მიუნჰაუზენის სინდრომი

Share:

ტყუილი ყველას გვითქვამს თავის ან სხვის გადასარჩენად, შეგვითხზავს სახალისო ისტორიები საყვარელი ადამიანის გასამხიარულებლად, მაგრამ ტყუილს, რომელზეც მინდა მოგიყვეთ, არც ზღაპრებთან და არც კეთილშობილ სიცრუესთან საერთო არაფერი აქვს.

მიუნჰაუზენის სინდრომი ფსიქოლოგიური და ქცევითი დარღვევაა: ადამიანი შეგნებულად იგონებს ან ხელოვნურად იწვევს ფიზიკური თუ ფსიქიკური დაავადების სიმპტომებს, და ამას აკეთებს არა მატერიალური სარგებლის მისაღებად, არამედ ყურადღების მისაპყრობად. მიუნჰაუზენის სინდრომით შეპყრობილები მანიპულაციის ოსტატები არიან და ზოგჯერ სარისკო ოპერაციებისგანაც კი არ იხევენ უკან, მიუხედავად იმისა, რომ იციან: ეს მათ არ სჭირდებათ.

მიზეზები

მიუნჰაუზენის სინდრომი რთული და ჯერ კიდევ შეუსწავლელი დარღვევაა, პაციენტების უმეტესობა უარს ამბობს როგორც ფსიქიატრის, ისე ფსიქოლოგის დახმარებაზე, ამიტომ გაუგებარია, რა იწვევს მას, თუმცა დაკვირვების შედეგად შესაძლებელი გახდა სინდრომის წინმსწრები ზოგიერთი ფაქტორის იდენტიფიცირება:

* ბავშვობაში გადატანილი ემოციური ტრავმა;

* ბავშვობაში გადატანილი მძიმე ავადმყოფობა;

* ბავშვობაში გადატანილი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა;

* დაბალი თვითშეფასება;

* პიროვნული აშლილობა.

სტატისტიკას თუ ვენდობით, მიუნჰაუზენის სინდრომი უმეტესად 20-დან 40 წლამდე ასაკის ქალებს აღენიშნებათ, ხშირად – ისეთებს, რომელთა საქმიანობა მედიცინასთან არის დაკავშირებული.

რატომ მიუნჰაუზენი?

სინდრომის სახელწოდება მომდინარეობს გერმანელი მწერლის რუდოლფ ერიხ რასპეს საყოველთაოდ ცნობილი ლიტერატურული გმირისგან – ბარონ მიუნჰაუზენისგან, რომელმაც გამოგონილი ისტორიებით გაითქვა სახელი. ბევრმა არც კი იცის, რომ ბარონს, რომელიც თავმომწონედ ჰყვებოდა, როგორ დაფრინავდა ყუმბარაზე ამხედრებული, რეალური პროტოტიპი ჰყავდა. ის XVIII საუკუნის გერმანიაში ცხოვრობდა და  მისი სრული სახელი და გვარი კარლ ფრიდრიხ იერონიმ ფონ მიუნჰაუზენი იყო. რუსეთში გატარებული წლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ბარონი წვეულებებს მართავდა და დაუჯერებელ ამბებს ჰყვებოდა საკუთარ თავზე. 1951 წელს კი რიჩარდ აშერმა პირველად აღწერა ავადმყოფობის ასეთი "უანგარო" სიმულაციის შემთხვევა და სინდრომს მიუნჰაუზენის სახელი უწოდა: "აქ აღწერილი სინდრომი ექიმების უმრავლესობას პრაქტიკაში შეხვედრია, თუმცა მის შესახებ ცნობებს წიგნებში ვერ ამოიკითხავთ. სინდრომით შეპყრობილები, ცნობილი ბარონ ფონ მიუნჰაუზენის მსგავსად, ჰყვებიან გამოგონილ, დრამატულ ისტორიებს, ამიტომ სინდრომი, ბარონისადმი დიდი პატივისცემით, დღეიდან მის სახელს ატარებს".

ქცევის ტიპები

განასხვავებენ სინდრომის რამდენიმე ტიპს:

* პაციენტები იგონებენ ფსიქოლოგიურ სიმპტომებს – აღწერენ თითქოსდა გადატანილ ჰალუცინაციებს;

* შეთხზულ ისტორიაში წამყვანია ფიზიკური სიმპტომები, მაგალითად, ტკივილი გულმკერდის ან მუცლის არეში;

* განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში კი პაციენტი ცდილობს, თავი დაიავადოს, მაგალითად, განზრახ იბინძურებს ჭრილობას.

სინდრომის მქონე ადამინაები წლების განმავლობაში საავადმყოფოდან საავადმყოფოში დადიან, გამოაშკარავების შემდეგ კი მოულოდნელად ტოვებენ კლინიკას და ახალი ტყუილისთვის იწყებენ მზადებას.

იქნებ თქვენც გინახავთ მშობელი, რომელსაც ერთი შეხედვით ჯანმრთელი შვილი გაუთავებლად დაჰყავს ექიმებთან და თავს ავადმყოფობის შიშით იმართლებს. მიუნჰაუზენის სინდრომით შეპყრობილი დედები კი ყველაფერს აკეთებენ ექიმების დასარწმუნებლად, რომ მათი შვილები ავად არიან. მეტიც – შვილებსაც აიძულებენ, დაიჯერონ გამოგონილი დაავადება და მოიქცენ ისე, როგორც ავადმყოფს შეეფერება. მსოფლიო მედიცინის ისტორიას არაერთი ასეთი შემთხვევა ახსოვს. სამწუხაროდ, არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი კლინიკის მიმღებ განყოფილებას აცრემლებულმა დედამ მიმართა. პატარა ბიჭუნა დედის ხელებში თვლემდა. ერთი შეხედვით იფიქრებდი, თამაშით დაღლილს ჩაეძინაო, მაგრამ გასინჯვისას ექიმმა შეამჩნია, რომ ბავში მხოლოდ მტკივნეულ გაღიზიანებაზე რეაგირებდა, წამოიტირებდა და ძილს აგრძელებდა. ვითარების არსი უკეთ რომ დაინახოთ, გეტყვით, რომ ბავშვთა ასაკში ძილად მივარდნა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად, დეჰიდრატაციით (სითხისგან სხეულის გამოფიტვით ღებინების ან ფაღარათის შედეგად), მაღალი სიცხით ან რომელიმე მეტაბოლური დარღვევით. დედის გამოკითხვით ხელჩასაჭიდი ვერაფერი აღმოაჩინეს, კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევაც უშედეგო აღმოჩნდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ექიმს შეეძლო, იყო დაკვირვება და ლოდინი. პატარა განყოფილებაში გადაიყვანეს და სასიცოხლო მონაცემების კონტროლი დაიწყეს, დედა კი კლინიკაში არსებული კარანტინის გამო სახლში გაუშვეს. რამდენიმე საათში ბავშვი გამოფხიზლდა, დედა მოიკითხა და თამაშს გუნებაზეც კი დადგა, თუმცა დედის მოსვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ ისევ ძილად მივარდა. ექიმებმა ვერაფრით ახსნეს ეს ამბავი, სანამ იგივე არ განმეორდა. ექიმების ეჭვი ლაბორატორიულად დადასტურდა: დედა შვილს საჭმელში დიმედროლს უყრიდა... მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრებოდა, პატარა კლინიკიდან გაწერეს, საქმე კი სასამართლოს გადაეცა.

სიმპტომები

მიუნჰაუზენის სინდრომით შეპყრობილები მხოლოდ კი არ იგონებენ ავადმყოფობას, მეტი დამაჯერებლობისთვის თავის დაზინებასაც კი არ ერიდებიან: ყლაპავენ საშიშ ნივთიერებებს და ნივთებს, იბინძურებენ ჭრილობებს, იღებენ სისხლის გამათხელებელ ან დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებს... ბევრი არც სამედიცინო ტესტების გაყალბებას ერიდება, მაგალითად, ანალიზისთვის ჩაბარებულ შარდს სისხლით ან სხვა ნივთიერებით აბინძურებს.

როგორ ამოვიცნოთ

მიუნჰაუზენის სინდრომით შეპყრობილები ოსტატურად ცრუობენ და ხშირად მედპერსონალსაც კი არწმუნებენ თავიანთ ავადმყოფობაში. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც ექიმებს სინდრომის ამოცნობაში ეხმარება:

* ავადმყოფობის ისტორიაში აღწერილი ხშირი ჰოსპიტალიზაცია, ვიზიტი სხვადასხვა ექიმთან ან სხვადასხვა კლინიკაში, ზოგჯერ – გამოგონილი სახელით და გვარით;

* უცნაური და არალოგიკური სიმპტომები;

* მდგომარეობის უმიზეზო გართულება;

* სამედიცინო ტერმინებისა და დაავადებების ცოდნა;

* გამოკვლევის ან ოპერაციის მოთხოვნა;

* კონფლიქტი საავადმყოფოს პერსონალთან;

* ტკივილგამაყუჩებელი ან სხვა პრეპარატების მოთხოვნა;

* სასტიკი უარი ექიმის წინადადებაზე, გაესაუბროს პაციენტის ოჯახის წევრებს ან მის ძველ ექიმებს;

* მკურნალობის უშედეგობა.

მიუნჰაუზენის სინდრომი ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ჰიპოქონდრიას – ფსიქიკურ აშლილობას, როდესაც ადამიანი მიიწერს დაავადებას, რომლისაც ეშინია. ამ ორ სინდრომს შორის ძირეული განსხვავებაა: ჰიპოქონდრიით შეპყრობილმა არ იცის, რომ იტყუება, მას სჯერა, რომ ავადაა, მიუნჰაუზენის სინდრომის დროს კი ადამიანი შეგნებულად ცრუობს და მიუხედავად იმისა, რომ ეს სულაც არ მოსწონს, სხვაგვარად არ შეუძლია.

როდის მივმართოთ ექიმს

მიუნჰაუზენის სინდრომით შეპყრობილს შესაძლოა ესმოდეს, რომ უსარგებლო ოპერაციით თუ მედიკამენტური მკურნალობით სერიოზულ საფრთხეს უქმნის თავს, მაგრამ უჭირს საკუთარი ქცევის კონტროლი. ასეთი ადამიანები იშვიათად ითხოვენ ფსიქოლოგიურ დახმარებას, ამიტომ ოჯახისა თუ მეგობრების ჩარევას შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს. თუ სტატიის კითხვისას მიხვდით, რომ თქვენი ოჯახის წევრი ან მეგობარი ამ სინდრომით არის შეპყრობილი, სცადეთ გაესაუბროთ, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ დაამუნათოთ, არ უსაყვედუროთ ან შეარცხვინოთ, მხოლოდ დახმარება და მკურნალობა შესთავაზეთ.

მკურნალობა

ყველაფერი პაციენტის ხელთაა. თუ მან ნამდვილად მოინდომა განკურნება და ფსიქოლოგს დახმარების უფლება მისცა, პროგნოზი კეთილსაიმედოა. წინააღმდეგ შემთხვევაში სინდრომი მკურნალობას ძნელად ექვემდებარება, ხოლო რთულ შემთხვევაში შესაძლოა ფსიქიატრის ჩარევაც კი გახდეს საჭირო.

თამთა კაპანაძე

Share: