სტრიები - რა აჩენს, როგორ ავიცილოთ თავიდან მათი გაჩენა და როგორ მოვიშოროთ უკვე ჩამოყალიბებული სტრიები
გააზიარე:
სტრიები წმინდა ესთეტიკური პრობლემაა. ისინი შესაძლოა ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს გაუჩნდეს. საბედნიეროდ, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა, როგორც სხეულის დეფექტი, ბევრს აწუხებს.
შესაძლებელია თუ არა სტრიების თავიდან აცილება? ამის გასარკვევად გავიგოთ, რა არის და როგორ ჩნდება სტრიები.
რა არის
სტრიები (სტრიაე დისტენსაე ან სტრიაე ცუტის) ნაწიბურის მსგავსი ზოლებია, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ადგილზე ჩნდება: მკლავებზე, მკერდზე, მუცელზე, ზურგზე, თეძოებზე, ბარძაყებზე, დუნდულებზე, მუხლებსა და წვივებზე. არ ქრება, მაგრამ დროთა განმავლობაში უფერულდება და ნაკლებშესამჩნევი ხდება.
რა აჩენს
სტრიების გაჩენის მიზეზი ცნობილია: კანის დაჭიმვის გამო (ორსულობის, სწრაფი ზრდის, წონის მატების დროს) კანქვეშა ქსოვილის ელასტიკური ბოჭკოები, კოლაგენი და ელასტინი, სუსტდება და იშლება, რის შედეგადაც კანის ქვედა ფენა, დერმა, თხელდება და გამოუსწორებლად ზიანდება.
სტრიები ხშირად ჩნდება ორსულობის დროს, განსაკუთრებით – მის მეორე ნახევარში, როცა მუცელი უკვე შესამჩნევად იზრდება. ამ პერიოდში მათ წარმოქმნას ხელს უწყობს ჰორმონული ცვლილებებიც. მაგალითად, ორსულობის დროს სისხლში იმატებს კორტიზოლის დონე. ვინაიდან თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის დაქვეითებას, ბუნებრივია, ის უფრო ადვილად ზიანდება.
სტრიებისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ ბაცი, თხელი კანის მქონე ქალებს.
გარდა ორსულობისა სტრების წარმოქმნას განაპირობებს:
- ცხიმოვანი ქსოვილის სწრაფი ზრდა;
- კუნთების სწრაფი ზრდა (მაგალითად, ბოდიბილდინგი);
- ჰორმონული თერაპია;
- კორტიზონის (გლუკოკორტიკოიდების) ხანგრძლივი გამოყენება;
- სწრაფი ზრდა პუბერტატულ ასაკში;
- ჰორმონული დარღვევით გამოწვეული სიმსუქნე;
- ინფექციები – ტიფი, ტუბერკულოზი;
- კუშინგის სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის კორტიზოლის არანორმალური მომატების შედეგი);
- შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი სისუსტე, რომელიც გენეტიკურად არის განსაზღვრული.
სტრიების მდებარეობაზე გავლენას ახდენს მათი წარმოშობის მიზეზი. მაგალითად, ე. წ. პუბერტატული სტრიები, წესისამებრ, თეძოებსა და ზურგზეა განლაგებული; სიმსუქნის შედეგად ხშირად ზიანდება კანი მუცელზე, მკლავებსა და ბარძაყებზე; გლუკოკორტიკოიდებით (ჰორმონული პრეპარატებით) გამოწვეული სტრიები უმეტესად ლოკალიზებულია იღლიის ქვეშ; ახალგაზრდებს, რომლებიც მძიმე საწონებს ეწევიან, შესაძლოა, სტრიები მხრებზე გაუჩნდეთ.
რაზე მეტყველებს სტრიების ფერი
სტრიები სხვადასხვა ფერისაა. ფერის მიხედვით შესაძლებელია ამოცნობა, რამდენად ახალია წარმონაქმნები. განვითარების საწყის ეტაპზე სტრიები მოვარდისფრო-მოწითალო, მეწამული ან მოწითალო-მოყავისფროა (გააჩნია კანის ფერს), დროთა განმავლობაში ბაცდება, მოთეთრო-მონაცრისფრო ხდება და ღრმავდება.
როდის მივმართოთ ექიმს
სტრიები სრულიად უვნებელია, არ ახლავს ტკივილი და, შესაბამისად, არც ექიმთან მისვლას მოითხოვს, თუმცა ზოგიერთი მათ არსებობას ძალიან განიცდის და ყოველდღიურ ცხოვრებაში თავს შეზღუდულად გრძნობს, მაგალითად, ვეღარ ბედავს საცურაო კოსტიუმით გამოჩენას. ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია, მიმართოთ ესთეტიკურ მედიცინაში სპეციალიზებულ დერმატოლოგს და მიიღოთ რჩევები მკურნალობის თაობაზე.
შესაძლებელია თუ არა სტრიების თავიდან აცილება?
არ არსებობს საიდუმლო რეცეპტი, რომელიც აუცილებლად დაგვიცავს სტრიებისგან, მაგრამ შეგვიძლია, დავწიოთ მათი განვითარების რისკი. შესაძლოა, თავიდან ყოველთვის ვერ ავიცილოთ, მაგრამ გარკვეულწილად შევამციროთ დეფექტის მასშტაბი. ნებისმიერ შემთხვევაში, პრევენციას უფრო მეტად აქვს აზრი, ვიდრე მკურნალობას, რადგან უკვე გაჩენილ სტრიებს ვეღარ გავიქრობთ.
დაიტენიანეთ კანი
ეცადეთ, კანი მუდმივად ტენიანი გქონდეთ, განსაკუთრებით – თუ ის სიმშრალისკენ არის მიდრეკილი ან მგრძნობიარეა. დამატენიანებელი კრემებისა და ზეთების რეგულარული გამოყენება კანს ელასტიკურობას შეუნარჩუნებს.
კანს კარგად ატენიანებს შარდოვანას, ჰიალურონის მჟავას, პანთენოლის, კოლაგენისა და E ვიტამინის შემცველი საშუალებები.
იკვებეთ ჯანსაღად
ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი დაბალანსებული რაციონი ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას. კანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩ, E და A ვიტამინები.
სვით საკმარისი წყალი
სხეულის წყლით გაჯერება ხელს შეუშლის კანის გამოშრობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ელასტიკურობის შესანარჩუნებლად. ყოველდღიურად სვით თქვენი წონისთვის შესაბამისი ოდენობის წყალი.
იმოძრავეთ აქტიურად
რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს კუნთების ტონუსის შენარჩუნებას და ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც კანს უკეთესად მიეწოდება საჭირო ნივთიერებები. თუ სტრიების წარმოქმნისკენ გაქვთ მიდრეკილება, ვარჯიშის დროს აუცილებლად ჩაიცვით მკერდის დამცავი სპორტული ბიუსტჰალტერი.
გარდა ამისა:
* რეგულარულად მიიღეთ ცივი შხაპი;
* ხშირად გაიკეთეთ მასაჟი;
* ეცადეთ, შეინარჩუნეთ წონა, ხოლო ჭარბი წონის შემთხვევაში დაიკლოთ ნელა. გახსოვდეთ ისიც, რომ სტრიების წარმოქმნას ხელს უწყობს წონის ხშირი კლება და მატება.
შესაძლებელია თუ არა სტრიების მოშორება?
ისევე, როგორც ნებისმიერი ნაწიბური, სტრიებიც დროთა განმავლობაში შეიძლება გაფერმკრთალდეს და უწინდებურად თვალში საცემი აღარ იყოს, მაგრამ ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ისინი სრულიად გაქრება.
სტრიების გასაბაცებლად კოსმეტიკური ინდუსტრია სხვადასხვა საშუალებას გვთავაზობს.
კრემები
არსებობს მრავალი მალამო, კრემი და შინაური საშუალება, რომლებმაც შესაძლოა სტრიები ნაკლებად შესამჩნევი გახადოს, თუმცა მათი უმეტესობის ეფექტიანობა შესწავლილი და მეცნიერულად დადასტურებული არ არის. მაგალითად, ნუშის ზეთი, ქოქოსის კარაქი, ზეითუნის ზეთი, A ვიტამინის შემცველი კრემები, მართალია, აჯანსაღებს კანს, მაგრამ შესაძლოა ვერაფერი დააკლოს უკვე ჩამოყალიბებულ სტრიებს.
ჩატარებული კვლევების თანახმად, შედარებით შედეგიანია კრემები, რომლებიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას ან ტრეტინოინს (რეტინოიდი), განსაკუთრებით – სტრიების განვითარების მწვავე ეტაპზე. ეს საშუალებები ასტიმულირებს დაზიანებულ უბნებში ახალი კოლაგენის გამომუშავებას და ხელს უწყობს გაწყვეტილი კოლაგენური ბოჭკოებს აღდგენას, რის შედეგადაც სტრიები თანდათან უფრო და უფრო ნაკლებშესამჩნევი ხდება. ოღონდ ამგვარი ეფექტის მოხდენა შესაძლებელია სტრიების წარმოქმნის საწყის ეტაპზე.
სიფრთხილე მართებთ ორსულებს. ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული ზოგიერთი აქტიური ნივთიერების, მაგალითად, რეტინოლის მოხმარება, რათა საფრთხე არ დაემუქროს ნაყოფს.
მკურნალობის მეთოდები
ესთეტიკური მედიცინის ცენტრები კრემებთან ერთად გვთავაზობენ არაინვაზიურ თუ ინვაზიურ პროცედურებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ამცირებს სტრიების ხილვადობას.
ლაზერული თერაპია – ფრაქციული ლაზერული ტექნოლოგია აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, აბაცებს სტრიებს.
მიკროდერმაბრაზია – ეს პროცედურა გულისხმობს კანის ზედა ფენის აშრევებას და კანის რეგენერაციის გააქტიურებას. გარდა ამისა, ხელს უწყობს ელასტიკური ბოჭკოების სინთეზს და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას კანქვეშა ქსოვილში. შედეგად სტრიები ნაკლებად თვალში საცემი ხდება. პროცედურა ტარდება სპეციალური აპარატით.
ქიმიური პილინგი – ამ პროცედურის მიზანიც მჟავების საშუალებით კანის ზედა ფენის აშრევებაა, რის შემდეგაც გარქოვანებული უჯრედების ადგილს ახალი იკავებს. ეს აბაცებს სტრიებს და ამცირებს მათ ხილვადობას.
მიკრონედლინგი – მიკრონიდლინგი კანის რეგენერაციის აპარატული მეთოდია. ამ დროს უწვრილესი ნემსების საშუალებით ხდება კანის მიზანმიმართული მიკროდაზიანება, შედეგად კანი იწყებს თვითგანკურნებას. იმატებს კოლაგენის გამომუშავება, რაც ხელს უწყობს ნაწიბურების გასადავებას.
მორფეუსი-8 – მიკრონემსებისა და რადიოტალღების თერაპიული კომბინაცია ამკვრივებს კანს და ააქტიურებს მიკროჭრილობების შეხორცების პროცესს. მიკროდაზიანებების მიზანია დერმისის ფიბრობლასტური უჯრედების სტიმულირება და დაზიანებულ ადგილებში კოლაგენისა და ელასტინის ახალი ბოჭკოების წარმოქმნა. ეფექტური შედეგის მისაღწევად საჭიროა ოთხი-ექვსი კურსი.
კარბოქსითერაპია – ამ პროცედურასაც აქვს მასტიმულირებელი ეფექტი. ის გულისხმობს მოლეკულური ჩO2-ის კანქვეშ შეყვანას, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და უჯრედული მეტაბოლიზმი, ააქტიურდება ფიბრობლასტები (შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები) და იმატებს კოლაგენის გამომუშავება. სტრიების კორექციისთვის რეკომენდებულია კვირაში ერთი პროცედურა თორმეტი კვირის განმავლობაში.
ჯილდა გაჩეჩილაძე