შემოდგომა-ზამთრის მოდის ტენდენციები

გააზიარე:

მოდის დიზაინერებმა ცივი სეზონისთვის ზრუნვა ადრიანად დაიწყეს და შემოდგომა-ზამთრის კოლექციები მაღაზიებსა და ბუტიკებში უკვე გველოდება.

მოდი, ვნახოთ, რა არის მოდური ამ სეზონზე და რით შეიძლება გავიხალისოთ გარდერობი.

სეზონის წამყვანი ტენდენციები

2024-2025 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდა კლასიკური ელეგანტურობისა და თანამედროვე აქცენტების ნაზავია. ის ყოველგვარი გემოვნების ადამიანებს სთავაზობს, თავიანთი სტილი უახლეს ტენდენციებს მოარგონ. ბრუნდება ცხოველური პრინტი, ტექსტურებს შორის წამყვან ადგილს ტყავი და ხავერდი იკავებს, ხოლო ფერთა პალიტრა თბილი მიწიერი ტონებიდან კაშკაშა წითლამდე იცვლება. წელს მოდის ჩვენებებზე იგრძნობოდა 50-იანი წლების უკვდავი ელეგანტურობის გავლენა ქალური სილუეტებითა და მდიდრული ქსოვილებით. იმავდროულად, თვალში გეცემოდათ 70-იანი წლების გამოძახილი – თხელი ქსოვილები და მკვეთრი პრინტები. თანამედროვე აქცენტები დაემატა 80-იანი წლების სტილს – ფართო სილუეტებს (ოვერსაიზი) და თამამ ფერებს.

ხუთი ყველაზე ტრენდული ფერი

ბორდო

შემოდგომა-ზამთრის სეზონის აბსოლუტურ ფავორიტად წითლის სხვადასხვა გრადაცია რჩება. წამყვანი მოდის სახლების, მაგალითად, Ferragamo-სა და Vercace-ს ახალ კოლექციებში დომინირებს ბორდო (მწიფე ალუბლისფერი).

იასამნისფერი

შინდისფერთან ერთად პოდიუმს იპყრობს იასამნისფერი მუქი ნიუანსებით, უმთავრესად – ქლიავისა და ბადრიჯნის ტონები, რომლებიც მოდის კვირეულებზე წარმოდგენილი იყო როგორც მთლიანი ლუქის, ისე ცალკეული დეტალების სახით. ნამდვილ ფავორიტად იქცა Carolina Herrera-ს მუქ ტონში გადაწყვეტილი კაბა,Fendi-მ და  16Arlington-მა უფრო ჩამქრალი ტონები ამჯობინეს, ხოლო Prada-მ იასამნისფერის ნათელი ვერსია თვალისმომჭრელი გახადა.

ზეთისხილისფერი მწვანე

მიუხედავად იმისა, რომ წელს დიზაინერებმა მწვანის ყოველგვარ ელფერს მიაგეს პატივი, პოდიუმებზე მისი ყვითელნარევი ვერსია მეფობდა. ზეთისხილისფერი მწვანე შეიძლება იყოს მთლიანი ლუქიც, როგორც Alberta Ferretti-ისთან, და მისი ნაწილიც, რომელსაც სხვა ტრენდული ფერები ერწყმის. მაგალითად, ბადრიჯნისფერი მანჟეტები, როგორც Fენდი-სთან, ვარდისფერი ჟაკეტი, როგორც Prada-ს კოლექციაში ან მწიფე ალუბლისფერი ჩექმები – ასეთი გადაწყვეტა შემოგვთავაზა Brandon Maxwell-მა.

სამეფო ლურჯი

ეგრეთ წოდებული სამეფო ლურჯი წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფერია. Melitta Baumeister-მა ლურჯის ამ ღრმა და ამავე დროს ნათელ ტონში გადაწყვიტა ახალგაზრდული ლუქი – დიდი ზომის ქურთუკი და ფართო ჯინსები, ხოლო შერგიოHudson-მა და  House of Aama-მ ქალური სილუეტი ამჯობინეს.

ნაზი ვარდისფერი

ამ სეზონის ყველაზე ნაზი ფერი ვარდისფერია. წლევანდელ პოდიუმზე Jil Sander-მა წარმოადგინა კაბა მკვეთრ ვარდისფერ ტონში, ხოლო JW Anderson-მა ნახევრად გამჭვირვალე ნაზი ვარდისფერი ქსოვილი აირჩია.

კვლავ პოპულარულია ნარინჯისფერისა და ყვითლის სხვადასხვა ელფერი. ბუნებრივ თეთრს, კრემისფერსა და ნაცრისფერს არც ამ სეზონზე დაუკარგავს აქტუალობა.

პრინტი

შემოდგომა-ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით პოპულარულია: კუბოკრულის კლასიკური და თანამედროვე ვერსიები, ლეოპარდის პრინტი მათთვის, ვისაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, ყვავილოვანი დიზაინი შემოდგომის ფერებში, წვრილი ზოლები – როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური, გეომეტრიული ფიგურები და პეისლი.

ტექსტურა

დამდეგ სეზონზე დიზაინერები გვთავაზობენ:

* შალსა და ნაქსოვს სითბოსა და კომფორტისთვის;

* ტყავის პრიალა და გლუვ ვერსიებს, როგორც ბუნებრივს, ისე ხელოვნურსაც;

* ხავერდს – ის რბილი და მდიდრულია, მისგან შეკერილი ქურთუკები, კაბები და შარვლები ელეგანტურობით გამოირჩევა;

* ტვიდს – ეს ტრადიციული ქსოვილი ყოველთვის დროულია და შესანიშნავია ქურთუკებისთვის, პიჯაკებისა და ქვედაბოლოებისთვის;

* აბრეშუმი და სატინა – ისინი ელეგანტურ შესახედაობას სძენენ ბლუზებს, კაბებსა და ქვედაბოლოებს;

* ჯინსი – ჯინსის მთლიანი ლუქი ამ სეზონის ერთ-ერთი ტენდენციაა. შეგიძლიათ, შეუხამოთ სხვადასხვა სტილს;

* ქაშმირი – ეს ძვირფასი ქსოვილი გამორჩეულად რბილი და თბილია და იდეალურია სვიტერებისა და შარფებისთვის.

სეზონის რამდენიმე გამორჩეული შტრიხი

ჟაკეტი

მოკლე, ოვერსაიზი, კლასიკური – ამ სეზონზე ყოველგვარი სტილის ჟაკეტი აქტუალურია. შეგიძლიათ, მაისურსა და ჯინსზე ან კაბაზე მოიცვათ. თუ გსურთ, ელეგანტურად გამოიყურებოდეთ, შეარჩიეთ სხეულზე მომდგარი თარგი, ხოლო თავისუფალი სტილისთვის – უფრო ოვერსაიზი. საკუთარი სტილის შესაქმნელად მოსინჯეთ სხვადასხვა კომბინაცია, ცვალეთ ტექსტურა, ფერთა შეხამება, მოსინჯეთ კრეატიული ღილები. ჟაკეტი ეხამება ყოველგვარ სტილს და ამ სეზონის ყოვლისმომცველი ნაწილი ხდება.

ზოლიანი სამოსი

წვრილი თეთრი ზოლები მუქ ფონზე 80-იანი წლების მოდის ექოა. Oფფიცეცორე სტილმა მას ამ სეზონზე ახალი სიცოცხლე შთაბერა. თავისუფლად შეგიძლიათ, ზოლები ყოველდღიურ სტილს შეუხამოთ, მაგალითად, მაისურზე ან ჯინსზე ზოლიანი პიჯაკი მოიცვათ.

ფართო ქამარი

დაბრუნებას ზეიმობს ასევე 2000-იანი წლების ტრენდი – ფართო ქამარი. შეგიძლიათ, ის გაშვებულ კაბაზე ან პალტოზე შემოირტყათ და ამით ხაზი გაუსვათ თქვენი სხეულის მიმზიდველ ფორმებს. ფართო ქამარი ელეგანტურ აქცენტს სძენს ყოველდღიურ სამოსსაც – პიჯაკს, ჯინსს, მაისურს.

ვერცხლის სამკაული

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამკაულებში ოქრო დომინირებდა, ამ სეზონზე კი ის ვერცხლმა შეცვალა. ელეგანტური კონტრასტის შესაქმნელად შეგიძლიათ, ვერცხლის სამკაული შეუხამოთ ნეიტრალური ფერების მინიმალისტურ ლუქს, ვერცხლის საყურეებით ან ყელსაბამით კი ბზინვარება შემატოთ სახეს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: