წუწუნის ფსიქოლოგია

გააზიარე:

ახლახან მეგობართან საინტერესო საუბარი მქონდა: აღმოჩნდა, რომ უსიამოვნო ამბები გადახდა თავს, მაგრამ არ მიყვებოდა, რადგან არ უნდოდა, ეწუწუნა. მე კი მიმაჩნია, რომ მეგობრები ერთმანეთს ყველანაირ ამბავს უნდა უზიარებდნენ – კარგსაც და ცუდსაც. და მართლაც, სად გადის ის ზღვარი, რომლის იქითაც გაზიარება უსიამოვნოდ აღიქმება, როდესაც წუწუნით სხვას ცუდ ხასიათზე ვაყნებთ და ვერც ჩვენს პრობლემებს ვაგვარებთ, პირიქით, უფრო ვებმებით უარყოფით ემოციებში?

რატომ ვწუწუნებთ?

სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა მიზეზით წუწუნებს. რატომ ან რისთვის მივმართავთ კომუნიკაციის ამ ფორმას?

* ემოციური რეგულაციისთვის`ემოციების ვენტილაციისთვის. ემოციების ვენტილაცია გულისხმობს ნეგატიური ემოციების ხმამაღლა გაზიარებას და ამ გზით მათგან გათავისუფლებას. როდესაც ვყვებით, ჩვენი ნეგატიური გამოცდილება ნაკლებად სტრესული ხდება.

* დაქვეითებული გუნება-განწყობის გამო, თუმცა ამ დროს წუწუნი მდგომარეობას აუარესებს და იქმნება ჩაკეტილი წრე: ვწუწუნებთ, რადგან ცუდად ვართ და ცუდად ვართ, რადგან ვწუწუნებთ.

* წუწუნისკენ მიდრეკილების გამო. ეს პიროვნული თვისებაა. ლაღი, ადვილად ადატირებადი ადამიანები ნაკლებს წუწუნებენ.

* სოციალური როლის გამო. ზოგიერთ თემსა თუ კულტურაში წუწუნი კომუნიკაციის წახალისებული მეთოდია. ისეთივე მიღებული, მაგრამ არაფრისმთქმელი, როგორიც ამინდზე საუბარი. თუ ირგვლივ ყველა წუწუნებს, მოსალოდნელია, რომ მეც მეტი წუწუნი დავიწყო.

* თანაგანცდის საძიებლად. ხანდახან წუწუნის მეშვეობით რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ემოციურად უკავშირდება, ასე გამოხატავს თანაგანცდას,  მხარდაჭერას. ერთობლივმა წუწუნმა შესაძლოა გაგვიჩინოს განცდა, რომ გასაჭირში მარტონი არ ვართ, რომ სხვებიც განიცდიან სირთულეებს და რომ ხანდახან ყველას უჭირს.

დროდადრო ფრუსტრაციის გამოხატვა ჩვენი ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის აუცილებელია. ზოგიერთ ადამიანს ძალიან სჭირდება გამოცდილების – ცუდისა თუ კარგის – გაზიარება. ისინი იხსნებიან მხოლოდ მათთან, ვისაც ენდობიან. ხანდახან მახლობელი ადამიანის თანდასწრებით ხმამაღლა ფიქრი რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში გვეხმარება. მაგრამ რა ხდება, როდესაც წუწუნი კომუნიკაციის მთავარ ფორმად იქცევა?

ზედმეტი წუწუნი

როგორ მივხვდეთ, რომ ზედმეტად ბევრს ვწუწუნებთ? უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე დაკვირვებით.

დააკვირდით, ცოცხალი ურთიერთობისას თუ სოციალურ მედიაში რამხელა ადგილი უკავია თქვენს კომუნიკაციაში უარყოფითი ინფორმაციის გაცვლას.

ადამიანებს, რომლებიც ზედმეტად ბევრს წუწუნებენ, ახასიათებთ შემდეგი:

* აზიარებენ პრობლემებს, თუმცა ვერ პოულობენ გამოსავალს;

* ხშირად უბრუნდებიან წარსულში მომხდარ უარყოფით მოვლენებს და უსასრულოდ ატრიალებენ მათ წრეზე;

* ხშირად ნატრობენ წარსულში დაბრუნებას და რამის შეცვლას;

* გამუდმებით შფოთავენ;

* წუწუნის შემდეგ თავს უკეთესად ვერ გრძნობენ, პირიქით, გაღიზიანებულები არიან;

* ცხოვრებას პესიმისტურად უყურებენ;

* პრობლემებზე საუბრისას თავს უსუსურად და უძლურად გრძნობენ;

* არ სჯერათ, რომ სხვების ყურადღებას ან თანაგრძნობას წუწუნის გარეშე მიიღებენ.

ასეთ დროს ადამიანს მისი გარემოცვა ნელ-ნელა შორდება. ჩვენი სოციუმი არ არის ვალდებული, უარყოფითი ინფორმაციის გაუთავებელ ნაკადს გაუმკლავდეს. ჩვენი წუწუნით შესაძლოა სხვების საზღვრები დავარღვიოთ და შედეგად მეგობრებთან სიახლოვე ნელ-ნელა დავკარგოთ. თუ წუწუნი ჩვენი კომუნიკაციის მთავარი ფორმაა, ჩვენ გარშემო უმეტესად ის ადამიანები შემორჩებიან, რომლებსაც წუწუნი თვითონაც უყვართ, რაც უფრო მეტად დაგვთრგუნავს. სოციალური გარემოცვა სასარგებლოს ნაცვლად ორმხრივად საზიანო გახდება.

როგორ გავხდეთ უფრო პოზიტიურები?

თუ ხვდებით, რომ გამუდმებით უარყოფით ამბებზე ხართ კონცენტრირებული და გარშემო მყოფებს თქვენთან ურთიერთობა უჭირთ, ეცადეთ, წუწუნს მოუკლოთ. როდესაც უარყოფითზე ყურადღებას ნაკლებად გაამახვილებთ, დადებით და ნეიტრალურ მოვლენებსაც შეამჩნევთ, თქვენი სტრესის დონეც დაიკლებს და ცხოვრების ხარისხიც ამაღლდება.

ამ პროცესში პირველი ნაბიჯი იმის გაცნობიერებაა, რომ ბევრს ვწუწუნებთ, მეორე კი მხოლოდ ნეგატიურ მოვლენებზე ნაკლებად კონცენტრირება. ამისთვის სხვადასხვა სტრატეგია არსებობს, მაგალითად:

* დღიურის წერა – პრობლემების ჩამოწერა, ემოციებისგან გათავისუფლება და გამოსავლის ძიება;

* მადლიერება – დღის ბოლოს იმის გახსენება, რისთვისაც მადლიერი ვართ; მთელი დღის გადახედვა და სამადლობელი მომენტების გახსენება;

* პროაქტიური მიდგომა – ხშირად იმიტომ ვწუწუნებთ, რომ თავს უსუსურად ვგრძნობთ. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა აქტიური ნაბიჯების გადადგმა და იმაზე კონცენტრირება, რისი შეცვლაც შეგვიძლია;

* ოპტიმიზმის კულტივირება – ვეცადოთ, მივმართოთ გონება პოზიტიური აზროვნებისაკენ. მაგალითად, შევამჩნიოთ ის დადებითი მოვლენები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ხდება.

როდის არის წუწუნი გამართლებული?

წუწუნი ყოველთვის გაუმართლებელი არ არის. ხანდახან ის ჩვენი კეთილდღეობისათვის აუცილებელიც კია. მთავარია, კომუნიკაციის ეს სახე ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ.

კვლევებმა დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც  იმისთვის წუწუნებენ, რომ თავი გაართვან გამოწვევას და განსაზღვრული შედეგი მიიღონ, უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს, ვიდრე ადამიანები, რომლებიც უმიზნოდ წუწუნებენ.

ამავე დროს, უამრავი კვლევა მოწმობს, რომ ემოციების შენახვა, ფრუსტრაციის დაგროვება, გამოხატვის შეუძლებლობა მაღლა სწევს სტრესის დონეს. შესაბამისად, წუწუნი, ემოციების გაზიარება აუცილებელია. თუმცა ნიშანდობლივია, რომ, ამავე კვლევების თანახმად, მუდმივი წუწუნი, ნაცვლად იმისა, რომ შვება მოგვგვაროს, ხელს უწყობს ნეგატიური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას და პრობლემის უფრო მტკივნეულად აღქმას.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ წუწუნი უფრო ეფექტური გავხადოთ?

* დაიცავით საკუთარი აზრი. წუწუნი აუცილებელია საზღვრების დასაცავად და პოზიციის გამოსახატავად. სტრატეგიული წუწუნი, კონკრეტული პრობლემების წინ წამოწევა და მათზე საუბარი ხელს უწყობს გამოსავლის ძიებას. უმიზნოდ კი ნუ იწუწუნებთ, არამედ კონკრეტული მოთხოვნებით მიმართეთ იმ ადამინებს, რომლებიც სტრესულ გარემოებებს ქმნიან.

* უმიზნო წუწუნის ნაცვლად ჩაიწერეთ თქვენი სათქმელი დღიურში და შემდეგ გადახედეთ. ეცადეთ, ეს ინფორმაცია გვერდიდან აღიქვათ, თითქოს სხვა ადამიანს დაემართა. რა დასკვნებს გამოიტანდით?

* ეცადეთ, წუწუნი ყოველდღიური კომუნიკაციის ნაწილად არ აქციოთ. თუ წუწუნს დაიწყებთ, დააკვირდით თქვენს ინტერაქციას სხვებთან, დააკვირდით მათ უკუკავშირს: მოგყვებიან? თუ თქვენი წუწუნი შემაწუხებელი გახდა?

* თავი არიდეთ თანაწუწუნს. როდესაც ჩვენი თანამოსაუბრე წუწუნებს, დიდია ალბათობა, ჩვენც წუწუნით ვუპასუხოთ. თუ ასეთი რამ იშვიათია, არა უშავს, მაგრამ მუდმივად ამ ტიპის კომუნიკაცია ჩვენც უფრო მოწუწუნე ადამიანად გვაქცევს. ჩვენი თანაწუწუნით მოსაუბრეს წუწუნის გაგრძელებისკენ ვუბიძგებთ და ჩვენც მეტად მოწუწუნე ვხდებით. ეცადეთ, მუდამ მოწუწუნე ადამიანებთან ნაკლები დრო გაატაროთ.

დასკვნა

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ცხოვრებაში რაც კი ხდება, აუცილებლად მნიშვნელობის მატარებელია, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შესაძლებელია პოზიტიური მხარის პოვნა, რომ ვარდისფერი სათვალით უნდა ვიაროთ და ჩვენ ირგვლივ არსებული გამოწვევები, პრობლემები, უთანასწორობა, უსამართლობა, ტკივილი, საფრთხე არ შევამჩნიოთ. ეს რეალობისგან გაქცევა და სამყაროს არაადეკვატური აღქმა იქნებოდა.  მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში დადებითი მოვლენებიც ისევე ხშირად ხდება, როგორც უარყოფითი. მათი უგულებელყოფა, არშემჩნევა, მუდამ უარყოფითზე კონცენტრირება სამყაროს ასევე არაადეკვატური აღქმაა. გაცნობიერებული ადამიანი გრძნობს და ხედავს როგორც კარგს, ისე ცუდს, უფრო სწორად, ცხოვრებას იღებს მთელი თავისი მრავალფეროვნებით, რის შედეგადაც მოვლენების როგორც კარგის ან ცუდის კატეგორიზაცია წყდება.

კულტურულადაც და ბილოგიურადაც ჩვენ ნეგატიური მოვლენების, აზრების, ემოციების დამახსოვრებისკენ ვართ მიდრეკილი, ამიტომ ხანდახან გვჭირდება, გონება განზრახ მოვმართოთ დადებითზე საფიქრალად. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს მხოლოდ პოზიტიურზე კონცენტრაციას – ეს ნიშნავს, მივეჩვიოთ პოზიტიურის შემჩნევას და სამყარო უფრო სრულად აღვიქვათ.

წუწუნს, ისევე როგორც კომუნიკაციის ნებისმიერ სხვა ფორმას, შეიძლება როგორც უარყოფითი, ისე დადებითი შედეგი მოჰყვეს. მნიშვნელოვანია, რა ფორმით, რა მიზნით და სიხშირით მივმართავთ ამ ხერხს.

რუბრიკას უძღვება ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: