ბარეტის საყლაპავი: რა უნდა ვიცოდეთ

გააზიარე:

პირის ღრუდან კუჭში საკვები კუნთოვანი მილის – საყლაპავის – გავლით ხვდება. კუჭის შიგთავსი საყლაპავში რომ არ დაბრუნდეს, მათ გასაყარზე მდებარეობს სფინქტერი – კუნთოვანი ბოჭკოებისგან შემდგარი რგოლი, რომელიც ერთგვარი საკეტის როლს ასრულებს. როცა სფინქტერი სათანადოდ არ იხურება, კუჭის მჟავე წვენს შერეული საკვები მასა საყლაპავში ბრუნდება და თანდათან აზიანებს მის ქსოვილს. ამ მდგომარეობას კუჭ-საყლაპავის ან გასტროეზოფაგური რეფლუქსი ეწოდება. ბარეტის საყლაპავის ჩამოყალიბებას ყველაზე ხშირად სწორედ ის იწვევს.

რა არის ბარეტის საყლაპავი

საყლაპავის ქვედა ნაწილის ამომფენი უჯრედები ზოგჯერ სახეს იცვლის და ნაწლავის ამომფენი ქსოვილის უჯრედებს ემსგავსება. ეს მდგომარეობა ინგლისელი ქირურგის ნორმან ბარეტის სახელს ატარებს, რომელმაც 1950 წელს აღწერა საყლაპავის ასეთი ცვლილება. ბარეტის საყლაპავი საკმაოდ იშვიათი მდგომარეობაა და არც მისი განვითარების მიზეზია ბოლომდე ცნობილი, თუმცა უმეტესად ის გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გერდ) ხანგრძლივი ისტორიის მქონე პირებთან აღირიცხება. გერდით დაავადებულ 10-დან 1 ან 2 ადამიანს ბარეტის საყლაპავი უვითარდება.

დაავადება ყურადსაღებია იმით, რომ შესაძლოა, საყლაპავის ადენოკარცინომაში, კიბოს იშვიათ ფორმაში გადაიზარდოს. მართალია, რისკი მცირეა – ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, დაახლოებით 0,5 პროცენტი, – მაგრამ როცა გერდი დადასტურებულია, სასურველია, რეგულარულად შემოწმდეს საყლაპავის მდგომარეობა – კიბოსწინარე (დისპლაზიური) უჯრედების დროული აღმოჩენა და მკურნალობა საყლაპავის კიბოს თავიდან აცილების საწინდარია.

სიმპტომები

თავად ბარეტის საყლაპავი არავითარ ჩივილს არ იწვევს, მაგრამ გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებასთან მჭიდრო კავშირის გამო ხშირად იჩენს თავს:

* გულძმარვა – გულმკერდის არეში წვის შეგრძნება;

* დისფაგია – ყლაპვის გაძნელება;

* გულმკერდის ტკივილი – დისკომფორტი და წვის შეგრძნება ნეკნთა რკალის უკან.

კვების რაციონი

ზოგიერთი საკვები და სასმელი ამძიმებს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მიმდინარეობას და ხელს უწყობს ბარეტის საყლაპავის ჩამოყალიბებას. დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომების შესასუსტებლად რაციონში უნდა შეიზღუდოს ისეთი პროდუქტების წილი, როგორებიცაა ყავა, ალკოჰოლი, შოკოლადი, პომიდორი და პომიდვრიანი კერძები, ცხიმიანი და ცხარე საჭმელები, მჟავე წვენები (მაგალითად, ფორთოხლისა). რეკომენდებულია მრავალჯერადი კვება მცირე ულუფებით.

რა იწვევს

ბარეტის საყლაპავის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ამ დაავადების მქონეთა უმრავლესობას გერდის ხანგრძლივი ისტორია აქვს. საყლაპავში კუჭის შიგთავსის ქრონიკული გადასვლა აზიანებს საყლაპავის ქსოვილს, რომელიც ცდილობს, აღიდგინოს დაზიანებული უჯრედები, ამ დროს კი მათი ტიპი ბარეტის საყლაპავისთვის დამახასიათებლად იცვლება.

ბარეტის საყლაპავის მქონე ადამიანებს ზოგჯერ არც გულძმარვა აწუხებთ და არც მჟავურ რეფლუქსთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები. ამ შემთხვევაში დაავადების მიზეზი უცნობი რჩება.

რისკფაქტორები

ბარეტის საყლაპავის რისკი მაღალია, როდესაც გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება 5 წელზე მეტი ხნისაა. განსაკუთრებით – 50 წელს გადაცილებულ პირებთან, რომლებსაც სხვა ქრონიკული დაავადებებიც აქვთ.

ბარეტის საყლაპავის განვითარების სხვა რისკფაქტორებია:

* ასაკი – ხშირია შუახნის და უფრო ასაკოვან ადამიანებთან; შესაძლოა, განუვითარდეს ბავშვსაც, თუმცა ძალიან იშვიათია 5 წლამდე;

* სქესი – მამაკაცებს ქალებთან შედარებით 2-ჯერ მაღალი რისკი ემუქრებათ;

* კანის ფერი – რისკი უფრო მაღალია თეთრი რასის წარმომადგენლებისთვის;

* ჭარბი წონა და სიმსუქნე, განსაკუთრებით – ცენტრალური ტიპისა, როდესაც ცხიმი უპირატესად მუცლის არეში გროვდება;

* მოწევა – ეს მავნე ჩვევა ამცირებს ნერწყვის გამოყოფას, ნერწყვი კი საყლაპავში მოხვედრილ მჟავას ანეიტრალებს. მცირდება წნევაც საყლაპავის სფინქტერში, რაც იწვევს მჟავას ხშირ რეფლუქსს და ხველას;

* დაავადების ოჯახური ისტორია – ბარეტის საყლაპავის ან საყლაპავის ადენოკარცინომის დადასტურებული დიაგნოზი პირველი რიგის ნათესავებს შორის.

დიაგნოსტიკა

ბარეტის საყლაპავის დიაგნოსტირება საშუალოდ 55 წლის ასაკში ხდება. დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ენდოსკოპიური მეთოდი – წვრილი, დრეკადი მილის მეშვეობით, რომელსაც ბოლოზე ნათურიანი კამერა (ენდოსკოპი) აქვს მიმაგრებული, ათვალიერებენ საყლაპავის ლორწოვან ზედაპირს. ნორმაში ის ბაცი ვარდისფერი და გლუვია, ბარეტის საყლაპავის დროს კი – წითელი და ხავერდოვანი. ქსოვილის ნიმუშის აღებით (ბიოფსია) და ლაბორატორიაში შესწავლით ადგენენ უჯრედების გადაგვარების (დისპლაზიის) ხარისხს:

* არ არის დისპლაზია – ენდოსკოპიური კვლევა გამოავლენს ბარეტის საყლაპავს, თუმცა უჯრედებში კიბოსწინარე ცვლილებები არ დასტურდება;

* დისპლაზია დაბალი ხარისხისაა – უჯრედებში შეინიშნება მცირედ გამოხატული კიბოსწინარე ცვლილებები;

* დისპლაზია მაღალი ხარისხისაა – უჯრედებში აშკარაა ცვლილებები. ეს არის უკანასკნელი საფეხური, სანამ უჯრედები კიბოდ გადაგვარდება.

სკრინინგი

გასტროენტეროლოგიის ამერიკული კოლეჯის რეკომენდაციით, სასურველია, ბარეტის საყლაპავის სკრინინგი ჩაუტარდეთ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მქონე მამაკაცებს, რომელთა სიმპტომები თავს იჩენს კვირაში ერთხელ მაინც და არ ემორჩილება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობას და რომლებსაც, ამასთანავე, აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ორი ან მეტი რისკფაქტორი:

* 50 წელზე უფროსი ასაკი;

* თეთრი რასა;

* მუცლის ცხიმის სიჭარბე;

* მწეველობა ახლა ან წარსულში;

* ბარეტის საყლაპავის ან საყლაპავის კიბოს ოჯახური ანამნეზი.

ვინაიდან ქალებთან ბარეტის საყლაპავის განვითარების ალბათობა გაცილებით ნაკლებია, მათი სკრინინგი რეკომენდებულია უკონტროლო გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების ან ბარეტის საყლაპავის სხვა რისკფაქტორების არსებობისას.

მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია უჯრედების პათოლოგიური ზრდის ხარისხზე და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

თუ დისპლაზია არ არის გამოხატული, გამოიყენება:

* გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სამკურნალოდ მიღებული მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებს კუჭის წვენის მჟავიანობას (მაგალითად, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები – ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, ესომეპრაზოლი). ეს წამლები ამცირებს გულძმარვას, ანთებას, გართულების ალბათობას და ზრდის ენდოსკოპიური შეფასების სიზუსტეს;

* ოპერაციული ჩარევა – ოპერაციის დროს ამჭიდროებენ სფინქტერს, რათა ხელი შეეშალოს კუჭის მჟავა შიგთავსის საყლაპავში გადასვლას.

პერიოდულად საჭიროა ენდოსკოპია: პირველი, წესისამებრ, ერთი წლის შემდეგ; თუ დისპლაზიური ცვლილება არც ამჯერად გამოვლინდა, მომდევნო – სამი წლის შემდეგ.

დაბალი ხარისხის დისპლაზიის დროს, საყლაპავის კიბოს რისკის გათვალისწინებით, შეიძლება ჩატარდეს:

* ენდოსკოპიური რეზექცია – ენდოსკოპის დახმარებით აცილებენ დაზიანებულ უჯრედებს;

* რადიოსიხშირული აბლაცია – პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილის რადიოტალღებით დაშლა. ეს მეთოდი შეიძლება დაინიშნოს ენდოსკოპიური რეზექციის შემდეგ.

დაბალი ხარისხის დისპლაზიის დროს რეკომენდებულია ენდოსკოპიის გამეორება 6 თვის შემდეგ, მერე კი, თუ დაზიანება არ პროგრესირებს – ყოველწლიურად.

მაღალი ხარისხის დისპლაზია საყლაპავის კიბოს წინარე მდგომარეობად მიიჩნევა, ამიტომ ექიმები რეკომედაციას უწევენ ენდოსკოპიურ რეზექციას ან რადიოსიხშირულ აბლაციას. მკურნალობის სხვა მეთოდებია:

* კრიოთერაპია – ენდოსკოპის დახმარებით საყლაპავის უჯრედებზე ზემოქმედებენ ცივი სითხით ან აირით. უჯრედების დაზიანება ხდება გათბობისა და გაყინვის მონაცვლეობით.

* ფოტოდინამიკური თერაპია – ანადგურებს პათოლოგიურად შეცვლილ უჯრედებს სინათლისადმი მათი მგრძნობიარობის მომატებით.

მკურნალობის ქირურგიული მეთოდებიდან გამოიყენება:

* საყლაპავის ლორწოვანის ენდოსკოპიური რეზექცია – ქირურგი ენდოსკოპის დახმარებით აცილებს პათოლოგიურ ქსოვილს. ზოგჯერ ამ მეთოდს იყენებენ ფოტოდინამიკურ თერაპიასთან კომბინაციით;

* ეზოფაგექტომია – საყლაპავის დაზიანებულ ნაწილს მთლიანად ამოკვეთენ და კუჭის ან ნაწლავის სეგმენტით ჩაანაცვლებენ.

ცვლილებები ცხოვრების წესში

ცხოვრების წესსა და კვების რაციონში განსაზღვული ცვლილებების შეტანით შესაძლებელია გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომებისა და ბარეტის საყლაპავის განვითარების რისკის შემცირება.

რეკომენდებულია:

* ჯანსაღი წონის შენარჩუნება;

* მოწევისთვის თავის დანებება – ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრ სხვა ეფექტთან ერთად, ეს ამცირებს მჟავას რეფლუქსით გამოწვეულ უსიამოვნო შეგრძნებებს;

* ხალვათი სამოსის ტარება – მჭიდრო სამოსს შეუძლია, გაზარდოს წნევა მუცლის ღრუში და ხელი შეუწყოს კუჭის შიგთავსის საყლაპავში მოხვედრას;

* ჭამის შემდეგ მოხრისა და დაწოლისგან თავის შეკავება;

* საწოლის თავის 15-20 სმ-ით აწევა;

* გვიან კვებისგან თავის შეკავება – საკვების მიღება რეკომენდებულია დაძინებამდე, სულ მცირე, 2-3 საათით ადრე.

  მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: