ურთიერთობა ნარცისთან

გააზიარე:

მეტი და მეტი კლიენტი უჩივის იმას, რომ შინ თუ გარეთ, პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში, ნარცისული წყობის ადამიანებთან უწევთ ურთიერთობა. ძნელი სათქმელია, რას მოჰყვა ეს “ნარცისების ეპიდემია”. მაგალითად, თანამედროვე კულტურა ახალისებს ნარცისისტულ იდეებს, აჯილდოებს საკუთარი მიღწევების მუდმივ ვალიდაციას, იქნება ეს გამომწერები სოციალურ ქსელში თუ ყველაზე ხმამაღალი თანამშრომლის დაწინაურება.

ინტერნეტში უამრავი სტატიაა იმის შესახებ, რა არის პიროვნების ნარცისისტული აშლილობა და როგორ იქცევიან ურთიერთობებში ასეთი აშლილობის მქონე ადამიანები, თუმცა, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ამ სტატიებშიც ყურადღება უმთავრესად ნარცისს ეთმობა და არა მსხვერპლს. ვეცდები, ჩემს ბლოგში კომპასის ისარი ნარცისისტული ქცევის მიმღებზე გადავიტანო.

ვინ არის ნარცისი

ნარცისი პიროვნების ერთგვარი ტიპია, აზროვნების, ემოციის, ქცევის პატერნების ერთობლიობა. ეს პატერნები მუდმივად და თანმიმდევრულად გამოვლინდება. ასეთი ადამიანი თავისთავად ბოროტი კი არ არის – თავდაცვის არასწორი ფორმა აქვს არჩეული. არასწორი იმიტომ, რომ ნარცისისტული ტაქტიკა შესაძლოა იცავდეს თავად ნარცისს, მაგრამ აზიანებს სხვებს.

ტრავმებით გამოწვეულ შიშებს, სირცხვილს, თავდაჯერების ნაკლებობას ნარცისი დომინაციას, მანიპულაციას და სხვებზე კონტროლს უპირისპირებს. ამგვარი ქცევით ის იბრუნებს უსაფრთხოების განცდას, რომელიც მას ისეთ სიტუაციებში და ისეთ ადამიანებთანაც კი სჭირდება, რომლებიც მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. გამოვლილი ტრავმების გამო ნარცისი გაზვიადებულად ხედავს საშიშროებას, აქვს მომატებული მგრძნობელობა უარის მიმართ, ცდილობს, სხვას დაასწროს ჩაგვრა ან სჭირდება, მუდმივად ისმინოს ქება-დიდება, რათა თვითშეფასება აიმაღლოს.

როდესაც ადამიანი იმდენად არის ორიენტირებული საკუთარ გადარჩენაზე, რომ ამას სხვების ხარჯზე აკეთებს, შეუძლებელია, მას ემპათია ჰქონდეს. ეს ნარცისისტული პიროვნების კიდევ ერთი მახასიათებელია – ნარცისებს უჭირთ ნამდვილი, ხანგრძლივი, სტაბილური თანაგანცდა.

არც ისე გრანდიოზული

თუ ნარცისისტული პიროვნების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას შეეცდებით, აღმოაჩენთ, რომ მასალების ეხება უმეტესობა გრანდიოზულ ნარცისს, რომელიც შედარებით ადვილი ამოსაცნობია. გრანდიოზული ნარცისი ფიზიკურად გამორჩეულია, ძირითადად – ეფექტური ვარცხნილობის, ჩაცმულობისა და ძვირად ღირებული ნივთების ხარჯზე. ხშირად ის წარმატებული, შესამჩნევი ფიგურაა. მისი უნარი, არ დაემორჩილოს წესებს, წინ წასწიოს საკუთარი თავი, აჯობოს სხვებს, მოთხოვნილება, იყოს აღიარებული და სასურველი, ეხმარება მას, ლიდერულ პოზიციებზე გავიდეს. ბევრი ცნობადი სახე ზუსტად ასახავს ამ ტიპაჟს.

თუმცა ცხოვრებაში უმეტესად მაინც არაგრანდიოზულ ნარცისებს ვხვდებით, რომლებზეც თითქმის არავინ საუბრობს და რომელთა შემჩნევაც რთულია.

ნარცისი, რომელსაც მეგობრად ან რომანტიკულ პარტნიორად ვირჩევთ, მოწყვლადი ნარცისია. ნარცისის ყველა სხვა თვისებასთან ერთად, ასეთი ადამიანი თავს მუდმივად გარემოებების მსხვერპლად მიიჩნევს. ბევრს შფოთავს, ადვილად ღიზიანდება, სევდიანდება, ხშირად შურს სხვისი, დარწმუნებულია, რომ სხვებს მასზე მეტად გაუმართლათ და სამყარო მხოლოდ მის მიმართ არის უსამართლო. საშინლად ბრაზობს, როდესაც უარს იღებს, ვერ უმკლავდება სტრესს.

მოწყვლადი ნარცისი ცდილობს, ხალხს თვალებში ნაცარი შეაყაროს და თავისი საუკეთესო მხარეები დაანახოს. ის პერფეციონისტია. ამავე დროს, შესაძლოა, ურთიერთობის დასაწყისშივე მოგიყვეთ თავისი ცხოვრების რთული მომენტების შესახებ, შემოგჩივლოთ, რა უსამართლოდ მოექცა ცხოვრება, როგორ არავის ესმის მისი თქვენ გარდა და ამით თქვენი ემპათია მოიპოვოს. შესაბამისად, მოწყვლადი ნარცისი ყველაზე ადვილად ზემოქმედებს კეთილ, მიმღებ, ემპათიურ ადამიანებზე, განსაკუთრებით კი მათზე, ვისაც თავად აქვს გამოვლილი ტკივილი.

ამავე დროს, მოწყვლადი ნარცისები ირჩევენ ძლიერ, შემდგარ ადამიანებს, რათა მათთან სიახლოვე თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. მაგალითად, იტრაბახონ, რომ ასეთი წარმატებული მეგობარი ჰყავთ ან ფინანსურად ისარგებლონ პარტნიორის ხელგაშლილობით. ამასთან, ძლიერ ადამიანებს ახასიათებთ გამოწვევებთან ბრძოლის უნარი, ისინი ცდილობენ, დაეხმარონ ნარცისს მისი პრობლემების გადაჭრაში და ურთიერთობაში აღმოცენებულ სირთულეებსაც თავადვე აგვარებენ, ბევრ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე, ნარცისი კი მათ ამ თვისებებს სათავისოდ იყენებს.

ვინ ხდება ნარცისისტული ჩაგვრის მსხვერპლი

არსებობს მოარული აზრი, რომ მხოლოდ სუსტი ადამიანი შეიძლება გახდეს ნარცისის მსხვერპლი. დიახ, მოწყვლადი და თანადამოკიდებულებისკენ მიდრეკილი პიროვნებები ადვილად ეგებიან მანიპულაციებზე, განსაკუთრებით კი ქარიზმული გრანდიოზული ნარცისები იზიდავთ, მაგრამ ეს ადვილად მოსანადირებელი მსხვერპლია. ნარცისი მათ მალევე ტოვებს ან მეორეხარისხოვან როლს მიაკუთვნებს. მაგალითად, მეგობარს, რომელიც დახმარებისთვის მუდამ მზად არის, ნარცისი მხოლოდ გასაჭირის დროს მიმართავს, დროის უმეტეს ნაწილს კი სხვა, კაშკაშა მეგობრებთან ატარებს. ურჩევნია, ძლიერი, წარმატებული, თავისზე უკეთესი პიროვნება დაიმორჩილოს, მიისაკუთროს და დომინაცია დაამყაროს მასზე. შესაბამისად, ნარცისთან ყველაზე მეტხანს რჩება ან ძალიან კეთილი და ემპათიური ადამიანი, რომელიც ცდილობს, გადაარჩინოს ნარცისი, ან ძალიან ძლიერი პიროვნება, რომელიც მიჩვეულია, რომ დაუღალავი შრომა და სწორი მიდგომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ნარცისთან ურთიერთობაშიც ამას ცდილობს.

როგორ ამოვიცნოთ ნარცისისტული ჩაგვრა

ნარცისისტული ჩაგვრა – ეს არის მავნე, ტყუილზე დაფუძნებული და სხვის გაუფასურებაზე აგებული პატერნები. ნარცისები დროდადრო გამოხატავენ პატივისცემას და სითბოს, მაგრამ "მზიანი" დღეები მალევე იცვლება ბრაზით, ჩაგვრით, მანიპულაციით, სხვებზე მაღლა დგომის მცდელობით. არ აქვს მნიშვნელობა, რით მიაღწევს ნარცისი კონტროლს – ტყუილით, მანიპულაციით, ღალატით თუ თქვენი დადებითი თვისებების ექსპლუატაციით – თქვენ ყოველთვის დაღლილობას, უენერგიობას, დანაშაულს, უსუსურობას გრძნობთ.

გამოდის, რომ ნარცისი კი არ ირჩევს სუსტ მსხვერპლს, ის ასუსტებს ძლიერ ადამიანებს. ბევრი ჩემი კლიენტი აღწერს, რამდენად უკეთ იყვნენ, სანამ ნარცისს შეხვდებოდნენ.

დიდი შანსია, ნარცისისტულ ჩაგვრას განციდიდეთ, თუ:

  • ამართლებთ პარტნიორის`მეგობრის აგრესიულ ქცევას;
  • გჯერათ მისი დაპირებების, რომლებიც არასოდეს სრულდება;
  • გაქვთ მუდმივი კონფლიქტი: დაშორება-შერიგება, ერთსა და იმავეზე გაუთავებელი ჩხუბი;
  • გჯერათ, რომ მასთან მეტაფიზიკური, მისტიკური კავშირი გაქვთ;
  • უმალავთ თქვენს გრძნობებსა და მოთხოვნილებებს;
  • სხვებთან საუბრისას ცდილობთ, ურთიერთობა მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩინოთ;
  • გეშინიათ მასთან კონფლიქტის;
  • გიჩნდებათ დანაშაულის განცდა, როდესაც ურთიერთობის უარყოფით მხარეებზე ფიქრობთ;
  • მუდამ მის დაწყნარებას ცდილობთ;
  • ხშირად უხდით ბოდიშს;
  • აკვირდებით თქვენს სიტყვასა და ქმედებას, რომ შემთხვევით არ აწყენინოთ;
  • ყველაფერზე პასუხისმგებლობას თავად იღებთ;
  • დანაშაულს განიცდით მაშინაც კი, როდესაც არაფერი დაგიშავებიათ;
  • მუდამ სთავაზობთ სხვადასხვა ვარიანტსა და არჩევანს.

ნარცისისტული ჩაგვრის შედეგები

ნარცისისტული ჩაგვრის შედეგად ჩვენი ფუნქციონირების ყველა სფერო ზიანდება, რადგან ურთიერთობა მეტისმეტად ბევრ ენერგიასა და მუდმივ გაცემას მოითხოვს. როდესაც ნარცისთან ურთიერთობა მთავრდება, მსხვერპლი ხშირად შვებას გრძნობს, რადგან აღარ აქვს ქრონიკული ფონური სტრესი. მიუხედავად ამისა, ურთიერთობის დასრულებას მოჰყვება დაბნეულობა, ურთიერთობაზე მუდმივი ფიქრი, დანაშაულის განცდა, გლოვა და ბრაზი.

თუ თქვენთვის დამანგრეველ ურთიერთობას გაექცით, დააკვირდით, ხომ არ განიცდით ნარცისისტული ჩაგვრის შედეგებს. მისი ნიშნებია:

  • ურთიერთობაზე მუდმივი ფიქრი და სხვა რამეზე გადართვის სირთულე;
  • ბევრი ცუდის მიუხედავად, მხოლოდ კარგის გახსენება და მელანქოლია;
  • უსუსურობა;
  • უიმედობა;
  • დაბნეულობა;
  • დანაშაული;
  • მარტოობა;
  • ნდობის სირთულე;
  • იზოლაცია;
  • სირცხვილის განცდა.

როგორ გავუმკლავდეთ ნარცისთან ურთიერთობას: რადიკალური მიღება

ნარცისის რადიკალური მიღება ნიშნავს რეალობის მკაფიოდ დანახვას — იმის აღიარებას, როგორ ფუნქციონირებენ ნარცისები, ილუზიების, გამართლების ან მათი შეცვლის მოლოდინის გარეშე; იმის გააზრებას, რომ მათთვის დამახასიათებელია კონტროლის სურვილი, მუდმივად სჭირდებათ სხვების აღტაცება და ადამიანებზე ემოციური დომინირება, რაც სხვებისთვის ხშირად მტკივნეული და დამაზიანებელია. რადიკალური მიმღებლობა არ ნიშნავს ნარცისის საზიანო ქცევის გამართლებას ან ტკივილის მოთმენას; პირიქით, ეს არის თავის დაცვის პოზიცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, უშედეგო ბრძოლა შევწყვიტოთ.

რადიკალურ მიღებას ხელს უშლის ჩვენი იმედი, რომ ნარცისი შეიცვლება, განვითარდება, გამოსწორდება. ეს იმედი კაუჭია, რომელიც ხელს გვიშლის, ჩამოვშორდეთ ჩვენთვის საზიანო ადამიანს ან გავზარდოთ მასთან დისტანცია, მით უმეტეს, როდესაც ის გვპირდება, რომ ამიერიდან შეიცვლება და ეს ნამდვილად ბოლო გადაცდომა იყო. როგორც კი ჩვენ ვპატიობთ და შანსს ვაძლევთ ნარცისს, ის კვლავ თავის დამახასიათებელ ქცევას უბრუნდება და ემოციურად გვიტევს.

ასეთი სიღმისეული პიროვნული მახასიათებლების შეცვლას საკუთარი სისუსტეების დანახვა, ცვლილების სურვილი და ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება, რაც თითქმის გამორიცხულია, რადგან სწორედ ეს თვისებები აკლია ნარცისს. ჩემი გამოცდილებითაც გეტყვით: ნარცისებთან მუშაობა ურთულესი ამოცანაა, რადგან თერაპიაზე მოსვლის შემთხვევაშიც კი ისინი ვერ უძლებენ სირცხვილს, რომელიც საკუთარი პრობლემების აღიარებას მოჰყვება და ნაცვლად გამოსავლის ძიებისა, ცდილობენ, შეამცირონ საკუთარი ქმედებების სიმძიმე, გადააბრალონ თავიანთი ქცევა სხვა ადამიანებსა და გარემოებებს, თავი აარიდონ პასუხისმგებლობას.

ამრიგად, ნარცისების რადიკალური მიღება ნიშნავს მათი ემპათიის შეზღუდული უნარის, კონტროლის ძლიერი მოთხოვნილების, პასუხისმგებლობის არიდების პატერნების აღიარებას და, ამის კვალობაზე, მათ მიმართ მოლოდინის შეცვლას.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ნარცისი (პარტნიორი ან ოჯახის წევრი), რომელიც სამსახურიდან დაღლილი ბრუნდება, უმიზეზოდ გეუხეშებათ. მას სამსახურში ვერგამოთქმული ბრაზი თქვენზე გადმოაქვს. თუ ადრე ეცდებოდით აგეხსნათ, რატომ გტკენდათ გულს მისი სიტყვები და დაელოდებოდით ბოდიშს სიტყვით ან საქმით, რადიკალური მიღება ნიშნავს იმის გააზრებას, რომ ის, დიდი ალბათობით, არ აღიარებს თქვენს ემოციებს და არც ბოდიშს მოიხდის ან მოიხდის ზედაპირულად, მაგრამ ვერ გაიაზრებს, რა გეწყინათ და საერთოდ რა დააშავა – ის ხომ გაბრაზებული იყო, თქვენ კი რით ვერ ისწავლეთ, რომ გაბრაზებულზე ისეთ რამეებს ამბობს, რაც არ უგულისხმია და საწყენი აქ არაფერია.

ამ რეალობის რადიკალური მიღების შემდეგ თქვენ თავს დაანებებთ ემოციურ კამათს და აღარ ეცდებით საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. მაგალითად, როდესაც ის უხეშად დაგელაპარაკებათ, მშვიდად ეტყვით: "ამ ტონით საუბარს არ გავაგრძელებ“, – და შეწყვეტთ კომუნიკაციას ან შეამცირებთ კონტაქტს.

რადიკალური მიღება ვლინდება არა მოთმენით, არამედ იმით, რომ რეალობის გათვალისწინებით მოქმედებთ და თქვენს საზღვრებსა და კეთილდღეობას იცავთ.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: