ნევროზი თუ ყლაპვის რეალური გაძნელება

გააზიარე:

ქართულ სამედიცინო ფორუმებს თვალს თუ გადაავლებთ, აღმოაჩენთ, რომ ყლაპვის გაძნელებას უამრავი ხალხი უჩივის. ამ მდგომარეობას ისინი ამგვარად აღწერენ: “მაწუხებს საყლაპავში მოხრჩობის შეგრძნება და ჰაერის უკმარისობა, თითქოს გულზე ლუკმა დამადგაო, ყელში რაღაც მიჭერს”; “გულმკერდში დისკომფორტის შეგრძნება მაქვს, თითქოს ბურთი გამეჩხირაო”... შემდეგ სიმპტომების აღწერას აღარ სჯერდებიან და ერთმანეთს ათასნაირ რჩევას აძლევენ. მოკლედ, ამ ფორუმების თვალიერებისას მივხვდი, რომ მოსახლეობას კვალიფიციური რჩევები სჭირდება და ინტერვიუ თერაპევტ გიორგი გვილიას ვთხოვე. აღმოჩნდა, რომ ბატონ გიორგისაც ბევრი მიმართავს ყლაპვის გაძნელების გამო. ჩვენი საუბარი დისფაგიის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებს შეეხო.
– ყლაპვის გაძნელების ყველაზე ხშირი მიზეზია პათოლოგიური ემოციური მდგომარეობა, რომელსაც ნევროზს ვუწოდებთ. ამ სიმპტომის აღსაწერად სპეციალური ტერმინიც კი შემოიღეს – ისტერიული გლობუსი ყელში (globus histericus). თუმცა, ცხადია, არც ისეა საქმე, თითქოს ვისაც ყლაპვა უჭირს, ყველას ნევროზული საყლაპავი ჰქონდეს. ყლაპვის გაძნელების მრავალი სხვა მიზეზიც არსებობს. ესენია:
•    საყლაპავის სპაზმი;
•    კარდიის აქალაზია;
•    ცხვირ-ხახისა და ხახის დაავადებები;
•    ყლაპვის აქტის ნევროლოგიური მოშლილობა (იშვიათი არ არის, თუმცა ყლაპვის აქტის დარღვევასთან ერთად ბევრი სხვა ნევროლოგიური სიმპტომიც ახასიათებს, ამიტომ ძნელია, რამეში აგვერიოს);
•    გასტროეზოფაგური რეფლუქსი – ამ დროს კუჭის შიგთავსი სისტემატურად ამოდის საყლაპავში, რაც საყლაპავის მოტორული ფუნქციის მოშლას იწვევს;
•    საყლაპავის ანატომიური თავისებურებები (მაგალითად, დივერტიკული);
•    ტრავმა;
•    სიმსივნე.
ამრიგად, მიზეზთა ჩამონათვალი მრავალფეროვანია, თუმცა, გავიმეორებ, ჩვეულებრივ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად მაინც ნევროზით გამოწვეული ყლაპვის გაძნელება გვხვდება.
– რა ხდება ნევროზული საყლაპავის დროს?
– საქმეც ის არის, რომ არაფერი. ეს ნოზოლოგია წმინდა ფუნქციური ხასიათისაა და არავითარი ორგანული მიზეზით არ არის განპირობებული. პაციენტს მხოლოდ ეჩვენება, რომ ყლაპვა უჭირს.
ყლაპვის ნევროზული გაძნელება ყველა ასაკში გვხვდება. შედარებით ხშირია ახალგაზრდა ქალებთან, თუმცა ბოლო ხანს ყლაპვის ნევროზული გაძნელებით მამაკაციც ბევრი მოგვმართავს. პაციენტები დაახლოებით ერთნაირად აღწერენ თავიანთ პრობლემას. როგორც წესი, იწყებენ იმით, რომ სუნთქვა გაუჭირდათ, შემდეგ ყელში რაღაცამ წაუჭირათ, ლუკმა ვერ გადაყლაპეს და წყლის მიყოლება დასჭირდათ ან ისე გაუჭირდათ გადაყლაპვა, რომ ლუკმა უკან ამოიღეს, თუმცა ხუთი წუთის შემდეგ მიღებული საკვები ჩვეულებრივ გადაყლაპეს. ნევროზული საყლაპავისთვის, კარდიის აქალაზიისგან განსხვავებით, სტაბილური დისფაგია არ არის დამახასიათებელი და ამ დროს პაციენტებს მყარზე მეტად თხევადი საკვების გადაყლაპვა უჭირთ. 
– როგორია კარდიის აქალაზიის კლინიკური სურათი?
– კარდიის აქალაზიის დროს საყლაპავის ქვედა ნაწილის კუნთები ჯეროვნად ვერ დუნდება, რაც ამ უბანში მომადუნებელი ინერვაციის დაქვეითებით ან არარსებობით არის გამოწვეული. ამის შედეგად საყლაპავის ქვედა, კარდიული ნაწილი გამუდმებით შევიწროებულია და საკვების კუჭისკენ გადაადგილებას აფერხებს. კარდიის აქალაზიას ასაკობრივი განაწილება არ ახასიათებს, ნევროზული საყლაპავისგან განსხვავებით, ის ახალგაზრდებთან იშვიათად გვხვდება, უფრო შუახნის ხალხისთვის არის დამახასიათებელი. ხშირია დიაგნოსტიკური შეცდომა, როცა საყლაპავის სხვა პრობლემას კარდიის აქალაზიად მიიჩნევენ. რეალური კარდიის აქალაზია იშვიათია და ყლაპვის აქტის სერიოზული დარღვევა ახლავს თან. დაავადების დასაწყისში ჭირს მხოლოდ მყარი საკვების ყლაპვა, მოგვიანებით კი თხევადისაც. უმეტესად, თუ პაციენტს კარგად გამოვკითხავთ, ის ზუსტად მიუთითებს, რა ადგილას უჭირს ყლაპვა და, როგორც წესი, არა საყლაპავის ზედა ნაწილზე, როგორც საყლაპავის ნევროზის დროს, არამედ უფრო ქვედაზე. კარდიის აქალაზიას ახასიათებს სტაბილური პროგრესირებადი დისფაგია და რეფლუქსი.
– საყლაპავის სპაზმის შესახებ რას გვეტყვით?
– საყლაპავის სპაზმის დროს საყალაპავის მთელ სიგრძეზე წარმოიშობა შევიწროებული უბნები, სადაც საკვებს გავლა უჭირს. მიზეზი აქაც შემკუმშავი ინერვაციის მომატება და მომადუნებელი ინერვაციის ნაკლებობაა. საყლაპავის სპაზმის დროს ყლაპვის აქტი ხშირად მტკივნეულია და ძალიან ჰგავს სტენოკარდიულ ტკივილს. მას, ისევე როგორც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს, შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს საკვებმა. პაციენტები სპაზმს ცივი, ცხელი ან განსაზღვრული ტიპის საკვების მიღებას უკავშირებენ, კარდიის აქალაზიის დროს კი ასეთი რამ არ ხდება.
საყლაპავის სპაზმის მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ მისი წარმოშობა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის წარმოშობას ჰგავს. მართალია, საყლაპავისა და ნაწლავის კედლის აგებულება და ინერვაცია ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ მსგავსებაც არის: კედლის შრეობრიობა მთელ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში შენარჩუნებულია, ნერვული სისტემებისა და ნერვული წნულების აქტივობის რა ტიპის დისბალანსიც იწვევს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, იგივე იწვევს საყლაპავის სპაზმსაც, – ამიტომ მკურნალობაც მსგავსია. საყლაპავის სპაზმს, კარდიის აქალაზიისგან განსხვავებით, კარგად ხსნის ნევროლოგიური პრეპარატი ბენზოდიაზეპინი და  სხვა საშუალებები, რომლებიც ნერვკუნთოვან გადაცემას ადუნებს. საყლაპავის სპაზმის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს სტრესი და კალციუმის ცვლაც. 
– როგორ სვამენ დიაგნოზს?
– დიაგნოსტიკაში დიდად გვეხმარება პაციენტის მონათხრობი, თუმცა საბოლოოდ მაინც ისეთი ინსტრუმენტული კვლევის შედეგებს ვეყრდნობით, როგორებიცაა საყლაპავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბარიუმის ფაფით და ენდოსკოპია. კარდიის აქალაზიის შემთხვევაში ხშირია აზრთა სხვადასხვაობა: ენდოსკოპისტები სხვას მიიჩნევენ აქალაზიად, კლინიცისტები – სხვას. მკურნალობისადმი მიდგომაც განხვავებულია. აქალაზიის დროს საყლაპავის ქვედა ნაწილი სტაბილურად შევიწროებულია, ზედა კი გაფართოებული, რაც კარგად ჩანს როგორც რენტგენოლოგიურად, ისე ენდოსკოპიურადაც.
ნევროზული საყლაპავის დროს, როგორც უკვე გითხარით, საყლაპავი სრულიად ინტაქტურია, შესაბამისად, არც რენტგენოლოგიური თუ ენდოსკოპიური გამოკვლევა ავლენს რამეს, საყლაპავის სპაზმის დროს კი რენტგენზე ჩანს მისი შევიწროებული და გაფართოებული უბნები, თუმცა კლასიკური დიაგნოსტიკური ნიშანი, ე.წ. კრიალოსანი, იშვიათია. მე ის მხოლოდ წიგნში მინახავს. რეალურად სურათი ოდნავ განსხვავებულია.
– თუ დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაგვიანდა, რით შეიძლება გართულდეს ყლაპვის პრობლემა?
– თუ ყლაპვის გაძნელების მიზეზი ნევროზულია, ეს მხოლოდ პაციენტის ფსიქიკაზე აისახება, კარდიის აქალაზიის შორს წასულ შემთხვევებში კი შესაძლოა, მისი პროქსიმული ნაწილის გაფართოებამ საშიშ მასშტაბს მიაღწიოს და რუპტურა, გახეთქვა გამოიწვიოს, თუმცა მე პრაქტიკაში რუპტურის შემთხვევა არ მქონია. ასეთი რამ ხდებოდა წინათ, როცა აქალაზიის დიაგნოსტიკა ჭირდა. საყლაპავის სპაზმი საყლაპავის მხრივ იშვიათად რთულდება; როცა სპაზმს რეფლუქსიც ერთვის, შესაძლოა, ეზოფაგიტი (საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთება) განვითარდეს. სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია საყლაპავის სპაზმს დართული გულის პრობლემები – სტენოკარდია და ბრონქოსპაზმი. 
–     როგორია მკურნალობის პრინციპები და რეკომენდაციები?
– კარდიის აქალაზიას ქირურგიულად მკურნალობენ. საწყის სტადიებზე მნიშვნელოვანია კვების ტიპის შერჩევა, მაგრამ თუ რეალურ კარდიის აქალაზიასთან გვაქვს საქმე, საბოლოოდ საქმე მაინც ბუჟირებამდე (ენდოსკოპიურად, ძალის ზემოქმედებით გაგანიერებამდე) ან ქირურგიულ ჩარევამდე (საყლაპავის პლასტიკამდე) მიდის. ნევროზული საყლაპავის მკურნალობა ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამ დროს არა დაავადებას, არამედ პიროვნებას უნდა ვუმკურნალოთ, რაც არც ისე ადვილია. ნევროზული საყლაპავის მკურნალობა ჩვეულებრივი ნევროზის მკურნალობას ჰგავს – ვიყენებთ დამამშვიდებელ საშუალებებს, ფსიქოლოგიურ თერაპიას. 
საყლაპავის სპაზმის მკურნალობაც კომპლექსურია. დამამშვიდებელ თერაპიას ამ შემთხვევაშიც ვიყენებთ. ვახდენთ კვების კორექციასაც. პაციენტმა რაციონიდან უნდა ამოიღოს იმ ტიპის საკვები, რომელზეც სპაზმი ემართება. საყლაპავის სპაზმის მქონეებს დაავადება გამუდმებით არ აწუხებთ, ის ეპიზოდურად იჩენს თავს და, წესისამებრ, რამდენიმე დღე გრძელდება. მკურნალობაც მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როცა სიმპტომები აშკარაა. თუ დაავადების გამშვები ფაქტორი რეფლუქსია, რომელსაც მოჰყვება საყლაპავის სპაზმი, პროკინეტიკებით და პროტონული ტუმბის ინჰიბიტორებით ვმკურნალობთ.
ყლაპვის გაძნელების მქონე პირებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სწორი კვების პრინციპების დაცვა. პირველი და უმთავრესი პრინციპია, კვება არ ჰგავდეს საწვავის ჩასხმას – ნორმალურად უნდა დავსხდეთ, საკვები კარგად დავღეჭოთ და აუჩქარებლად გადავყლაპოთ. კარდიის აქალაზიის დროს პაციენტებს ვურჩევთ, მიირთვან ნელა, მცირე ულუფები – ასე დისფაგიის მოვლენები მაქსიმალურად შეუმცირდება და წლობით იცხოვრებენ განსაკუთრებული დისკომფორტის გარეშე.
თამარ არქანია

გააზიარე: