სარეცხი საშუალებები: რა უნდა ვიცოდეთ

გააზიარე:

სარეცხი საშუალებების არჩევანი დღეს ისეთი ფართოა, როგორიც არასდროს – თეთრი თუ ფერადი, ოდნავ თუ ძალიან ჭუჭყიანი ქსოვილებისთვის, ზედმეტად მგრძნობიარე კანისთვის, სხვადასხვა სურნელით... იცით კი, რას შეიცავენ ისინი? თუ არა, ესე იგი იმ უმრავლესობას ეკუთვნით, რომელიც შეფუთვაზე დაბეჭდილ ანოტაციას არც კი უყურებს. ჰოდა, თუ სტატიას ბოლომდე წაიკითხავთ, გაიგებთ, რა სახის სარეცხი საშუალებები არსებობს, რისგან მზადდება და რომელს რა პლუსი თუ მინუსი აქვს.

რას შეიცავს

სარეცხი საშუალებების ძირითადი კომპონენტებია:

* ტენზიდები – სარეცხი საშუალებები 20-30%-ით სწორედ ამ ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებისგან შედგება. ტენზიდები ამცირებს წყლის ზედაპირულ დაჭიმულობას და ამით უზრუნველყოფს ქსოვილის უკეთ დასველებას. ამასთან, ხელს უწყობს წყალში ცხიმის გახსნას.

ტენზიდებს სხვადასხვა ტექნოლოგიით იღებენ. მაგალითად, ნავთობქიმიური ტენზიდები ნავთობისგან მზადდება, ბიოტენზიდები კი – მცენარეულ ბაზისზე, ამიტომ მეტად ბიოდეგრადირებადი და ნაკლებად ტოქსიკურია.

* წყლის დამარბილებლები (ძირითადად – ცეოლიტი A, ფილოსილიკატები და ციტრატები) – შესაძლოა, სარეცხი საშუალების 20%-საც შეადგენდეს, იმის მიხდვით, როგორი სიხისტის წყლისთვისაა სარეცხი საშუალება განკუთვნილი. მათი დანიშნულება წყლის დარბილებაა, რათა ტენზიდებმა თავიანთი მოვალეობა კარგად შეასრულონ. ფილოსილიკატები ასუფთავებს წყალს კალციუმისა და მაგნიუმის მარილებისგან, რომლებსაც შეუძლია, ქსოვილზე თეთრი ლაქები დატოვოს და სარეცხი მანქანის მექანიზმი დააზიანოს.

*ტუტეები – ზრდის სარეცხი ხსნარის ტუტიანობას, რის შედეგადაც ბოჭკოები ფუვდება და ჭუჭყი უფრო ადვილად სცილდება ქსოვილის.

* ფერმენტები – მოქმედებს მხოლოდ დაბალ და საშუალო ტემპერატურაზე და შლის ცილების, სახამებლისა და ცხიმის შემცველ ლაქებს.

* ეგრეთ წოდებული ჭუჭყის დამჭერები – "იჭერს" წყალში მცურავ ჭუჭყის ნაწილაკებს, რომ ჭუჭყი ისევ ქსოვილში არ ჩაჯდეს.

* ქაფსაწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად, სილიკონი – ხელს უშლის ძლიერ აქაფებას, რადგან ზედმეტი ქაფი სარეცხი საშუალების მოქმედებას ასუსტებს.

* ფორმის შემანარჩუნებელი აგენეტები, მაგალითად ნატრიუმის სულფატი – მათ ფხვნილებს ამატებენ, რომ ფხვიერება შეინარჩუნოს, არ დაკურკუშალდეს.

* სურნელოვანი კომპონენტები – უზრუნველყოფს ცინცხალ და სასიამოვნო სურნელს.

* კონსერვანტები – იცავს თხევად სარეცხ საშუალებებს მიკრობებისგან. სარეცხ ფხვნილებში ისინი არ არის.

* ალკოჰოლი – მას ძირითადად თხევადი სარეცხი საშუალებები შეიცავს. აძლიერებს ცალკეული კომპონენტების მოქმედებას, უზრუნველყოფს ტენზიდების გახსნას. გარკვეულწილად მოქმედებს როგორც კონსერვანტი.

რომელი რისთვისაა

უნივერსალური სარეცხი საშუალებები გამოსადეგია თითქმის ყოველგვარი ქსოვილისთვის. მოქმედებს 30-დან 95 გრადუსამდე ტემპერატურაზე.

ასეთი საშუალებები ყოველთვის შეიცავს დამატებით ინგრედიენტებს:

* გამაუფერულებელ კომპონენტებს – მაგალითად, წყალბადის ზეჟანგის საფუძველზე დამზადებულ მათეთრებლებს – ნატრიუმის პერკარბონატს, ნატრიუმის პერბორატს – ფერადი ლაქები ამოჰყავს. ეფექტურია 60 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე. აბაცებს ქსოვილს, ამიტომ ფერადი და ნაზი ქსოვილების სარეცხი საშუალებები მათ არ შეიცავს. ამასთან ერთად, გამაუფერულებელ კომპონენტებს მიკრობების განადგურებაც შეუძლია.

* აქტივატორებს – გამაუფერულებელმა ნივთიერებებმა 60 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზეც რომ იმოქმედოს, სარეცხ საშუალებას ეგრეთ წოდებულ აქტივატორებს ამატებენ.

* სტაბილიზატორებს – გამაუფერულებელი ნივთიერებები ძალიან მგრძნობიარეა. სტაბილიზატორები (მაგალითად, წყალბადის ზეჟანგი) მათ სტაბილურობას უზრუნველყოფს. უამისოდ არსებობს საფრთხე, შენახვისას ან რკინის, სპილენძისა თუ მანგანუმის იონების შემცველ წყალთან კონტაქტისას მათეთრებელი ნივთიერებები დაიშალოს.

* ოპტიკურ მათეთრებლებს – ესენი ფლუორესცენტული ეფექტის მქონე ნივთიერებებია, რომლებიც თეთრს კიდევ უფრო თეთრად წარმოაჩენს, თუმცა გარემოს ძალიან აბინძურებს, რადგან ძნელად იშლება.

უნივერსალური სარეცხი საშუალებები უმეტესად ფხვნილის სახით გვხვდება, თუმცა თხევადსაც წააწყდებით. თხევადი ფორმა გამაუფერულებელ კომპონენტებს არ შეიცავს.

ფერადი ქსოვილებისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებები უმთავრესად ფერადი ქსოვილების გასარეცხად გამოიყენება და ეფექტურია 30-60 გრადუს ტემპერატურაზე. ასეთი საშუალებები შეიცავს საღებავის გადატანის ინჰიბიტორებს – ისინი იცავენ ქსოვილის ფერს და რეცხვისას ხელს უშლიან საღებავის ნაწილაკების სხვა ქსოვილებზე გადატანას.

ნაზი ქსოვილები – აბრეშუმი, შალი, ვისკოზა, ლიოცელი – უმეტესად ხელით ირეცხება დაახლოებით 30 გრადუსი ტემპერატურის წყალში. ასეთი ქსოვილებისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებები მარტო ჭუჭყს კი არ აცილებს, არამედ ქსოვილის ფერს, ფორმას და სტრუქტურასაც იცავს.

თუ გინდათ, მუქი ტანსაცმელი დიდხანს გამოიყურებოდეს ახალივით, ერიდეთ ისეთი სარეცხი საშუალებების გამოყენებას, რომლებიც ფერმენტებს, მაგალითად, ცელულაზას შეიცავს.

შედარებით ახალია სპეციალური სარეცხი საშუალებები სინთეზური მასალისგან დამზადებული, მაგალითად, სპორტული ტანსაცმლისთვის. ამ საშუალებებს დამცავი მოქმედებაც აქვს, რათა ქსოვილმა დიდხანს შეინარჩუნოს სპეციფიკური თვისებები.

ფხვნილი თუ სითხე

გაინტერესებთ, თხევადი სარეცხი საშუალება უფრო ეფექტურია თუ ფხვიერი? ორივეს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. თხევადი საშუალებები ქსოვილზე თეთრ ლაქებს არ ტოვებს, მაგრამ ეს იმის დამსახურება კი არ არის, რომ თხევადია, არამედ იმისა, რომ გამაუფერულებელ კომპონენტებს არ შეიცავს. ამასთან, სითხის დოზირება უფრო ადვილია, ვიდრე ფხვნილისა. მეორე მხრივ, ასეთი საშუალებების შემადგენლობაში შედის კონსერვანტები, რომლებსაც შეუძლია, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

ქსოვილის დამარბილებლები

ახალგარეცხილი ქსოვილის სასიამოვნო სურნელი სისუფთავესთან ასოცირდება. სინამდვილეში სისუფთავე არაფერ შუაშია – სურნელს ქსოვილს არომატული ნივთიერებები ანიჭებს.

ქსოვილის სიფაფუკე კი ტენზიდების დამსახურებაა. მათი წყალობით ქსოვილი რბილდება, ძნელად იმუხტება, სწრაფად შრება და ადვილად უთოვდება.

ამ ყველაფერს შეიცავს კონდიციონერები (ან, უბრალოდ, დამარბილებლები), რომლებსაც სარეცხ საშუალებასთან ერთად ამატებენ წყალს.

დამარბილებლებს ბევრი ყოველ რეცხვაზე იყენებს და შესაძლოა, არც კი იცოდეს, რომ ზოგიერთ ქსოვილს ისინი, პირიქით, აზიანებენ. მაგალითად, კონდიციონერში გავლებული პირსახოცი, მართალია, რბილი და ფიმფულა ხდება, მაგრამ კარგავს წყლის შეწოვის უნარს. სპორტული ტანსაცმლისთვის კი კონდიციონერის გამოყენება საერთოდ არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა, ქსოვილმა ოფლის შეწოვის უნარი დაკარგოს. შალს, ქაშმირს და ასეთ ქსოვილებს კი ძალიან უხდება.

სამწუხარო ის არის, რომ კონდიციონერების შემადგენლობაში შემავალი სინთეზური ნივთიერებები გარემოში გროვდება და ეკოსისტემებს აზიანებს, ზოგიერთ ინგრედიენტს კი მგრძნობიარე ადამიანებში ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია.

დამარბილებლის მაგივრობა შეიძლება გაგიწიოთ შინაურმა საშუალებებმა, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაცაა და იაფიც. მაგალითად, ძმარმა ან ძმრის ესენციამ. 30 მლ საკმარისია. ჩაასხით სარეცხი მანქანის შესაბამის განყოფილებაში. სუნი ნუ შეგაშინებთ – მალე გაქრება. სარეცხის დარბილებასთან ერთად, ძმარი მანქანასაც დაიცავს ნალექისგან.

საჭმელი სოდაც კარგი ალტერნატივაა. გახსენით ორი ჩაის კოვზი 100 მლ წყალში და იმავე ადგილას ჩაასხით.

დაბოლოს, ეცადეთ, მანქანა ბოლომდე აავსოთ ხოლმე, რომ მინიმალური რაოდენობის სარეცხი საშუალება დაგეხარჯოთ – გარდა იმისა, რომ ეს წყალსა და ელექტროენერგიას დაგაზოგვინებთ, წყალშიც ნაკლები ქიმიური ნივთიერება მოხვდება და გარემოც გადაურჩება ზედმეტ დაბინძურებას.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: