებთათვის, ისე პროფესიონალებისთვისაც. სეზონი ნოემბრიდან მაისამდე გრძელდება.
კურორტს რვა ტრასა აქვს, რომელთაგან ორი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ორი ტრასა განათებულია – მათთვის, ვისაც ღამით სრიალი სურს.
კოტეჯები ძირითადად სათხილამურო ტრასების გასწვრივ არის განლაგებული. შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საბაგიროებით სარგებლობა უფასოა.
გარდა თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალისა, ლუოსტო ტურისტებს სხვა აქტივობებსაც სთავაზობს: თევზაობას, თოვლმავლებით, ირმებისა და ძაღლების მარხილებით გასეირნებას. აქ შეგიძლიათ დატკბეთ ჩრდილოეთის ციალით და ფინელი თოვლის ბაბუის, იოულუპუკის, საცხოვრებელიც მოინახულოთ.
თავისუფლად შეძლებთ აღჭურვილობის, მათ შორის სათხილამურო კომპლექტის, სნოუბორდისა და ჩექმების, დაქირავებას. კურორტზე უამრავი მყუდრო რესტორანი და კაფეა.
პალი და არინსალი, ანდორა
სამხრეთ ევროპაში, პირენეებში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის მდებარე ეს ორი პოპულარული სათხილამურო კურორტი ერთმანეთთან თანამედროვე საბაგირო გზებით არის დაკავშირებული. ტელეკაბინებით აღჭურვილ შეტურია-ს საბაგირო გზას საათში 500 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.
სათხილამურო ბაზები შესანიშნავი თოვლის საფარით და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. დედაქალაქიდან, ანდორა-ლა-ველადან, პალ-არინსალი რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
დამწყები და არაპროფესიონალი მოთხილამურეებისთვის პალი იდეალური ადგილია, არინსალის 1010-მეტრიანი ტრასა კი დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩქაროსნული სრიალის მოყვარულებსა და სნოუბორდისტ-ფრირაიდერებს შორის.
ტრასების საერთო სიგრძე 63 კილომეტრია. თეთრი საფარის სისქე კონტროლდება და საჭიროების შემთხვევაში საქმეში თოვლის ქვემეხებს რთავენ.
გარდა ულამაზესი ხედებისა, პალ-არინსალის სამთო-საკურორტო ზონა მრავალრიცხოვანი ბარებით, კაფეებით, რესტორნებითა და გასართობი კომპლექსებითაც არის ცნობილი. განსაკუთრებით პოპულარულია საბაგიროების სიახლოვეს მდებარე თჰე ღოცკყ, Eლ Mოლი, Bლაცკ Bულლ და თჰე Dერბყ, სადაც ხარისხიან ცოცხალ მუსიკას შემოგთავაზებენ.
სათხილამურო სკოლებში პროფესიონალი ინსტრუქტორები ბავშვებსა და მოზრდილებს თხილამურებით სრიალის ტექნიკას შეასწავლიან. სათხილამურო აღჭურვილობის დაქირავებასაც აქვე შეძლებთ. მრავლად არის სპორტული ინვენტარის მაღაზიაც.
შპინდლერუვ მლინი, ჩეხეთი
ქვეყნის ჩრდილოეთით, პოლონეთის საზღვართან მდებარე სპა-კომპლექსი შპინდლერუვ მლინი საერთაშორისოს აღიარებული ტურისტული ადგილია. პოპულარული სათხილამურო კურორტი პრაღიდან 130 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 718 მეტრზე, კრკონოშეს ეროვნულ პარკში მდებარეობს და ოთხ რაიონს: პრშედნი ლაბსკას, ლაბსკას, ბედრჟიხოვსა და სვატი-პეტრს, – აერთიანებს.
ყოველ წელს, ზამთრის დამდეგს, შპინდლერუვ მლინი მოთხილამურეებისთვის კომფორტულ, მაღალგანვითარებული ინფრასტრუქტურით გამორჩეულ კომპლექსად იქცევა. სათხილამურო სეზონი აქ დეკემბერში იწყება და აპრილამდე გასტანს.
სასრიალო აღჭურვილობის დაქირავების შემდეგ სხვადასხვა სირთულის ტრასებზე სრიალის ჩვევების გამომუშავებაში გამოცდილი ინსტრუქტორები დაგეხმარებიან. კურორტის ტერიტორიაზე სპა-ცენტრები და სილამაზის სალონებიცაა განლაგებული. რესტორნებსა და ბარებში ცხელი ყავითა და ცნობილი ჩეხური ლუდით გაგიმასპინძლდებიან.
სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 25 კილომეტრია. მოთხილამურეებს 28 საბაგირო ემსახურება.
სვატი-პეტრის სათხილამურო ზონა ზღვის დონიდან 715-1310 მეტრ სიმაღლეზეა და სხვადასხვა სირთულის თერთმეტ ტრასასა და გასართობ პარკს მოიცავს.
სვატი-პეტრზე ერთი კილომეტრით მაღლა მდებარე მედვედინი სხვადასხვა სირთულის 7 დაღმართს აერთიანებს, სადაც ბავშვებსაც შეუძლიათ სრიალი და მოზრდილებსაც. მედვედინის ტრასები განათებულია, ამიტომ სრიალი საღამოს 9:00 საათამდეა შესაძლებელი. სხვა საბაგიროები და ლიფტები 8:15-დან 16:00 საათამდე მუშაობს.
კურორტზე უფასო ავტობუსი შკიBუსს-იც მოგემსახურებათ, რომელიც დილა-საღამოს – ყოველ 15 წუთში, ხოლო დღისით – ყოველ 30 წუთში სასურველ სასრიალომდე მიგიყვანთ.
შპინდილერუვ მლინის ბობსლეის ტრასა მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს.
უახლოესი საერთაშორისო აეროპორტი პრაღაში მდებარეობს.
შლადმინგი, ავსტრია
კურორტი შტირიის ალპებში, ზალცბურგიდან 90 კილომეტრზე და ზღვის დონიდან დაახლოებით 750 მეტრზე მდებარეობს. ის მსოფლიოს 10 საუკეთესო ზამთრის კურორტის ჩამონათვალში შედის. აქვს სლალომისა და სწრაფი დაშვებისთვის განკუთვნილი შესანიშნავი მიხვეულ-მოხვეული ტრასები. მოთხილამურეები კურორტის ნებისმიერ წერტილში უფასოდ გადაჰყავთ.
შლადმინგი ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სათხილამურო კურორტად მიიჩნევა. მას საუკუნოვანი ისტორია აქვს: პირველი მოთხილამურეები შტირიაში 1891 წელს გამოჩნდნენ.
ტყით დაფარული კურორტის ოთხი მთავარი მწვერვალი ერთმანეთთან საბაგიროებით არის დაკავშირებული. ტურისტულ კომპლექსს 86 საბაგირო ემსახურება. არაპროგნოზირებადი რელიეფის მიუხედავად, კურორტი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც დამწყებ, ისე გარკვეული გამოცდილების მქონე მოთხილამურეებს შორის. ის შესანიშნავი ადგილია ოჯახური დასვენებისთვის.
სათხილამურო სეზონი დეკემბრის დასაწყისიდან აპრილამდე გრძელდება.
დიდი მოთხოვნაა პლანტაისა და ჰაუზერ-კაიბლინგის სასრიალო ზონებზე, ხოლო 1850 მეტრ სიმაღლეზე მდებარე პროფესიონალურ, კარგად განათებულ ხოხვურცენის ტრასაზე მოსახვედრად სხვა საბაგიროზე გადაჯდომა დაგჭირდებათ.
კურორტზე მოწყობილი წითელი და შავი ტრასები უსაფრთხოებით გამოირჩევა.
1200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე რამსაუ-დახშტაინი იდეალურია დამწყებთათვის. აქ სასრიალოდ შედარებით მარტივი ფერდობები და სპეციალურად აღჭურვილი საციგაო ბილიკებია.
ზალცბურგიდან შლადმინგამდე მანძილს მანქანით 45 წუთში დაფარავთ. კურორტს ამავე სახელწოდების რკინიგზის სადგურიც აქვს.
ლივინიო, იტალია
ლივინიო იტალიის უდიდეს და საუკეთესო ალპურ სათხილამურო კურორტად მიიჩნევა. ის შვეიცარიის საზღვართან, ქალაქ ბორმიოდან 35 კილომეტრზე მდებარეობს. ლივინიოსკენ მიმავალი გზა ფოსკანოს ულამაზეს უღელტეხილზე გადის.
შედარებით ახალი კურორტი დინამიკურად ვითარდება – ყოველწლიურად უმჯობესდება ინფრასტრუქტურა და შენდება ახალი ფერდობები. მას 8 კმ სიგრძის ტერიტორია უკავია და სამ დასახლებულ პუნქტს – სან-ანტონიოს, სან-როკოსა და სანტა-მარიას – მოიცავს.
აქ საუკეთესო კლიმატური პირობებია. კურორტს ხშირად “ქარისგან თავისუფალ ზონად” მოიხსენიებენ. თოვლის საფარის სისქე 2,5 მეტრს აღწევს. სათხილამურო სეზონი ნოემბერში იწყება და აპრილის ბოლომდე გრძელდება.
სასრიალო ტრასები ძირითადად საშუალო სირთულისაა. მათი ჯამური სიგრძე 115 კმ-ს აღწევს.
კურორტი ორ ტურისტულ ზონად იყოფა: მწვანე- და ლურჯტრასებიან კაროსელოდ და წითელ- და შავტრასებიან მოტოლინოდ.
ფართო და კომფორტული ფერდობების გამო ლივინიო სნოუბორდის მოყვარულების საყვარელი ადგილია.
შკი Bუსს-ები ყოველ ოც წუთში დადის. საბაგიროებთან პარკინგი უფასოა.
სათხილამურო აღჭურვილობის დაქირავებისა და შეძენის შესაძლებლობა, გემრიელი იტალიური სამზარეულო, უფასო ჭი-Fი არა მარტო ყველა სასტუმროში, არამედ კაფეებსა და სასრიალო ბილიკებზეც კი – ტურისტებზე ზრუნვა ყველგან იგრძნობა.
სან-ანტონიოს, სან-როკოსა და სანტა-მარიას ერთმანეთთან 45 საბაგირო აკავშირებს. ტერიტორიაზე მოწყობილია რამდენიმე სნოუ-პარკი, ფუნქციონირებს სათხილამურო სკოლები, სადაც ახალბედებს გამოცდილი ინსტრუქტორები თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის საფუძვლებს ასწავლიან.
მთის ქედის გადაღმა მდებარე ვალ-ფედერას ხეობა გამოცდილ მოთხილამურეებს უზარმაზარი, თოვლით დაფარული მინდვრებითა და მაღალი სირთულის ტრასებით იზიდავს.
ტურისტული კომპლექსი მილანიდან 235 კილომეტრზეა. მილანის აეროპორტიდან ლივინიოში შეგიძლიათ გაემგზავროთ ავტობუსით, რომელიც 3-4 საათში ჩაგიყვანთ დანიშნულების ადგილზე.
პამპოროვო, ბულგარეთი
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მზიანი სათხილამურო კომპლექსი ბულგარეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. პამპოროვო მაღალგანვითარებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. სპორტულ ობიექტებთან ერთად აქ უამრავი სასტუმრო, რესტორანი, ბარი, გამაჯანსაღებელი და გასართობი სივრცეა.
კურორტი როდოპის მთებით არის გარშემორტყმული. ის ზღვის დონიდან 1926 მეტრ სიმაღლეზე, სნეჟანკას სახელით ცნობილი მწვერვალის ძირას მდებარეობს.
ეგეოსის ზღვასთან სიახლოვე განსაკუთრებით რბილ ზამთარს განაპირობებს. აქ ყოველთვის მზიანი ამინდი და უხვი თოვლია.
სათხილამურო სეზონი დეკემბერში იწყება და აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ტურისტებს აქ 13 საერთაშორისო სტანდარტის სათხილამურო ტრასა (მწვანე, ლურჯი და წითელი) ელოდება. მათი საერთო სიგრძე 17,5 კილომეტრს აღემატება. ტრასებს 10700-მეტრიანი საბაგირო გზა ემსახურება, რომელსაც საათში 8500-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა შეუძლია.
ინსტრუქტორები ყველა ასაკის ტურისტებს თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალის ტექნიკის ათვისებაში ეხმარებიან. +შესაძლებელია სათხილამურო აღჭურვილობის, ციგისა და სნოუბორდის დაქირავებაც. სათხილამურო სკოლასთან არსებული საბავშვო ბაღი ხუთიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.
კომპლექსის ტერიტორიაზე უამრავი გასართობია – ბილიარდი, ბოულინგი, საუნა, ფიტნესცენტრი, ღამის კლუბები.
პლოვდივის აეროპორტიდან პამპოროვომდე 85 კილომეტრია. თვითმფრინავიდან სარეისო ავტობუსში ან ტაქსიში გადაჯდომა მოგიწევთ.
ზაკოპანე, პოლონეთი
ცნობილი პოლონური სათხილამურო კურორტი ქვეყნის სამხრეთით, ტატრის მთების ხეობაში მდებარეობს. ხელმისაწვდომობასთან ერთად, ის მომსახურების მაღალი ხარისხითა და კარგად მოვლილი სხვადასხვა სირთულის ტრასებითაც გამოირჩევა.
ზამთრის სპორტის სახეობებში ჩემპიონატების მასპინძელი კომპლექსი სლოვაკეთის საზღვართან, კრაკოვიდან 110, ვარშავიდან 455 და ბრატისლავიდან 333 კილომეტრზეა გაშენებული.
სამთო-სათხილამურო კომპლექსის სიმაღლის დიაპაზონი 830-დან 2000 მეტრამდეა. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს ტურისტები ქვედა საბაგირო სადგურებამდე გადაჰყავთ.
სასრიალოდ ოთხ ლოკაციას – გუბალუვკას (1120 მეტრი), ნოსალს (1266 მეტრი), კასპროვი ვერხსა (1985 მეტრი) და შიმოშკოვას ველს (1140 მეტრი) – მიაშურებენ.
კასპროვი ვერხის რთული 9-კილომეტრიანი ტრასა პროფესიონალი მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტების ხშირი არჩევანია. მთის მწვერვალამდე მისაღწევად მათ სამი საბაგიროს გამოცვლა უწევთ.
გუბალუვკაზე 6 ტრასაა დამწყები და გამოცდილი მოთხილამურეებისთვის, აქედან ყველაზე გრძელი 1600-მეტრიანია. მუშაობს ფუნიკულორი.
შიმოშკოვას ველის მაქსიმალური ვერტიკალური დახრა 280 მეტრია.
ნოსალში სათხილამურო სპორტისა და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის (FIშ) სერტიფიკატის მქონე სლალომის საუკეთესო ტრასაა განლაგებული.
ზაკოპანეში ნებისმიერ გემოვნებასა და ბიუჯეტზე მორგებულ საცხოვრებელს იქირავებთ. არჩევანი დიდია – კერძო პანსიონებით, ჰოსტელებითა და სასტუმროებით დაწყებული, ვილებითა და ოთხვარსკვლავიანი აპარტამენტებით დამთავრებული.
უახლოესი აეროპორტი სლოვაკეთის პოპრადშია, საიდანაც 70 კილომეტრზე მდებარე ზაკოპანემდე მატარებლები და ავტობუსები დადიან.
ადგილმდებარეობისა და სეზონის ინტენსივობის გათვალისწინებით, დამწყებთათვის სათხილამურო კომპლექტის (თხილამურებს+ ჩექმები + ჯოხები) დაქირავების საშუალო ღირებულება დღეში 20-40 ევროს შეადგენს. პრემიუმკლასის კომპლექტაციის ფასი დღეში 60 ევროდან იწყება, სნოუბორდის აღჭურვილობის (დაფა + ჩექმები) დაქირავებას კი დღეში15-30 ევროდ შეძლებთ(ფასები ცვალებადია და, როგორც წესი, სასრიალო სეზონის პიკზე იმატებს).
ირაკლი კარტოზია







