ნოდარ ქავთარაძე - პირველი ქართველი ექიმი კამბოჯაში

გააზიარე:

გამოჩენილ ადამიანთა შვილებს ხშირად უჭირთ მშობლების ჩრდილიდან გამოსვლა, მაგრამ ისტორია მაინც იცნობს ასეთ შემთხვევებს. დიდი მეცნიერის, საქართველოში ნევროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს პეტრე ქავთარაძის ვაჟი თავადაც ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ნევროლოგი გახლდათ.

ნოდარ ქავთარაძის შესახებ სტატიის მომზადებაში უდიდესი დახმარება გაგვიწიეს ნევროლოგმა, პროფესორმა ნინული ნინუამ, ქართული მედიცინის ისტორიის მოამაგემ, გასტროენტეროლოგმა ხუტა პაჭკორიამ და ნოდარ ქავთარაძის ვაჟმა, თერაპევტმა მერაბ ქავთარაძემ.

ნოდარ ქავთარაძე 1922 წელს სენაკის მახლობლად, სოფელ ნოსირში დაიბადა. მამამისი, პეტრე, ახალი დაბრუნებული იყო მინსკიდან, სადაც სამხედრო ჰოსპიტალში პოლკის ექიმად მუშაობდა და სენაკის სამაზრო ერობაში საექიმო-სასანიტრო განყოფილებას განაგებდა.

მისმა მეუღლემ, სოხუმელი ბანკირის სტეფანე თურქიას ქალიშვილმა, მოსკოვის კბილის საექიმო ტექნიკუმი დაამთავრა, მაგრამ ქორწინების შემდეგ მედიცინაზე უარი თქვა და თავი ოჯახს მიუძღვნა.

ნოდარი მათი მესამე შვილი იყო.

მალე ოჯახი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. პეტრე ქავთარაძე ქართული ნევროლოგიის მამამთავარს სიმონ ყიფშიძეს ამოუდგა მხარში და მასთან ერთად ჩაუყარა საფუძველი საქართველოში პრაქტიკულ და მეცნიერულ ნევროლოგიას.

ქავთარაძეების უფროსი შვილი, ლეილა, ოცდახუთი წლისაც არ იყო, ტუბერკულოზით რომ გარდაიცვალა და ოჯახს გაუნელებელი ტკივილი დაუტოვა. მომდევნო, ლეონი, ცნობილი მათემატიკოსი გახდა. სხვათა შორის, ცოლად ჰყავდა გიორგი ლეონიძის ქალიშვილი ნესტანი (ფისო). ნოდარმა კი ექიმობა გადაწყვიტა და მამასავით ნევროპათოლოგობა აირჩია.

ცოდნის გზაზე

1940 წელს ნოდარ ქავთარაძემ დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მოწაფეობის წლებს ყოველთვის დიდი სითბოთი იხსენებდა... იმ დროიდან  რამდენიმე ახლო მეგობარი შემორჩა: ცნობილი თერაპევტი, პროფესორი გივი ბახტაძე, მოჭადრაკე გია ნადარეიშვილი, კომპოზიტორი გოგი ცაბაძე, ექიმი კურორტოლოგ-რეაბილიტოლოგი, პროფესორი გოგი უშვერიძე...

როცა ნოდარმა ინსტიტუტი დაამთავრა, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების სასწორი უკვე მოკავშირეთა მხარეს იყო გადახრილი, ამიტომ ახალკურსდამთავრებული ექიმები ფრონტზე აღარ წაუყვანიათ. ნოდარი დამოუკიდებელ პრაქტიკას შეუდგა. ხშირად უწევდა ადგილის შეცვლა: თავდაპირველად აბასთუმნის რაიონული საავადმყოფოს ორდინატორად დანიშნეს, საიდანაც რამდენიმე თვეში ერთ-ერთი ევაკოჰოსპიტლის ნერვულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ომის შემდეგ ევაკოჰოსპიტლები დაიხურა, იქ მომუშავე ექიმები კი სხვა კლინიკებში გადანაწილდნენ. ნოდარ ქავთარაძე თბილისის პირველი საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ექიმ ორდინატორად დაინიშნა. რამდენიმე ხნის შემდეგ გახდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ფიზიოთერაპიული კათედრის ასისტენტი, მოგვიანებით – დოცენტი.

ნერვულ სნეულებათა კლინიკაში ის-ის იყო ინერგებოდა ელექტროდიაგნოსტიკისა და ფიზიოთერაპიის მეთოდები. ნოდარი აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში. 1955 წელს საკანდიდატო დისერტაციაც დაიცვა ეპილეფსიის შესახებ.

1958 წელს ნოდარ ქავთარაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად მიიღეს. ინსტიტუტს იმ დროს აკადემიკოსი პეტრე სარაჯიშვილი ედგა სათავეში. ნოდარი ოთარ სიგუას, ვოვა გაბაშვილის, ალექსანდრე ჩუბინიძის, თინათინ გელაძის და სხვა ცნობილი მეცნიერების გარემოცვაში აღმოჩნდა. ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას. ნეირომორფოლოგიური კვლევის ნატიფი მეთოდებით შეისწავლიდა თავის ტვინის სიმსივნეების დროს განვითარებული ეპილეფსიის კლინიკურ და პათომორფოლოგიურ ასპექტებს. ეს კვლევები მოგვიანებით მის სადოქტორო დისერტაციას დაედო საფუძვლად.

კამბოჯა

1964 წელს საბჭოთა კავშირის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ ნოდარ ქავთარაძე ერთი წლით კამბოჯის სამეფოში, მეგობრობის ჰოსპიტალში, უფროს ექიმ-კონსულტანტად მიავლინა.

მერაბ ქავთარაძე:

– მამა კამბოჯაში მომუშავე პირველი ქართველი და ერთადერთი ნევროლოგი იყო. პრინცი ნოროდომ სიანუკი მას ხშირად იწვევდა სასახლეში, თავდაპირველად – როგორც ექიმს, მერე კი უკვე როგორც დაახლოებულ პირს, მეუღლესთან ერთად.

მამამ იქ ორი ნევროლოგი მოამზადა. წლების შემდეგ შევიტყვეთ, რომ ერთი მათგანი წითელ ქმერებს ემსხვერპლა. მეორეს რა ბედი ეწია, სამწუხაროდ, ვეღარ გავიგეთ...

კამბოჯელებმა მამაჩემის მიმართ მადლიერება გამოხატეს სახელმწიფო ორდენით, რომლითაც აჯილდოებდნენ უცხოელებს კამბოჯის მეფისა და ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის. ამ ჯილდოთი მამა ძალიან ამაყობდა.

კათედრებზე

1966 წელს ნოდარ ქავთარაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის დოცენტი გახდა. კათედრას მამამისი ხელმძღვანელობდა.

ერთ დღეს, მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე, პეტრე ქავთრაძემ თავის კათედრაზე გენეტიკური ლაბორატორიის გახსნა მოითხოვა – უამისოდ ნევროლოგიის განვითარება წარმოუდგენლად მიაჩნდა. მის მოთხოვნას მძაფრი დისკუსია მოჰყვა, რასაც შეეწირა კიდეც დიდი მეცნიერის სიცოცხლე.

მამა-შვილის ერთობლივი სამეცნიერო და საექიმო საქმიანობა შეწყდა.

კათედრის გამგედ ალექსი მინდაძე დაინიშნა.

1972 წელს ნოდარმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. კონსულტანტებმა – პეტრე სარაჯიშვილმა, ალექსანდრე ჩუბინიძემ და ოთარ სიგუამ – ნაშრომს ძალიან მაღალი შეფასება მისცეს.

რამდენიმე წელიწადში ნოდარ ქავთარაძეს პროფესორის და მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1978 წელს სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანიტარულ-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრაზე, რომელსაც მანამდე ცნობილი ნევროლოგი სოფიო ენუქიძე ხელმძღვანელობდა, გამგის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. ნოდარს არ ეთმობოდა კათედრა, სადაც მამის გვერდით მუშაობდა, მაგრამ დიდი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ კონკურსში მონაწილეობა მაინც გადაწყვიტა. ალექსი მინდაძემ პრეტენდენტი ასე წარადგინა: "პროფესორი ნოდარ ქავთარაძე არის მაღალკვალიფიცირებული ნევროლოგი, გულისხმიერი მკურნალი... დიდი ერუდიციის კლინიცისტი, რომელიც ფლობს ნერვულ სნეულებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდს, საინტერესოდ კითხულობს ლექციებს და ვრცლად აშუქებს თანამედროვე მედიცინისა და ბიოლოგიურ მეცნიერებათა კვლევის უახლეს მეთოდებს...“

ნოდარ ქავთარაძე კათედრის გამგედ აირჩიეს. ამიერიდან ის ორ კლინიკურ ბაზაზე საქმიანობდა – ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგიაში. შრომობდა ძალიან ბევრს. მისი ავტორობით გამოიცა სამოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი, ორი სახელმძღვანელო, სამი მონოგრაფია, მეთოდური რეკომენდაციები.

იყო სამეცნიერო ხარისხის მაძიებელთა მომთხოვნი, პრინციპული და უკომპრომისო ოპონენტი. ხშირად იწვევდნენ საკავშირო ყრილობებზე. აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაშიც – იყო საზოგადოება "ცოდნის" ლექტორი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" სარედაქციო კომისიის წევრი, სამკურნალო ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მეთოდური კომისიის წევრი, ჯანმრთელობის კომისიასთან არსებული ნარკომანიასთან ბრძოლის მუდმივი კომისიის წევრი, სადისერტაციო საბჭოს და ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი... ადვილი წარმოსადგენია, ეს ყველაფერი რამდენ დროსა და ენერგიას მოითხოვდა.

1994 წელს საქართველოს მედიკობიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს.

მოგონებები

ნინული ნინუა:

– ნოდარს ძალიან უყვარდა და ეამაყებოდა თავისი პროფესია, მაგრამ მისი ყველაზე დიდი სიყვარული გახლდათ მეუღლე – უნაზესი, უნატიფესი მერი გაბაშვილი, რომელიც იყო მისი თანამეცხედრეც, მეგობარიც და მრჩეველიც, მისი ემოციაც და მოტივაციაც. ძალიან ვაფასებდი ნოდარს როგორც პროფესიონალს და პიროვნებას, მაგრამ ჩემს პატივისცემას ყველაზე მეტად ის იწვევდა, რომ ასეთი დიდი სიყვარული შეეძლო.

დიდბუნებოვანი იყო, მაგრამ მომთხოვნი – როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართაც. დისერტაციის დაცვისას ჩემი ოპონენტი გახლდათ – ორმოცი კითხვა დამისვა! მაგრამ გამორჩეული ლმობიერებით ეპყრობოდა მათ, ვისაც პიროვნულად აფასებდა.

ფასდაუდებელ დახმარებას მიწევდა სადოქტორო დისერტაციის მომზადებისას, სამედიცინო კონფერენციებისთვის თემების შერჩევისას. ავადმყოფების გარჩევისას ყოველთვის მეკითხებოდა აზრს, თუმცა, რა თქმა უნდა, კრიტიკულიც იყო. პაციენტის საწოლთან დისკუსიაც ხშირად გვქონია.

ძალიან უნდოდა, შვილი მის კვალს გაჰყოლოდა, მაგრამ მერაბმა თერაპია ამჯობინა და ნოდარმაც მისი თავი უახლოეს მეგობარს, დიდ თერაპევტ გივი ბახტაძეს გადააბარა.

ნანა ხაჭაპურიძე, თსსუ ბავშვთა ნევროლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი:

– ნოდარ ქავთარაძე ჯერ კიდევ სამედიცინო ინსტიტუტში მასწავლიდა. ნევროლოგია საკმაოდ რთული საგანია, თავად ბატონი ნოდარიც მკაცრი და მომთხოვნი პედაგოგი იყო. მიუხედავად ამისა, საგანი წარმატებით ჩავაბარე და მომავალი კლინიკური საქმიანობის სფეროდაც ნევროლოგია ავირჩიე.

ინტერნატურის დასრულების შემდეგ მუშაობა დავიწყე რკინიგზის საავადმყოფოს ნევროლოგიურ  განყოფილებაში, რომელიც იმავდროულად იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრა. მას ბატონი ნოდარი ხელმძღვანელობდა, ასე რომ, კვლავ მისი პედაგოგიური ზედამხედველობის ქვეშ აღმოვჩნდი.

ამ კათედრას დიდი ისტორია ჰქონდა. ის 1931 წელს დაარსდა ცნობილი ნევროლოგის, პროფესორ სვიმონ ყიფშიძის ძალისხმევით, მისი პირველი გამგე კი ბატონი ნოდარის მამა, აკადემიკოსი პეტრე ქავთარაძე გახლდათ.

შემდგომში კათედრას დაემატა სტომატოლოგიური და სანჰიგიენური ფაკულტეტები, 1948 წელს კი ის გადაკეთდა პედიატრიული, სანიტარულ-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრად, რომელიც მოზრდილთა ნევროლოგიური კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებდა.

ბატონი ნოდარი 1979-1997 წლებში განაგებდა კათედრას. პირველი, რაც გამგედ დანიშვნის შემდეგ გააკეთა, ის იყო, რომ კათედრის ნაწილი ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე გადაიტანა, რამაც დიდი როლი შეასრულა ბავშვთა ნევროლოგიის სწავლების ხარისხის ამაღლებაში.

ნოდარ ქავთარაძე უდიდეს ინტერესს იჩენდა კვლევის უახლესი მეთოდების მიმართ. 80–იან წლებში მისი და  პროფესორ ნოდარ ბოხუას ინიციატივით დაინერგა საქართველოში დოპლეროგრაფიის – თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების კვლევის – მეთოდი, წარმატებით ჩატარდა საძილე არტერიების ენდარტერიექტომიები და შესრულდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები. ვამაყობ, რომ ამ ყველაფრის მომსწრე და უშუალო მონაწილე ვიყავი.

ხუტა პაჭკორია:

– ნოდარ ქავთარაძე დიდი მამის შვილი იყო, მაგრამ რასაც მიაღწია, მიაღწია საკუთარი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით. ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ არა მხოლოდ ნევროლოგიაში, არამედ  მთელ ქართულ მედიცინაში. ხშირად იწვევდნენ კონსილიუმებზე დიაგნოსტიკური სირთულეების დროს.

იყო არაჩვეულებრივი ლექტორიც. მის ლექციებს ნევროლოგებთან ერთად სხვა სპეციალობის ექიმებიც ხშირად ესწრებოდნენ. განსაკუთრებით პოპულარული იყო ლექციები  ეპილეფსიის შესახებ.

რესპუბლიკური საავადმყოფო ხშირად მართავდა სესიებს: იკრიბებოდნენ სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული ექიმები და წამყვანი სპეციალისტების მოხსენებებს ისმენდნენ. ნოდარიც მონაწილეობდა ამ სესიებში. ერთხელ, ახალბედა ექიმი, ზუგდიდში კონფერენციაზე სიტყვით გამოვედი. ერთმა ადგილობრივმა კოლეგამ გამაკრიტიკა. ბატონი ნოდარი წამოდგა და გამომესარჩლა: თუნდაც იმისთვის ღირდა აქ ჩამოსვლა, რომ ჩვენი აღზრდილის ასეთი კარგი მოხსენება მოგვესმინა; გახარებული ვარ და ვეცდები, ნევროლოგიისკენ გადავიბიროო.

მართალია, ვერ გადამიბირა, მაგრამ მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ხშირად ვსაუბრობდით ნევროლოგიაზე, ამ დარგის კორიფეებზე, მამამისზე... უხაროდა, რომ ამ პრაგმატულ დროში მედიცინის ისტორიით და ღვაწლმოსილი ადამიანების ცხოვრებით ვიყავი დაინტერესებული.

გარეგნობით, შარმით იტალიელ მსახიობს მოგაგონებდათ. მეუღლეც ულამაზესი ჰყავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ნოდარსაც აღარ უცოცხლია დიდხანს – 1998 წელს, 76 წლისა შეუერთდა მარადისობას.

დარჩა ვაჟი მერაბი – შესანიშნავი ადამიანი, რომელიც ერთხანს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პრორექტორი, მერე კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი იყო.

მერაბ ქავთარაძე:

– მამაჩემის თაობის ადამიანები საოცრად პრინციპულები იყვნენ. საბჭოთა წყობის პირობებში, ცხადია, გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა უწევდათ, მაგრამ არსებობდა ზღვარი, რომელსაც არასოდეს გადადიოდნენ. რამდენიმე ადამიანი, ვისი საქციელიც მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ყოველგვარი  კონფლიქტის გარეშე, მშვიდად, წყნარად გარიყეს. როგორც ჩანს, რაკი რეჟიმის გამო ბევრი რამის დათმობა უწევდათ, იქ, სადაც პარტიაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი, გაორმაგებული მგზნებარებით იცავდნენ პრინციპებს... ასეთივე უკომპრომისოები იყვნენ პროფესიაშიც, მამა კი – ოჯახშიც და საკუთარი თავის მიმართაც.

იმ დროს არსებობდა კარგი სამედიცინო სკოლა, ცოცხლობდა შეგირდობის ტრადიცია. სისტემა შესანიშნავად იყო მორგებული ახალი თაობის ეტაპობრივი ზრდის მიზანს. კათედრაზე ყოველთვის ჰქონდათ გასაქანი ახალგაზრდებს. მათ აღზრდას ემსახურებოდა შემოვლები, საკათედრო გარჩევები, პათანატომიური გარჩევები, რომლებიც, ფაქტობრივად, უზენაესი სასამართლო იყო ექიმებისთვის. ამ გარჩევებისთვის განსაკუთრებით ემზადებოდნენ, რათა მომავალში იმავე შეცდომისგან დაზღვეულები ყოფილიყვნენ.

მამაც ყველანაირად უწყობდა ხელს ახალი თაობის დაოსტატებას. მისი მოწაფეებიდან განსაკუთრებით თბილად მახსენდება დოცენტი ბიძინა მინდაძე, უნიჭიერესი ნევროლოგი და უნიჭიერესი პოეტი, რომელიც, სამწუხაროდ, ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან.

მამას მეგობრები უმთავრესად სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორები იყვნენ, თუმცა ამ წრის გარეთაც ბევრთან მეგობრობდა. მისი უახლოესი მეგობარი გახლდათ გია ნადარეიშვილი – ნევროპათოლოგი და საჭადრაკო კომპოზიტორი, საერთაშორისო დიდოსტატი. მამაც კარგად თამაშობდა ჭადრაკს, ნევროლოგიის ინსტიტუტის ორასკაციანი შტატიდან ტოლს ვერავინ უდებდა. ცდილობდა, ჩემთვისაც ესწავლებინა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მიგებდა.

ცხოვრებას პირადი მაგალითით მასწავლიდა. ახლაც ხშირად ვფიქრობ ამა თუ იმ სიტუაციაში, ჩემს ადგილას მამა როგორ მოიქცეოდა-მეთქი.

ჩემს ცხოვრებაში არ ერეოდა. არც პროფესიის არჩევაში ჩარეულა. ისიც კი ვერ შევატყვე, გული დასწყდა თუ არა, როდესაც ვუთხარი, ნევროლოგიაზე მეტად თერაპია მაინტერესებს-მეთქი.

დედას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ასე, ერთიმეორის მიყოლებით წავიდნენ, როგორც ლამაზ რომანებშია ხოლმე...

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: