როგორ შევარჩიოთ წვენსაწური

Share:

ახალგამოწურული წვენი ნუტრიენტების – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების – ძვირფასი წყარო და გამაგრილებელი სასმელების იდეალური ალტერნატივაა, თუმცა ხარისხიანი წვენის მისაღებად ინგრედიენტების სწორად შერჩევა არ არის საკმარისი – აუცილებელია კარგი წვენსაწურიც.

ბაზარზე წვენსაწურის მრავალ მოდელს ნახავთ, რომლებსაც სხვადასხვა სიმძლავრე და ეფექტურობა აქვს. მოდელების მრავალფეროვნებამ რომ არ დაგაბნიოთ და შენაძენითაც კმაყოფილი დარჩეთ, გაგაცნობთ იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც წვენსაწური უნდა აირჩიოთ.

როდის არის მიზანშეწონილი წვენსაწურის შეძენა

გარდა იმისა, რომ ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ფერმენტებითა და მეორეული მცენარეული ნივთიერებებით. მას ადვილად ითვისებს საჭმლის მომნელებელი სისტემა, ამიტომ იდეალურია მათთვის, ვინც უმადობის ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების გამო ვერ ჭამენ ჯანმრთელბისთვის საჭირო რაოდენობის ხილსა და ბოსტნეულს.

წვენებს სიამოვნებით სვამენ ბავშვები, ასე რომ, თუ თქვენი პატარა ბოსტნეულის ჭამაზე უარს ამბობს, შეგიძლიათ, მისგან წვენი გამოუწუროთ.

ახალგამოწურული წვენები ბევრი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი დიეტის ნაწილია.

რა და რა ტიპის წვენსაწურები არსებობს

ბაზარზე უმთავრესად სამი ტიპის წვენსაწურებს შეხვდებით - მექანიკურს, ცენტრიდანულს და ავტომატურს. თითოეულ მათგანს თავისი პლუსები და მინუსები აქვს.

მექანიკური წვენსაწური

მექანიკური წვენსაწური მარტივი მოწყობილობაა, რომელიც წვენს მექანიკური ძალით წურავს. ყოველდღე მისი გამოყენება დამღლელია, მაგრამ გამოგადგებათ, თუ დროდადრო ახალგამოწურული წვენით პირის ჩაგემრიელება გიყვართ. შეგიძლიათ, წაიღოთ პიკნიკზეც და აგარაკზეც, სადაც ელექტროენერგია ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის. საუკეთესოა ციტრუსის (ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი), მწვანეფოთლოვანი ბალახეულის (ჯეჯილი), რბილი კენკრის (მარწყვი, ჟოლო) დასაწურად.

პლუსები

  • ცივი წნეხის წყალობით წვენი მაქსიმალურად ინარჩუნებს ვიტამინებს, მინერალებს და სასარგებლო მცენარეულ ნივთიერებებს.
  • ენერგოეფექტურია.
  • მარტივი გამოსაყენებელია და არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, ადვილად ირეცხება.
  • გამძლეა.
  • ბევრ ადგილს არ იკავებს.
  • ელექტროწვენსაწურზე იაფია.

მინუსები

  • ნაკლებკომფორტულია.
  • უფრო ნელა მუშაობს, ვიდრე ელექტრონული მოდელები.
  • გათვლილია მცირე ოდენობის წვენზე.
  • მოუხერხებელია მაგარი ხილისა და ბოსტნეულის, მაგალითად, კომშის ან სტაფილოს გასაწურავად.

 

ცენტრიდანული წვენსაწური

ცენტრიდანული წვენსაწური ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც ჯერ სპეციალური ბასრი დისკოთი ჭრის ხილსა და ბოსტნეულს, მერე კი ცენტრიდანული ძალის მეშვეობით წურავს. დარჩენილი უჯრედისი ავტომატურად გროვდება სპეციალურ კონტეინერში.

ცენტრიდანული წვენსაწურის ბრუნვის სიჩქარე წუთში 6 000-დან 15 000-მდეა.

ამ ტიპის წვენსაწური იდეალურია, როცა ბევრი წვენის სწრაფად გამოწურვა გსურთ. შესანიშნავად უმკლავდება მაგარ პროდუქტებსაც, მაგალითად, ჭარხალსა და სტაფილოს. 

პლუსები

  • ბრუნვის მაღალი სიჩქარის წყალობით რამდენიმე წამში ან წუთში ამუშავებს დიდი ოდენობის პროდუქტს.
  • მარტივი გამოსაყენებელი და ადვილი მოსავლელია.

მინუსები

  • ძლიერი ბრუნვის გამო გამოიყოფა სითბო, რომელიც ნაწილობრივ ანადგურებს სითბოსადმი მგრძნობიარე ნუტრიენტებს, ამიტომ ამ მეთოდით მომზადებული წვენი შედარებით ღარიბია ფასეული საკვები ნივთიერებებით.
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარის გამო წვენში ბევრი ჟანგბადი ხვდება, რაც ჟანგვას აჩქარებს. შედეგად წვენი სწრაფად კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს, ამიტომ რეკომენდებულია, ის გამოწურვისთანავე დალიოთ. გარდა ამისა, ჰაერის შერევამ შესაძლოა გემო შეუცვალოს წვენს, განსაკუთრებით – მწვანე ბოსტნეულისას და ბალახეულისას.
  • არ არის რეკომენდებული ამ ტიპის წვენსაწურით მწვანილის, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეულის, ბალახეულის, მარწყვის, ჟოლოს, მოცვის წურვა.
  • იძლევა შედარებით ნაკლებ წვენს, ვიდრე სხვა ტიპის საწურები.
  • მისი მეშვეობით მიღებული წვენი თხელია და ნაკლებკონცენტრირებული.
  • დიდი სიჩქარის გამო ხმამაღლა მუშაობს.
  • დანა ადვილად ბლაგვდება და ხშირ–ხშირად მოგიწევთ ცვლა.

 

ნელი წვენსაწური (Slow Juicer)

ნელი წვენსაწურიც (Slow Juicer) ელექტრომოწყობილობაა, რომელიც დაბალი სიჩქარით მუშაობს. ის წურავს არა სწრაფი ბრუნვით, არამედ ნელი და კონტროლირებადი წნეხით, რისი წყალობითაც წვენს მინიმალური შეხება აქვს ჟანგბადთან და მაქსიმალურად ინარჩუნებს ნუტრიენტებს. ამ ტიპის ხელსაწყო წესისამებრ, წუთში 40-დან 100-მდე ბრუნს აკეთებს.

ნელი წვენსაწური იდეალურია მათთვის, ვისაც სურს კონცენტრირებული, ნუტრიენტებით გაჯერებული წვენი ან ვინც ამჯობინებს მწვანილის, ბალახისა და ფოთლოვანი  ბოსტნეულის წვენს. ამასთან, ნელი წვენსაწურით გამოწურული წვენი ძნელად იჟანგება და 2-3 დღე უცვლელად ინახება მაცივარში.

ნელი წვენსაწურები სხვადასხვა პრინციპით მუშაობს:

. ზოგიერთი მოდელი ინგრედიენტებს წვრილად აქუცმაცებს, ვიდრე ფაფისებრ მასად არ აქცევს, მერე კი წვრილ ბადეში წნეხს.

. ზოგიერთი იყენებს ნელა მბრუნავ ხრახნიან წნეხს, რომელიც პროდუქტს თან ჭრის, თან აწვება და წურავს.

. ზოგიერთ მოდელში პროდუქტი ორ ურთიერთსაპირისპიროდ მბრუნავ ლილვაკს შორის იწნეხება და წვენს უშვებს.

ნელ წვენსაწურებს შორის ბრუნვის ყველაზე დაბალი სიჩქარე აქვს ლილვაკებიანი პრესის მქონე მოდელებს, თუმცა მათი დაჟანგვის რისკიც  ყველაზე დაბალია. თუ პრესის ლილვაკებში მაგნიტებიც არის ჩაშენებული, გამოწურულ წვენში მინერალების კონცენტრაცია კიდევ უფრო მაღალი იქნება.

პლუსები

  • გამოყოფს უფრო მეტ წვენს, ვიდრე სხვა მოდელები.
  • ინარჩუნებს უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას.
  • შესაფერისია რბილი თუ მაგარი ხილისა და ბოსტნეულისთვის, კენკრისთვის, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეულისა და ბალახეულისთვის.
  • მუშაობისას ნაკლებად ხმაურობს.
  • მისი მეშვეობით გამოწურული წვენი უფრო მეტხანს ინახება.

მინუსები

  • წვენის გამოწურვას უფრო მეტ დროს ანდომებს, ვიდრე ცენტრიდანული მოდელები.
  • მისი გაწმენდა შედარებით რთული და შრომატევადია.
  • სხვა მოდელებზე ძვირია.

 

მნიშვნელოვანი კრიტერიუმები

სიმძლავრე: სუსტ მოდელებს 150-200 ვატი სიმძლავრის ძრავა აქვს, ძლიერებს - 1500-მდე. რაც უფრო დიდია სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად ასრულებს მოწყობილობა თავის ფუნქციას, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ დიდი სიმძლავრის ძრავა უფრო მეტადაც ხმაურობს.

ზომა და წონა: თუ დიდი ზომის წვენსაწურს ეძებთ, გაითვალისწინეთ, რომ ის უფრო მძიმეც იქნება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხშირ-ხშირად მოგიწევთ მისი გამოღება-შენახვა.

ტევადობა: ყურადღება მიაქციეთ რბილობისა და წვენის კონტეინერების მოცულობას. მცირე ზომის მოდელებს, როგორც წესი, 0.5-დან 1.5 ლიტრამდე ტევადობის კონტეინერები აქვს, რაც ერთ- ან ორკაციანი ოჯახისთვის სავსებით საკმარისია, დიდი ოჯახებისთვის ან პროფესიული მიზნებისთვის კი უმჯობესია 3-დან 5 ლიტრამდე ტევადობის კონტეინერი შეარჩიოთ. გაითვალისწინეთ ხილის ჩასაყრელი ხვრელის ზომაც. რაც უფრო ფართოა ის, მით უფრო დიდი ზომის ნაჭრები ჩაეტევა მასში; რაც უფრო ვიწროა, მით უფრო წვრილად მოგიწევთ ხილის დაჭრა.

მასალა: წვენსაწურის კომპონენტების უმეტესობა პლასტმასისგან მზადდება, თუმცა მაღალი ხარისხის მოდელებს ხშირად აქვს ლითონის (ალუმინის ან უჟანგავი ფოლადის) დეტალებიც. საჭრელი დისკო ყოველთვის უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, რაც მის გამძლეობას და ეფექტურობას უზრუნველყოფს. ზოგიერთ მოდელს გამჭვირვალე კორპუსი აქვს, რაც საშუალებას მოგცემთ, დააკვირდეთ პროცესს და გაუთიშავად შეამოწმოთ, რამდენად სავსეა წვენის კონტეინერი.

როგორ გავწმინდოთ

წვენსაწურის ხანგრძლივი და ეფექტური ექსპლუატაციისთვის აუცილებელია მისი რეგულარული წმენდა. საუკეთესო შემთხვევაში, ხელსაწყო გამოყენებისთანავე უნდა გაიწმინდოს, რომ წვენისა და რბილობის ნარჩენები არ შეახმეს.

წმენდის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

* მთლიანად დაშალეთ წვენსაწური, მოხსენით ყველა მოსახსნელი ნაწილი.

* ნარჩენები თბილი წყლით მოაცილეთ. გამოიყენეთ ნეიტრალური სარეცხი საშუალება და რბილი ღრუბელი.

* განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პრესსა და წვენსაწურ ბადეს, რადგან მათში ყველაზე ხშირად იჭედება ბოჭკოს ნაწილაკები. თუ სპეციალური ჯაგრისი არ გაქვთ, მათი გასუფთავება კბილის ჯაგრისითაც შეიძლება.

* შეამოწმეთ მწარმოებლის ინსტრუქცია, ირეცხება თუ არა კონკრეტული ნაწილები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

* საგულდაგულოდ გაამშრალეთ ყველა ნაწილი და მხოლოდ ამის შემდეგ ააწყვეთ მოწყობილობა, რათა თავიდან აიცილოთ ტენის დაგროვება და მისგან გამოწვეული უსიამოვნო სუნი.

შევაჯამოთ: თუ გჭირდებათ მოწყობილობა ყოველდღე დიდი ოდენობის წვენის მოსამზადებლად, უკეთესი იქნება ცენტრიდანული ან ნელი წვენსაწური, ხოლო თუ ცოტაოდენ წვენს წურავთ და იმასაც იშვიათად, მექანიკური წვენსაწურიც მშვენივრად მოგემსახურებათ.

წვენის სწრაფად და მარტივად მომზადების მსურველებს ცენტრიდანული წვენსაწურის შეძენას ვურჩევთ. თუ ხარისხიანი და ნუტრიენტებით მდიდარი წვენის მიღება  გსურთ, უმჯობესია, ნელი ან მექანიკური წვენსაწური გამოიყენოთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

Share: