კერატინი თმის მოვლის საშუალებებში

Share:

თმის მოვლის საშუალებებში შემავალი გამაჯანსაღებელი ინგრედიენტების მრავალფეროვნება მართლაც გასაოცარია. რა დასახელებას არ ამოიკითხავთ შეფუთვაზე! ალოე-ვერასა და ჰიალურონის მჟავას დამანოტივებელი ეფექტი საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ რა სარგებლობა მოაქვს კერატინს? როგორ მოქმედებს ის თმაზე და სამართლიანად იმსახურებს თუ არა იმ ქებას, რომელიც ასე ხშირად გვესმის ინფლუენსერებისგან?

რა არის

კერატინი ბუნებრივი პროტეინია. ის თმის, კანისა და ფრჩხილების ძირითადი კომპონენტია, რომელიც პასუხისმგებელია მათ სტრუქტურაზე, უზრუნველყოფს მათ სიმტკიცესა და ელასტიკურობას და იცავს მათ მზის ულტრაიისფერი სხივების, ქარის, თავისუფალი რადიკალების, თმის ფენის, უთოსა და ქიმიური ნივთიერებების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. სწორედ კერატინი ანიჭებს თმას ჯანსაღ იერს და ბუნებრივ ბზინვარებას. როცა კერატინი იშლება, თმა შრება, ხდება მტვრევადი, იბურდება, ბოლოები ეყოფა.

კერატინის დაკარგვას იწვევს ასაკის მატება, ზოგიერთი ავადმყოფობა, ჰორმონული დარღვევები, მექანიკური და ქიმიური სტრესი. მაგალითად, თმის ხშირად გაშრობა ცხელი ჰაერით, უთოთი გასწორება და დახვევა, ღებვა და გაბაცება.

კერატინის შემცველი ნაწარმი

კერატინი შედის როგორც თმის მოვლის პროდუქტების: შამპუნების, კონდიციონერების, ნიღბების, – ისე სამკურნალო და სტაილინგის საშუალებების: ლაქის, გელის, ცვილის, ქაფის, – შემადგენლობაში.

კოსმეტიკისთვის კერატინს ბუმბულისგან, ბეწვისგან, რქებისა და ჩლიქებისგან იღებენ, თუმცა არსებობს მისი ვეგანური ალტერნატივაც. მას სინთეზურადაც აწარმოებენ ზოგიერთი მცენარეული ამინმჟავასგან. კერატინის მცენარეული წყაროებია სოია, ხორბალი და სიმინდი.

კოსმეტიკური საშუალებები კერატინთან ერთად სხვა ინგრედიენტებსაც შეიცავს, რაც  მათ კომპლექსურ ზემოქმედებას უზრუნველყოფს.

როგორ მოქმედებს

აღდგენა და დაცვა: კერატინის შემცველი ნაწარმი თმის ღერების დაზიანებული ნაწილების აღსადგენად და უკეთ დასაცავად გამოიყენება. ის აღწევს ფორებში, ავსებს მათ და ქმნის დამცავ ფენას თმის თითოეული ღერის ირგვლივ, რაც მხოლოდ ჯანსაღ შესახედაობას კი არ ანიჭებს თმას, არამედ გამძლეობასაც მატებს.

სიგლუვე და ტენიანობა: ცნობილია, რომ კერატინის პროცედურებს თმის გასასწორებლად ატარებენ სალონებში. დღეს უკვე შესაძლებელია ამ პროცედურის შინ ჩატარებაც. შესაბამისი პროდუქცია აფთიაქებსა და სპეციალურ მაღაზიებში იყიდება.

პროცედურის შემდეგ თმის სტრუქტურა ახლდება, გაყოფილი ბოლოები და გაუხეშებული ზედაპირი ქრება, თმა გლუვი, მოქნილი და ძლიერი ხდება.

მეტი ბზინვარება: კერატინის შემცველი საშუალებების რეგულარული გამოყენება ბზინვარებას უბრუნებს თმას.

კერატინის შემცველი საშუალებები გამოგადგებათ:

  • თუ თმას ქიმიური საღებავებით იღებავთ;
  • თუ ყოველდღიურად იყენებთ ფენს, უთოს ან  თმის სახვევს;
  • თუ ხვეული თმა გაქვთ. ასეთი თმის ბოლოები ხშირად გამომშრალია. კერატინიანი მოვლის საშუალებები მათ ჯანსაღ ბზინვარებას დაუბრუნებს. შამპუნსა და კონდიციონერს, რომლებშიც კერატინის მცირე წილია, გამასწორებელი ეფექტი არ აქვს.

სასურველ ეფექტს მხოლოდ კერატინის შემცველი პროდუქტების რეგულარული გამოყენებით მიიღებთ, რადგან ეს ნივთიერება თანდათან გროვდება თმაში. კიდევ უფრო შედეგიანია კერატინის შემცველი სხვადასხვა საშუალების, მაგალითად, შამპუნის, კონდიციონერისა და ნიღბის, ერთდროული გამოყენება.

ჯილდა გაჩეჩილაძე

Share: