როგორ ავარჩიოთ საშრობი

გააზიარე:

საშრობი გვაზოგვინებს დროსა და სივრცეს. გარდა ამისა, მასში გამშრალი ქსოვილი ფაფუკია, ნაკლებად დაჭმუჭნილი და სურნელოვანი, თუმცა საშრობი ბევრ ელექტროენერგიასაც მოიხმარს, რაც კიდევ უფრო ზრდის საყოფაცხოვრებო ხარჯებს.

მაინც გადაწყვიტეთ მისი შეძენა? მაშ, ჩვენთან ერთად გაეცანით კრიტერიუმებს, რომლებიც სასურველი მოდელის არჩევაში დაგეხმარებათ.

რა განსხვავებებაა ვენტილირებად, კონდენსაციურ და სითბოს ტუმბოს საშრობებს შორის?

ვენტილირებადი საშრობი

ეს შედარებით მოძველებული ტიპია. დოლურას, რომელშიც სარეცხია მოთავსებული, თბილი ჰაერი მიეწოდება. ის შთანთქავს ტენს და, ტენით გაჯერებული, სპეციალური რეზინის მილით გარეთ გამოიყოფა. ამ ტიპის საშრობს ოთახში შესაბამისი ადგილიც უნდა შეურჩიოთ, მაგალითად, ფანჯარასთან ან გამწოვ სისტემასთან ახლოს, რათა ტენი ოთახში არ დაგროვდეს და კედლებსა და ფანჯრებზე არ კონდენსირდეს.

კონდენსაციური საშრობი

ეს ტიპი სრულიად განსხვავებული სისტემით მუშაობს. ვენტილირებად საშრობში თუ ტენით გაჯერებული თბილი ჰაერი გარეთ გამოიყოფა, აქ ის ჩაკეტილ წრეზე მოძრაობს: ჰაერის ნაკადი კონდენსატორის საშუალებით გრილდება, ტენი თხევად მდგომარეობაში გადადის და წყლის კონტეინერში გროვდება, გაგრილებული ჰაერი კი ისევ თბება.

კონტეინერი ხელით უნდა დაცალოთ, თუმცა ზოგიერთ მოდელს რეზინის მილიც აქვს. კონტეინერის ხელით დაცლა არც ისე კომფორტულია, სამაგიეროდ, ასეთი საშრობის დადგმა ნებისმიერ ადგილას შეიძლება, რეზინისმილიანი მოდელი კი წყალგაყვანილობის სისტემას უნდა შეუერთდეს.

სითბოს ტუმბოს საშრობი

ეს კონდენსაციური ტიპის გაუმჯობესებული ვარიანტია, რომელიც ეგრეთ წოდებულ სითბოს ტუმბოს ტექნოლოგიას იყენებს: ჰაერი თბება არა სპირალის, არამედ სითბოს ტუმბოს საშუალებით, რის გამოც თითქმის ორჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე კონდენსაციური ტიპისა.

შრობის პროცესი დაბალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს, ამიტომ უფრო მეტხანს გრძელდება. სამაგიეროდ, სარეცხს ზოგავს. შრობისას წარმოქმნილი სითბო და ტენი გარეთ თითქმის არ გამოიყოფა. კონდენსირებული წყალი სპეციალურ კონტეინერში გროვდება, რომელიც, თუ რეზინის მილით არ არის აღჭურვილი, ხელით უნდა დავცალოთ. ამ ტიპის საშრობები დანარჩენ ორზე გაცილებით ძვირია, თუმცა იმდენ ენერგიას გვაზოგვინებს, რომ მისი შეძენა ნამდვილად გამართლებულია.

ენერგოეფექტურობა

საშრობის შეძენისას ნუ იხელმძღვანელებთ მხოლოდ ფასით. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ენერგოეფექტურობა.

საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან ყველაზე მეტ ელექტროენერგიას სწორედ საშრობი მოიხმარს. ზემოთ ჩამოთვლილ ტიპებს შორის ენერგიის ყველაზე დიდი ხარჯი ვენტილირებად საშრობს აქვს. რაც უფრო ძველია მოდელი, მით მეტია ხარჯი. მართალია, ეს ტიპი სხვებზე იაფია, მაგრამ მისი შეძენა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ ოჯახი მაქსიმუმ ორი წევრისგან შედგება და საშრობს იშვიათად იყენებს. რაც შეეხება დანარჩენ ორს, თუ 7 კგ ტევადობის მაღალტექნოლოგიური სითბოს ტუმბოს საშრობი გაშრობის ერთ ციკლზე საათში დაახლოებით 1,5-2 კილოვატ ენერგიას მოიხმარს, იმავე ზომის კონდენსაციურ საშრობს 4 კილოვატი სჭირდება.

ენერგოეფექტურობის კლასი ეტიკეტზეა მითითებული. ის ლათინური ანბანის ასოებით (A-დან G-მდე) აღინიშნება. A (A +, A++) ყველაზე ეკონომიური ენერგოკლასის მაჩვენებელია, ყველაზე მაღალ ენერგომოხმარებას კი G ასო აღნიშნავს. რაც მეტი პლუსი ახლავს A-ს, მით ნაკლებ დენს ხარჯავს მოწყობილობა.

ტევადობა

მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ტევადობაც. იმისთვის, რომ ნახევრად ცარიელი საშრობის ჩართვა ან, პირიქით, სარეცხის რამდენიმე ნაწილად გაშრობა არ მოგიწიოთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა ზომის საშრობი გჭირდებათ.

ამის გამოთვლა ორგვარად შეიძლება:

  • სარეცხი მანქანის ტევადობის მიხედვით – საშრობის ტევადობა სარეცხი მანქანის ტევადობაზე 1-2 კგ-ით მეტი უნდა იყოს, რადგან სველი სარეცხი უფრო მძიმეა, ვიდრე მშრალი.
  • ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით:

ერთ-ორწევრიანი ოჯახისთვის ოპტიმალურია 6-კილოგრამიანი მოდელები,

ორ-სამწევრიანისთვის – 7-კილოგრამიანი,

4-წევრიანისთვის – 8-კილოგრამიანი,

უფრო დიდი ოჯახებისთვის – 9-კილოგრამიანი.

ხმაურის დონე

თანამედროვე საშრობის ხმაურის დონე 45-დან 65 დეციბელამდე მერყეობს. თუ მის დადგმას სამზარეულოში ან სააბაზანოში აპირებთ, უმჯობესია, რაც შეიძლება დაბალი ხმაურის დონე ჰქონდეს, ხოლო თუ სარდაფში დგამთ, ხმაური დიდად არ შეგაწუხებთ.

პროგრამები

თანამედროვე მოდელები სტანდარტულთან ერთად დამატებითი პროგრამებითაც არის აღჭურვილი. სტანდარტული პროგრამები ძირითადად შრობის სამ რეჟიმს მოიცავს:

*Extra Dry– შედარებით მტკიცე ქსოვილებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ბამბა ან სინთეზური ბოჭკო;

*Cupboard Dry – ფაქიზი ქსოვილებისთვის;

*Iron Dry – თუ გსურთ, ქსოვილი ოდნავ ნესტიანი დარჩეს და კარგად დაუთოვდეს.

პროცესის კონტროლი ორგვარადაა შესაძლებელი: სენსორით და ტაიმერით. პირველ შემთხვევაში სარეცხის ტენიანობა შრობის პროცესში განუწყვეტლივ იზომება და როცა შესაბამის დონეს მიაღწევს, საშრობი ავტომატურად ითიშება, მეორე შემთხვევაში კი პროგრამა მითითებული დროის განმავლობაში ამუშავებს მოწყობილობას, განურჩევლად იმისა, როდის მიაღწევს სარეცხი შრობის სათანადო ხარისხს.

პირველი ვარიანტი გაცილებით უკეთესია, თუმცა სენსორები საშრობის ღირებულებას ზრდის.

ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია დამატებითი პროგრამებით: "სინთეტიკის", "ღინღლის“, "შალისა და აბრეშუმის", "დაჭმუჭვნის საწინააღმდეგო“ (ეს უკანასკნელი იდეალურია, როცა სარეცხის დაუყოვნებლივ ამოღებას ვერ ახერხებთ – დოლურა დროდადრო ბრუნავს და სარეცხი არ იტკეპნება, ნაკეცები არ უჩნდება), "ორთქლის" (დოლურაში წარმოიქმნება ორთქლის თხელი ფენა, რომელიც ღრმად აღწევს ქსოვილის ბოჭკოებში, არბილებს და ხელს უშლის ნაკეცების გაჩენას, ამიტომ სამოსს დაუთოება აღარ სჭირდება), "რევერსული" (დოლურა მონაცვლეობით ბრუნავს წინ და უკან, სარეცხი უკეთ იშლება და უკეთ შრება).

შეძენამდე კარგად დაფიქრდით, რამდენად გამოიყენებთ ამა თუ იმ დამატებით ფუნქციას, რადგან თითოეული მათგანი საშრობს კიდევ უფრო აძვირებს.

ტენის კარგვა

ტენი, გარდა იმისა, რომ კონტეინერში გროვდება ან რეზინის მილით გარეთ გამოიდევნება, ნაწილობრივ ოთახშიც გამოიყოფა თბილ ჰაერთან ერთად. ამას მწარმოებლები ტენის კარგვას უწოდებენ და სავარაუდო მაჩვენებლს ეტიკეტზე უთითებენ. თბილი ჰაერი უმთავრესად კარიდან იპარება, რაოდენობა კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ჰერმეტულია კარი.

თუ საშრობი პატარა, უფანჯრო ოთახში დგას, რომელიც თითქმის არ ნიავდება, ტენის კარგვის მაჩვენებელი, უმჯობესია, მინიმალური იყოს. იდეალურად ითვლება 5%, ნორმალურია 6-10%, ხოლო 11%-ზე მაღალი უკვე არასასურველია.

რაც უფრო მაღალია ტენის კარგვის მაჩვენებელი, მით უფრო ხშირად უნდა გაანიავოთ ოთახი.

ხარისხის კლასი

ხარისხის კლასი საშრობის გამძლეობისა და ეფექტური მუშაობის მაჩვენებელია.

განასხვავებენ საუკეთესო, საშუალო და საბაზისო კლასს.

კლასს განსაზღვრავს:

  • უჟანგავი ფოლადის დოლურა – სწრაფად არ ცვდება და არც ტანსაცმელს აფუჭებს;
  • უჟანგავი ფოლადის კარის ანჯამი – უზრუნველყოფს კარის თავისუფლად გაღება-დახურვას;
  • ძრავის ეკონომიური ტიპი – ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და დიდხანს ძლებს;
  • მინანქრით დაფარული კორპუსი – მინანქრის დამცავი ფენა კარგად ინახავს და იცავს დაკაწვრისგან;
  • ტენის კარგვა – 5%;
  • თვითგამწმენდი კონდენსატორი – კონდენსატორი მუდმივად სუფთაა, რაც მოწყობილობას გამძლეობას მატებს;
  • ნაკლები ვიბრაცია და ხმაური;
  • დასუფთავების ინდიკატორი – სიგნალი გვამცნობს, როდის არის კონდენსატორი და ფილტრი გასაწმენდი.

პრემიუმკლასის მანქანა ამ კრიტერიუმების 70%-ს აკმაყოფილებს, საშუალო კლასისა – 50%-ს, ხოლო საბაზისო – 50%-ზე ნაკლებს.

რჩევები

* რაც უფრო მაღალ სიმძლავრეზე ამუშავებთ სარეცხ მანქანას (1000-ზე მეტი ბრუნი წუთში), მით უფრო ნაკლები ტენი ექნება სარეცხს და მით მეტი ენერგია დაიზოგება შრობისას.

* მაქსიმალურად გაავსეთ საშრობი.

* რეგულარულად წმინდეთ ფილტრი და კონდენსატორი. გამტარებსა და სადენებზე დაგროვილი ბუსუსები საფრთხეს უქმნის მანქანას. მტვრისგან ელექტროსადენების დასაცავად ნუ დადგამთ საშრობს ხალიჩაზე. რეგულარულად ასუფთავეთ სივრცე მანქანის გარშემო.

* ნუ გამორთავთ საშრობს დენის წყაროდან შრობის ციკლის დასრულებისთანავე – ციკლის დასასრულს საშრობი აგრილებს სარეცხს და თუ ნაადრევად გამორთეთ, შესაძლოა, სარეცხი ისევ დანოტივდეს. ეს განსაკუთრებით კონდენსაციურ საშრობებს ეხება, რომლებიც შედარებით მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს.

საშრობში ყოველგვარი ქსოვილის გაშრობა არ შეიძლება, ამიტომ ჩართვამდე აუცილებლად შეამოწმეთ ტანსაცმლის ეტიკეტი. კვადრატში ჩახატული წრე იმის ნიშანია, რომ ქსოვილი საშრობს იტანს, დამატებითი სიმბოლოები კი სასურველ რეჟიმსა და ტემპერატურაზე მიუთითებს.

 ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: