პილინგი: მბზინავი და ჯანსაღი კანისთვის

Share:

პილინგი აჯანსაღებს კანს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას, მაგრამ იცით, როგორ მუშაობს ეს პროცედურა? როდის როგორი პილინგი ჯობია თქვენი კანისთვის და როგორ უნდა მოუაროთ კანს პილინგის შემდეგ? სწორედ ამის  შესახებ საუბარი ვთხოვეთ ექიმ დერმატოლოგ-კოსმეტოლოგ სოფიო ჩიქოვანს.

–  რა არის პილინგი და რაში გვეხმარება ის?

– პილინგი კოსმეტოლოგიური პროცედურაა, რომლის დროსაც კანს მექანიკურად ან ქიმიურად აცილებენ მკვდარ და გარქოვანებულ უჯრედებს.

პილინგი ასტიმულირებს უჯრედების განახლებას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ეხმარება კანს, უკეთ შეიწოვოს საჭირო ნივთიერებები მოვლის საშუალებებიდან, ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. შედეგად კანი ერთგვაროვანი, გლუვი, ელასტიკური და სხივოსანი ხდება.

პილინგს გამწმენდი ეფექტიც აქვს. ის ასუფთავებს ფორებს ცხიმისა და სხვა ნარჩენებისგან.

გარდა კანის გამოცოცხლებისა, მისი რელიეფისა და ფერის გაუმჯობესებისა, პილინგის მიზანია:

  • ძლიერ ცხიმიანი და ფორებიანი კანის მკურნალობა;
  • აკნეს მკურნალობა;
  • პიგმენტური ლაქების მკურნალობა;
  • ნაწიბურების შემცირება;
  • სტრიების გაფერმკრთალება.

პილინგი ტარდება როგორც სახეზე, ისე სხეულის სხვა ნაწილებზეც: კისერზე, დეკოლტეზე, ხელის მტევნებზე...

– რა და რა ტიპის პილინგი არსებობს და რა განსხვავებაა მათ შორის?

– განასხვავებენ კოსმეტიკურ პილინგს, რომელიც შეგიძლიათ თავადაც ჩაიტაროთ შინ და სამედიცინო პილინგს, რომელიც კარგად გამოცდილმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს კლინიკაში.

კოსმეტიკური პილინგი მოიცავს მექანიკურ პროცედურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვდარი უჯრედების მოცილება ხდება მექანიკურად, სპეციალური აბრაზიული ნაწილაკების შემცველი პროდუქტის მეშვეობით. კოსმეტიკურად მიიჩნევა ასევე დაბალი კონცენტრაციის ხილის მჟავას პილინგი და ფერმენტული პილინგი.

სამედიცინო პილინგი მოიცავს საშუალო და ღრმა ქიმიურ პილინგს, ლაზერულ პილინგს და მექანიკურ დერმაბრაზიას.

კოსმეტიკურ პილინგს უმთავრესად მიმართავენ კანის გასაჯანსაღებლად და გამოსაცოცხლებლად, ასევე მსუბუქი პრობლემების აღმოსაფხვრელად, სამედიცინოს კი უფრო სამკურნალო ეფექტი აქვს, გამოიყენება მძიმედ გამოხატული პრობლემებისა და ასაკობრივი ცვლილებების შესაცირებლად.

მექანიკური პილინგი

– მექანიკური პილინგი ფორებს ცხიმის, მტვრისა და  გარქოვანებული უჯრედებისგან წმენდს. ის განსაკუთრებით ეფექტურია პუბერტატულ ასაკში ასაკობრივი გამონაყარისა და ფერიმჭამელების პრევენციისთვის. პილინგი შეუმჩნევლად აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ცხიმის გამოყოფას.

არსებობს მექანიკური პილინგის რამდენიმე ნაირსახეობა:

* სკრაბირება –  გადაისვით ნოტიო კანზე მიკროგრანულების შემცველი გელი ან კრემი და წრიული მოძრაობით ნაზად შეიზილეთ. შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ. სკრაბი ძალიან უხეში არ უნდა იყოს.

დღეს ბაზარზე სახლში მოხმარებისთვის განკუთვნილი მექანიკური ამქერცლავების ფართო არჩევანია.

* გომაჟი – ამგვარ საშუალებებს დამატებული აქვს ქიმიური ნივთიერებები დაბალანსებული კონცენტრაციით, მაგალითად, ხილის მჟავა ან ფერმენტები. უნდა დაიდოთ კანზე, ერთი წუთის განმავლობაში ნაზი მასაჟისებური მოძრაობით შეიზილოთ, ბოლოს თბილი წყლით ჩამოიბანოთ.

* ბრაშინგი –  კანის აქერცვლა ხდება სპეციალური ჯაგრისით ამქერცლავი პროდუქტის გარეშე ან მასთან ერთად. ეს აპარატული პროცედურაა და კლინიკაში ტარდება.

*დერმაბრაზია – მექანიკური პილინგის უფრო ინტენსიური ფორმაა და სპეციალური აპარატით ტარდება. დერმატოლოგი ალმასური თავაკის საშუალებით აშრევებს კანის ზედა ფენას. სწრაფად მბრუნავი ალმასური ნაწილაკები კანს იოლად აცილებს მკვდარ უჯრედებს.

კანის მდგომარეობის მიხედვით, შესაძლოა დაგჭირდეთ რამდენიმე პროცედურა. სახის პილინგი დაახლოებით 10-15 წუთს გრძელდება და პროცედურის შემდგომ რეაბილიტაციას არ მოითხოვს.

მექანიკური პილინგი სასარგებლოა არა მარტო სახისთვის, არამედ ტანისთვისაც.

ქიმიური პილინგი

– ქიმიური პილინგი გულისხმობს კანის დაწვას კერატოლიზური საშუალებით (მაგალითად, სალიცინით, გლიკოლით, რეტინოლით). დაზიანება აუცილებლად კონტროლირებადი უნდა იყოს.

კანის მდგომარეობისა და პროცედურის მიზნის მიხედვით, ქიმიური პილინგი შეიძლება იყოს ზედაპირული, საშუალო სიღრმის და ღრმა. პილინგის სიღრმეს გამოსაყენებელი ნაერთის სახეობა და მისი შემადგენლობა განსაზღვრავს.

ზედაპირული

– ზედაპირული ქიმიური პილინგი შედარებით ნაზია, რადგან მხოლოდ ეპიდერმისზე, კანის ზედა ფენაზე მოქმედებს. ასეთია, მაგალითად, ხილის მჟავას პილინგი.

ხილის მჟავას პილინგი ალფა-ჰიდროქსიმჟავებით (AHA) ტარდება. ესენია ბუნებრივი მჟავები, რომლებიც საკვებიდან მიიღება (გლიკოლის მჟავა, რძემჟავა, მანდელიუმის მჟავა, ღვინის მჟავა, ვაშლის მჟავა, ლიმონმჟავა). მჟავა აღწევს კანის ზედა, გარქოვანებულ შრეში და აცილებს მკვდარ უჯრედებს. კანი პროცედურის დასრულებიდან ორი-სამი დღის განმავლობაში იქერცლება.

ხილის მჟავას მეტიც შეუძლია. ის ხელს უწყობს უჯრედების გაყოფას, აუმჯობესებს კანის მიერ ტენიანობის შენარჩუნების უნარს, ხელს უშლის პიგმენტების დაგროვებას და უზრუნველყოფს მათ თანაბარ განაწილებას.

ხილის მჟავას პილინგი შინაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ და ესთეტიკურ ცენტრშიც. თვითმკურნალობისთვის განკუთვნილ საშუალებებში მჟავას კონცენტრაცია დაბალია, ხოლო დერმატოლოგი კანს უფრო კონცენტრირებული ხილის მჟავათი ამუშავებს. შესაბამისად, ეფექტსაც უფრო ძლიერს ვიღებთ.

ზედაპირულად მიიჩნევა ფერმენტული პილინგიც. ის რეკომენდებულია განსაკუთრებით მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის. აქტიური ინგრედიენტები, რომლებსაც მცენარეებიდან იღებენ, ფაქიზად აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს.

საშუალო სიღრმის

– საშუალო სიღრმის ქიმიური პილინგის დროს კანი მჟავას მეშვეობით უფრო ღრმად იწვება და შედეგიც უფრო შესამჩნევია. ის დაახლოებით 0,45 მილიმეტრ სიღრმეზე აღწევს დერმაში. რეაბილიტაციის პერიოდი შედარებით მსუბუქია, მაგრამ სათანადო მოვლას მოითხოვს – პაციენტი 7-10 დღის განმავლობაში ისვამს დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოს, თუმცა შეუძლია, მეორე დღესვე დაუბრუნდეს ცხოვრების ყოველდღიურ რიტმს.

ღრმა

– ეს პილინგის ყველაზე რთული ფორმაა, შესაბამისად, არასასურველი თანმხლები ეფექტების რისკიც უფრო მაღალია. კანს ფენოლით ან მაღალკონცენტრირებული მჟავათი წვავენ. მჟავა ღრმად აღწევს კანში და იწვევს უფრო დიდ დაზიანებებს, რომლებიც  შემდგომ ინტენსიურ მკურნალობას მოითხოვს. ეს პროცედურა ეფექტურია მკვეთრი ნაოჭების, ნაწიბურების, უთანასწორო რელიეფის შესამცირებლად. გარდა ამისა, ის მატებს ბზინვარებას და ამკვრივებს მოშვებულ კანს.

– როგორ ტარდება პროცედურა და როგორია რეაბილიტაციის პერიოდი?

– პროცედურა იმდენად მტკივნეულია, რომ შესაძლოა, ექიმს ნარკოზის გამოყენებაც კი დასჭირდეს. ფენოლი დაახლოებით 0,6 მილიმეტრ სიღრმეზე აღწევს დერმაში.

პროცედურის შემდეგ პირველი 24 საათის განმავლობაში კანი სპეციალური სახვევით უნდა იყოს დაცული. დამწვრობას დამწვრობის საწინააღმდეგო კრემებით მკურნალობენ. რეაბილიტაციის 4-5-დღიანი პერიოდი პაციენტმა შინ უნდა გაატაროს.

დაახლოებით სამი დღის შემდეგ კანი მუქი ყავისფერი ხდება და იფცქვნება. დაზიანებაზე ის ახალი უჯრედების წარმოქმნით რეაგირებს. მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში კანის მთელი ზედა ფენა განახლდება.

ლაზერული პილინგი

– ქიმიური პილინგის მსგავსი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ლაზერით. ლაზერული პილინგი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მეთოდია. ის ზემოთ აღწერილ პროცედურებზე გაცილებით კომფორტული და ატრავმულია.

ლაზერის ინტენსივობა პაციენტის კანის ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით შეირჩევა. პილინგი შეიძლება იყოს ზედაპირული, საშუალო სიღრმის (მაგალითად, კარბონის ლაზერული პილინგი ნეოდიმიუმის ლაზერით ან  ფრაქსელის ლაზერული პილინგი ერბიუმის ლაზერით) და ღრმა (მაგალითად, CO2-ის ლაზერით). შესაბამისად იზრდება ინტენსივობაც.

ნეოდიმიუმისა და ერბიუმის ლაზერით პილინგის შემდეგ რეაბილიტაცია რთული არ არის. კანი წითლდება, თუმცა სიწითლე მალე გაივლის და იწყება ფქვილისებრი აქერცვლა, რაც შესაძლოა ათი-თოთხმეტი დღე გაგრძელდეს, მაგრამ თუ პაციენტი ექიმის რეკომენდაციებს შეასრულებს, აქერცვლა თვალში საცემი არ იქნება. პაციენტს შეუძლია, იმავე დღეს დაუბრუნდეს ცხოვრების ყოველდღიურ რიტმს. ჩO2-ის ლაზერით პილინგის შემდეგ კი 4-5-დღიანი იზოლაციაა საჭირო. ამ პერიოდში პაციენტი არ არის პრეზენტაბელური და კანსაც გაცილებით მეტი ხანი სჭირდება აღსადგენად.

როდის ჩავიტაროთ

– საშუალო სიღრმის და ღრმა პილინგი გვიან შემოდგომაზე და ზამთარში უნდა ჩატარდეს, კანი არ უნდა იყოს ახალგარუჯული, თუმცა ზოგიერთი პროცედურის ჩატარება, მაგალითად, ხილის მჟავათი, ფერმენტებით ან ნეოდიმიუმისა და ერბიუმის ლაზერით, წლის ნებისმიერ დროს ნებადართულია.

რა სიხშირით ჩავიტაროთ

– პილინგით მკურნალობის ხანგრძლივობა კანის მდგომარეობასა და ჩვენს მიზანზეა დამოკიდებული. საუკეთესო შედეგისთვის შესაძლოა რამდენიმე პროცედურა დაგვჭირდეს.

მექანიკური პილინგი, როგორც კანის რუტინული მოვლის ერთ-ერთი ელემენტი, შეგიძლიათ კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჩაიტაროთ. მნიშვნელოვანია ისიც, რა ტიპის კანი გაქვთ. მშრალი და მგრძნობიარე კანის ხშირმა პილინგმა შესაძლოა დააქვეითოს ბარიერული ფუნქცია, რაც ხელს შეუწყობს ბაქტერიების გამრავლებას და კომედონების ინფიცირებას.

მსუბუქი ქიმიური ამქერცლავებით პილინგის ჩატარება რეკომენდებულია დაახლოებით ოთხ კვირაში ერთხელ.

ღრმა ქიმიური პილინგის ჩატარება წელიწადში ერთხელ არის მიზანშეწონილი.

უკუჩვენებები, რისკები და გართულებები

– არ არის რეკომენდებული ახალგარუჯული კანის პილინგი. უკუჩვენებებია ასევე კონტაქტური დერმატიტი, ჰერპესული ინფექცია, როზაცეა (კუპეროზი). არ არის მიზანშეწონილი აგრესიული პილინგის ჩატარება ბუნებრივად მუქ კანზე. უნდა ვერიდოთ ამ პროცედურას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ზედაპირული და საშუალო სიღრმის ქიმიური პილინგის დროს შესაძლოა იგრძნოთ მსუბუქი (მზით დამწვრობის მსგავსი) წვა. კანი შესაძლოა ოდნავ გაწითლდეს, მაგრამ სიწითლე მალევე გაივლის. პროცედურის შემდეგ ხშირია შეშუპებაც, რომელიც სწორი მართვის პირობებში მალევე ალაგდება. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, რეტინოლის არასწორი გამოყენებისას, შესაძლოა გამწვავდეს ანთებითი პროცესი, გააქტიურდეს გამონაყარი, ამიტომ მსუბუქი ქიმიური პილინგის ჩატარებამდეც კი აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

ღრმა ქიმიური პილინგი მკურნალობის რთული, ნახევრად ინვაზიური ფორმაა, ამიტომ პროცედურა მხოლოდ გამოცდილმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. თუ პილინგის შემდეგ კანს სათანადოდ არ მოვუარეთ, მოიმატებს ინფიცირების რისკი. მოსალოდნელია ჰერპესის გამწვავებაც, რომლის თავიდან ასაცილებლად ექიმი ნიშნავს საპრევენციო მედიკამენტს.

მდგომარეობა შესაძლოა გართულდეს ნაწიბურებით, თუ ორგანიზმს მიდრეკილება აქვს კელოიდების – ნაწიბუროვანი წარმონაქმნების –  განვითარებისკენ, ან შემცირების ნაცვლად მოიმატოს პიგმენტაციამ.

შესაძლოა, განვითარდეს ალერგიული რეაქცია, ამიტომ ექიმმა უნდა გაარკვიოს, ალერგიული ხომ არ არის პაციენტი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

არსებობს დეჰიდრატაციის რისკიც – დამწვრობის შედეგად კანი კარგავს დიდი რაოდენობის ტენს, ამიტომ სპეციალისტმა გაუწყლოების პრევენციაზეც უნდა იზრუნოს.

როგორ მოვუაროთ

– პილინგის პროცესში კანი შრება. სწრაფი და ჯანსაღი რეგენერაციისთვის აუცილებელია მისი ყოველდღიური დატენიანება. დამატენიანებელ საცხებზე ეფექტურია დამატენიანებელი პროცედურები: ბიორევიტალიზაცია, ბუსტერი, პლაზმოლიფტინგი და სხვა.

ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ულტრაიისფერი სხივებისგან კანის დაცვა. მზისგან დამცავი (SPF 50) უნდა ისვათ ყოველდღე, ნებისმიერ სეზონზე და ნებისმიერ ამინდში, ღრმა ქიმიური პილინგის შემდეგ – ერთი თვის განმავლობაში ინტენსიურად, ხოლო ზედაპირული პილინგის შემდეგ – ორი კვირის განმავლობაში.

ამჟამად მწარმოებლები გვთავაზობენ რამდენიმეკომპონენტიან საშუალებებს, რომლებსაც აქვს გამოყენების მკაფიოდ განსაზღვრული წესი. მაგალითად, ძალიან ეფექტურია ბიორეპილის პილინგი. მას აქვს მოქმედების ორი ფაზა – ჰიდროფილური და ლიპოფილური, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არის ბიოსტიმულატორი, რევიტალიზატორი და პილინგის ფუნქციასაც ასრულებს, ანუ ერთდროულად ახდენს მასტიმულირებელ, აღმდგენ და დამატენიანებელ ეფექტს, რის გამოც ძალიან კარგ შედეგს იძლევა.

ჯილდა გაჩეჩილაძე

Share: