კვება კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის

Share:

ყველამ იცის, რომ არასწორი კვება საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს. რა საკვები უხდება კუჭ-ნაწლავს და როგორ ვიკვებოთ, ორგანოთა ეს მნიშვნელოვანი სისტემა მწყობრიდან რომ არ გამოვიდეს?

ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს ილიასა და კავკასიის უნივერსიტეტების მოწვეული პედაგოგი, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ცენტრისა და კლინიკა "ახალი სიცოცხლის" ექიმი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მკვლევარი, გასტროენტეროლოგი მაგდა ასათიანი.

– რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის კუჭ-ნაწლავის გამართული მუშაობა?

– საჭმლის მომნელებელ სისტემას უმნიშვნელოვანესი ფუნქციები აკისრია:

* საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების)  შეწოვა – სწორედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში იშლება საკვები ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებად (ვიტამინებად, მინერალებად, ამინმჟავებად, ცხიმოვან მჟავებად, გლუკოზად), რომლებსაც ორგანიზმი საჭიროებისამებრ იყენებს. აქვე ხდება მათი შეწოვა;

* ცხოველმყოფელობის ნარჩენებისა და მავნე ნივთიერებების გამოყოფა – ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და თავიდან გვაცილებს ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას;

* იმუნური სისტემის მხარდაჭერა;

* მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერა – საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ტვინს შორის არსებობს კავშირი, რომელიც ვაგუსის ნერვის საშუალებით მყარდება, ასე რომ, ნაწლავის მიკრობიომის ცვლილებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს განწყობაზე, მეხსიერებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე;

* ჰორმონული ბალანსის შენარჩუნება – მონაწილეობს ჰორმონების წარმოქმნასა და რეგულირებაში;

– რა მიგვანიშნებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებულ დარღვევებზე?

– საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებზე ეჭვს აჩენს გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მუცლის შებერილობა, ფაღარათი, ყაბზობა და სხვა ამგვარი სიმპტომები, ყველაზე ხშირად კი ექიმს მუცლის არეში ტკივილის გამო მიმართავენ.

სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქი და გარდამავალი, მაგრამ მათდამი უყურადღებობამ შესაძლოა ისეთ მძიმე გართულებამდე მიგვიყვანოს, როგორიცაა, მაგალითად, მალნუტრიცია (საკვები ნივთიერებების უკმარისობა), დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) და სიკვდილიც კი.

– საკმარისია თუ არა სწორი კვება კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის?

– სწორი კვება იცავს ნაწლავის მიკრობიოტას, ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას (რიტმულ კუმშვა–მოდუნებას, რომლის მეშვეობითაც გადაადგილდება ნაწლავში საკვების მასა) და ხელს უწყობს მონელებას. რაციონში კუჭ-ნაწლავისთვის სასარგებლო საკვების ჩართვა, ერთი მხრივ, კუჭ-ნაწლავის დაავადებების პრევენციაა, მეორე მხრივ კი უკვე არსებულ დაავადათა სიმპტომების შემსუბუქებაში გვეხმარება.

რა უხდება კუჭ-ნაწლავს?

პრე– და პრობიოტიკები

– როგორც ვიცით, ადამიანის საჭმლის მომნელებელი ტრაქტი სავსეა ბაქტერიებით, რომელთა უმრავლესობა სასარგებლოა. მათ ერთობლიობას ნაწლავის მიკრობიოტას ან ნაწლავის მიკროფლორას ვუწოდებთ. ჯანსაღი მიკრობიოტა უდიდეს როლს ასრულებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში:

* ამ ბაქტერიების გარეშე წარმოუდგენელია საჭმლის მონელების ნორმალური პროცესი. ისინი ხელს უწყობენ საკვების შემადგენელი ნივთიერებების ათვისებას, ასტიმულირებენ პერისტალტიკას და მავნე მიკროორგანიზმებისგან იცავენ კუჭ-ნაწლავს. ნაწლავური ფლორის დისბალანსმა შესაძლოა საჭმლის მონელების დარღვევა გამოწვიოს.

* ზოგიერთი თანამედროვე კვლევა მიკრობიოტის დისბალანსს უკავშირებს ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კვებითი ალერგია, მეტაბოლური სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი და ავტოიმუნური დაავადებებიც კი.

ნაწლავში ბაქტერიების ჯანსაღი ბალანსის რღვევა შესაძლოა გამოიწვიოს არასწორმა კვებამ, ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივმა მიღებამ, სტრესმა,  ცხოვრების უმოძრაო წესმა.

ნაწლავური ფლორის ნორმალური ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას ხელს უწყობს პრე– და პრობიოტიკებით მდიდარი საკვები.

* პრებიოტიკები მცენარეული საკვების მოუნელებელი კომპონენტებია, რომლებიც სასარგებლო ბაქტერიებს ზრდა-გამრავლებისთვის საჭირო ნივთიერებებით უზრუნველყოფს.

* პრობიოტიკები ადამიანის მიკროფლორის შემადგენელი ცოცხალი მიკროორგანიზმებია. ისინი ბუნებრივად გვხვდება რძემჟავა პროდუქტებში (მაწონში, იოგურტში, კეფირში), მწნილში. საკვების გადამუშავებისას პრობიოტიკები შესაძლოა განადგურდეს, ამიტომ შეძენისას შეამოწმეთ ეტიკეტი. მასზე უნდა ეწეროს: "ცოცხალი და აქტიური კულტურები".

ბოჭკო

– ბოჭკო, იგივე უჯრედისი, ფასდაუდებელია კუჭ-ნაწლავის გამართული მუშაობისთვის. ეს არის რთული ნახშირწყლების ისეთი ფორმა, რომელსაც ვერ შლის საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, შესაბამისად, ის არ შეიწოვება ან მხოლოდ ნაწილობრივ გადამუშავდება.

ბოჭკოს შეიცავს მცენარეული საკვები: ხილი და ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი და ბრინჯი) და მისი პროდუქტები, პარკოსნები (ოსპი, ლობიო), თესლეული და თხილეული.

არსებობს ორი სახის ბოჭკო – ხსნადი და უხსნელი.

ხსნადი ბოჭკო – ინულინი, პექტინი – უმთავრესად ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება. ის ადვილად ბოჭავს წყალს და იღებს რბილ ჟელესმაგვარ სტრუქტურას. მისი გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმის სასარგებლო ბაქტერიების ძირითად საკვებს წარმოადგენს და ხელს უწყობს მათ გამრავლებას, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნაწლავური მიკროფლორის ნორმალური ბალანსისთვის.

უხსნელი ბოჭკო – ცელულოზა, ლიგნინი – გვხვდება უმთავრესად მარცვლეულში, ლობიოსა და კარტოფილში. ნაწლავებში მისი მოცულობა იზრდება, შესაბამისად, იზრდება ნაწლავის შიგთავსიც, რაც ასტიმულირებს პერისტალტიკას, განაპირობებს ნაწლავის სწრაფ დაცლას და უზრუნველყოფს რეგულარულ დეფეკაციას.

ბოჭკო ხელს უწყობს ფეკალური მასების დარბილებას,  რითაც თავიდან გვაცილებს ყაბზობას, ხელს უშლის ბუასილის ჩამოყალიბებას, ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.

ბოჭკო წმენდს ნაწლავებს, იკავშირებს მეტაბოლური დაშლის პროდუქტებსა და ტოქსინებს და გარეთ გამოაქვს.

გარდა ამისა, ბოჭკო დიდხანს რჩება კუჭში, ამიტომ ბოჭკოთი მდიდარი საკვები დიდი ხნით ანაყრებს.

ბოჭკოს ოპტიმალური ოდენობა დღეში 25-30 გრამია. ეს შეესაბამება: სამ ნაჭერ მთლიანი მარცვლეულის პურს, სამ ულუფა ბოსტნეულს ან პარკოსნებს, ერთ მუჭა თხილეულს.

რაც უფრო ნაკლებადაა დამუშავებული საკვები, მით მეტი ბოჭკოა მასში, ამიტომ ქერქიანად მიირთვით ხილი და ბოსტნეული, ჭამეთ გაუფცქვნელი ხორბლის პური და არა თეთრი ფქვილისა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ხილ-ბოსტნეული არა მარტო უჯრედისის, არამედ ვიტამინების, მინერალების, მცენარეული ცილებისა და ანტიოქსიდანტების მნიშვნელოვანი წყაროა.

ჯანსაღი ცხიმები

– ჯანსაღ ცხიმებს მიეკუთვნება უჯერი ცხიმოვანი მჟავები. ეს მჟავები ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. გვხვდება რაფსის, სოიის, ზეითუნის ზეთში, ცხიმიან თევზში, ავოკადოში, თხილეულში.

საკმარისი სითხე

– სითხის დეფიციტი შესაძლოა ყაბზობის მიზეზად იქცეს, ამიტომ ყოველდღიურად მიიღეთ თქვენი წონის შესაბამისი ოდენობის სითხე (წყალი, უშაქრო ჩაი, ნატურალური და არა დამტკბარი წვენები), ოღონდ ნუ დალევთ ბევრ წყალს უშუალოდ ჭამის დროს – მჟავა გარემო აუცილებელია საკვების ნორმალური მონელებისთვის, წყალი კი კუჭის წვენს აზავებს და მჟავას ანეიტრალებს. სამაგიეროდ, უზმოზე ერთი ჭიქა წყალი ხელს უწყობს პერისტალტიკის გაძლიერებას და აადვილებს დეფეკაციას.

ყავა, ჩაი და სხვა კოფეინიანი სასმელები, სასურველია, დალიოთ ჭამის შემდეგ ან ჭამის დროს.

კვების რეგულარულობა

– ჭამეთ რეგულარულად, ერთსა და იმავე დროს, ზომიერი ულუფებით. არარეგულარული და ჭარბი კვება საჭმლის მონელებას ართულებს. კვებიდან 1-1,5 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული წამოწოლა. კუჭი რომ არ გადატვირთოთ, ერიდეთ ჭამას დაძინებამდე 2-3 საათის განმავლობაში.

ღეჭვა

– კუჭი რომ არ გადაიტვირთოს, ეცადეთ, ყოველი ლუკმა 20-30-ჯერ გაღეჭოთ – ეს მონელებას გააადვილებს.

ნაკლები ალკოჰოლი

– ჭარბი ალკოჰოლი არა მხოლოდ ღვიძლსა და პანკრეასს, არამედ კუჭ-ნაწლავსაც ვნებს. ის აზიანებს კუჭის ლორწოვანს და ზრდის კუჭის წვენის მჟავიანობას, რაც შესაძლოა გულძმარვის, გასტრიტის, კუჭის წყლულის ჩამოყალიბების მიზეზად იქცეს.

– რამდენი სასმელი შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ?

– ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან ჯანმრთელ და პათოლოგიის მქონე კუჭ-ნაწლავს გართულების სხვადასხვა რისკი აქვს. შედარებით უსაფრთხოდ მიიჩნევა კვირაში არა უმეტეს 14 ერთეულისა (რაც შეესაბამება 6 კათხა ლუდს ან 7 ჭიქა ღვინოს), სულ მცირე, სამდღიანი შუალედებით. თუმცა აბსოლუტურად უსაფრთხო ოდენობა არ არსებობს. ზემოთ აღნიშნულმა დოზებმა ჯანმრთელ ორგანიზმშიც კი შეიძლება  სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

რა ვჭამოთ

– კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის სასურველია ჩვენს რაციონში შედიოდეს:

* მთლიანი მარცვლეული – შვრია, ხორბალი, ქერი, ფეტვი, კინოა, შავი, ყავისფერი და წითელი ბრინჯი, სიმინდი, წიწიბურა – შეიცავს ბევრ ბოჭკოს და დამატებით – ისეთ საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები;

* ჩიასა და სელის თესლი, ფსილიუმი – ბოჭკოს შესანიშნავი წყაროა და მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით;

* მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული – ისპანახი, კომბოსტო, სალათის ფოთლები. მწვანე ბოსტნეული, გარდა ბოჭკოსი, მდიდარია მაგნიუმითაც, რომელიც აუცილებელია კუნთების, მათ შორის – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კუნთების, ოპტიმალური ფუნციობისთვის და ამსუბუქებს ყაბზობას;

* ცერეცო – შეიცავს ანტისპაზმურ ნივთიერებებს, შეუძლია, ხელი შეუშალოს მუცლის შებერილობის, მეტეორიზმის, სპაზმების განვითარებას ან შეამსუბუქოს ეს სიმპტომები;

* პიტნა და მისი ზეთი – აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ზეთი შეიცავს მენთოლს, რომელსაც შეუძლია, შეამსუბუქოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ნიშნები, მათ შორის – შებერილობა, დისკომფორტი კუჭის არეში და ნაწლავთა მოქმედების დარღვევები;

* ჯანჯაფილი – აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აჩქარებს კუჭის დაცლას და ხელს უშლის გულისრევას. ბევრი ორსული იყენებს მას ტოქსიკოზით გამოწვეული გულისრევის დროს;

* ავოკადო – სუპერპროდუქტია, რომელიც შეიცავს უჯრედისსა და აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, მათ შორის კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანსაღ ფუნქციობას. ღარიბია ფრუქტოზით და ნაკლებად იწვევს შებერილობას;

* ვაშლი – მასში ბევრია პექტინი, ხსნადი ბოჭკო. ის ზრდის განავლის მოცულობას, ამიტომ ხშირად გამოიყენება ყაბზობისა და დიარეის სამკურნალოდ. ასევე ცნობილია, რომ ამცირებს ნაწლავური ინფექციების განვითარების რისკს;

* პაპაია – შეიცავს პაპაინს, საჭმლის მომნელებელ ძლიერ ფერმენტს, რომელიც ხელს უწყობს ცილების მონელებას. შეუძლია, შეამციროს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები;

* მაწონი – რძემჟავა ბაქტერიების შემცველი ფერმენტირებული პროდუქტი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს შებერილობას, ყაბზობასა და დიარეას, ასევე აუმჯობესებს ლაქტოზის – რძის შაქრის მონელებას.

რას უნდა ვერიდოთ

– არაჯანსაღ საკვებად მიიჩნევა:

* მეტისმეტად ცხიმიანი და ცხარე საკვები

ზედმეტმა ცხიმმა, მეტადრე – არაჯანსაღმა, შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანება გამოიწვიოს, რადგან ცხიმი ყველაზე ძნელი მოსანელებელია. განსაკუთრებით ერიდეთ ცხიმიან ხორცს, ცხიმიან რძესა და მის ნაწარმს, ძეხვეულსა და ნახევარფაბრიკატებს, ფასტფუდს. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ცხიმიანი საკვები საერთოდ ამოვიღოთ რაციონიდან, მაგრამ დღიურ რაციონში მისი წილი ზომიერი უნდა იყოს.

წითელი ხორცი თეთრით (მაგალითად, ფრინველის მკერდით) ან თევზით ჩაანაცვლეთ. უპირატესობა მიანიჭეთ უცხიმო და ნაკლებცხიმიან რძესა და მის ნაწარმს.

კუჭის ლორწოვანი შესაძლოა გააღიზიანოს ზედმეტად ცხარე და შესუნელებულმა საკვებმაც.

* ჭარბი შაქარი და მარილი

ბევრი შაქარი ხელს უწყობს ნაწლავში მავნე ბაქტერიების გამრავლებას.

ჭარბმა მარილმა შესაძლოა გააღიზიანოს კუჭის ლორწოვანი და ხელი შეუწყოს გასტრიტის ან კუჭის წყლულის განვითარებას. შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ნაწლავური ფლორის ბალანსზეც.

ერიდეთ მარილითა და შაქრით მდიდარ საკვებს, მზა საკვებს, გაზიან სასმელებს, რომლებიც ბევრ შაქარს შეიცავს.

* დამუშავებული საკვები

კონსერვანტებით, ხელოვნური დანამატებით, ტრანსცხიმებით მდიდარი საკვები, მათ შორის – ძეხვეული, შებოლილი ხორცპროდუქტები, ტკბილეული, აზიანებს ნაწლავურ ფლორას და საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. საკონდიტრო ნაწარმი უმჯობესია დესერტად დააყოლოთ საკვებს.

კვების რეჟიმი კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს

– საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები: შებერილობა, ტკივილი, დიარეა თუ ყაბზობა,  – უმეტესად დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის რომელიმე პათოლოგიასთან, თუმცა ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს ასეთი ჩივილები არასათანადო კვების გამო. ნებისმიერი დარღვევისა თუ დაავადების მართვას სწორედ კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებით ვიწყებთ. ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემა კვების რეჟიმის მოწესრიგებითაც გვარდება და მედიკამენტური მკურნალობა აღარ გვჭირდება.

კვების ძირითადი პრინციპები საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველა პათოლოგიის დროს ერთნაირია, თუმცა არის მომენტები, როცა კვებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. მაგალითად, თუ ყაბზობის დროს პაციენტს ვურჩევთ, რაციონი ხილ-ბოსტნეულით და მთლიანი მარცვლეულის ნაწარმით გაამდიდროს, კუჭის პრობლემების, მაგალითად, გასტრიტის ან წყლულის შემთხვევაში იმავე საკვებს რეკომენდაციას ვერ გავუწევთ, რადგან ზედმეტად აღიზიანებს კუჭს. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, ყველა კარგად იცნობს შვრიის ფანტელს. ის სხვადასხვა ზომისა გამოდის: წვრილი, საშუალო და მსხვილი. ყაბზობის დროს უპირატესობას მსხვილ ფანტელს ვანიჭებთ, გასტრიტისა და კუჭის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში კი წვრილს.

მუცლის შებერილობის დროს სასურველია, შევამციროთ ფრუქტოზის – ხილის შაქრის მოხმარება. ვაშლი, მსხალი და მანგო ბევრ ფრუქტოზას შეიცავს, კენკრა და ციტრუსები, მაგალითად, ფორთოხალი და გრეიპფრუტი – ნაკლებს. შებერილობის დროს სასარგებლოა ბანანი, რომელიც ღარიბია ფრუქტოზით და მდიდარია ბოჭკოთი.

– მიზანშეწონილია თუ არა პრე- და პრობიოტიკური დანამატების პროფილაქტიკური მიზნით მიღება?

– პრობიოტიკების როლი ჯერჯერობით ბოლომდე არ არის შესწავლილი, მათი ეფექტურობისა და უსაფრთხოების კვლევა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. პრობიოტიკური დანამატები ინიშნება, ერთი მხრივ, დისბიოზით გამოწვეული პრობლემების სამკურნალოდ, მეორე მხრივ კი ისეთი მედიკამენტებით მკურნალობისას, რომლებიც აზიანებს ნაწლავურ ფლორას. მაგალითად, ანტიბიოტიკების კურსის პარალელურად ან მისი დასრულების შემდეგ.

არც პრობიოტიკების, არც პრებიოტიკების თვითნებური მოხმარება არ არის რეკომენდებული. ნებისმიერი საკვებდანამატის მიღება, უმჯობესია, შევუთანხმოთ ექიმს.

პრობიოტიკები, შეიძლება ითქვას, უსაფრთხოა, მაგრამ მათდამი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებმა (იმუნოსუპრესანტებზე მყოფებმა, მძიმედ მოავადეებმა), უნდა მოვარიდოთ მათ ნაადრევად დაბადებული ჩვილებიც. არსებობს მცირე რისკი, პრობიოტიკები სასარგებლოსთან ერთად მავნე მიკრობებსაც შეიცავდეს და დასუსტებული იმუნური სისტემის ფონზე მძიმე ინფექცია გამოიწვიოს.

შევაჯამოთ: კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის აუცილებელია კვების ზოგადი პრინციპების დაცვა, მაგრამ ეს არ გულისხმობს მკაცრ დიეტას. არ არის რეკომენდებული რაციონიდან რომელიმე პროდუქტის ამოღება. ორგანიზმს სჭირდება ცხოველური თუ მცენარეული ცხიმიც, ცილაც, ნახშირწყლებიც, ამიტომ უნდა მივიღოთ ყველანაირი საკვები: ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ავადმყოფობის გამო რამე გვეკრძალება. მაგალითად, ცელიაკიის დროს ორგანიზმი ვერ ინელებს გლუტენს) და სხვა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის სწორ კვებასთან ერთად აუცილებელია ფიზიკური აქტივობა – ფეხით სიარული დღეში, სულ მცირე, 30 წუთის განმავლობაში.

ჯილდა გაჩეჩილაძე

Share: