შეიძლება თუ არა ანტიბაქტერიული საპნით ყოველდღე ბანა? ასუფთავებს თუ არა საღეჭი რეზინი პირის ღრუს?

გააზიარე:

(სანდო ინფორმაცია ფართოდ რეკლამირებული ორი პროდუქტის შესახებ)

შეიძლება თუ არა ანტიბაქტერიული საპნით ყოველდღე ბანა? ასუფთავებს თუ არა საღეჭი რეზინი პირის ღრუს და შეიძლება თუ არა მისი გამოყენება სხვა ჰიგიენური საშუალებების ნაცვლად?

აქ დასმულ კითხვებზე თითოეულ ჩვენგანს, სავარაუდოდ, უკვე აქვს განსაზღვრული პასუხი. ჟურნალებში, გაზეთებში, ინტერნეტში ამ საკითხებზე ხშირად წერენ, რეკლამებიც დაუღალავად გვთავაზობენ ექიმების, სპეციალისტების (ზოგჯერ კი სულაც ექსპერტებად შენიღბული მსახიობების) კომენტარებს, მაგრამ რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია? მედია, მით უფრო – საკუთარ სივრცეში რეკლამის განთავსებისას, არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობს მკითხველისა თუ მაყურებლის წინაშე და უხვად ავრცელებს ფსევდომეცნიერულ დასკვნებს. შევეცდებით, ქვემოთ ამ ორ საკითხზე თანამედროვე კვლევებით დასაბუთებული პასუხები შემოგთავაზოთ.

 

ანტიბაქტერიული საპონი

მარტივი გამოკითხვა რომ ჩაატაროთ და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ჰკითხოთ, რომელ საპონს მიანიჭებენ უპირატესობას – ანტიბაქტერიულს თუ ჩვეულებრივს, სავარაუდოდ, პირველის სასარგებლოდ მეტ ხმას მოაგროვებთ.

“ანტიბაქტერიული საპონი”, ერთი შეხედვით, მართლაც, მიმზიდველად ჟღერს – ის ხომ ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც მავნე ბაქტერიებს უვნებელყოფს. სინამდვილეში კი ანტიბაქტერიული საპნის ყოველდღიურმა გამოყენებამ შესაძლოა გვავნოს კიდეც.

საქმე ისაა, რომ ადამიანის კანზე და ორგანიზმში მუდმივად ბინადრობენ როგორც მავნე, ისე სასარგებლო მიკროორგანიზმები. მაგალითად, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის ნაწლავური ბაქტერიების არსებობა სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან ისინი ჩვენ მიერ მიღებული საკვების დაშლაში მონაწილეობენ, კანის ზედაპირზე არსებული ბაქტერიები კი ასუფთავებენ ფორებს და ამით საშუალებას აძლევენ კანს, მზის სხივების ზემოქმედებით შეიწოვოს ვიტამინები და სასარგებლო მინერალები. ბაქტერიები ლორწოვან გარსშიც მრავლად არიან და დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარებიან ორგანიზმს.

ანტიბაქტერიული საპონი, სახელწოდებიდან გამომდინარე, კანს ბაქტერიებისგან წმენდს, ამას კი მავნე და სნეულებათა გამომწვევ მიკროორგანიზმებთან ერთად “კეთილი” ბაქტერიებიც ეწირებიან.

სინამდვილეში მავნე ბაქტერიებისგან თავის დაცვა ძალიან ადვილია – სავსებით საკმარისია ხელების ხშირი ბანა. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა საპნის შემადგენლობას კი არა, დაბანის ელემენტარული წესების დაცვას აქვს. მათი დაცვის შემთხვევაში ჩვეულებრივი საპონიც შესანიშნავად ასუფთავებს კანის ზედაპირს და ყოველდღიური ბანისთვის სწორედ მისი გამოყენებაა მიზანშეწონილი. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, ომ ანტიბაქტერიულ საპონს სანაგვეში გადაუძახოთ – ზოგჯერ მისი გამოყენებაც რეკომენდებულია.

სპეციალისტები გვირჩევენ, ხელების დასაბანად ორ წუთს მაინც შევყოვნდეთ ონკანთან. მნიშვნელოვანია საპნის კარგად აქაფება და თითებს შორის არსებული არეების გასუფთავება. წყალი ნელთბილი და გამდინარე უნდა იყოს.

ანტიბაქტერიული საპონი ხელებს კარგად ბანს, ბაქტერიებსაც ანადგურებს, მაგრამ მისმა ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა სასარგებლო მიკროფლორას ავნოს. ანტიბაქტერიული საპნების შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების, ტრიკლოზანის (თხევადი საპონი) და ტრიკლოკარბანის (მშრალი საპონი), უკონტროლო გამოყენების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალი კვლევითი ცენტრი იბრძვის.

ანტიბაქტერიული საპონი გამოიყენეთ, თუ კანი გაკაწრული ან გაჭრილი გაქვთ, ავადმყოფს უვლით, ცხოველს ან განსაკუთრებით დაბინძურებულ ზედაპირს შეეხეთ.

 

საღეჭი რეზინი

მწარმოებლები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ საღეჭი რეზინი პირის ღრუს ჰიგიენისთვის შეუცვლელი რამაა. ის, რეკლამის თანახმად, ერთბაშად უმკლავდება უამრავ პრობლემას: უზრუნველყოფს ჯანსაღ სუნთქვას, ამაგრებს ღრძილებს, უმოწყალოდ “ხოცავს” პირის ღრუში მოკალათებულ მავნე ბაქტერიებს, ებრძვის კარიესს, აქათქათებს კბილის მინანქარს...

შეიძლება ვიფიქროთ, რომ საღეჭი რეზინი ჯადოსნური საშუალებაა, რომლის რეგულარული გამოყენებაც თავიდან აგვაცილებს სტომატოლოგთან ვიზიტს და კბილების მოვლის პროცედურას სასიამოვნოდ გაგვიადვილებს.

მართლა ასეთი პანაცეაა ლატექსის ეს პატარა ნაჭერი თუ ყველაფერი ოდენ სარეკლამო ხრიკებია?

ისტორიული წყაროები იუწყებიან, რომ ადამიანები უძველესი დროიდანვე იყენებდნენ საღეჭს. ძველი ბერძნები დანამასტაკის (პისტაცია ლენტისცუს) ხის ფისის ღეჭვით იქცევდნენ თავს. ეს ფისი რეზინს (90%), ფისოვან მჟავებს და ეთერზეთებს (1-3%) შეიცავდა. მაიას ტომის ინდიელები ახრასის ხის ფისს (Manilkara zapota) ღეჭავდნენ, ციმბირელები – ლარიქსის ფისს, ინდოელები – არომატული ფოთლების ნაზავს. ეს ბუნებრივი პროდუქტები მართლაც გამაჯანსაღებლად მოქმედებდა პირის ღრუზე (მყარი ბუნებრივი მასალა კარგად ამასაჟებდა ღრძილებს) და უსიამოვნო სუნსაც ახშობდა (სიტყვა “ახშობდა” აქ გადამწყვეტია – ახშობდა და არა აქრობდა!).

1848 წელს დახლებზე პირველად გამოჩნდა ახალი პროდუქტი – საღეჭი რეზინი. დაახლოებით ისეთი, როგორიც დღესაა გავრცელებული. ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯონ კარტისმა პირველმა მოიფიქრა მისი სერიული წარმოება და დიდი მოგებაც ნახა. დღეს საღეჭი რეზინის ბიზნესი საკმაოდ წარმატებულია და, როგორც უკვე ითქვა, ამ პროდუქტს არაერთი სასარგებლო თვისება მიეწერება. სარეკლამო კომპანიები ძალ-ღონეს არ იშურებენ მომხმარებლის მისაზიდად, ტყუილ-მართალში გარკვევა კი რიგითი ადამიანისთვის ადვილი არ არის.

გთავაზობთ სტომატოლოგების რეკომენდაციებს.

 

ღრძილების გამაგრება

საღეჭი რეზინი ლატექსისგან შედგება. ლატექსი მცენარეული რძეწვენია, რომლისგანაც იღებენ ნატურალურ კაუჩუკს. ლატექსს ამზადებენ სინთეზურადაც, რადგან იმდენი ბუნებრივი ლატექსი, რამდენიც საღეჭი რეზინის ინდუსტრიას სჭირდება, არ არსებობს. როგორც არ უნდა იყოს, კვებით მრეწველობაში გამოსაყენებელი მზა ლატექსი მეტისმეტად რბილი მასალაა. შესაბამისად, ღრძილების მასაჟისთვის, რაც ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა, ის არ გამოდგება. გარდა ამისა, ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ საღეჭ რეზინს უმეტესად ერთ მხარეს ღეჭავენ. თუ თქვენც გაქვთ ეს ჩვევა, გირჩევთ, გადაეჩვიოთ, რადგან იმ მხარეს კუნთები მეტად მუშავდება, ხოლო მეორე, პასიურ მხარეს ატროფირდება, რასაც შესაძლოა სახის შესამჩნევი ასიმეტრია მოჰყვეს. სტომატოლოგები გვირჩევენ, ვღეჭოთ საღეჭი რეზინი ორივე მხარეს.

დასკვნა: “საღეჭი რეზინი – საუკეთესო მასაჟორი ღრძილებისთვის” სარეკლამო ხრიკია.

 

პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გაქრობა

საღეჭი რეზინის “სუნთქვის გამაჯანსაღებელი ეფექტი” ხანმოკლეა, თანაც ის პირის ღრუში არსებული უსიამოვნო სუნის მიზეზს ვერ უმკლავდება.

უსიამოვნო სუნი პირის ღრუში (ექიმები მას ჰალიტოზს უწოდებენ) შეიძლება გამოიწვიოს უშუალოდ პირის ღრუს დაავადებამ (კარიესმა, პაროდონტიტმა), ლპობის ბაქტერიების ცხოველქმედებამ, ასევე – კუჭ-ნაწლავისა და ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებმა.

დიაგნოზი ექიმმა უნდა დასვას და მკურნალობაც შესაბამისი დანიშნოს. ჰალიტოზი უმეტესად იოლად ექვემდებარება მკურნალობას და გვერწმუნეთ, არც ერთ დანიშნულებაში, რომელსაც კვალიფიციური ექიმი გამოწერს, საღეჭი რეზინი არ შეგხვდებათ.

რაც შეეხება ბაქტერიციდული და გამათეთრებელი ნივთიერებების შემცველ საღეჭ რეზინებს, მათი ხშირი გამოყენება ზიანის მომტანი უფროა, ვიდრე სასარგებლო. პრინციპი აქაც იგივეა, რაც ბაქტერიციდული საპნის შემთხვევაში: იშვიათად, გამონაკლისის სახით გამოყენება შეიძლება, მაგრამ ამ ნივთიერებებით გაჯერებული პროდუქტის ყოველდღე ღეჭვა კბილებსაც ვნებს და ორგანიზმსაც. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ნივთიერებებთან ერთად საღეჭი რეზინები დიდი რაოდენობით შეიცავს ქიმიურ საკვებ დანამატებს – არომატიზატორებს, საღებავებს, ემულგატორებს, რომლებიც ნერწყვთან ერთად ორგანიზმში ხვდება.

დასასრულ, ისიც ვთქვათ, რომ უზმოზე საღეჭი რეზინის ღეჭვა იწვევს კუჭის წვენის აქტიურ გამოყოფას, რასაც კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებამდე მივყავართ, ამიტომ ექიმები გვირჩევენ, საღეჭი რეზინი მხოლოდ ჭამის შემდეგ დავღეჭოთ.

 

დასკვნა: საღეჭი რეზინი პირის ღრუს ჰიგიენის დასაცავად არ გამოდგება. ის ვერ შეცვლის კბილის ჯაგრისს და სხვა საწმენდ საშუალებებს, რადგან კბილთაშორისი არეების გასუფთავება ღეჭვით შეუძლებელია.

საღეჭი რეზინი შეგვიძლია დავღეჭოთ მხოლოდ ჭამის შემდეგ, 10-15 წუთის განმავლობაში, რომ საჭმლის ნარჩენები მოაცილოს კბილების ზედაპირს, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეზინი, რომელიც საკვების ნაწილაკებს აიკრავს, ერთგვარ ნაგვის ბუდედ იქცევა და მისი დიდხანს ღეჭვა არ ივარგებს.

ვერიდოთ გლუკოზისა და დიდი რაოდენობით ქიმიური დანამატების შემცველ პროდუქტს.

პირის ღრუს დაავადებებს საღეჭი რეზინი მხოლოდ რეკლამებში უმკლავდება. ნუ ენდობით თეთრ ხალათში გადაცმული ცრუ ექიმების რეკომენდაციებს, ნურც ქათქათა კბილების მქონე “ბედნიერი პაციენტების” მოწოდებებს და პრობლემების გაჩენისას სპეციალისტს მიმართეთ.

ნინო ლომიძე

გააზიარე: