ბაადურ რაჭველიშვილი - კაცი, რომელიც ექიმად იყო დაბადებული

გააზიარე:

 

ათი წელიც არ გასულა, რაც გარდაიცვალა ბაადურ რაჭველიშვილი – კაცი, რომელიც ექიმად იყო დაბადებული. საქართველოში თერაპიისა და გასტროენტეროლოგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, დიაგნოსტიკის დიდოსტატი, ლიტერატურის მცოდნე და მოყვარული, საქართველოს მედიცინის ისტორიის შესანიშნავი მკვლევარი.

ბაადურისა ისე სწამდათ პაციენტებს, რომ მის სახლში დღესაც არ წყდება ტელეფონის ზარი: შვილებს სთხოვენ, გვითხარით, თავის ნაცვლად ვინ დატოვა ან თქვენ გვიმკურნალეთო.

ბატონი ხუტა პაჭკორია, ასევე გასტროენტეროლოგი და ქართული მედიცინის ისტორიის კარგი მცოდნე, კოლეგაზე სიამოვნებით გვესაუბრა, მისმა ქალიშვილებმა და სიძემ კი დიდი ექიმის პიროვნება უფრო ახლოს, შინაურულ გარემოში გაგვაცნეს.

 

ფესვები

"ბაადურზე ვერ ილაპარაკებ, მისი ოჯახი თუ არ ახსენე", – გვეუბნება ბატონი ხუტა. მამამისი, ქრისტეფორე, ისტორიკოსი იყო, ცნობილი ჟურნალისტი, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი. დედა, ნინო ხარატიშვილი – ექიმი სტომატოლოგი. ქრისტეფორე ჯერ კიდევ ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში სწავლობდა, კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად ცარიზმის საწინააღმდეგო პროკლამაციები რომ დაბეჭდა და გაავრცელა, იმპერატორებისა და გენერლების პორტრეტები კედლიდან ჩამოგლიჯა და გათელა. მეამბოხე ახალგაზრდები ჟანდარმერიამ დააკავა. დირექტორის, იოსებ ოცხელის შუამდგომლობით დაკავებულები გაათავისუფლეს, მაგრამ ქრისტეფორეს თბილისის გიმნაზიაში მოუხდა გადასვლა. მოგვიანებით ხარკოვის უნივერსიტეტიდანაც გარიცხეს, დაპატიმრებულიც იყო, მაგრამ სწავლა მაინც დაასრულა, 1917 წელს ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. საქართველოში დაბრუნდა და სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის აქტიური წევრი გახდა. იბრძოდა კალმით, იყო ერთი მათგანი, ვინც ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, ხოლო როდესაც საბჭოთა რუსეთის ჯარები საქართველოში შემოიჭრნენ, იარაღით ხელში შეება. 1921 წლის 25 თებერვალს ქრისტეფორე დამარცხებულ ქართულ არმიას გაჰყვა დასავლეთი საქართველოსკენ. იქ პარტახტიანი ტიფი შეეყარა. სიკვდილისგან თანამებრძოლმა იხსნა, ქუთაისში საკუთარ სახლში დამალა და უმკურნალა.

1922 წლის 30 ოქტომბერს ნინომ თბილისში იმშობიარა. მეგობარმა მეანებმა ქრისტეფორეს მალულად აჩვენეს ცოლ-შვილი – პროფესორის შემოვლას დაასწრეს როგორც ექიმი. სახელიც მაშინ დაარქვა ვაჟს.

ქრისტეფორე დიდხანს ემალებოდა ხელისუფლებას, თან მეგობრებს ერიდებოდა, რომ მათი ოჯახებიც არ ჩაეგდო განსაცდელში. ბოლოს ცოლისდამ ლავრენტი ბერიასთან შეხვედრა მოუხერხა. აუდიენცია არცთუ შედეგიანი აღმოჩნდა – ქრისტეფორემ არ დაგმო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა, რაც ბერიამ ხელშეუხებლობის სანაცვლოდ მოსთხოვა. რამდენიმე დღეში ის დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

 

სამაგალითო მამა

1924 წლის ივნისში ქრისტეფორე გაათავისუფლეს. მალევე დაიწყო მუშაობა – აქვეყნებდა ისტორიულ ნარკვევებს, წერილებს, თანამშრომლობდა სხვადასხვა გამომცემლობასთან. აფასებდნენ როგორც საუკეთესო სტილისტს. კონსტანტინე გამსახურდიას ნაწერების რედაქტირებას მის გარდა ვერავინ ბედავდა. ამ ყველაფერთან ერთად, მისი მთავარი საზრუნავი ვაჟიშვილის აღზრდა გახდა. მშვიდი, კეთილშობილი, უკონფლიქტო და უსაზღვროდ წიგნიერი ქრისტეფორე შვილის ზნეობასა და განათლებაზე ერთნაირად ზრუნავდა. ბაადურს მუდამ ახსოვდა მამის დარიგება, არავისი შეგშურდესო...

ქრისტეფორეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ხელოვნების მიმართ. ის იზიარებდა რუდოლფ შტაინერის მოსაზრებას, რომ ბავშვის არაცნობიერში ყველაფერი იბეჭდება, ამიტომ გემოვნებისა და ინტელექტის განსავითარებლად ბაადურს პატარაობიდანვე აზიარებდა ხელოვნებას – დაჰყავდა არა მხოლოდ საბავშვო, არამედ დიდებისთვის განკუთვნილ დრამატულ და საოპერო სპექტაკლებზეც.

ექვსი წლის ბაადური ქრისტეფორემ კათოლიკოს კალისტრატე ცინცაძეს მოანათვლინა, რომელთანაც მეგობრობდა. იმ დროს ნათლობა სარისკო იყო, ამიტომ რიტუალი სახლში, მალულად ჩატარდა. ის დღე ღრმად აღიბეჭდა ბაადურის მეხსიერებაში. დიდი ექიმი სიცოცხლის ბოლომდე სასოებით ინახავდა კათოლიკოსის ნაჩუქარ ოქროს ჯვარს.

ბაადურის პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულეს მამის მეგობრებმაც: კონსტანტინე გამსახურდიამ, მიხეილ საყვარელიძემ, ირაკლი ამირეჯიბმა, ივანე ჯავახიშვილმა, შალვა ნუცუბიძემ, ვახტანგ კოტეტიშვილმა, შალვა შარაშიძემ (თაგუნამ), სიმონ ჯანაშიამ, პავლე ინგოროყვამ, ნიკო ჯანდიერმა, სოლომონ ხუციშვილმა, ალექსანდრე ქუთათელაძემ და სხვებმა. პოეზიის მოყვარული ქრისტეფორე ბევრ პოეტთანაც მეგობრობდა. მის ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ გიორგი ლეონიძე, სანდრო შანშიაშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, იოსებ გრიშაშვილი... თავად ბაადურიც პატარაობიდანვე გამოირჩეოდა მოსწრებული სიტყვა-პასუხით, იუმორით, ადვილად იმახსოვრებდა ლექსებს და სუფრასთან გამართულ პოეტურ შეჯიბრებებშიც ხშირად მონაწილეობდა. მოგვიანებით ახლობელთა წრეში დიდი გრძნობით კითხულობდა ხოლმე თაგუნას სატირულ ლექსს, რომელშიც ლენინი ენამწარედ იყო მოხსენიებული. საბედნიეროდ, მის ახლობლებს შორის დამბეზღებელი არავინ აღმოჩნდა, თორემ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა.

ირაკლი ამირეჯიბი, მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის მამა, რაჭველიშვილების ოჯახის უცვლელი თამადა იყო. ერთ ნინოობას, რომელსაც დიასახლისის პატივსაცემად ყოველთვის აღნიშნავდნენ, აღმოჩნდა, რომ ირაკლი დაეპატიმრებინათ. ოჯახის მეგობრებმა, პავლე ინგოროყვამ და ალექსანდრე აბაშელმა, გამოსავალი იპოვეს – ციხის უფროსს ირაკლი ერთი დღით გამოაშვებინეს და წვეულების შემდეგ უკანვე დაუბრუნეს. მოგვიანებით ჭაბუამ „გორა მბორგალში“ აღწერა ეს ამბავი.

 

მძიმე წლები

1937 წელს ქრისტეფორეს სკოლებისთვის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს დაწერა დაავალეს, წიგნი მოიწონეს და მისი რუსული თარგმანიც შეუკვეთეს. 23 აგვისტოს თარგმანი დაასრულა, წერტილი დასვა და... ოთახში ჩეკისტები შეცვივდნენ. ქრისტეფორე წაიყვანეს, ხელნაწერი კი გაანადგურეს.

ასე დარჩა თოთხმეტი წლის ბაადური უმამოდ. დაპატიმრების მოლოდინში ნინომაც ჩაალაგა თბილი ტანსაცმელი... დედა-შვილი ყოველღამე ელოდა ჩეკისტების გამოჩენას. საბედნიეროდ, მალე გამოიცა ბრძანება, პატიმართა ცოლები არ დაეჭირათ.

ქრისტეფორე, როგორც შემდეგ გაირკვა, ორ თვეში დახვრიტეს, მის ცოლ-შვილს კი მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ აცნობეს, რომ „შორეულ გადასახლებაში“ იყო გაგზავნილი.

თავის რომანში ჭაბუა ქრისტეფორეს დახვრეტის ამბავსაც იხსენებს: „გახსოვს, ქრისტეფორე რაჭველიშვილმა რატომ მოაკვლევინა თავი? იქნება, დახვრეტას გადარჩენილიყო კიდეც – თავი დაახვრეტინა! ერთ-ერთ დაკითხვაზე მისი უახლოესი და უერთგულესი მეგობრის ხელით დაწერილი ჩვენებები წააკითხეს. გაზვიადებულად, ჩეკისტებს რომ სჭირდებოდათ, ისე იყო გაშუქებული ბრალდებები, რომლებიც თვით ქრისტეფორეს ვერანაირი წამებით ვერ აკისრებინეს – ქრისტეფორეს, კუჭისწყლულიან, რაფინირებულ ინტელიგენტს. დაპირისპირება მოითხოვა, – ამ სიცრუეებს არ იტყოდა, თქვენი პროვოკაციაა ან წამებით ათქმევინეთო. დათანხმდნენ, – დაგიპირისპირებთო. ქრისტეფორე საკანში დაბრუნდა და პატარა ხნის ფიქრის შემდეგ სთქვა: – თუ ამ კაცმა მართლა მისცა ის ჩვენებები და დაპირისპირებაზეც გაიმეორა – ყველაფერს დავადასტურებ, დამხვრიტონ, რისთვისღა ვიცოცხლოო... დაადგა ის კაცი პირზე. ქრისტეფორემ კვერი დაუკრა. დახვრიტეს!“

ბაადური გარიცხეს პიონერთა რიგებიდან, არ მიიღეს კომკავშირში, თუმცა დაობლებულ ყმაწვილს ეს სრულებით არ ადარდებდა. მხარში მეგობრები ედგნენ – შემდეგში ცნობილი ისტორიკოსი კოტე ჩოლოყაშვილი, კომპოზიტორი შოთა მილორავა... იმ წლებში ბევრმა გაიზიარა მისი ბედი. კოტე ჩოლოყაშვილის მშობლებიც დაიჭირეს. დაობლებული ბიჭი ნინომ თავისთან წაიყვანა და პატრონობდა. „ხალხის მტრის“ შვილს მასწავლებლებიც სიყვარულით ექცეოდნენ. ბაადური მადლიერებით იხსენებდა ბაბო მჭედლიძეს, ოლღა ჭეიშვილს, ნინო მიქელაძეს, რომელსაც ყოფილი მოსწავლეები მრავალი წლის განმავლობაში ულოცავდნენ ნინოობას...

ნინოს და ბაადურს მორალურად და მატერიალურად მხარში ედგა კონსტანტინე გამსახურდიაც. მოგვიანებით მანვე მოახერხა ოჯახისთვის ჩამორთმეული ოთხოთახიანი ბინის დაბრუნება. მისივე ძალისხმევით, 1956 წელს ქრისტეფორეს რეაბილიტაციაც მოხერხდა.

 

მედიცინა და ისტორია

1939 წელს ბაადური თბილისის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ერთი წლის შემდეგ კი სწავლა გააგრძელა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც 1946 წელს წარჩინებით დაამთავრა. მაშინდელი წესის მიხედვით, ახალბედა ექიმი ორი წლით რაიონში გაანაწილეს. მისი საექიმო უბანი ხულოს თოთხმეტ მაღალმთიან მიყრუებულ სოფელს მოიცავდა. ბაადურიც დადიოდა ცხენით სოფლიდან სოფელში. ის იყო იქაურებისთვის თერაპევტიც, ქირურგიც, პედიატრიც და მეანიც.

მისი ქალიშვილები, ნინიკო და ნათია, მამის მონათხრობს იხსენებენ: ბაადური სულ ახალი ჩასული იყო სოფელში, ღამით მშობიარესთან რომ წაიყვანეს. მშობიარობა მძიმე აღმოჩნდა, ქალის ოჯახი კი ხანჯლებით ედგა თავზე. თუ ოდესმე მსგავს შემთხვევაზე რამე გამეგონა ან წამეკითხა, ყვლაფერი გამახსენდაო, – ჰყვებოდა შემდეგ ბაადური. საბედნიეროდ, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, ახალგაზრდა ექიმს კი მთელ მხარეში გაუვარდა სახელი.

აჭარაში ბაადურმა ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინა. ხალხურ მედიცინასაც გაეცნო და მისი მეცნიერული შესწავლა მოინდომა, თუმცა რეპრესირებულთა შვილებისთვის სამეცნიერო დაწესებულებების კარი დახურული იყო. მაშინ მას მამის მეგობარი, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი სიმონ ჯანაშია დაეხმარა – მედიცინის ისტორიის განყოფილების ასპირანტურაში მიიღო. დისერტაციაში, რომელიც ბაადურ რაჭველიშვილმა 1958 წელს დაიცვა, განხილული იყო შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკისა და კლინიკის შესახებ ძველ ქართულ წყაროებში არსებული მასალები.

 

შეუცდომელი ექიმი

1950-1960 წლებში ბაადური რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ორდინატორი და ენდოსკოპიური კაბინეტის გამგე იყო. ენდოსკოპია მან მოსკოვის კლინიკებში შეისწავლა. ეს პროცედურა იმ დროს შიდლერის მეტალის ხისტი აპარატით ტარდებოდა და როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვისაც საკმაოდ რთული გახლდათ. ბაადური ატარებდა გასტროსკოპიასაც და ბრონქოსკოპიასაც. მისი ქალიშვილები იხსენებენ, მამა ლურსმანს ისე ვერ დააჭედებდა, ხელი არ დაეჩეჩქვაო, ენდოსკოპიურ კვლევებს კი ისე ოსტატურად ატარებდა, გართულების ერთი შემთხვევაც არ ჰქონია.

ბაადურმა ძირისძირობამდე იცოდა თერაპია. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გასტროენტეროლოგად მუშობდა, მაგრამ ნებისმიერ თერაპიულ დიაგნოზს შეუცდომლად სვამდა და ამით უამრავი ადამიანი გადაარჩინა. იყო შემთხვევებიც, როდესაც უმძიმესი დიაგნოზი გაუბათილებია.

ბაადურის სიძე, კინორეჟისორი კახა კიკაბიძე, ერთ შემთხვევას იხსენებს:

– მე ჯერ არ ვიყავი ბაადურის ოჯახის წევრი. მამაჩემის ხელმძღვანელს ქალიშვილი გაუხდა მძიმედ ავად. კონსილიუმმა ავადმყოფობის მიზეზად ნაღვლის ბუშტი მიიჩნია. იმხანად ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბაადური დაბნეულ მშობელს დერეფანში დაეწია და უთხრა, ამათ ნუ დაუჯერებ, ბავშვს თირკმელები აქვს დაავადებული, მოსკოვში წაიყვანე, იქ უშველიანო. როდესაც მოგვიანებით გოგონა მოსკოვში წაიყვანეს, მართლაც თირკმელების დაავადება აღმოაჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო.

მოგვიანებით, როდესაც ულტრაბგერა და კომპიუტერული ტომოგრაფია საქართველოშიც დაინერგა, ბაადურის "ზეპირი" დიაგნოზები მათი მეშვეობით დასტურდებოდა. ექიმები ბაადურის სახელს რომ გაიგონებდნენ, დიაგნოზში ეჭვი აღარავის შეჰქონდა. არავინ იცის, როგორ ახერხებდა ყოველგვარი ინსტრუმენტული გამოკვლევის გარეშე დაზიანების, მაგალითად, წყლულის ადგილისა და ზომის ზუსტად განსაზღვრას...

ბევრს მუშაობდა. პაციენტებს მშვიდად, დაწვრილებით, დაუზარლად უხსნიდა, რა სჭირდათ, რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდათ, დაუხატავდა დაავადების მექანიზმს... ბევრ აკრძალვას არ უწესებდა, არც წამლების ზედმეტად დანიშვნა უყვარდა. ამბობდა: ჩვენ სამნი ვართ – ავადმყოფობა, მე და პაციენტი; თუ პაციენტი არ დამეხმარა, ავადმყოფობას მარტო ვერ დავამარცხებო. პაციენტების სახელებსა და გვარებს ძნელად იმახსოვრებდა, მაგრამ ყველა მათგანის ავადმყოფობის ისტორია ახსოვდა. შინ მუდამ რიგი ედგა და პაციენტებს გვიანობამდე იღებდა. სწამდა უზნაძის განწყობის თეორიისა – ბევრი უნახავთ მის სახლში შესული მოკაკვული, დამწუხრებული ავადმყოფი, რომელიც კონსულტაციიდან წელგამართული და გაღიმებული გამოდიოდა. თუ პაციენტს ხელმოკლეობას შეატყობდა, გასამრჯელოს არაფრით გამოართმევდა.

ყველა საქმეს რომ მოაგვარებდა, წიგნებს, ჟურნალ-გაზეთებს ჩაუჯდებოდა, სიახლეებს ეცნობოდა, წერდა, ლექციებს ამზადებდა...

 

კარიერა და საქმიანობა

ბაადური წლების განმავლობაში იყო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი, შემდეგ – შინაგან სნეულებათა კათედრის გამგე. 1971 წელს რესპუბლიკის მთავარი თერაპევტი გახდა, 1980 წელს – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი გასტროენტეროლოგი. იყო უმაღლესი სკოლის დამსახურებული მასწავლებელი, რექტორების მრჩეველთა საბჭოს წევრი, შ. მიქელაძის სახელობის საქართველოს გასტროენტეროლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. მის კალამს ეკუთვნის 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და რამდენიმე მონოგრაფია, მათ შორის – "საქართველოს მედიცინის ისტორია" (1956), "გასტრობიოფსია კლინიკურ პრაქტიკაში" (1969), "პესტიციდების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე" (1981). 1984 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც სოფლის მოსახლეობაში ქრონიკული გასტრიტის გავრცელებას ეხებოდა. უკანასკნელ წლებში ასპირანტ გელა სულაბერიძესთან ერთად ნაღველკენჭოვანი დაავადების საკითხებზე მუშაობდა.

ბაადურს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ევროპის ქვეყნების წამყვან თერაპევტებსა და გასტროენტეროლოგებთან. მონაწილეობდა მსოფლიოს, ევროპისა თუ საკავშირო კონფერენციებსა და კონგრესებში. ზოგიერთ მათგანს თავმჯდომარეობდა კიდეც. აქტიურად იყო ჩართული რეპრესირებულთა საზოგადოება „მემორიალის“ საქმიანობაში. იყო სამედიცინო კომისიის თავმჯდომარე, რეპრესირებულთა ოჯახების შვილებს უფასოდ უწევდა კონსულტაციას და ხშირად წამლებითაც ეხმარებოდა.

თითქმის სამოცდახუთი წლის განმავლობაში ბაადურმა ექიმთა არაერთი თაობა აღზარდა. უამრავ ახალგაზრდას გაუკვალა გზა მეცნიერებაში. ხარობდა მათი მიღწევებით, ეხმარებოდა ნაშრომების მომზადებაში, სამეცნიერო ხარისხის მოპოვებაში.

 

ოჯახი

ლამარა კანდელაკი ჰემატოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა. ბაადურმა იქ გაიცნო და 1957 წელს იქორწინეს კიდეც. ახალშეუღლებულებს კონსტანტინე გამსახურდიამ კოლხურ კოშკში გაუმართა წვეულება.

ცოლ-ქმარს სამაგალითო ურთიერთობა ჰქონდა. ლამარა თავადაც მუშაობდა – ჟორდანიას ინსტიტუტის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა, მაგრამ მეუღლეს ყველანაირად ედგა მხარში – მხოლოდ ოჯახური საზრუნავისგან კი არ გაათავისუფლა, საქმეშიც ეხმარებოდა. მაგალითად, რიგაში, სადაც ბაადურმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, მასალები დაულაგა, მოუწესრიგა, დაუხარისხა, კორექტურა გაუკეთა... პრაგმატული, დისციპლინირებული და ორგანიზებული ლამარა და რომანტიკოსი ბაადური ერთმანეთს კარგად ავსებდნენ.

ბაადურის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა დედას. ულამაზესი ნინო აღარ გათხოვილა, სიკვდილამდე ქრისტეფორეს ერთგული დარჩა. დედა-შვილს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ბაადურმა შვილებთანაც გააგრძელა ეს ტრადიცია. ნინო და ნათია შეთამამებულები იყვნენ მამასთან. ზოგჯერ მას უფრო გაანდობდნენ რამეს, ვიდრე დედას. შვილებს თავისუფლად ზრდიდა, მათ ცხოვრებაში არ ერეოდა, მხოლოდ რჩევა-დარიგებას აძლევდა. ბავშვების განათლებაზე ბევრს ფიქრობდა. მათთვის კითხვა რომ შეეყვარებინა, რამის მოყოლას დაიწყებდა და საინტერესო ადგილას შეწყვეტდა ხოლმე, მერე წიგნს მისცემდა და გოგონებიც სულმოუთქმელად კითხულობდნენ.

ახალგაზრდები ძალიან უყვარდა, შვილების მეგობრებთანაც მეგობრობდა. ამაყობდა სიძეებით – ზურაბ ბერიძით და კახა კიკაბიძით. კახა ახალი სიძე იყო, ფილმ „ტბის“ გადაღებები რომ გაუჭიანურდა. მისმა წუხილმა ბაადურის ყურადღება მიიპყრო. „მაჩვენე, რას იღებო“, – სიძეს სცენარი გამოართვა, წაიკითხა და დაბეჭდილი დასკვნით, ფაქტობრივად, რეცენზიითურთ დაუბრუნა, რომელშიც მთავარი გმირი განეხილა ლიტერატურული, ფსიქოლოგიური და სამედიცინო კუთხით. მოკლედ და მკაფიოდ, როგორც სჩვეოდა, რადგან მიაჩნდა, რომ განათლება ადამიანს აზრის სწორად გამოხატვისთვის სჭირდება.

ძალიან რბილი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ, ამასთანავე, საოცრად მტკიცე. წვრილმანებს არად დაგიდევდათ, ყველაფერს დათმობდა, პრინციპების გარდა. მთავარია, ადამიანი რას აკეთებს, თორემ რას ამბობს და როგორი დროშა უჭირავს, რა მნიშვნელობა აქვს; ბევრი გვინახავს, სიკეთის სახელით ბოროტებას რომ სჩადიოდაო...

ახირებული მეხსიერება მაქვსო, იტყოდა ხოლმე, ყველაფერი ადვილად მამახსოვრდებაო. უამრავი ქართული, რუსული, გერმანული ლექსი იცოდა, ნაკლებად პოპულარული ავტორებისაც კი. ლექსებს სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე კითხულობდა.

მეგობრებს მის ცხოვრებაში უდიდესი ადგილი ეკავათ. ლევან ჭაჭიაშვილი, ვახტანგ ხუციძე (წოპე) და სხვები შეიკრიბებოდნენ ხოლმე, კარგად მოილხენდნენ, ერთმანეთზე სახუმარო ამბებს ჰყვებოდნენ და ამითაც ეხმარებოდნენ ერთმანეთს ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში.

 

შეუპოვარი

ბაადურს სასიკვდილო დაავადების დიაგნოზი რომ დაუსვეს, მიხვდა, მაგრამ არ შეიმჩნია. დღეს ისევ სიმღერით იწყებდა. სამი წელი საკმაოდ აქტიურად იცხოვრა. სტუმრადაც დადიოდა, პაციენტებსაც იღებდა. 2010 წელს გამოსცა "ქარვის კრიალოსანი" – მოგონებები მამასა და მის მეგობრებზე, რაშიც დიდად დაეხმარა სიძე, ზურაბ ბერიძე, 2011 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კი – წიგნი სამედიცინო დეონტოლოგიის საკითხებზე: "ექიმი და ექიმობა წინათ და ახლა".

ბაადურ რაჭველიშვილი 89 წლისა გარდაიცვალა, ამქვეყნად კი უამრავი მადლიერი ადამიანი დატოვა. მისი მადლი შვილებსა და შვილიშვილს დღესაც ხშირად ხვდებათ წინ.

 

 მარი აშუღაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: