ცის მიზიდულობა
Share:
ამბობენ, რომ პარაშუტით გადმოხტომისას, თავისუფალი ვარდნის მომენტში განცდილი ემოციები ძლიერ ჰგავს ერთი ნახვით შეყვარებას. ბიოქიმიურ დონეზე ეს ორი პროცესი ნამდვილად იდენტურია: ქიმიურ ლაბორატორიად ქცეული ჩვენი ტვინი ნეიროტრანსმიტერების _ ადრენალინის (აჩქარებს გულისცემას და ამძაფრებს ემოციებს), დოფამინისა (ქმნის მოლოდინისა და ეიფორიის განცდას) და ენდორფინების (გვანიჭებს “ფრენის” შეგრძნებას და აყუჩებს შიშს) კოქტეილს წარმოქმნის.
ემოციური სტრესის დროს ტვინი ინფორმაციას კლასტერებად, ერთმანეთთან უკიდურესად მჭიდროდ განალაგებს, რაც მთლიანად ცვლის დროის აღქმას. ამიტომ არის, რომ თავისუფალი ვარდნისას წუთი მარადისობას ემსგავსება.
პარაშუტით გადმოხტომისას, სიყვარულისა არ იყოს, დგება მომენტი, როდესაც უკან დახევა შეუძლებელი ხდება. თვითმფრინავის ღია ლუკთან, ქარის გრგვინვაში გაგონილი ინსტრუქტორის “წავიდა!” თითქმის იმავე სიძლიერის ემოციას ბადებს, როგორსაც სიყვარულის პირველი ახსნისას ნათქვამი “მიყვარხარ!” ეს ის წერტილია, საიდანაც უკან ვეღარ ბრუნდებიან. ამის იქით ან სრული აღტაცება და აღმაფრენაა, ან სრული იმედგაცრუება და გულგატეხილობა... შეყვარებულ ადამიანს ხომ, როგორც წესი, არც სათადარიგო აეროდრომი და არც სარეზერვო პარაშუტი არ აქვს.
ბევრს ჰგონია, რომ სიმაღლის შიში ძლიერი ხელის შემშლელი გარემოებაა. სინამდვილეში კი 4000 მეტრი სიმაღლიდან ტვინი ვიზუალურ ინფორმაციას არა, მაგალითად, მე-10 სართულის აივნიდან დანახულ სურათად, არამედ გეოგრაფიულ ატლასში დაბეჭდილ რუკად აღიქვამს.
ფრენა ნამდვილად დაუვიწყარი განცდაა და მათ, ვისაც ეს “გიჟურ” გართობად მიაჩნია, მინდა შევახსენო, რომ სტატისტიკურად ის გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე, მაგალითად, ავტო_ ან მოტორბოლა.
სკაიდაივინგი საავიაციო, კერძოდ საპარაშუტო სპორტისა და აქტიური დასვენების ნაირსახეობაა. ის სიამოვნების, ადრენალინისა და ჰაერში თავისუფლად ფრენის შეგრძნების მისაღებად სპეციალურად ორგანიზებულ ადგილებში ხორციელდება და თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან ან სხვა საფრენი აპარატიდან გადმოხტომასა და პარაშუტის მეშვეობით მიწაზე უსაფრთხო დაშვებას გულისხმობს.
განასხვავებენ პარაშუტით დაშვებას ანუ პარაშუტინგს, სადაც აქცენტი თავად პარაშუტის გახსნასა და უსაფრთხო დაშვებაზე დაისმის და ე.წ. ცათამფრენობას _ საკუთრივ სკაიდაივინგს, სადაც პრიორიტეტული თავისუფალი ვარდნა და ჰაერში აკრობატიკაა. ეს უკანასკნელი უფრო გართობასა და ადრენალინთან ასოცირდება.
სკაიდაივინგი მხოლოდ თავისუფალი ვარდნა როდია. ეს დისციპლინაა, რომელიც კარგ ფიზიკურ მომზადებას, ტექნიკურ ცოდნასა და ფსიქოლოგიურ მდგრადობას მოითხოვს.
საპარაშუტო ნახტომი ორი მთავარი ფაზისგან შედგება:
* თავისუფალი ვარდნა _ საფრენი აპარატიდან გადმოხტომიდან პარაშუტის გახსნამდე პერიოდი. ამ დროს სპორტსმენი 180-200 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. ვარდნისას სხვადასხვა ფიგურის შესრულება და მანევრირებაა შესაძლებელი.
* მართვადი დაშვება _ გახსნის შემდეგ პარაშუტის გუმბათის (ფრთის) მართვა წინასწარ განსაზღვრულ ადგილას დასაშვებად.
პარაშუტი სამი ძირითადი ტიპისა არსებობს:
* მომრგვალებული. მისი მთავარი ფუნქცია ვარდნის სიჩქარის შენელებაა. Mაქვს შეზღუდული მანევრირება და მისი მართვა თითქმის შეუძლებელია — მიფრინავს იქით, საითაც უბერავს ქარი. სამაგიეროდ, საიმედოა მიმართულების მკვეთრი ცვლილებისას. ძირითადად სამხედრო-სადესანტო ოპერაციებში და ტვირთების ჩამოსაყრელად გამოიყენება.
* მართვადი. ეს თანამედროვე პარაშუტების ყველაზე გავრცელებული სახესხვაობაა. აქვს მართკუთხედის ან ელიფსის ფორმა, მუშაობს თვითმფრინავის ფრთის პრინციპით, იმართება სპეციალური სახელურებით (სამაჯურებით), რაც ადგილის ზუსტად განსაზღვრისა და მიწაზე რბილად დაშვების საშუალებას იძლევა. გამოიყენება სამოქალაქო პარაშუტიზმში, სპორტული ნახტომებისა და ტანდემისთვის, როცა ახალბედა პარაშუტისტი სპეციალური აღჭურვილობით ინსტრუქტორზეა მიმაგრებული.
* მესამე სახეობა, მაღალი ხარისხის პარაშუტები, შექმნილია გამოცდილი პარაშუტისტებისთვის, რომლებსთაც მყისიერი მანევრირება და სწრაფი დაშვება სჭირდებათ. ამ მოდელების უსაფრთხო მართვა სპეციალიზებულ მომზადებასა და კვალიფიკაციას მოითხოვს.
არსებობს კონკრეტული ამოცანებისთვის შექმნილი მოდელებიც, როგორიცაა, მაგალითად, სარეზერვო პარაშუტი, რომელიც ყველა პარაშუტისტს აქვს ზურგზე მიმაგრებული. ის უკიდურესად საიმედოა და ავტომატური მოწყობილობის საშუალებით იშლება მხოლოდ მაშინ, თუ ძირითადი პარაშუტი არ გაიხსნა.
ჯამფინგის პარაშუტები მცირე სიმაღლიდან (შენობებიდან, ხიდებიდან) გადმოსახტომადაა შექმნილი. ასეთი მოდელები ძალიან სწრაფად იხსნება.
თანამედროვე საპარაშუტო სპორტი მაღალტექნოლოგიურია. პირველი ტანდემ-ნახტომისთვის მოთხოვნები საკმაოდ რბილია, რადგან მთელი პასუხისმგებლობა ინსტრუქტორს ეკისრება, მაგრამ არსებობს უსაფრთხოებისთვის აუცილებელი სტანდარტული კრიტერიუმები:
1. ასაკი. ქვეყანების უმეტესობაში, მათ შორის საქართველოშიც, მინიმალური ასაკი 16-18 წელია. მათთვის, ვინც ჯერ არ არის 18 წლის, აუცილებელია მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა და ხშირად _ მათი დასწრებაც.
2. წონა. საქმე ის არის, რომ ყველა პარაშუტის დატვირთვის მაქსიმალური ლიმიტი აქვს. ტანდემის შემთხვევაში ეს ინსტრუქტორისა და მგზავრის საერთო წონაა. ამ უკანასკნელის სხეულის მასა 95-100 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს. ზოგიერთ კლუბში მძიმეწონიანებს (100 კგ-იდან) სპეციალურ აღჭურვილობას ურჩევებ, თუმცა 110-115 კგ-ზე მეტი მასის ადამიანებს იშვიათად რთავენ პარაშუტით გადმოხტომის ნებას.
3. ჯანმრთელობის მდგომარეობა. სკაიდაივინგის უკუჩვენებებია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, ეპილეფსია, ზურგის, წელის, მუხლის ტრავმები, მწვავე რესპირატორული დაავადებები (გაჭედილი ცხვირი), ჰიპოტენზია და ჰიპერტენზია.
გადმოხტომამდე 12-24 საათის განმავლობაში კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მიღება.
მნიშვნელოვანია ჩაცმულობა. ფFეხსაცმელი უნდა იყოს სპორტული, ტანსაცმელი _ კომფორტული, თავისუფალი. ზამთარში რეკომენდებულია თერმოსამოსი.
ინსტრუქტორის მითითებების ყურადღებით მოსმენა და ზედმიწევნით შესრულება (მაგალითად, ფეხების სწორად მოხრა დაშვებისას) ძალიან მნიშვნელოვანია.
ფსიქოლოგიური მზაობა ოფიციალურ მოთხოვნათა ჩამონათვალში არ შედის, მაგრამ ის სიაში მთავარ პუნქტად არის ნაგულისხმევი.
სტანდარტული ნახტომი 3000-4000 მეტრამდე სიმაღლიდან სრულდება. 60-წამიანი (ერთ წუთამდე) თავისუფალი ვარდნის გამო 4000 მეტრი რეკრეაციულ სკაიდაივინგში ყველაზე პოპულარულ სიმაღლედ მიიჩნევა. 3000 მეტრიდან გადმოხტომისას თავისუფალი ვარდნის ხანგრძლივობა 30-45 წამამდე მცირდება.
პარაშუტის გახსნა, ჩვეულებრივ, 1000-დან 1500 მეტრამდე სიმაღლეზე ხდება. დამწყებთათვის (ტანდემში ხტომისას) ინსტრუქტორი პარაშუტს დაახლოებით 1500 მეტრზე ხსნის, რათა ახალბედას მეტი დრო დარჩეს დამშვიდებისა და ხედებით ტკბობისთვის.
პPროფესიონალები პარაშუტის გახსნას ხშირად 900-1000 მეტრამდეც აყოვნებენ, რათა მეტი დრო დაუთმონ აკრობატიკას.
ე.წ. სიკვდილის ზონის ნიშნული 9000-10000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ასეთი ექსტრემალური ნახტომების შესრულებისას აუცილებელია ჟანგბადის ნიღაბი (ამ სიმაღლეზე ჰაერი ძალიან გაიშვიათებულია) და საიმედო თერმოტანსაცმელი (ტემპერატურა შესაძლოა -40°C-მდე დაეცეს). თავისუფალი ვარდნის ხანგრძლივობა ამ ზონაში 2-3 წუთს შეადგენს.
ახლა კი, მოდი, მოკლედ მიმოვიხილოთ სკაიდაივინგისთვის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლოკაციები.
დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
დუბაის საპარაშუტო დროპზონა (სპეციალიზებული აეროდრომი ან ადგილი, რომელიც პარაშუტით ხტომისთვის არის განკუთვნილი) საყოველთაოდ ცნობილია. სკაიდაივინგის ცენტრი “სკაიდაივ დუბაი” ორ ძირითად ლოკაციას გვთავაზობს.
პალმ ჯუმეირა ყველაზე პოპულარული ადგილია. საფრენი ზონა პირდაპირ ხელოვნური კუნძულის თავზეა გადაშლილი. ხედი დუბაის ცათამბჯენებს, სასტუმრო ატლანტისსა და სპარსეთის ყურეს მოიცავს. საფასურში ფოტო_ და ვიდეოგადაღებაც შედის.
უდაბნო ქალაქიდან 35 კმ-ზე მდებარეობს, ნაკლებად გადატვირთულია და გაცილებით ბიუჯეტურიც.
სეზონი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ საუკეთესო პერიოდად ოქტომბერი-აპრილი მიიჩნევა.
ფოქსის მყინვარი, ახალი ზელანდია
ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე, ვესტლენდ ტაი პოუტინის ეროვნულ პარკში, 13-კილომეტრიანი ფოქსის მყინვარი მდებარეობს. დDუბაის ურბანული პანორამისგან განსხვავებით, აქ თქვენ თვალწინ ნამდვილი ველური ბუნების ულამაზესი ხედები გადაიშლება.
ყველაზე პოპულარული ვარიანტი 5000 მეტრი სიმაღლიდან გადმოხტომაა. თავისუფალი ვარდნა ამ დროს 60-65 წამს გრძელდება.
აუცილებლად გასათვალისწინებელია ამინდის ფაქტორი. მყინვარებთან მას სწრაფი ცვალებადობა ახასიათებს. ხშირია ფრენის გადადება ან გაუქმება ძლიერი ქარისა და ღრუბლიანობის გამო.
დიდი ბარიერული რიფი, ავსტრალია
ეს ის ადგილია, სადაც ტროპიკული ტყე პირდაპირ ოკეანეში იჭრება. წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარი ჯაჭვი პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც დროპზონად მიიჩნევა. ამ უნიკალური ეკოსისტემის თავზე პარაშუტით ფრენა დაუვიწყარი გამოცდილებაა.
სქაიდაივერები ორ ძირითად წერტილში იყრიან თავს: კერნსზე, საიდანაც მარჯნის რიფების, ტროპიკული კუნძულებისა და მთების პანორამა იშლება და მიშენ ბიჩსზე, რომლის რიფებითა და ულამაზესი ტროპიკული ტყეებით გარშემორტყმულ თეთრქვიშიან პლაჟზე დაშვება პარაშუტისტებს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს.
სტანდარტული ნახტომები 4500 მეტრიდან სრულდება. თავისუფალი ვარდნის ხანგრძLლივობა დაახლოებით 60 წამს შეადგენს. პარაშუტის გახსის შემდეგ თქვენ გაქვთ 5-7 წუთი, რათა ზემოდან დაათვალიეროთ მსოფლიოს უდიდესი მარჯნის რიფი.
გაფრთხილება: თუ წყალქვეშა ცურვაც გაქვთ დაგეგმილი, კესონური დაავადების თავიდან ასაცილებლად პარაშუტით გადმოხტომამდე, სულ მცირე, 24 საათი უნდა გავიდეს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ტროპიკული კლიმატი ცვალებადია _ ძლიერი წვიმის ან ქარის გამო ნახტომი შესაძლოა გადაიდოს.
ნიაგარა, კანადა
აშშ-სა და კანადის საზღვარზე მდებარე 52-მეტრიანი ჩანჩქერი, მეცნიერთა ვარაუდით, უკანასკნელი გამყინვარების დროს, დაახლოებით 12 000 წლის წინ გაჩნდა. აAმ საოცრების ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან დათვალიერებას არაფერი შეედრება.
უშუალოდ ჩანჩქერის თავზე საჰაერო სივრცე მკაცრად კონტროლდება. კანადის მხარეს სკაიდაივერებისთვის რამდენიმე პროფესიონალური ცენტრი არსებობს. ჩანჩქერის სიახლოვეს ფრენის უფლებას, თქვენივე უსაფრთხოებისთვის, არავინ მოგცემთ. მიუხედავად ამისა, გადმოხტომისას თქვენ წინაშე ნიაგარის ყველაზე დიდი ნაწილი _ ცხენის ნალი და ერისა და ონტარიოს უზარმაზარი ტბების ხედები გადაიშლება.
ნახტომის სიმაღლე 3300-4200 მეტრია, თავისუფალი ვარდნის ხანგრძლივობა _ 45-60 წამი. კლიმატური პირობების გამო გადმოხტომა მხოლოდ მაისიდან ოქტომბრამდეა შესაძლებელი. ზამთარში ცენტრები დაკეტილია.
საინტერესო ფაქტი: ნიაგარაზე გადმოხტომისას შესაძლოა დაინახოთ გიგანტური ცისარტყელა, რომელიც ჩანჩქერის ორთქლისა და მზის სხივების ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება. ზემოდან დანახულ ცისარტყელას წრის ფორმა აქვს.
დიდი კანიონი, აშშ
უნიკალური გეოლოგიური ობიექტი, ერთ-ერთი უღრმესი კანიონი მსოფლიოში, არიზონაში, კოლორადოს პლატოზე მდებარეობს. მისი სიგრძე 446 კილომეტრია, სიგანე კი 6-დან 29 კილომეტრამდე მერყეობს.
ფრენები გრანდ-კანიონის ეროვნული პარკის აეროპორტიდან ხორციელდება, რომელიც მის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.
თვითმფრინავიდან გადმოხტომამდე თქვენ თვალწინ ბუნების ამ სასწაულის და მდინარე კოლორადოს ხედები იშლება. თავისუფალი ვარდნა, ჩვეულებრივ 30-დან 60 წამამდე (სიმაღლის მიხედვით) გრძელდება. ამ დროს მისი სიჩქარე დაახლოებით 200 კმ/სთ-ს აღწევს. ფასი 250-დან 450 აშშ დოლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია იმაზე, გსურთ თუ არა ფოტო_ ან ვიდეოგადაღება (რასაც ნამდვილად გირჩევთ!)
სკაიდაივინგისთვის საუკეთესო დროდ გაზაფხული (აპრილი-ივნისი) და შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბერი) მიიჩნევა. გადმოსახტომად დილის საათებია უკეთესი _ ქარი ნაკლებია, ხილვადობა კი იდეალური.
დDიდი პოპულარობის გამო გირჩევთ, გრანდ-კანიონზე სკაიდაივინგი რამდენიმე კვირით ადრე დაჯავშნოთ.
პატაია, ტაილანდი
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სკაიდაივინგის დედაქალაქად მიჩნეულ პატაიაში რეგიონის ყველაზე დიდი დროპზონები მდებარეობს. გრანდ-კანიონის მასშტაბური ხედებისგან განსხვავებით, აქ ტროპიკული სანაპიროსა და ტაილანდის ყურის ულამაზესი ლურჯი პანორამა გელით.
მთავარი პროფესიონალური ცენტრებია:
Thai Sky Adventures _ ვეტერანი კომპანია, რომელიც ათეულობით წელია მუშაობს _ ქალაქიდან დაახლოებით 30-40 წუთის სავალზე;
Skydive Thailand _ თანამედროვე სერვისითა და უსაფრთხოების სტანდარტებით.
4000 მეტრი სიმაGღლიდან მთელი სანაპირო ზოლის, კუნძულ კო ლანისა და თავად პატაიას ურბანული პეიზაჟიYთ ტკბობის საშუალება მოგეცემათ.
საუკეთესო პერიოდად ნოემბრიდან თებერვლამდე _ ე.წ. გრილი და მშრალი _ სეზონია მიჩნეული. ამ დროს ცა თითქმის ყოველთვის მოწმენდილია და ტაილანდის ყურესა და შორეულ კუნძულებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დაინახავთ.
სევილია, ესპანეთი
ევროპაში სკაიდაივინგის ერთ-ერთ საუკეთესო დროპზონა ესპანეთის სამხრეთში, ანდალუსიის რეგიონში მდებარეობს.
ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, სკაიდაივ სპაინი მსურველებს არა მხოლოდ დაუვიწყარ ხედებს, არამედ ყველაზე მაღალ ნახტომებსაც სთავაზობს. აAქ შეგიძლიათ 4600-მეტრიანი სიმაღლიდან გადმოხტეთ (შედარებისთვის, ევროპის უმეტეს წერტილებში სტანდარტი 3000-3600 მეტრია). ეს 60-წამიან თავისუფალ ვარდნას ნიშნავს.
ანდალუსიის სილამაზე ტიპური ესპანური პეიზაჟებით, ზეთისხილის კორომებითა და მდინარე გუადალკივირის ხედით ცალკე აღნიშვნის ღირსია. უღრუბლო ამინდში ატლანტის ოკეანე და ზოგჯერ აფრიკის კონტურიც კი მოჩანს.
სევილია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მზიანი ქალაქია, იქ ტემპერატურა ზამთარშიც კი 15-20°C-მდე აღწევს, ამიტომ სკაიდაივინგი მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. ივლისსა და აგვისტოში ძალიან ცხელა _ ტემპერატურა ხშირად 40°C-საც კი აღემატება, ამიტომ ხტომა მხოლოდ დილის საათებშია სასურველი.
სკაიდაივინგისთვის იყენებენ სწრაფ Dornier G92 ტიპის თვითმფრინავებს, რომლებიც სიმაღლეს სულ რაღაც 13 წუთში კრეფს. გაითვალისწინეთ: რაც უფრო მაღალია წერტილი, მით უფრო მეტად იგრძნობა ტემპერატურის ვარდნა. ყოველ 1000 მეტრზე ის დაახლოებით 6.5°C-ით იკლებს. ასე რომ, თუ მიწაზე 25°C-ია, 3600 მეტრზე ის შეიძლება სულ რაღაც 2-3°C იყოს!
ირაკლი კარტოზია







