გიორგი ელიავა – ფაგოთერაპიის ფუძემდებელი
Share:
ანტიბიოტიკების აღმოჩენის შემდეგ მიაჩნდათ, რომ ბაქტერიებთან ბრძოლის პრობლემა სამუდამოდ მოგვარდა, თუმცა მათი არასწორი გამოყენების შედეგად გაჩნდა ახალი საფრთხე – რეზისტენტული ბაქტერიები. ბაქტერიების უნარმა, თავის გადასარჩენად სწრაფად შეეგუონ გარემო პირობებს, კაცობრიობა ახალი გამოწვევის პირისპირ დააყენა. მრავალი წელია, მთელი მსოფლიოს მეცნიერები ცდილობენ, შექმნან ანტიბიოტიკის ალტერნატივა. დიდი ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას აღმოჩენა შესაძლოა ამ თავსატეხის ერთ-ერთი გასაღები იყოს.
გიორგი ელიავას ცხოვრების შესახებ ფაქტებისა და ფოტომასალის მოძიებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიკრობული ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიის გამგეს ნინა ჭანიშვილს და დიდი მეცნიერის შვილიშვილს ნატა დევდარიანს. აქვე გვინდა, მადლიერებით აღვნიშნოთ ჩვენი დიდი თანამემამულის ბიოგრაფიის შესწავლაში კინოდოკუმენტალისტის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ოლიკო ჟღენტის წვლილი.
სიყრმის წლები
გიორგი ელიავა 1892 წლის პირველ ივნისს (სიმწიფის ატესტატის მიხედვით) საჩხერეში, გამოჩენილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის გრიგოლ ელიავას ოჯახში დაიბადა. მომავალი მეცნიერის დედა, გენერალ ივანე ნაკაშიძის შვილი მარიამი, ბათუმის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე და ქალთა გიმნაზიის მზრუნველთა საბჭოს წევრი იყო. სიყმაწვილე გიორგიმ ბათუმში გაატარა, სადაც ოჯახი შვილის დაბადების შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად. ელიავები ბაღის (ახლანდელ კლდიაშვილის) ქუჩაზე ორსართულიან სახლში ცხოვრობდნენ. მამულში იყო ულამაზესი, მრავალწლოვანი ეგზოტიკური ხეების ბაღი და საჯინიბო. სწორედ იქ იწვრთნებოდა პატარა გიორგი ცხენოსნობაში. ჯირითის სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. თბილისში გადმოსვლის შემდეგ ხშირად მონაწილეობდა იპოდრომზე გამართულ შეჯიბრებებში.
პატარა გიორგი გატაცებული იყო ლიტერატურით, მუსიკით, სპორტით, ბევრს კითხულობდა და ლიტერატურული მოღვაწეობისთვის ემზადებოდა. მიუხედავად მამის დიდი სურვილისა, მისი ვაჟი ექიმი გამხდარიყო, 1909 წელს, ბათუმის გიმნაზიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, გიორგი ელიავა ოდესის (მაშინდელი ნოვოროსიისკის) უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა ერთი წლის შემდეგ სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის "მგლის ბილეთით" გარიცხეს უმაღლესი სასწავლებლიდან (ეს ნიშნავდა, რომ გარიცხულ სტუდენტს მეფის რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ უმაღლეს სასწავლებელებში ჩაბარება ეკრძალებოდა) და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს, გათავისუფლების შემდეგ კი პოლიციის მეთვალყურეობით სამშობლოში გაასახლეს.
პირველი ნაბიჯები მეცნიერებაში
დედის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოში იძულებით დაბრუნებულ გიორგიზე მარიამის დებმა, შეძლებულმა და გავლენიანმა ქალბატონებმა იზრუნეს და დისწული თავისუფალი მსმენელის სტატუსით შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში გაგზავნეს. როგორც ჩანს, მონდომებული ახალგაზრდა მალევე გახდა სტუდენტი, რადგან ქალბატონმა ნინომ ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტთა სიაში სხვა ქართველი ექიმების გვერდით მისი სახელი და გვარიც იპოვა.
1912 წელს გიორგი ელიავა დაესწრო ავსტრიელი მეცნიერის ჰექტორ კრისტიანის ლექციას მიკრობიოლოგიაში. ლექციამ მასზე ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადაწყვიტა, ცხოვრება ამ დარგისთვის დაეკავშირებინა.
როცა მომავალმა მეცნიერმა მესამე კურსი დახურა, დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და არდადეგებზე ჩამოსული გიორგი ჟენევაში ვეღარ დაბრუნდა. ისევ დეიდების დახმარებით, ის ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, სადაც ბაქტერიოლოგის სპეციალობას ეუფლებოდა.
გიორგი ელიავა კავკასიის ფრონტის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგედ დანიშნეს. ეს ლაბორატორია ჯერ ტრაპზონში იყო, შემდეგ, ფრონტის მოახლოებასთან ერთად, ბათუმში გადმოიტანეს, ბოლოს კი თბილისში დაფუძნდა. ახალგაზრდა მეცნიერი მტკვრის წყალს ქოლერის ვიბრიონის შემცველობაზე იკვლევდა, როდესაც უცნაურ ფენომენს წააწყდა – ბაქტერიული კულტურა, რომელსაც მიკროსკოპით აკვირდებოდა, რამდენიმე საათში გაქრა. ელიავას მოულოდნელად ლაბორატორიის დატოვება მოუხდა და პრეპარატი მიკროსკოპის ქვეშ დატოვა, დაბრუნებულს კი შუშა სტერილურად სუფთა დახვდა. გიორგიმ ცდა გაიმეორა და ქოლერის ვიბრიონის კულტურებზე დაკვირვებით თვითლიზისის (დაშლის) ფენომენი დაადასტურა.
პარიზი
1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ახალგაზრდა მეცნიერი ვაქცინებისა და შრატების მიმართულებით ცოდნის ასამაღლებლად პარიზში, პასტერის ინსტიტუტში მიავლინა.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლო ათწლეული მიკრობიოლოგიაში დიდი აღმოჩენების პერიოდად არის მიჩნეული. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო კვლევები შიგელოზის, ქოლერისა და ტუბერკულოზის გავრცელების შესაჩერებლად. ფრანგმა მიკრობიოლოგმა და ქიმიკოსმა ლუი პასტერმა თანამოაზრეებთან ერთად 1888 წელს პარიზში გახსნა კვლევითი ინსტიტუტი, სადაც მიმდინარეობდა მუშაობა ციმბირის წყლულის, ქოლერის, დიფტერიისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაზე. იმ პერიოდში ინსტიტუტში მოღვაწეობენ უდიდესი მეცნიერები: ემილ დიუკლო, შარლ შამბერლანი, ილია მეჩნიკოვი, პიერ პოლ ემილ რუ... ახალგაზრდა ქართველმა სახელგანთქმული კოლეგების ყურადღება პარიზში ჩასვლისთანავე მიიპყრო, როცა თვითლიზისის ფენომენი ცდით დაადასტურა. ინსტიტუტის დირექტორმა პიერ პოლ ემილ რუმ კანადელ მეცნიერს ფელიქს დერელს წერილი გაუგზავნა, რომლითაც შეატყობინა, რომ ქართველმა მეცნიერმა მისი თეორია დაამტკიცა. რამდენიმე ხნით ადრე ფელიქს დერელმა დიზენტერიით დაავადებულთა სხეულიდან გამოყოფილ შიგელებზე დაკვირვებით დაასკვნა, რომ ბაქტერიების ლიზისი განპირობებული იყო უჩინარი ანტიბაქტერიული აგენტით, რომელიც ბაქტერიის ვირუსი უნდა ყოფილიყო. დერელმა მას ბაქტერიის მშთანთქმელი ანუ "ბაქტერიოფაგი" უწოდა, თუმცა თავისი ჰიპოთეზა ვერაფრით დაასაბუთა.
ფელიქს დერელი პარიზში ჩავიდა, გიორგი გაიცნო და ასე დაიწყო მათი თანამშრომლობა, რომელიც მალე დიდ მეგობრობაში გადაიზარდა.
სამშობლოში დაბრუნება
1921 წელს გიორგი ელიავამ საქართველოს გასაბჭოების შესახებ შეიტყო. პასტერის ინსტიტუტის დირექტორმა მას ევროპაში დარჩენა და სამეცნიერო კვლევების გაგრძელება ურჩია, მაგრამ ახალგაზრდა მიკრობიოლოგმა უპასუხა, რომ ის თავის ქვეყანას სჭირდებოდა და გემით ბათუმისკენ გამოემგზავრა.
პიერ პოლ ემილ რუს გადაწყვეტილებით, გიორგი ელიავას ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიისთვის 100 000 ფრანკის ღირებულების რეაქტივები, მასალები და აუცილებელი აპარატურა გამოატანეს. 40 ყუთით და დიდი მიზნებით ახალგაზრდა მეცნიერი ბათუმის ნავსადგურში გემიდან ჩამოვიდა. გადმოცემის თანახმად, იმავე გემით საქართველოს დატოვებას გეგმავდა პოლონელი მომღერალი ამელია ვოლ-ლევიცკა, რომელიც, თბილისის ოპერის იმპრესარიოს მოწვევით, 1915 წლიდან მღეროდა საქართველოში. მისი მეუღლე, ვარშავის ოპერის თეატრის რეჟისორი, პროფესორი ნიკოლაი ლევიცკი, თბილისის კონსერვატორიაში ვოკალს ასწავლიდა. მელანია ვოლ-ლევიცკა იყო ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი ეთერის პარტიისა ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში "აბესალომ და ეთერი". მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენა არ იცოდა, მომღერალმა ყველა არია დაიზეპირა და პუბლიკა აღაფრთოვანა. მელანიამ იმ დროისთვის თითქმის ყველა მთავარი პარტია შეასრულა თბილისის ოპერაში და ნამდვილ პრიმადონად იქცა, რასაც მაშინდელი პერიოდული გამოცემები და საოჯახო არქივში შენახული მასალა მოწმობს. ამასთან ერთად, მომღერალი აქტიურად ჩაება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მონაწილეობდა საქველმოქმედო ღონისძიებებშიც, რომლებსაც ქართველი ხელოვანები მოსწავლეებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად მართავდნენ.
მეუღლესთან დაშორების შემდეგ მელანია ვოლ-ლევიცკამ ვარშავაში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ თავდავიწყებით შეყვარებულმა გიორგი ელიავამ, რომელმაც მომღერალი რამდენიმე წლით ადრე გაიცნო პოლონეთში, მას წასვლა გადააფიქრებინა და ცოლად შეირთო, მელანიას მცირეწლოვან ქალიშვილს ჰანას კი თავისი გვარი მისცა.
1923 წელს გიორგი ელიავამ ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის ბაზაზე დააარსა ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც ჰქონდა როგორც სამეცნიერო, ისე საწარმოო პროფილის მქონე განყოფილებები. ინსტიტუტი ვაქცინების, შრატების, ბაქტერიოფაგებისა და ფაგოთერაპიის მიმართულებით მუშაობდა. გიორგი ელიავა სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად ადმინისტრაციულ სამუშაოსაც საუცხოოდ ართმევდა თავს. მან როგორც ამ ინსტიტუტის დირექტორმა თვალსაჩინო როლი შეასრულა საქართველოში მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის განვითარებაში.
1925 წელს გიორგი ელიავა კვლავ გაემგზავრა პარიზში, ამჯერად – ოჯახითურთ, და იქ ორი წელი დაყო. პასტერის ინსტიტუტში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებს ის რეგულარულად აქვეყნებდა სამეცნიერო ჟურნალ “მაცნეში”. პარიზშივე მოისმინა ლექციების კურსი ჰიგიენაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გიორგი ელიავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვიეს და ჯერ ჰიგიენის, მერე კი მიკრობიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელად დანიშნეს. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, მას პროფესორის წოდება მიენიჭა.
1930 წელს გიორგი ელიავა მესამედ მიავლინეს პარიზში. მას საქმიანი კონტაქტები ჰქონდა იქაურ სამეცნიერო წრეებთან. ფრანგი მეცნიერები ერთხმად აღიარებდნენ მის მეცნიერულ პოტენციალს და ცოდნას. ვინაიდან ბაქტერიოფაგების შესწავლა შესაბამისი საკვლევი ბაზის შექმნას მოითხოვდა, 1934 წელს ელიავამ წამოაყენა იდეა ბაქტერიოფაგიის შემსწავლელი სპეციალური ინსტიტუტის შექმნის შესახებ და საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ლავრენტი ბერიას გეგმაც წარუდგინა, მაგრამ უარი მიიღო. გიორგი ელიავა უკან დახევას არ იყო ჩვეული, ამიტომ კვლავ დაწერა მოხსენებითი ბარათი, ამჯერად – საკავშირო მთავრობის სახელზე. ბუდუ მდივანმა მოახერხა ამ ბარათის ადრესატისთვის, სერგო ორჯონიკიძისთვის გადაცემა. მალე მოსკოვიდან მოვიდა განკარგულება ინსტიტუტის აშენების თაობაზე.
დანის პირზე
გიორგი ელიავას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ასაშენებლად თბილისის გარეუბანში (ახლანდელი გოთუას ქუჩის მიმდებარედ) 17 ჰექტარი მიწა და 13 მილიონი მანეთი გამოუყვეს, მაგრამ მეცნიერმა თავისი “თავხედური საქციელით” სამუდამოდ გადაიმტერა ლავრენტი ბერია.
ბერიას აღიზიანებდა, რომ რეპრესიების პირველი ტალღის დროს ელიავა ხშირად მიდიოდა სახალხო კომისარიატში და დაკავებულებს იცავდა. ქართველი მეცნიერი განსაკუთრებულად ზრუნავდა რეპრესირებულთა ოჯახის წევრებზე, ინსტიტუტში ასაქმებდა მათ, რომ ქონების კონფისკაციის შემდეგ ულუკმაპუროდ არ დარჩენილიყვნენ. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში ყველაზე დაბალ პოზიციებზეც კი არისტოკრატულ საგვარეულოთა ჩამომავლები მუშაობდნენ. ქალბატონი ელენე მაყაშვილი ჰყვება, რომ ერთხელ გიორგი ელიავა სისხლის ასაღებად ბერიასთან მისულა. ამ უკანასკნელს უკმაყოფილოდ უთქვამს, მთელი სისხლი ნუ ამომწოვეო. ფიცხ და ენამახვილ მეცნიერს პასუხი არ დაუყოვნებია: შენ მთელ საქართველოს სწოვ სისხლსო... იყო სხვა შემთხვევაც: 1936 წელს დიდმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისში პირველი ქართული კლასიკური ბალეტი, ანდრია ბალანჩივაძის “მზეჭაბუკი” ("მთების გული") დადგა. დახურულ ჩვენებას ესწრებოდა გიორგი ელიავაც, რომელიც აღაშფოთა ბერიას უარყოფითმა შეფასებამ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უკმაყოფილებას დაუფარავად, ხმამაღლა გამოხატავდა. ცხადია, ეს ამბავი ადრესატის ყურამდეც მივიდა და ელიავას მიმართ დაგროვილ წყენას შეემატა.
რეჟიმის მსხვერპლი
გიორგი ელიავას თაოსნობით შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად გამოყოფილ ტერიტორიაზე თანამშრომლებისთვის საცხოვრებლებიც უნდა აეშენებინათ. ერთ-ერთი პირველი შენობა, რომელიც ინსტიტუტის ტერიტორიაზე ააგეს, დერელის სახელობის სადგური იყო. სამეცნიერო-კვლევით ნაგებობებთან ერთად პროქტში ცხოველთა საშენიც იყო შეტანილი. ტერიტორიის გასამწვანებლად გიორგი ელიავამ მიიწვია ცნობილი ქართველი მებაღე-დეკორატორი მიხეილ მამულაშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, პარიზში ყოფნისას გაიცნო.
1933-1935 წლებში დერელი რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს. ჯამში მან დაახლოებით 18 თვე გაატარა თბილისის ბაქტერიოლოგიურ ინსტიტუტში. მისი წინადადებითა და უშუალო მითითებებით დაიწყეს ბაქტერიოფაგის გამოყენება ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.
დერელი საფრანგეთში 1935 წლის ბოლოს დაბრუნდა. მეცნიერს განზრახული ჰქონდა, საქართველოში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადმოსულიყო, მაგრამ 1937 წლის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და, სტალინის პირადი თხოვნის მიუხედავად, საბჭოთა კავშირში აღარასოდეს დაბრუნებულა.
1937 წლის 22 იანვარს გიორგი ელიავა დააპატიმრეს. ერთი საათის შემდეგ წაიყვანეს მისი მეუღლეც, ჰანა კი, როგორც ქვეყნის მტრის შვილი, რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ შუა აზიაში გადაასახლეს. ელიავას ბრალად ედებოდა "სამშობლოს ღალატი, საერთაშორისო ჯაშუშობა, მავნებლური, დივერსიული მუშობა და ანტისაბჭოთა აგიტაცია". საქართველოს უზენაესი სასამართლოს სპეციალურმა საკრებულომ 1937 წლის 9 ივლისს, დახურულ სხდომაზე, ელიავას სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი სისრულეში მოყვანილ იქნა 10 ივლისს.
1989 წელს, რეპრესიის მსხვერპლთა რეაბილიტაციის შემდეგ, სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება “ბაქტერიოფაგს” მისი დამაარსებლის, გიორგი ელიავას სახელი მიენიჭა. დღეს ქართველი მიკრობიოლოგი მსოფლიო მასშტაბის მეცნიერად არის აღიარებული როგორც ბაქტერიოფაგიის კვლევის პიონერი, ფაგებით თერაპიის სულისჩამდგმელი და განმავითარებელი. მისი ძალისხმევით საქართველოში ჩამოყალიბდა ფაგოთერაპიის უნიკალური სკოლა, რომელიც დღემდე წარმატებით აგრძელებს წინსვლასა და განვითარებას.
მარი მარღანია







