მენოპაუზა და ანდროპაუზა

გააზიარე:

ადამიანის ცხოვრებაში ორ გარდამტეხ პერიოდს გამოყოფენ. პირველია სქესობრივი მომწიფების ხანა, როდესაც ორგანიზმში მდედრობითი და მამრობითი სქესის განმსაზღვრელი ჰორმონების გამომუშავება აქტიურდება და ე.წ. ჰორმონული ქარიშხალი იწყება. მეორე პერიოდი 50-60 წლისთვის დგება და ამ ჰორმონების გამომუშავების შემცირება-შეწყვეტასთან არის დაკავშირებული.

მენოპაუზა და მისი სიმპტომები ფართო საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. მამაკაცის ორგანიზმში მიმდინარე ამავე ტიპის ცვლილებებზე, რომელთა ერთობლიობას ანდროპაუზას ვუწოდებთ, ნაკლებად ლაპარაკობენ. სტატიაში ვრცლად განვიხილავთ ორივე ამ მდგომარეობას, გავარკვევთ, რა საერთო სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს მამაკაცებსა და ქალებთან ჰორმონულ ძვრებს და როგორ ვმართოთ ეს პროცესები ისე, რომ ცხოვრების ხარისხი შევინარჩუნოთ.

განმარტება

მენოპაუზაზე საუბრობენ, თუ თორმეტი თვეა, ქალს საერთოდ აღარ ჰქონია მენსტრუაცია. მენოპაუზა, კლიმაქსი და კლიმაქტერიული პერიოდი სინონიმებია. მდგომარეობა, რომელსაც ზემომოყვანილი ტერმინები აღწერს, დაავადებად არ მიიჩნევა – ეს ქალის ცხოვრების ფიზიოლოგიური ეტაპია.

სტატისტიკური მონაცემებით, მენოპაუზა 45-დან 55 წლამდე, საშუალოდ 51 წლის ასაკში იწყება. არსებობს ე.წ. ადრეული მენოპაუზაც, რომელსაც სხვაგვარად საკვერცხეების ადრეულ განლევას ან საკვერცხეების პირველად უკმარისობას უწოდებენ. ადრეულ მენოპაუზად მიიჩნევა მენსტრუაციის`ოვულაციის შეწყვეტა 40 წლამდე. მისი მიზეზებიდან აღსანიშნავია: გენეტიკური დარღვევები, ავტოიმუნური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, იშვიათად – ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ტუბერკულოზი, მალარია და ყბაყურა. მენოპაუზას დაგვიანებულად მიიჩნევენ, თუ ის 55 წლის შემდეგ იჩენს თავს. ამ შემთხვევაში ქალს ექიმის მეთვალყურეობა სჭირდება, რადგან ძუძუს კიბოს განვითარების მაღალი რისკი აქვს.

გარდა ფიზიოლოგიურისა, არსებობს ინდუცირებული (არაასაკობრივი ფაქტორებით გამოწვეული) მენოპაუზა. ასეთი ფაქტორებია საკვერცხეების ამოკვეთა, ონკოლოგიური დაავადებების რადიოლოგიური და ქიმიოთერაპიული მკურნალობა, ზოგიერთი დაავადების  ჰორმონული თერაპია.

ანდროპაუზას უწოდებენ იმ სიმპტომების ერთობლიობას, რომელიც მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის დეფიციტთან არის დაკავშირებული. ანდროპაუზის დიაგნოზი 35-დან 65 წლამდე ისმება. მართალია, ტესტოსტერონის დონე ასაკთან ერთად მცირდება, მაგრამ ჯანმრთელი მამაკაცის პლაზმაში საერთო ტესტოსტერონის შემცველობა 50-55 წლამდე არსებითად არ იცვლება, შემდგომ კი წელიწადში 1%-ით იკლებს. ანდროპაუზის შემთხვევაში ტესტოსტერონის დონის დაქვეითება 30 წლიდან იწყება. სიცოცხლის მესამე დეკადიდან საერთო ტესტოსტერონის ყოველწლიური კლება 1,6%-ს აღწევს, თავისუფალი ტესტოსტერონისა კი – 2,8%-ს, რაც კლინიკურად ვლინდება, უპირველეს ყოვლისა, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციისა და მეტაბოლიზმის დარღვევით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, ფსიქიკური აშლილობით და სექსუალური დისფუნქციით განპირობებული სიმპტომებით.

დამახასიათებელი ნიშნები

მენოპაუზის მიმდინარეობა ინდივიდუალურია. ზოგის ცხოვრებაში თუ კლიმაქტერიული პერიოდი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, ზოგს შესაძლოა მენოპაუზის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამოვლინებებთან გასამკლავებლად დახმარება დასჭირდეს. სიმპტომების სიმძაფრე სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: ქალის პიროვნულ თვისებებზე, მის საცხოვრებელ გარემოზე... კვლევები აჩვენებს, რომ  ქალებს, რომლებსაც აქვთ ოჯახი, ჰყავთ ახლო მეგობრები და`ან პროფესიულად რეალიზებულნი არიან, მენოპაუზის სიმპტომებიც შედარებით ნაკლებად აწუხებთ. კლიმაქსის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისდამი თვით ქალის დამოკიდებულებაც.

კლიმაქსისთვის დამახასიათებელი ჩივილების უმეტესობა დროთა განმავლობაში სუსტდება და ქრება. ესენია:

* სხეულის პერიოდული წამოხურება (ე.წ. ალები);

* ღამის ოფლიანობა;

* ადვილად დაღლა;

* ემოციური ფონის ცვლილებები, კერძოდ, გუნება-განწყობისა და სექსუალური ინტერესის დაქვეითება, გაღიზიანებადობა;

* ძილის დარღვევა (უძილობა);

* კანისა და თმის გამოშრობა;

* ჭარბთმიანობა სახესა და სხეულზე;

* უსიამოვნო შეგრძნება, დისკომფორტი, ხანდახან ტკივილის შეგრძნება სახსრებში;

* თავის ტკივილი;

* გულის ფრიალი (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა);

* კანისა და გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი;

* ემოციური ლაბილურობა.

ზოგიერთი სიმპტომი შესაძლოა გახანგრძლივდეს, მაგალითად:

* საშოს ლორწოვანის სიმშრალე, ქავილი, ინფექციები, ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს;

* შარდვასთან დაკავშირებული სიმპტომები (შარდის შეკავების უნარის შესუსტება), საშარდე გზების ხშირი ინფექციები.

ანდროპაუზის დროს მამაკაცები უჩივიან:

* საერთო სისუსტეს;

* გუნება-განწყობილების დაქვეითებას;

* წონის მატებას;

* ჰაერის უკმარისობას, განსაკუთრებით – ღამის საათებში (ძილის აპნოე);

* თავბრუხვევას;

* ტკივილს გულის არეში, გულის ფრიალს.

განსაკუთრებით საყურადღებოა სექსუალური დისფუნქციები, რომელთა შორის ყველაზე ადრე თავს იჩენს ლიბიდოს მკვეთრი დაქვეითება. ხშირია  ერექციული დისფუნქცია, რომელიც ადეკვატური ერექციის უქონლობით ვლინდება. არასრული ერექცია აღენიშნება 45-59 წლის მამაკაცების 53%-ს, ერექციის არარსებობა კი – 14%-ს. ეაკულაციის დაჩქარებას მხოლოდ 17% უჩივის, შენელებას – 19%, ხოლო ეაკულაციის არარსებობას (ანეაკულატორულ სინდრომს) – 8%. ანდროპაუზისთვის ასევე ტიპობრივია ორგაზმის გაფერმკრთალება, რაც პაციენტების 45-49%-თან აღირიცხება. შედარებით იშვიათია მტკივნეული ორგაზმი და ორგაზმული შეგრძნების გაქრობა (შესაბამისად 17 და 9 პროცენტთან). ნიშანდობლივია, რომ პრაქტიკულად არ გვხვდება რომელიმე ერთი სახის სექსუალური დისფუნქცია – წესისამებრ, ერთდროულად რამდენიმე სახის ანუ შერეული ხასიათის დისფუნქცია ვითარდება.

გავლენა შინაგან ორგანოებზე

30-დან  50 წლამდე  საკვერცხეების  მუშაობა დასასრულს უახლოვდება: მცირდება ჰორმონ ესტროგენის გამომუშავება, კვერცხუჯრედი სულ უფრო იშვიათად მწიფდება, რაც ვლინდება არარეგულარული მენსტრუალური ციკლით. საკვერცხეების ფუნქციას არეგულირებს თავის ტვინში მდებარე ცენტრი, რომელიც ფუნქციის დაქვეითებას მისი მასტიმულირებელი ჰორმონების მომატებით პასუხობს. საკვერცხები ერთხანს ახერხებენ უკანასკნელი რეზერვების მობილიზებას, მაგრამ საბოლოოდ მათი ფუნქციობა წყდება.

ესტროგენები ძვლებში კალციუმის ჩალაგებას ასტიმულირებს. მენოპაუზის შემდეგ, სისხლში ესტროგენების დონის მკვეთრი დაცემისას, ძვლები კალციუმით ღარიბდება და ვითარდება ოსტეოპოროზი.

ოსტეოპოროზი ძვლების სისტემური დაავადებაა, რომელსაც ძვლოვანი გარსის შემცირება, სიმყიფის მატება და მოტეხილობების გახშირება ახასიათებს. მისი მკურნალობა ნელი და ხანგრძლივი პროცესია. გაცილებით ეფექტურია პროფილაქტიკა, რისთვისაც ზრუნვა მენოპაუზამდე უნდა დავიწყოთ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ქალებთან პრაქტიკულად 50 წლის შემდეგ იჩენს თავს. ამის მიზეზიც ესტროგენების დეფიციტია. ეს ჰორმონები ხელს უწყობს  ქოლესტერინის ისეთი ფრაქციების წარმოქმნას, რომლებიც არ აზიანებს სისხლძარღვებს, იცავს მათ თავისუფალი რადიკალებისგან, აფართოებს მათ სანათურს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მენოპაუზის პერიოდში ესტროგენების დეფიციტი ყველა ამ დამცავი მექანიზმის შესუსტებას იწვევს, რასაც ქალის ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვება.

შარდის შეუკავებლობა, შარდის ბუშტისა და შარდსადენის კუნთოვანი და ლორწოვანი შრეების ატროფიასა და სისხლძარღვოვან ცვლილებებთან ერთად, ესტროგენების დეფიციტითაც არის გამოწვეული.

გარდა ჩამოთვლილი პათოლოგიებისა, ესტროგენების დეფიციტი იწვევს საშვილოსნოს დაწევა-გამოვარდნას (პროლაფსს) და კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალეს, რის შედეგადაც ნაოჭდება კანი და მტკივნეული ხდება სქესობრივი კავშირი. ესტროგენები ხელს უწყობს სახსრებში სინოვიური სითხის – ე.წ. სახსრების საპოხის – წარმოქმნას. კლიმაქსურ პერიოდში მათი ნაკლებობა სახსრების ტკივილს და დაზიანებას განაპირობებს.

ანდროპაუზის ფონზე განვითარებული ერექციული დისფუნქცია მჭიდრო კავშირშია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, შაქრიან დიაბეტთან, დისლიპიდემიასთან, ჰიპერქოლესტერინემიასა და სიმსუქნესთან. ყოველივე ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს ასოს სისხლძარღვოვან ენდოთელიუმზე და მისი ფუნქციის მოშლას განაპირობებს. 

როდის მივმართოთ ექიმს

მოარული აზრის თანახმად, თუ 50 წელს გადაცილებული ადამიანი ოფლიანობას, უძილობას, დეპრესიას, სახსრების ტკივილს, განწყობის ხშირ ცვლას და ალებს უჩივის, ამაში უჩვეულო არაფერია და უნდა შევეგუოთ.

ეს შეცდომაა. სინამდვილეში შემთხვევათა 70%-ში მენოპაუზა მართვას მოითხოვს. სამედიცინო ჩარევა მაშინ არის აუცილებელი, როდესაც ჩამოთვლილი სიმპტომების გამო ქვეითდება შრომისუნარიანობა, ირღვევა ცხოვრების ჩვეული რიტმი და უარესდება ცხოვრების ხარისხი.

არსებობს მენოპაუზის მართვის ნაცადი და ეფექტიანი მეთოდები. ისინი რამდენიმე ჯგუფად იყოფა:

* არამედიკამენტური – ცხოვრების წესის შეცვლა (მაგალითად, თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა), სპეციალური დიეტა, ფიზიკური ვარჯიში და ა.შ;

* მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების – ფიტოესტროგენების გამოყენება;

* არაჰორმონული პრეპარატებით მკურნალობა;

* ჰორმონული პრეპარატებით მკურნალობა.

რაც შეეხება ანდროპაუზას, მკურნალობის საკითხი იმის მიხედვით წყდება, რამდენად არის გამოხატული საერთო ტესტოსტერონის მკვეთრი დაქვეითების ფონზე ესა თუ ის პათოლოგია (გულ-სისხლძარღვთა სისტემის, შინაგანი სეკრეციის ორგანოების, ცენტრალური ნერვული სისტემის). განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სექსუალური დისფუნქციების სიმძიმეს. ნებისმიერ შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოს არსებული დაავადების მკურნალობით და ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიით. ტესტოსტერონის პრეპარატების დანიშვნამდე აუცილებელია წინამდებარე ჯირკვლის მდგომარეობის საგულდაგულო შესწავლა პროსტატის კიბოსა და კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) გამორიცხვის მიზნით.

ანდროპაუზის დროს განვითარებული სექსუალური დისფუნქციების მკურნალობა კომპლექსური უნდა იყოს.

მეტად მნიშვნელოვანია ფსიქიკური აშლილობების დროული გამოვლენა ადეკვატური, ჯანსაღი ფსიქოლოგიური განწყობის შექმნის მიზნით.

მნიშვნელოვანი გზავნილები

* მენოპაუზის დროს სწრაფად იკლებს სისხლში მდედრობითი სქესის ჰორმონების (ესტროგენი და პროგესტერონი) დონე, რაც უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს. ანდროპაუზა ნელა ვითარდება და მისი ნიშნები ან მოგვიანებით იჩენს თავს, ან საერთოდ არ გამოვლინდება.

* ყველა ქალის ცხოვრებაში დგება მენოპაუზა, ანდროპაუზა კი ყველა მამაკაცს არ ემართება.

* მენოპაუზა იწვევს უნაყოფობას, ანდროპაუზა – არა. მენოპაუზის დადგომასთან ერთად ქალის რეპროდუქციული ჰორმონების დონე იმდენად მცირდება, რომ ოვულაცია და მენსტრუაცია წყდება, შესაბამისად, მენოპაუზის განვითარების შემდეგ ქალს შვილის გაჩენა აღარ შეუძლია. ანდროპაუზის მქონე მამაკაცებს ტესტოსტერონის დონე დაქვეითებული აქვთ, მაგრამ, ქალებისგან განსხვავებით, მათ ნაყოფიერებაზე ეს დიდ გავლენას არ ახდენს.

მარი მარღანია

გააზიარე: